ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს გაშლილი. მერე კი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს ღმერთს. |
1 |
და შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ და დადგეს იგი შორს კარავსა მას, რომელი-იგი აღმართა დავით. და შეწირეს ყოვლად დასაწველები ცხორებისა წინაშე ღმრთისა. |
2 | მოამთავრა დავითმა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლის შეწირვა და უფლის სახელით დალოცა ერი. | 2 | და დაასრულა დავით შეწირვად ყოვლად დასაწველები იგი ცხორებისა და აკურთხა ერი იგი სახელითა უფლისაჲთა. |
3 | ჩამოურიგა მთელ ერს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. | 3 | და განუყო ყოველსა კაცსა ისრაჱლისასა მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე კაცსა პური ერთი პურისმოქმედთაგან ლელანგო. |
4 | დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა. | 4 | და დაუწესნა წინაშე კიდობნისა შჯულისა უფლისა ლევიტელთაგანნი მსახურად გალობად, და აღსარებად და ქებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. |
5 | ასაფი მათი მეთაური იყო, ზაქარია - მისი მომდევნო, იეყიელი, შემირამოთი, იეჰიელი, მათითია, ელიაბი, ბენიაჰუ, ყობედ-ედომ და იეყიელი ბობღნებსა და ქნარებზე იყვნენ. ხოლო ასაფი წინწილების დამკვრელი იყო. | 5 | ასაფ, წინამძღუარი, შემდგომი მისა ზაქარია, და იეიელ, და სემარიმოთ, და აიელ, მატათია, და ელიაბ, და ბანეა, და აბდედომ და იესიელ ქნარითა, ებნითა და სტჳრითა, და ასაფ წინწილითა ჴმითა, |
6 | მღვდლები: ბენიაჰუ და იახაზიელი საყვირებით მუდამ უფლის აღთქმის კიდობნის წინ იდგნენ. | 6 | და ბანეა და ოზიელ, მღდელნი ნესტჳთა დავითის წინაშე კიდობნისა მის სჯულისა ღმრთისა მის. |
7 | იმ დღეს მაშინ შეასხა დავითმა პირველად ხოტბა უფალს, ასაფისა და მისი ძმების ხელით: | 7 | დღესა შინა მაშინ პირველად განაწესა დავით ქებად უფლისა ჴელითა ასაფისთა ძმათა მისთა თანა. |
8 | ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი. | 8 | გალობაჲ ესე: აუარებდით უფალსა და ხადოდეთ მას, სახელითა მისითა აუწყეთ ერთა შორის სლვანი მისნი. |
9 | უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე. | 9 | აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა ერთა შორის საკჳრველებათა მისთა, რომელი ქმნა უფალმან. |
10 | დაიკვეხნეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა. | 10 | აქებდით სახელითა მისითა წმიდითა, იხარებდეს გული, რომელი ეძიებს სათნოებასა მისსა. |
11 | ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. | 11 | ეძიებდით უფალსა და განძლიერდით. და ეძიებდით პირსა მისსა მარადის, |
12 |
გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი. |
12 |
მოიჴსენენით საკჳრველებანი მისნი, რომელ ქმნა, ნიშები და მსჯავრნი პირისა მისისანი, |
13 | შთამომავალნო აბრაამისა, მისი რჩეულისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო. | 13 | და ნათესავნი ისრაჱლისანი, მონანი მისნი, ძენი იაკობისნი, რჩეულნი მისნი. |
14 | ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი. | 14 | ესე არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი. |
15 | გახსოვდეთ საუკუნოდ აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ბრძანა ათასი თაობის მიმართ, | 15 | მოიჴსენებს საუკუნოდ აღთქმათა მისთა სიტყუაჲ მისი, რომელი ამცნო ათასამდე ნათესავად, |
16 | რომელიც დაუდო აბრაამს, და მისი ფიცი ისაკთან, | 16 | რომელი აღუთქუა აბრაჰამს, და ფიცი მისი ისაკს. |
17 | და რაც დაუდგინა იაკობს წესად და ისრაელს - საუკუნო აღთქმად. | 17 | და აღუდგინა იგი იაკობს ბრძანებად ისრაჱლისა აღთქმად საუკუნოდ |
18 | უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა. | 18 | და ჰრქუა: თქუენ მიგცე ქუეყანა ქანანისა ნაწილად მკჳდრებისა თქუენისა, |
19 | როცა ცოტანი იყავით, მცირერიცხოვანნი და იქ შეხიზნულნი, | 19 | რამეთუ იყუნნეს იგინი რიცხჳთ მცირე, ვიდრე შემცირდეს და მწირ იქმნნეს მას ზედა. |
20 | იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან, | 20 | და წარვიდეს ნათესავითი ნათესავად და სამეუფოთ სხუად ერად. |
21 | არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და აფრთხილებდა მათ გამო მეფეებს: | 21 | არა უტევა კაცსა მძლავრობად მათა. და ამხილა მათთჳს მეფეთა. |
22 | არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეგყველებს არ უბოროტოთ. | 22 | და ამცნო: ნუ შეეხებით ცხებულთა ჩემთა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა ნუ ბოროტსა უყოფთ. |
23 |
უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ახარებდეთ დღითიდღე მისმიერ ხსნას. |
23 |
უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა; მიუთხრობდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა. |
