ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში, ადგილი მოამზადა ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა. |
1 |
და იქმნა თავისა თჳსისა სახლები ქალაქსა დავითისსა და განმზადა ადგილი კიდობნისა მისთჳს უფლისა და უქმნა მას კარავი. |
2 | მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ზიდოს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და სამარადისო მსახურებად. | 2 | მაშინ თქუა დავით: არა ვისი არს აღება კიდობნისა მის ღმრთისა, არამედ ლევიტელთა, რამეთუ იგინი გამოირჩივნა უფალმან აღებად კიდობნისა მის უფლისა და მსახურებად ღმრთისა მისა საუკუნოდ. |
3 | შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული. | 3 | და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი იერუსალჱმად აღმოღებად კიდობნისა მის უფლისა ადგილსა მას, რომელი განმზადა მისთჳს. |
4 | შეყარა დავითმა აარონიანები და ლევიანები. | 4 | და შეკრიბნა დავით ყოველნი ძენი აჰრონისნი და ლევიტელნი, |
5 | კეჰათიანთაგან: სარდალი ურიელი და მისი მოძმენი - ასოცი კაცი. | 5 | ძენი კაათისნი: ურიელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცნი, |
6 | მერარიანთაგან: სარდალი ყასაია და მისი მოძმენი - ორასი კაცი. | 6 | და ძეთაგან მერარისთანი - საიას მთავარი და ძმანი მისნი ორასერგასისნი, |
7 | გერშომიანთაგან: სარდალი იოელი და მისი ძმები - ასოცდაათი კაცი. | 7 | და ძეთაგან გერსონისნი - იოელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცდაათნი, |
8 | ელიცაფანიანთაგან: სარდალი შემაყია და მისი მოძმენი - ორასნი. | 8 | და ძეთაგან ელისაფასნი - სემეა მთავარი და ძმანი მისნი ორასნი, |
9 | ხებრონიანთაგან: სარდალი ელიელი და მისი მოძმე - წინწილებს ახმიანებდნენ. | 9 | ძეთაგანნი ქებრონისნი - ელიელ მთავარი და ძმანი მისნი ოთხმეოცნი, |
10 | ყუზიელიანთაგან: სარდალი ყამინადაბი და მისი მოძმენი - თორმეტნი. | 10 | ძეთაგან ოზიელისთა - ამინადაბ მთავარი და ძმანი მისნი ასდათორმეტნი, |
11 |
მოუხმო დავითმა ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებსა და ლევიანებს - ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს |
11 |
და მოუწოდა დავით სადუკს და აბიათარს მღდელთა და ლევიტელთა: ურიელს, და საიას, და იოელს, და სემეიას, და ელიელს და ამინადაბს, |
12 | და უთხრა: თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას. | 12 | და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მთავარნი ტომთა ლევიტელთანი, განიწმიდენით თქუენ და ძმანი თქუენნი და აღიღეთ კიდობანი ღმრთისა ისრაჱლისა, სადა-იგი განუმზადე მას. |
13 | რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისამებრ არ ვეკითხბოდით მას. | 13 | ანუ არა უწინარეს ყოფისა თქუენისა განკუეთა ჩუენ შორის ღმერთმან ჩუენმან, რამეთუ არა ვეძიებთ მას სამართლითა? |
14 | განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, რათა აეწიათ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი. | 14 | და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, რათა აღიღონ კიდობანი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ. |
15 | ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით მხრებზე შეიდგეს. | 15 | და აღიღეს ძეთა ლევიტელთა კიდობანი იგი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ამცნო მოსე სიტყჳთა ღმრთისაჲთა წერილისა მისებრ აღსაღებელითა მით მჴრითა მათითა. |
16 | დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით, წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ. | 16 | და ჰრქუა დავით მთავართა მათ და ლევიტელთა: დაადგინენით ძმანი თქუენნი მგალობელნი ფსალმუნითა, სტჳრითა და საგალობელითა, ნესტჳთა, და ფანდურითა, და წინწილითა, ჴმითა მაღლითა და ჴმითა სიხარულისაჲთა. |
