ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყო ერთი კაცი ბენიამინის შტოდან, სახელად კიმი, ძე აბიელისა, ცერომის ძისა, შექორათის ძისა, აფიახის ძისა, ბენიამინელი, მაგარი ვაჟკაცი. |
1 |
და იყო მუნ კაცი ერთი ნათესავისაგან ბენიამენისა, და სახელი მისი კისი, ძე აქელისი, ძისა საბიგასი, ძისა ზაქესი, ძისა აფეკისი, კაცისა იემენელისი. და იყო კაცი იგი ძლიერი. |
2 | ჰყავდა ვაჟი, გამორჩეული და მშვენიერი, სახელად საული. ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო; ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე. | 2 | და ესვა მას ძე, სახელი მისი საულ. და იყო იგი ჰასაკითა დიდ და ქმნულკეთილი. და არა ვინ იყო უმაღლეს მისა ასაკითა ისრაჱლსა შორის, რამეთუ მჴრითგან უმაღლეს იყო ყოველსა კაცსა. |
3 | დაეკარგა ხრდალი ვირები კიშს, საულის მამას, და უთხრა კიშმა საულს, თავის შვილს: წაიყვანე ვინმე მსახური ბიჭი, წადი და მოძებნე ვირები. | 3 | და წარუწყმდეს მამასა მისსა კარაულნი და რქუა კისი ძესა თჳსსა საულს: წარიყვანე შენ თანა ყრმა ერთი, წარვედით და მოიძიენით კარაულნი იგი! და წარვიდეს და გარდავლეს მთა ეფრემისი. |
4 | გადაიარა ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მხარე, მაგრამ ვერ იპოვნეს. მოიარეს შაყალიმის მხარე, არც იქ იყო. მოიარა ბენიამინის მხარე და ვერ იპოვეს. | 4 | და მოვლეს მთანი საირისნი და ვერა პოვნეს; და მოვლეს ყოველი ქუეყანა სალიმისნი და არა პოვნეს; და მოვიდეს ქვეყანასა იემინელთასა და არცა მუნ პოვეს. |
5 | მივიდნენ ცუფის მხარეში და უთხრა საულმა მსახურ ბიჭს, თან რომ ახლდა: წამო, გავბრუნდეთ უკან; დაავიწყდებოდა მამაჩემს ვირები და ახლა ჩვენი დარდი ექნება. | 5 | მაშინ მოვიდეს სიფასა, რქუა საულ ყრმასა მას: გვალე და მივიქცეთ ჩუენდავე მამისა ჩუენისა, ნუუკუე დაეტეოს ზრუნვა, ვითარ მათ, და იურვოდის იგი ჩუენთჳს? |
6 | მან მიუგო: აი, რას გეტყვი; ღვთისკაცი ცხოვრობს ამ ქალაქში; პატივდებული კაცი, რასაც იტყვის, ყველაფერი სრულდება. წავიდეთ იქ, ეგებ გვასწავლოს, რა გზას დავადგეთ. | 6 | მიუგო ყრმამან მან და რქუა: მესმა მე, ვითარმედ კაცი არს აქა, ღმრთისა ქალაქსა მას, პატიოსანი და დიდებული, და რაჲცა თქჳს, ყოველივე აღესრულის. აწ მივიდეთ მისა, რათა ვკითხოთ, თუ რომელსა კერძოსა უმჯობეს არს, და წარვიდეთ. |
7 | უთხრა საულმა თავის მსახურს: კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ იმ კაცს? გუდაში პური აღარა გვაქვს, არც საჩუქარი გვაქვს რამე, ღვთის კაცს რომ მივუტანოთ. რა გვაქვს თან? | 7 | მიუგო საულ ყრმასა მას და რქუა: მისლვით მივიდეთ, გარნა რაჲ მივართვათ კაცსა მას ღმრთისასა, რამეთუ პურიცა მოკლებულ არს საგზლისაგან ჩუენისა და ამისა უფროს არა გვაქუს, რომელსა-ესე ხედავ? |
8 | კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა: აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში. მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას. | 8 | მიუგო მეორედ ყრმამან მან და ჰრქუა საულს: არს აქა ჩემ თანა მეოთხე ნაწილი სასწორი ვეცხლისა, იგი მიიღე და მიეც კაცსა მას ღმრთისასა, რათა გჳთხრას ჩუენ გზა იგი ჩუენი, რომელსა ვიდოდით. |
