ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
თქვა დავითმა: აჰა, უფლის, ღვთის სახლი და აღსავლენის სამსხვერპლო ისრაელისათვის. |
1 |
და ჰრქუა დავითს: ესე არს სახლი უფლისა ღმრთისა და ესე საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა ისრაჱლისა. |
2 | ბრძანება გასცა დავითმა, რომ თავი მოეყარათ ხიზნებისათვის, რომელნიც ისრაელის ქვეყნად იყვნენ, და განაწესა ისინი ქვისმთლელებად, რომ ღვთის სახლის ასაშენებლად ქვები დაეთალათ. | 2 | და უბრძანა დავით შეკრებაჲ ყოველთა მწირთა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ისრაჱლისასა და დაადგინნა ქვისმკუეთელნი და ქვის თლილისა შენებად სახლსა უფლისასა. |
3 | დავითმა დიდძალი რკინა გაიღო კარიბჭის ლურსმებისა და კაუჭების დასამზადებლად. ხოლო დახარჯულ სპილენძს ხომ წონა არ ჰქონდა. | 3 | და რკინა ფრიად სამჭუალად კარებისა და ბჭეთა და კურტიმლები მომზადა დავით, და რვალი ფრიად, რომელსა არა იყო სასწორი. |
4 | არც კედარის ძელებს ჰქონდა თვლა, რადგან ციდონელებსა და ტვიროსელებს მოჰქონდათ დავითისთვის. | 4 | და ძელი ნაძჳსა, რომლისა არა იყო რიცხჳ, რომელსა მოიღებდეს სიდონელნი და ტჳროსელნი ძელსა ნაძჳსასა მრავალსა დავითისსა. |
5 | თქვა დავითმა: ჩემი ძე სოლომონი ყმაწვილია და სუსტი, უფლისთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ ყველაფერს გავუმზადებ მას. სიკვდილის წინ დავითმა მოამარაგა იგი. | 5 | და თქუა დავით: სოლომონ, ძე ჩემი, ყრმა არს ჩჩჳლ. და სახლისა შენებად უფლისა სიდიდედ და სიმაღლედ სახელად და დიდებად ყოვლისა ქუეყანისა მოუმზადო მას და მოამზადა დავით სიმრავლედ უწინარეს აღსრულებისა მისისა. |
6 | დაუძახა თავის ძეს, სოლომონს, და უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის, სახლის აგება უანდერძა. | 6 | და მოუწოდა სოლომონს, ძესა თჳსსა, და ამცნო მას შენებად სახლი სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. |
7 | უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: შვილო, გულით მეწადა უფლის, ღმერთის სახელისთვის სახლი ამეგო. | 7 | და ჰრქუა დავით სოლომონს: შვილო, გულსა ჩემსა იყო შენებად სახლისა სახელისათჳს უფლისა ღმრთისა. |
8 | და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ თქმული: ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გაქვს გადახდილი, ამიტომ შენ არ ააშენებ ჩემს სახელზე სახლს, რადგან ბევრი სისხლი დაღვარე ქვეყნად ჩემს წინაშე. | 8 | და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და მრქუა: სისხლი ფრიად დასთხიე და ბრძოლანი დიდნი ჰყვენ, არა მიშენო მე სახლი სახელისათჳს ჩემისა, რამეთუ სისხლი მრავალი დასთხიე წინაშე ჩემსა ქუეყანასა ზედა. |
9 | აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ, ვინაიდან სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს. | 9 | და, აჰა, ეგერა, ძე გეშვების შენ, ესე იყოს კაცი განსვენებისა. და განუსუენო მას მტერთაგან გარემო, რამეთუ სოლომონ იყოს სახელი მისი, მშჳდობაჲ, და დაყუდებაჲ მოსცეს ისრაჱლსა დღეთა მისთა. |
10 | ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, მის სამეფო ტახტს სამარადისოდ განვამტკიცებ ისრაელში. | 10 | მაშინ მიშენოს სახლი სახელისათჳს ჩემისა. და იგი იყოს ჩემდა ძე და მე მისად მამა. და აღუმართო საყდარი სუფევისა მისისა ისრაჱლსა ზედა ვიდრე საუკუნომდე. |
