ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
სულ მცირე ხნის შემდეგ ლისიამ, მეფის მცველმა და ნათესავმა, მომხდარი ამბებით ძლიერ შეწუხებულმა, |
||
2 | შეაგროვა ოთხმოციათასამდე ქვეითი ჯარი და მთელი მხედრობა და იუდაელებზე გამოილაშქრა, რაკი იმედოვნებდა, რომ მათ ქალაქს ელინთა სამკვიდრებლად გადააქცევდა. | ||
3 | ტაძარს გადასახადით დაბეგრავდა წარმართთა სხვა საკერპოების მსგავსად, მღვდელმთავრობას კი ყოველწლიურად გასაყიდად აქცევდა. | ||
4 | არაფრად ჩააგდო ღვთის ძალა თავისი ათიათასი ქვეითის, ათასი ცხენოსნის და ოთხმოცი სპილოს იმედით. | ||
5 | შემოვიდა იუდაში, მიუახლოვდა ბეთ-ცურს, გამაგრებულ ადგილს, რომელიც იერუსალიმიდან ხუთი სტადიონით იყო დაშორებული, და ძლიერ შეავიწროვა იგი. | ||
6 | როცა მაკაბელმა და მისმა თანამდგომებმა გაიგეს, რომ ლისიამ იერიში მიიტანა სიმაგრეზე, ხალხთან ერთად გოდებითა და ცრემლებით შესთხოვეს უფალს, რომ კეთილი ანგელოზი მოევლინებინა ისრაელის დასახსნელად. | ||
7 | პირველად მაკაბელმა აისხა იარაღი და სხვებს არწმუნებდა, საფრთხეს არ დარიდებოდნენ მასავით და ძმებს დახმარებოდნენ. და ყველანი ერთად დაიძრნენ. | ||
8 | იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ, უცებ წინამძღოლად გამოეცხადათ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მხედარი, რომელიც ოქროს იარაღს არხევდა. | ||
9 | მაშინ ყველამ ერთიანად შესწირა მადლი მოწყალე ღმერთს და სული გაიმაგრეს, მზად იყვნენ, არა მარტო ადამიანები, არამედ სასტიკი მხეცები ან თვით რკინის კედლებიც კი შეემუსრათ. | ||
10 | წამოვიდნენ საბრძოლო წყობით ცით მოვლენილი თანამებრძოლის მფარველობით, რადგან უფალმა მოიღო მათზე წყალობა. | ||
11 | ლომებივით დაეძგერნენ მტერს და გაანადგურეს იგი - თერთმეტი ათასი ქვეითი და ათასექვსასი ცხენოსანი, დანარჩენი ყველა უკუაქციეს. | ||
12 | ბევრი მათგანი შიშველი და დაჭრილი გაიქცა, თავად ლისიამაც სამარცხვინო უკუქცევით უშველა თავს. | ||
13 | რაკი უგუნური კაცი არ იყო და თავისით ასწონ-დასწონა მის თავს მოწეული მარცხი, მიხვდა, რომ უძლეველნი არიან ებრაელები, რადგან ძლიერი ღმერთი იბრძვის მათ მხარეზე. | ||
14 |
ამიტომ მოციქულები გაუგზავნა მათ და არწმუნებდა, რომ ყველა კანონიერ მოთხოვნაზე დაყაბულდებოდა და მეფესაც დაარწმუნებდა, იუდაელებთან მეგობრობა დაემყარებინა. |
||
15 | რაკი მაკაბელს საერათო სიკეთე სურდა, დათანხმდა ყველაფერზე რასაც ლისია სთავაზობდა. მეფემაც დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რაც მაკაბელმა წარუდგინა წერილობით ლისიას იუდაელებთან დაკავშირებით. | ||
16 | იუდაელებისადმი გამოგზაგნილ ლისიას წერილში კი ეს იყო ნათქვამი: ლისია ყველა იუდაელს სალამს უთვლის. | ||
17 | იოანემ და აბესალომმა, თქვენმა მოციქულებმა, გადმოგვცეს თქვენი ხელმოწერილი სიგელი და იზრუნეს გაეცნოთ, რაც წერილშია წარმოდგენილი. | ||