9 | უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი, ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა: მოდი, წავიდეთ მისანთან (რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველია, უწინ მისანი ეწოდებოდა). | 9 | რამეთუ წინათ ქუეყანასა მას ისრაჱლისასა ესრეთ იტყჳედ კაცისა მისთჳს ღმრთისასა, რომელნი შევიდიან კითხვად მისა უფლისა მიერ: მიდით კაცისა მის, რომელი მხილველი არს, რამეთუ წინასწარმეტყველთა მათ ჟამთა მხილველი უწოდიან. |
10 |
უთხრა საულმა თავის მსახურს: სწორს ამბობ, წამო, წავიდეთ. წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი ცხოვრობდა. |
10 |
მაშინ რქუა საულ ყრმასა მას: კეთილ, გვალე, მივიდეთ! და მივიდოდეს ქალაქსა მას, სადა-იგი იყო კაცი ღმრთისა. |
11 | აიარეს ქალაქის აღმართი და შემოხვდათ წყალზე მიმავალი გოგონები და ჰკითხეს: არის აქ სადმე მისანი? | 11 | ვითარცა მიიწინეს იგინი შესავალსა ქალაქისასა, შეემთხჳა მათ ქალები, რომელი გამოვიდოდა ვსებად წყლისა. და რქუეს მათ: აქამე არს მხილველი იგი? |
12 | მიუგეს: აქვეა, ახლოში. ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს ბორცვზე. | 12 | მიუგეს ქალთა მათ და რქუეს: აწღა თქუენსა წინა შემოვიდა ქალაქად, რამეთუ შეწირვად მოსრულ არს მსხუერპლისა ერისა მის ბამას. |
13 | როგორც კი ქალაქში შეხვალთ, მაშინვე მოძებნეთ იგი, ვიდრე ბორცვზე არ ასულა პურის საჭმელად, რადგან ხალხი მის მისვლამდე არაფერს შეჭამს. მან უნდა აკურთხოს საკლავი, მხოლოდ ამის მერე დაიწყებენ ჭამას მიწვეულები. აბა, წადით, რადგან სწორედ ამ დროს შეგეძლებათ მისი ნახვა. | 13 | და ოდეს შეხჳდეთ ქალაქად, ჰპოოთ კაცი იგი, ესრეთ ერი კრებულ იყოს, რამეთუ მას ელიან და არა ჭამონ პური, ვიდრე ერმან შესწირნეს მსხუერპლნი იგი უფლისა, მაშინღა ჭამონ პური. და აწ თქუენ ადრე აღვედით და ჰპოოთ იგი ქალაქსა შინა, რამეთუ დღეს ამისთჳს მოსრულ არს მსხუერპლისა შეწირვად. |
14 | ავიდნენ ქალაქში. როცა შუა ქალაქში შევიდნენ, ხედავენ, ეგებება მათ გორაკისკენ მიმავალი სამუელი. | 14 | და ვითარცა შევიდოდეს იგინი საშუალ ქალაქსა მას, შეემთხჳა მათ სამოველ, რამეთუ მოვიდოდა ბამად. |
15 | საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისთვის. | 15 | რამეთუ გამოუცხადა ღმერთმან სამოველს დღით ერთით წინა, ვიდრე საულ არღარა შემთხუეულ იყო. |
16 | ხვალ ამდროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხარიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ; იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია. | 16 | ხვალე ამას ჟამსა მოვავლინო შენდა კაცი ქუეყანისა მისგან ბენიამენისა და სცხე მას მეფედ ერსა მას ჩემსა ზედა ისრაჱლსა. და მან იჴსნეს ერი იგი ჩემი ისრაჱლი ჴელთაგან უცხოთესლთასა, რამეთუ მოვხედო სიმდაბლესა მას ერისა ჩემისასა, რამეთუ მოვიდა ჩემდა ღაღადებაჲ იგი მათი. |
17 | დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუდასტურა: აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე. | 17 | და სამოველ ვითარცა იხილა საულ და ჰრქუა მას მეუფემან: ესე არს კაცი იგი, რომლისათჳს გარქუ შენ. ესე მეფობდეს ერსა მას ჩემსა ზედა. |
