ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი ოცდამეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც უფალმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის, ღვთისთვის.

1

და ჰრქუა მეფემან დავით ყოველსა მას კრებულსა: სოლომონ, ძე ჩემი, რომელი სათნო-იყო უფალმან, ყრმა არს და ჩჩჳლ და საქმე დიდ არს, რამეთუ არა კაცთა შენება არს, არამედ უფლისა ღმრთისა.

2 რაც კი შემეძლო ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის: ოქრო ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი ვერცხლის ნაკეთობებისთვის, სპილენძი სპილენძისთვის, რკინა რკინეულისთვის, ხე-ტყე ხე-ტყის მასალისთვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და მარმარილოს ლოდები უამრავი. 2 და აჰა, ესერა, ყოვლისაებრ ძალისა ჩემისა მოუმზადე სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა ოქრო და ვეცხლი, პილენძი და რკინა, ძელი და ქვა, და სოომი და აღსრულებისა ქვები მრავალი და პატიოსანი და თჳთოფერი. და ყოველი ქვა პატიოსანი და მარმარილო მოღებულ არს ფრიად.
3 ამასთან ერთად, ჩემი უფლის სახლის სიყვარულის გამო, მაქვს ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული. 3 და მერმეცა სათნო-ყოფისათჳს ჩემდა სახლსა უფლისა ღმრთისა ჩემისასა არს ჩემი, რომელი მომიგიეს მე, ოქრო და ვეცხლი. და, აჰა, ეგერა, მივეც სახლისათჳს ღმრთისა ჩემისა სიმაღლედ თჳნიერ მისა, რომელი მოუმზადე სახელისათჳს წმიდათასა,
4 სამიათასი ქანქარი ოქრო, ოფირის ოქრო, შვიდი ათასი ქანქარი გადამდნარი ვერცხლი, სახლის კედლების მოსაპირკეთებლად, 4 სამ ათასი ტალანტი ვეცხლისა გამოცდილისა დამორჩუნვად მით კედელნი ტაძრისანი ჴელითა ხუროთაჲთა,
5 ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლის ნაკეთობებისთვის, ყველა საოქროჭმედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით? 5 და ვინ არს გულსმოდგინე აღვსებად ჴელი მისი დღესა უფლისა?
6 გაიღეს შესაწირავი მამისსახლთა მთავრებმა, ისრაელის შტოთა მთავრებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და მეფის მოურავებმა. 6 და გულსმოდგინე იქმნნეს მთავარნი ტომთანი და მთავარნი ძეთა ისრაჱლისათა ათასისთავნი და ასისთავნი, და ზედმდგომელნი საქმისანი და მნენი მეფისანი.
7 და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის ხუთი ათასი ქანქარი ოქრო, ათი ათასი დრამა, ათი ათასი ქანქარი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ქანქარი სპილენძი, ასი ათასი ქანქარი რკინა. 7 და მოსცეს საქმესა მას სახლისა უფლისასა ოქრო ტალანტი ხუთი ათასი და ბევრი დრაკანი და ვეცხლის ტალანტი ათი ათასი და პილენძი ტალანტი ბევრი და რვა ათასი, და რკინის ტალანტი ასი ათასი.
8 ვისაც კი ქვები აღმოაჩნდა უფლის სახლის საგანძურისთვის, იეხიელ გერშუნელს ჩააბარეს. 8 და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ანთრაკი, მოსცეს საუნჯესა უფლისასა ჴელითა ერიელისითა, ძისა ესრომისითა.
9 ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან სრული გულით სწირავდნენ უფალს. ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა. 9 განიხარა ერმან გულსმოდგინებისათჳს, რამეთუ გულითა სავსითა გულსმოდგინე იქმნნეს უფლისა მიმართ, და დავითცა მეფემან განიხარა ფრიად.
10 აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: კურთხეულ ხარ, უფალო, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე. 10 და აკურთხევდა დავით მეფე ღმერთს წინაშე კრებულისა მის და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, მამათა ჩუენთაო, საუკუნითგან და ვიდრე საუკუნეთამდე.
11

შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად.

11

შენდა, უფალო, დიდებაჲ, ძალი და სიქადული, ძლიერებაჲ და სიმტკიცე, რამეთუ შენ უფლებ ყოველთა ზეცისათა და ქუეყანისათა, და პირისა შენისაგან ძრწიან ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და თესლები.

