ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხოლო მაკაბელმა და მისმა თანამზრახველებმა, როცა უფალმა კვლავ იბრუნა მათკენ პირი, ტაძარიცა და ქალაქიც დაიბრუნეს, |
||
2 | მოედანზე კი უცხო ტომთა ნაგები სამსხვერპლოები და საკერპოები გაანადგურეს. | ||
3 | ტაძარი რომ განწმიდეს, ახალი სამსხვერძლო ააგეს; მერე კაჟებიდან დააკვესეს ცეცხლი და ორწლიანი შუალედის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს, აკმიეს საკმეველი, აანთეს სასანთლეები და მიიტანეს დასადებელი პურები. | ||
4 | აღასრულებდნენ ამ წესს და ევედრებოდნენ ღმერთს ქვედამხობილნი, აღარ დასტეხოდათ თავს ამგვარი უბედურებები; ხოლო თუ შესცოდავდნენ, დიდსულოვნებით დარიგებულიყვნენ მისგან და არ ჩაცვენილიყვნენ ღვთისმგმობელთა და ბარბაროსთა ხელში. | ||
5 | ერთსადაიმავე დღეს მოუწია ტაძარს უცხო ტომთაგან შეგინებამაც და განწმედამაც. ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს. | ||
6 | რვა დღეს ზეიმობდნენ მას, როგორც კარვობის დღესასწაულს, იხსენებდნენ, ცოტა ხნის წინ კარვობის დღესასწაულზე მთებსა და მღვიმეებში ველის მხეცებივით რომ დაეხეტებოდნენ. | ||
7 | ეპყრათ კვერთხები და მთის მცენარეთა ტოტები, აგრეთვე პალმის რტოები და მადლს სწირავდნენ მას, ვინც თავისი წმიდა ადგილი გააწმედინა მათ. | ||
8 | დააწესეს საერთო დადგენილებითა და კენჭისყრით, რომ იუდაელთა მთელ მოდგმას ყოველწლიურად აღენიშნა ეს დღეები. | ||
9 | ასეთი იყო აღსასრული ეპიფანედ წოდებული ანტიოქოსისა. | ||
10 | ახლა კი ანტიოქოს ევპატორის, უღვთო კაცის შვილის დროს მომხდარ ამბებს მოგახსენებთ და მხოლოდ ომების დროს მომხდარ ბოროტებათა აღწერით შემოვიფარგლებით. | ||
11 | როცა ანტიოქოსმა სამეფო მიიღო, საქმეები ჩააბარა ვინმე ლისიას, კოილეს სირიისა და ფინიკიის მთავარსარდალს. | ||
12 | რაკი პტოლემეოსი, მაკრონად წოდებული, სამართლიანობას იჩენდა იუდაელთა მიმართ მათ წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობათა სანაცვლოდ და ცდილობდა მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას, | ||
13 | ამიტომ მეფის მეგობრებმა მას ევპატორთან ცილი დასწამეს; ყველამ მოღალატედ აღიარა იგი, რადგან მან დატოვა კვიპროსი, რომელიც ფილომეტორმა ჩააბარა მას და ანტიოქოს ეპიფანესთან გადავიდა. ლისიამაც, ღირსეულად რომ ვერ წარმართა მისდამი რწმუნებული განმგებლობა, მოიწამლა თავი და ასე დაასრულა სიცოცხლე. | ||
14 | ხოლო გორგია, რომელიც ამ ადგილების სტრატეგოსი გახდა, ინახავდა უცხოელთა დაქირავებულ ჯარს და იუდაელებთან ომისთვის მუდამ მზად იყო. | ||
15 | ამასთან ერთად, ედომელნიც, რომელთაც მთავარი ციხე-სიმაგრეები ეჭირათ, უსაფრდებოდნვნ იუდაელებს; ისინი იერუსალიმელ ლტოლვილებს თავშესაფარს სთავაზობდნენ და მზად იყვნენ საომრად. | ||
16 | მაკაბელის მეომრებმა, მას შემდეგ რაც ილოცეს და შეევედრნენ ღმერთს, რომ მათი თანამებრძოლი გამხდარიყო, ედომის ციხე-სიმაგრეებს შეუტიეს. | ||
17 |
იერიშით საბოლოოდ იგდეს ხელთ ყველა ადგილი და გალავანზე მებრძოლი ყველა შემუსრეს; კლავდნენ, ვინც კი გზად შეხვდებოდათ, გაწყვიტეს არანაკლებ ოციათასი კაცისა. |
||
18 | როცა ცხრაათასამდე კაცმა თავი შეაფარა ორ გოდოლს, რომლებიც საკმაოდ იყო გამაგრებული, რომ ალყისთვის გაეძლოთ, | ||