18 | შეხვდა ჭიშკართან საული სამუელს და ჰკითხა: მასწავლე, სად არის აქ მისანის სახლი. | 18 | რქვა საულ სამოველს: მითხარღა მე სახელი მხილველისა მის. |
19 |
მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: მე ვარ მისანი. წამომყევი გორაკზე; დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ პურს, ხოლო დილას კი გაგიშვებ. ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს. |
19 |
მიუგო სამოველ და რქუა: მე თავადი ვარ! არამედ აღვედ შენ ჩემსა წინა ბამად; და ჭამე დღეს ჩემ თანა პური და ხვალე წარგავლინო შენ და გითხრა ყოველივე ნება გულისა შენისა! |
20 | ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელს სახლს? | 20 | ხოლო ვირთა მათთჳს ნურას ზრუნავ, რამეთუ დღე სამ არს, ვინათგან უპოვნიან ვირები იგი. ამიერითგან კეთილსა ზრახევდ, რამეთუ ვისამე არს სიხარული დღეს ისრაჱლსა შორის ვითარ შენდა და სახლისათჳს მამისა შენისა? |
21 | მიუგო საულმა და უთხრა: მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი; ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას? | 21 | მიუგო საულ და რქუა: არამე ძე კაცისა იემენელისა ვარ უმრწემესი ნათესავთა შორის ისრაჱლისასა და ტომი იგი ჩემი უმცირეს ყოველსა შორის ტომსა ბენიამენისასა? აწ რად მარქუ მე, უფალო, სიტყუაჲ ეგე? |
22 | წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური, შეიყვანა დარბაზში და ოცდაათი წვეული კაცის თავში დასხა. | 22 | და წარიყვანა სამოველ საულ და ყრმა იგი, რომელ მის თანა იყო, და შეიყვანა იგი ვანად თჳსა და უბრძანა მას დაჯდომა ოცდაათსა მეინაჴესა ზემო კერძო. |
23 | უთხრა სამუელმა მზარეულს: მომეცი ნაჭერი, რომელიც მოგაბარე და გითხარი, დაიტოვე-მეთქი. | 23 | და ჰრქუა სამოველ მზარეულსა მას: მომართუ მე ნაწილი იგი, რომელ მიგეც დამარხვად! |
24 | გამოიტანა მზარეულმა მთელი ბეჭი და წინ დაუდო საულს. უთხრა სამუელმა: ეს არის, რაც მორჩა. წინ დაიდე და ჭამე, რადგან იმ დროისთვის გადაგინახე, როცა ხალხის მოწვევა განვიზრახე. პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად. | 24 | და მზარეულმან მოართვა ბარკალი ერთი კუნთითურთ, დაუგო წინაშე მისა, და რქუა სამოველ საულს: აჰა ეგერა, ეგე საწამებელი არს შენდა წინაშე ყოვლისა ერისა მაგის! და მოიღო იგი საულ და შეჭამა სამოველითურთ მას დღესა შინა. |
25 | ჩამოვიდნენ ბორცვიდან ქალაქში და სახლის ბანზე ელაპარაკა საულს. | 25 | და გარდამოვიდეს ბამით ქალაქად და დაუგეს საულს სარეცელი ერდროსა ზედა და დაწვა. |
26 | ადგნენ დილაადრიანად. განთიადისას დაუძახა სამუელმა საულს ბანზე და უთხრა: ადექი, უნდა გაგისტუმრო. ადგა საული და გავიდნენ ორთავენი, ის და სამუელი, გარეთ. | 26 | და ვითარ ცისკარი განეღებოდა, გარდამოუწოდა სამოველ საულს მიერ ერდოთ და რქუა: აღდეგ და გარდამოჴედ და წარგავლინო შენ. და აღდგა საულ და გამოვიდეს ორნივე გარეშე ქალაქსა მას. |
27 | როცა ქალაქის ბოლოზე ჩავიდნენ, სამუელმა უთხრა საულს: უბრძანე, ჩვენს წინ იაროს მსახურმა (ისიც წავიდა წინ); შენ კი მცირეხანს დადექი, რომ ღვთის სიტყვა გამოგიცხადო. | 27 | და მოვიდეს დასასრულსა ქალაქისასა, რქუა სამოველ საულს: არქუ ჭაბუკსა მაგას, და წაგჳძღვეს ჩუენ წინა და შენ ფერჴი დაიპყარ და ისმინე ბრძანებაჲ უფლისა. |