24 | მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. | 24 | მიუთხრენით წარმართთა დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა საკჳრველებაჲ მისი. |
25 | რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის. | 25 | რამეთუ დიდ არს უფალი ქებულ ფრიად. და საშინელ არს ყოველთა ზედა ღმერთთა. |
26 | რადგან ხალხთა ყველა ღმერთი - კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა. | 26 | რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი კერპნი არიან. და ღმერთმან ჩუენმან ცანი შექმნნა. |
27 | მშვენიერება და ბრწყინვალება მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში. | 27 | დიდებაჲ და ქებაჲ წინაშე პირსა მისსა, ძალი და სიქადული ადგილსა მისსა |
28 | შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება. | 28 | მიეცით უფალსა ტომთა წარმართთა, მიეცით უფალსა დიდებაჲ და ძალი, |
29 | შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში. | 29 | მიეცით უფალსა დიდებაჲ სახელსა მისსა. მოიღეთ ძღუენი და შეიღეთ წინაშე პირსა მისსა და თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა წმიდასა მისსა. |
30 | ძრწოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! ხომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. | 30 | ეშინოდენ პირისა მისისაგან ყოველსა ქუეყანასა, განემართენ ქუეყანა და ნუ შეიძრვინ. |
31 | გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! | 31 | იხარებდინ ცაჲ და მხიარულ იყავნ ქუეყანა. და თქუედ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი მეუფებს. |
32 | იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა. | 32 | ოხრიდეს ზღუაჲ სავსებითურთ და ხე ველისა და ყოველი, რომელი არს მას შინა. |
33 | მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი, რადგან მოვა ქვეყნიერების განსასჯელად. | 33 | მაშინ იხარებდეს ხე მაღნარისა პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვიდა განკითხვად ქუეყანისა. |
34 |
აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა. |
34 |
აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი |
35 | და თქვით: გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო, შეგვკრიბე და დაგვიცავ ხალხებისგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნოთ შენი ქება-დიდებით. | 35 | და თქუთ: გუაცხოვნენ ჩუენ, ღმერთო ცხორებისა ჩუენისაო, და განმარინენ ჩუენ წარმართთაგან ქებად სახელსა წმიდასა შენსა და სიქადულად ქებათა შენთა. |
36 | კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. და მიუგო ერმა: ამენ! ქება უფალს! | 36 | კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა საუკუნეთა მიმართ ვიდრე საუკუნოდმდე. და თქუას ყოველმან ერმან ამინ და აქებდეს უფალსა. |
37 | დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე დატოვა ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდამ, ყოველდღიურად, | 37 | დაუტევეს მუნ წინაშე კიდობნისა უფლისასა ასაფ და ძმანი მისნი მსახურებად წინაშე კიდობნისა მის ყოველსა ჟამსა დღითი დღე. |
38 | და ყობედ-ედომი და მისი ძმები - სამოცდარვა. ყობედ-ედომ იედუთუნის ძე და ხოსა კი კარისმცველებად, | 38 | და აბდედომ და ძმანი მისნი სამეოცდარვანი, და აბდედომ, ძე იდითუმისი, და ოსე მეკარედ. |
39 | მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა, | 39 | და სადუკ მღდელი და ძმანი მისნი მღდელნი წინაშე კარვისა უფლისა ბამას, რომელ არს გაბაონს. |
40 | რომ მუდამ, დილა-საღამოობით, აღსავლენი აღევლინათ უფლისათვის აღსავლენის სამსხვერპლოზე და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს. | 40 | შეწირვად მრგულიად დასაწველთა უფლისათა საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველთასა მარადის განთიად და მწუხრი ყოვლისა მისებრ წერილისა სჯულსა უფლისასა, რაოდენი ამცნო უფალმან ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა მოსესითა, მსახურისა უფლისათა. |
41 | მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 41 | და მის თანა ემან და იდითუმ და სხუანი, რომელნი გამორჩეულ იყუნეს სახელით ქებად უფლისა, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი. |
42 | მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთუნის ძენი კი კარიბჭესთან. | 42 | და მათ თანა საყჳრები და წინწილები ჴმობდა გალობასა და სტჳრები გალობათა ღმრთისათა და ძენი იდითუმისნი ბჭეთა ზედა. |
43 | ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. დავითიც თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა. | 43 | და წარვიდა კაცად-კაცადი ყოველი ერი სახლად თჳსა. და მოიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსსა. |