18 | მე მოვახსენე მეფეს ყველაფერი, რაც კი საჭიროა მისთვის წარსადგენად, და რაზეც შეიძლებოდა დათანხმება, მეფე დათანხმდა. | ||
19 | თუ კეთილგანწყობილებას შეინარჩუნებთ ხელისუფლების მიმართ, მომავალშიც ვეცდები შეგეწიოთ სასიკეთოდ. | ||
20 | რაც კერძო საკითხებს შეეხება, მე დავავალე თქვენს მოციქულებს და ჩემს რწმუნებულთ, მოილაპარაკონ თქვენთან ერთად. | ||
21 | დღეგრძელი იყავით. ასორმოცდარვა წელი, დიოს კორინთიოსის ოცდაოთხი. | ||
22 | მეფის წერილში კი ეს ეწერა: მეფე ანტიოქოსი ძმას, ლისიას სალამს უთვლის. | ||
23 | მას შემდეგ, რაც მამაჩვენი ღმერთებთან გადავიდა, ჩვენ მოვისურვეთ, სამეფოს ქვეშევრდომთ უშფოთველად წარემართათ თავიანთი საქმეები. | ||
24 | როცა გავიგეთ, რომ იუდაელები არ ეთანხმებიან მამაჩვენის ახლადშემოღებულ ელინურ წეს-ჩვეულებებს, საკუთარ წეს-ჩვეულებებს ანიჭებენ უპირატესობას და მოითხოვენ, ნება მიეცეთ საკუთარი რჯულის დაცვისა, | ||
25 | ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხმა უდრტვინველად უნდა იცხოვროს, და დავადგინეთ: აღდგენილ იქნას მათი ტაძარი და იცხოვრონ თავიანთი მამაპაპეული რჯულის თანახმად. | ||
26 | შენ კი კარგს იზამ, თუ მოციქულებს გაუგზავნი და დაუზავდები მათ, რათა ჩვენს კეთილმოსურნეობაში დარწმუნებულებმა, სიხარულით და ხალისით აკეთონ თავიანთი საქმეები. | ||
27 |
ხოლო იუდაელი ხალხისადმი მეფის წერილი ამას გვაუწყებდა: მეფე ანტიოქოსი იუდაელთა უხუცესთა საბჭოს და ყველა იუდაელს სალამს უთვლის. |
||
28 | ჯანმრთელად თუ ხართ, ჩვენც ეს გვინდა. ჩვენც კარგად ვართ. | ||
29 | მენელაოსმა გვაუწყა, რომ შინ დაბრუნებას აპირებთ თქვენი საქმეების მისახედად. | ||
30 | და ვინც ქსანთიკოსის ოცდამეათე დღემდე ჩამოვა, ყველა უზრუნველყოფილი იქნება მეგობრობითა და სრული ნებართვით | ||
31 | იუდაელთათვის, რომ წინანდებურად ჭამონ თავიანთი საჭმელები და დაიცვან თავიანთი რჯული, რომ არავის არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხებენ, რაც არ უნდა ჩაიდინონ თავიანთი უმეცრებით. | ||
32 | ვაგზავნი თქვენთან მოსალაპარაკებლად მენელაოსს. | ||
33 | ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი. | ||
34 | რომაელებმაც გაუგზაგნეს იუდაელებს წერილი, რომელშიც ეწერა, კვინტუს მემიუსი, ტიტუს მანიუსი, რომაელთა უხუცესნი სალამს უთვლიან იუდაელ ხალხს. | ||
35 | რაც ლისიამ, მეფის ნათესავმა, თქვენ დაგითმოთ, ამას ჩვენც ვადასტურებთ. | ||
36 | რასაც იგი გადაწყვეტს მოახსენოს მეფეს, მყისვე აწონ-დაწონეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ, რომ შეგეწიოთ თქვენთვის საჭირო საქმეში, რადგან ანტიოქიაში მოვდივართ. | ||
37 | ამიტომ იჩქარეთ, გვაუწყეთ ამბავი, რომ ჩვენც ვიცოდეთ, რა აზრს დაადექით. | ||
38 | ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი. |