12 სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყოველივეს განდიდება და განმტკიცება. 12 შენ მიერ დიდებაჲ და სიმდიდრე! შენ ყოველთა ჰმოს, მთავრობათა უფალო და მთავარო ყოვლისა მთავრობისაო; და ჴელსა შენსა არს ყოვლისა შეწევნა და სიდიდე განდიდებად და განძლიერებად ყოველთა.
13 აწ გაქებთ შენ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს. 13 და აწ, უფალო, აღგიარებთ შენ და ვაქებთ სახელსა სიქადულისა შენისასა.
14 ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? რადგან ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ. 14 ვინ ვარ მე, ანუ ვინ არს ერი შენი, რამეთუ განვძლიერდით ესოდენ გულსმოდგინედ შენდა მომართ? რამეთუ შენი არს ყოველი და შენგანივე მიგეცით შენ.
15 ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო. 15 რამეთუ მწირ ვართ ჩუენ შენს წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი, ვითარცა აჩრდილნი არიან დღენი ჩუენნი შენს წინაშე და არა არს დადგომა,
16 უფალო, ღმერთო ჩემო! მთელი სიმდიდრე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი. 16 უფალო, ღმერთო ჩუენო, და ყოვლისა ამისთჳს სიმრავლისა მოუმზადე შენებად სახლი სახლისათჳს წმიდისა შენისა, და ჴელისაგან შენისა არს, და შენგან არს ყოველი.
17 ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარული ხარ. ეს აყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის. 17 და ვიცი, უფალო, რამეთუ შენ ხარ განმკითხველი გულისა და სიმართლე გიყუარს. და განმარტებულითა გულითა გულს-ვიდგინე მე ესე ყოველი. და აწ, უფალო, ერი ესე შენი, რომელი იპოვა აქა, ვიხილე, რამეთუ სიხარულით გულსმოდგინე არს შენდა მიმართ.
18 უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპისა! სამარადისოდ დაიცავი ეს, შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები. 18 და აწ, უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკ და ისრაჱლისო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, დაუმარხე ესე გონებასა გულისა ერისა შენისასა უკუნისამდე და წარმართე გულსა მათსა შენდამი.
19 და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი სრული გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე მოვამზადე. 19 და სოლომონ ძესა ჩემსა, მოეც გული კეთილი ყოვლად მცნებათა შენთა, და წამებათა შენთა და ბრძანებათა შენთა, და სრულიად აღსრულებად საქმე სახლისა შენისა.
20 უთხრა დავითმა მთელ კრებულს: აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი! და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალს და მეფეს. 20 და ჰრქუა დავით ყოველსა მას კრებულსა: აკურთხეთ უფალი, ღმერთი ჩუენი! და აკურთხა ყოველმან მან ერმან უფალი, ღმერთი მამათა მათთა, და მოიდრიკნეს მუჴლნი და თაყუანი-სცეს უფალსა მეუფესა მათსა.
21

მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები და აღსავლენი აღუვლინეს უფალს: ათასი კურატი, ათასი ცხვარი, ათასი კრავი, თავისი საღვრელითურთ, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის.

21

და შეწირა დავით მსხუერპლები და მოართვა ყოვლად დასაწველები ღმერთსა ხვალისაგან პირველსა დღესა ზვარაკი: ათასი ვერძი, ათასი კრავი, ათასი ღჳნო, შესაწირავი სიმრავლედ მოართვა ყოველსა მას ერსა.

22 იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონ დავითის ძე გაამეფეს, უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს. ხოლო ცადოკი - მღვდლად. 22 ჭამეს და სუეს წინაშე უფლისა სიხარულით მას დღესა შინა და მეფედ ყვეს მეორედ სოლომონ, ძე დავითისი, და სცხეს მას წინაშე მეფედ და სადუკს მღდლად.
23 დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა. 23 დაჯდა სოლომონ საყდარსა დავითის, მამისა თჳსისა, და წარემართა მეფობა მისი და ერჩდა მას ყოველი ისრაჱლი.
24 ყველა მთავარი, მოყმე და მეფე დავითის ყველა ვაჟიშვილი ემორჩილებოდა სოლომონ მეფეს. 24 და მთავარნი ძლიერნი და ყოველნი ძენი დავითის მეფისანი, მამისა მისისანი, დაემორჩილნეს მას.
25 დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრალოს თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია. 25 და განადიდა უფალმან სოლომონ ზემო კერძო წინაშე ყოვლისა ისრაჱლისა და მოსცა მას დიდებაჲ მეფობისა, რომლისა თანა არა იყო ყოვლისა მეფობისა უწინარესისა მისისა.
26 დავით იესეს ძე მეფობდა მთელს ისრაელზე. 26 და დავით, ძე იესესი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორმეოც წელ;
27 ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, ოცდაცამეტი - იერუსალიმში. 27 და ქებრონს - შჳდ წელ, იერუსალჱმს - ოცდაცამეტ წელ.
28 მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. მის ნაცვლად სოლომონი გამეფდა. 28 და აღესრულა დავით მეფე სიბერითა კეთილითა სავსე დღითა სიმდიდრითა და დიდებითა. და მეფობდა სოლომონ, ძე მისი, მის წილ.
29 დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მისნის სიტყვებში, ნათან წინასწარმეტყველის სიტყვებში და გად მისნის სიტყვებშია აღწერილი, 29 ხოლო სხუანი დავითის მეფისანი, პირველნი და უკუანასკნელნი წერილ არიან სიტყუათა შინა სამოელ წინაწარმეტყუელისათა, სიტყუათა შინა ნათანის წინაწარმეტყუელისათა და სიტყუათა შინა გადისთა მხილველისათა.
30 მთელს მის მეფობასთან, მის სიქველესთან და იმ ამბებთან ერთად, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყანათა სამეფოებს გადახდა. 30 ყოვლისათჳს მეფობისა მისისა და ყოვლისა ძლიერებისა მისისა და ჟამნი, რომელნი იყუნეს მას შინა და ისრაჱლსა ზედა. და ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა. დაესრულა ნეშტთა თავი.