11 |
ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა შენზე. |
11 |
და აწ, შვილო, იყოს უფალი შენ თანა. და წარგიმართოს შენ და უშენო სახლი უფალსა ღმერთსა შენსა, ვითარცა-იგი იტყოდა შენთჳს. |
12 | უფალმა მოგცეს აზრი და გონიერება და დაგაყენოს ისრაელზე უფლის, ღმერთის რჯულის დასაცავად. | 12 | არამედ მოგეცინ შენ უფალმან სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, და განძლიერდი ისრაჱლსა ზედა დამარხვად და ყოფად სჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა. |
13 | მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისთვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი. | 13 | და მაშინ წარგიმართოს, უკუეთუ დაიმარხნე ყოფად ბრძანებანი და სამართალნი, რომელი ამცნო მოსეს უფალმან ისრაჱლისა მიმართ: მჴნე იყავ და განძლიერდი, ნუ გეშინინ და ნუცა შეძრწუნდები. |
14 | აჰა, ჩემს სიღარიბეში უფლის სახლისათვის მოვიმარაგე ასიათასი ქანქარი ოქრო, ათასი ათასი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც მოვიმარაგე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო. | 14 | აჰა, ესერა, მე სიმკოდოვნობისაებრ ჩემისა განუმზადე სახლისათჳს უფლისა ტალანტი ასი ათასი და ვეცხლი ტალანტი ათასი ათასეული და რვალი და რკინა, რომლისა არა არს სასწორი, რამეთუ მრავალ არს, ძელი და ქვა მოუმზადე. და ამას ზედა შენ შესძინე. |
15 | ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის მცოდნენი. | 15 | და შენ თანაშერთე სიმრავლედ მოქმედთათჳს საქმისათა, ხურონი და მაშენებელნი ქვისანი. და მოქმედნი ძელისანი და ყოველი ბრძენი ყოველსა საქმესა. |
16 | ოქროს, ვერცხლს, სპილენძს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება. | 16 | ოქროთა, ვეცხლითა, რვალითა და რკინითა, რომლისა არა არს რიცხჳ. აღდეგ და იმოქმედე და უფალი შენ თანა. |
17 | ბრძანა დავითმა, რომ ისრაელის ყველა მთავარი მიხმარებოდა მის ძეს, სოლომონს. | 17 | და ამცნო დავით ყოველთა მთავართა ისრაჱლისთა, რათა შეეწეოდიან სოლომონს, ძესა მისსა. |
18 | განა თქვენთან არ არის უფალი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ირგვლივ მშვიდობა? მან ჩემს ხელში აყარა ამ ქვეყნის მკვიდრნი და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფლისა და მისი ერის წინაშე. | 18 | და ჰრქუა მათ: ანუ არა უფალი თქუენ თანა არს? და განგისუენა თქუენ გარემოთგან, რამეთუ მოგცნა ჴელთა თქუენთა მკჳდრნი ქვეყანისანი და დამორჩილებულ არს ქუეყანა წინაშე უფლისა, წინაშე ერისა მისისა. |
19 | ახლა კი გაუხსენით თქვენი გული და სული უფალს, თქვენს ღმერთს. ადექით და დაიწყეთა უფლის, ღმერთის საწმიდრის მშენებლობა, რათა უფლის აღთქმის კიდობანი და ღვთის ჭურჭლეული უფლის სახელზე აგებულ სახლში გადააბრძანოთ. | 19 | და აწ მოსცენით გულნი თქუენნი და სულნი თქვენნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა თქუენისა. აღდეგით და აშენებდით სიწმიდესა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა შეღებად მუნ კიდობანი შჯულისა უფლისაჲ და ჭურჭელი იგი წმიდაჲ ღმრთისაჲ სახლსა მას, რომელი იშენოს სახელისათჳს უფლისა |