19 | მაკაბელმა დატოვა სიმონი და იოსები, აგრეთვე ზაკქეოსი და მისი ხალხი, საკმარისნი იმისათვის რომ გოდლები ალყაში მოექციათ, თავად კი წავიდა. | ||
20 | მაგრამ სიმონის ხალხი, ვერცხლის სიყვარულით აღგზნებული, ზოგიერთებმა მეციხოვნეთაგან ვერცხლით მოისყიდეს და მათაც სამოცდაათიათასი დრაქმის საფასურად გააპარეს ზოგი მათგანი. | ||
21 | როცა მაკაბელს ეს ამბავი აუწყეს, მან შეკრიბა ხალხის წინამბრძოლები და ბრალი დასდო ამ კაცებს, რომელთაც ფულზე გაყიდეს მოძმენი და მტრებს ხელი გაუხსნეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. | ||
22 | მან სიკვდილით დასაჯა დამნაშავენი, როგორც მოღალატეები, და მაშინვე ორ გოდოლზე წარმატებით მიიტანა იერიში. | ||
23 | აიღო გოდლები გამარჯვების მომხვეჭელი იარაღით, გაანადგურა მათში მსხდომი ოციათასზე მეტი კაცი. | ||
24 | ახლა ტიმოთემ, რომელიც ადრე იუდაელებმა დაამარცხეს, შეკრიბა დიდძალი დაქირავებული ჯარი და აზიიდანაც არამცირედი რაოდენობის ცხენოსნები შეაგროვა, და დაიძრა იუდას დასალაშქრავად. | ||
25 | როცა მოახლოვდნენ ისინი, მაკაბელის ხალხმა თავზე მიწის მტვერი დაიყარა, ჯვალო შემოირტყა წელზე და ლოცვა-ვედრება აღავლინა ღვთისადმი. | ||
26 | სამსხვერპლოს კვარცხლბეკთან დამხობილნი ევედრებოდნენ ღმერთს, წყალობის თვალით მიეხედა მათთვის, მათი მტრების მტერი და მათ წინამდეგთა წინამდეგი გამხდარიყო, როგორც ამას რჯული აცხადებს. | ||
27 | ღვთისმსახურების შემდეგ იარაღი აისხეს და კარგა მანძილზე გაშორდნენ ქალაქს; მიუახლოვდნენ მათზე წამოსულ მტერს | ||
28 | და განთიადისას ორი ლაშქარი შეება ერთმანეთს: ერთნი, ვინც გამარჯვების იმედს თავის ძალაზე კი არა, არამედ უფლის შეწევნაზე ამყარებდნენ, და მეორენი, ვინც ბრძოლაში წინამძღოლად მძვინვარება დაიყენეს. | ||
29 | ბრძოლა რომ შენივთდა, მოწინააღმდეგეს ციდან მოეჩვენა ოქროს მოსართავებით შეკაზმულ ცხენებზე ამხედრებული ხუთი ღირსეული კაცი, რომლებიც გაუძღვნენ იუდაელებს; | ||
30 | მათ შუაში მოიქციეს მაკაბელების ლაშქარი, თავიანთი იარაღით იცავდნენ მათ და დაჭრისგან იფარავდნენ. მტრის ლაშქარს კი სტორცნიდნენ ისრებსა და მეხს, და თავგზააბნეულნი და დაბრმავებულნი აქეთ-იქით იფანტებოდნენ. | ||
31 |
გაწყდა ორიათას ხუთასი კაცი, მხედარი კი ექვსასი. |
||
32 | თავად ტიმოთემ კი მიაშურა გაზარად წოდებულ ციხე-სიმაგრეს, რომელიც ქერეას ჰქონდა ჩაბარებული და კარგად იყო მომარაგებული. | ||
33 | ხოლო მაკაბელის ხალხი, გამარჯვებით გახალისებული, ოთხი დღე ალყით ადგა ციხეს. | ||
34 | ციხეში მყოფნი, მიუვალი ადგილით დაიმედებულნი, ღმერთს გმობდნენ და უკადრის სიტყვებს გაჰყვიროდნენ. | ||
35 | მეხუთე დღე რომ გათენდა, ოცი ახალგაზრდა მაკაბელის რიგებიდან ღვთისმგმობელობის გამო შურით ანთებული, ვაჟკაცურად მიეჭრა გალავანს და რისხვით გამძვინვარებული მუსრავდა ყველა დამხვდურს. | ||
36 | სხვებმაც მათ მსგავსად ციხეზე იერიში მიიტანეს; წაუკიდეს ცეცხლი გოდლებს და ცოცხლად წვავდნენ ღვთის მგმობელთ ცეცხლში. სხვებმა კარიბჭე შელეწეს და დანარჩენი რაზმებიც ციხეში შეუშვეს. ასე აიღეს ქალაქი. | ||
37 | მოკლეს ტიმოთე, რომელიც ჭაში იყო დამალული, ასევე მისი ძმა ქერეა, და აპოლოფანეც. | ||
38 | ამის შემდეგ საგალობლებითა და სამადლობლებით დალოცეს უფალი, რომელმაც დიდი სიკეთე მომადლა ისრაელს და გაამარჯვებინა. |