17 | ლევიანებმა დააყენეს: ჰიმან იოელის ძე, მის მოძმეთაგან ასაფ ბერექიაჰუს ძე, ხოლო მათი მოძმეების, მერარის ძეთაგან ეთან კუშიაჰუს ძე. | 17 | და დაადგინნეს ლევიტელთა ემან, ძე იოელისი, ძმათაგან მისთა- ეთან, ძე კისესი, |
18 | მათთან ერთად მათი მოძმენი, მეორეხარისხისანი: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუზი, ელიაბი, ბენიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი - კარისმცველნი. | 18 | და მის თანა ძმანი მათნი მეორენი: ზაქარია, და იოელ, და სემირანოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და ბანეა, და მაასია, და მატათია, და ელიფალა, და მაზელია, და აბდედომ, და იელიელ და ოოზია, მეკარენი. |
19 | მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ. | 19 | და მგალობელნი: ემან, და ასაფ, და ეთან წინწილითა რვალისათა სასმენელ-ყოფად, |
20 | ხოლო ზაქარია, ყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენიაჰუ ქნარს ქალწულურ ჰანგზე. | 20 | და ზაქარია, და ოზიელ, და სემირამოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და მასეა, და ნათია ნესტჳთა, და ალემოთად, |
21 |
მათითიაჰუ, ელეფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზიაჰუ ებნებს, რვა სიმიანს, სალოტბაროდ. |
21 |
და მატათია, და ელიფანეა, და მაკელია, და აბდედომ, და იეიელ, და ოზია ამასენით ებნითა განძლიერებად, |
22 | ქენანიაჰუ, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო. | 22 | და ქონენია, მთავარი ლევიტელთა, მთავარი გალობათა, რამეთუ გულისხმის-მყოფელ იყო, |
23 | ბერექია და ელკანა კიდობნის კარისმცველები იყვნენ. | 23 | და ბარაქია და ელკანა, მეკარე კიდობნისა, |
24 | მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასა, ზაქარიაჰუ, ბენიაჰუ და ელიყაზარი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ. | 24 | და სობია, და იოსაფატ, და ნათანაელ და ამან, და ზაქარია, და ბანანია; და ელიეზერ და მღდელნი იგი ჰბერვიდეს ნესტუსა წინაშე კიდობნისა მის ღმრთისა: და აბდედომ და იეია მეკარე კიდობნისა მის ღმრთისა. |
25 | და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსაბრძანებლად ყობედ-ედომის კარ-მიდამოდან. | 25 | და წინავიდოდა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ათასისთავნი აღმოყვანებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა სახლისაგან აბედადარისა სიხარულით. |
26 | ღვთის შეწევნით, იყო, რომ გადააბრძანეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი შესწირეს. | 26 | და იყო განძლიერებასა მას ღმრთისა მიერ მთავართა, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და შესწირვიდეს შჳდსა ზვარაკსა და შჳდსა ვერძსა. |
27 | დავითს ბისონის მოსასხამი ემოსა, ასევე ყველა ლევიანს, კიდობანს რომ მიაბრძანებდნენ, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა. | 27 | და დავითს შეემოსა სამოსელი ბისონისა, და ყოველთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და ვიდოდეს თანა მგალობელნი და ქონენია მთავარი გალობათა მგალობელთა. და დავითს ემოსა სამოსელი ბისონი. |
28 | მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკის ცემით, საყვირების, წინწიღების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით. | 28 | და ყოველსა ისრაჱლსა აღმოაქუნდა კიდობანი იგი სჯულისა უფლისაჲ სასწაულითა და ჴმითა, სოფერითა, და საყჳრითა და წინწილითა, ჴმა-სცემდეს ნესტჳთა, ებნითა და სტჳრითა. |
29 | როცა უფლის აღთქმის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მოხტუნავე და მროკველი მეფე დავითი და დასცინა მას თავის გულში. | 29 | და იყო კიდობნისა მის სჯულისა უფლისა მისლვასა მის ვიდრე ქალაქადმდე დავითისა და მელქოლ, ასულმან საულისმან, გარდამოიხილა სარკუმელით და იხილა მეფე დავით, როკვიდა რა და იმღერდა და შეურაცხ-ყო იგი გულსა თჳსსა. |