ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოიძებნა იერემიას ჩანაწერები, სადაც წინასწარმეტყველი უბრძანებს გადმოსახლებულთ, აიღონ ცეცხლი, რაც ზემოთაც იყო აღნიშნული, |
||
2 | და რჯულს აძლევს და უანდერძებს წინასწარმეტყველი გადმოსახლებულთ, არ დაივიწყონ უფლის მცნებები და არ აერიოთ გონება მაცთუნებელი სანახაობით - ოქროსა და ვერცხლის კერპებით და მათზე ჩამოკიდებული სამკაულებით. | ||
3 | სხვასაც ბრძანებდა, ამის მსგავსს, მოძღვრავდა გადმოსახლებულთ, რათა არ განდგომოდა რჯულს მათი გული. | ||
4 | წერილი გვაუწყებს, რომ წინასწარმეტყველს, უფლის შთაგონებით, კარვისა და კიდობნისათვის უბრძანებია, მას გაჰყოლოდნენ, როცა მთისკენ გაემართა, საიდანაც მოსემ უფლის წილხვედრი იხილა. | ||
5 | მივიდა იქ იერემია და იპოვა გამოქვაბული და შიგ შეიტანა კარავი, კიდობანი და საკურთხეველი, და დაბეჭდა შესასვლელი. | ||
6 | როცა მის კვალზე აქ მოვიდნეხ ზოგიერთნი მის თანმხლებ პირთაგან, რომ მოენიშნათ გზა, ვერ იპოვეს ის ადგილი. | ||
7 | როცა გაიგო ეს იერემიამ, უსაყვედურა მათ და თქვა: უცნობი იქნება ეს ადგილი, ვიდრე არ შემოკრებს აქ ღმერთი თავის ხალხს და მოწყალების თვალით არ დახედავს მათ. | ||
8 | მაშინ გამოაჩენს უფალი ადგილს და გამოჩნდება უფლის დიდებაცა და ღრუბელიც, რომელიც მოსეს დროსაც გამოჩნდა. აკი სოლომონიც ითხოვდა, რომ ეს ადგილი გამორჩეულად ყოფილიყო კურთხეული. | ||
9 | ისიც ცხადი გახდა, რომ სიბრძნის მფლობელმა სოლომონმა აქ შესწირა მსხვერპლი სატფურებისა და ტაძრის განსრულებისათვის, | ||
10 | როგორც მოსემ აღავლინა ლოცვა უფლისადმი და ჩამოვიდა ზეციდან ცეცხლი და შთანთქა მსხვერპლი, ასევე სოლომონმაც ილოცა და ცით მოვლენილმა ცეცხლმა გაანადგურა აღსავლენი მსხვერპლი. | ||
11 | მოსემ თქვა: დაიწვა იგი, რადგან არ იჭმევა ცოდვის მსხვერპლი. | ||
12 | ასევე გაატარა სოლომონმაც რვა დღე. | ||
13 | მსგავსი ამბებია მოთხრთრილი ნეემიას ჩანაწერებსა და მოგონებებში, რომ მან დააფუძნა წიგნთსაცავი და თავი მოუყარა წიგნებს მეფეებსა და წინასწარმეტყველებზე, რომ შეაგროვა დავითის წიგნები და ნაწერები შესაწირავთა თაობაზე. | ||
14 | ასევე იუდამაც თავი მოუყარა ომიანობის დროს გაფანტულ წიგნებს და ახლა ჩვენა გვაქვს ყველაფერი. | ||
15 | თუ დაგჭირდათ ამათგან რაიმე, გამოგვიგზავნეთ ხალხი და გამოვატანთ. | ||
16 | უკვე მოგწერეთ, რომ გვსურდა განწმედის დღესასწაულის გადახდა; კარგი იქნებოდა, თქვენც რომ აღგენიშნათ ეს დღეები. | ||
17 |
ღმერთმა იხსნა მთელი თავისი ხალხი და დაუბრუნა წილხვედრი ყველას, სამეფო, სამღვდელოება და საწმიდარი, |
||
18 | როგორც აღთქმული ჰქონდა რჯულით; ღმერთის იმედი გვაქვს, რომ მალე შეგვიწყალებს და შემოგვკრებს ყოველი მხრიდან ცისქვეშეთში თავის წმიდა ადგილზე. აკი გვიხსნა კიდეც დიდი ბოროტებისაგან და განწმიდა ეს ადგილი. | ||
19 | ხოლო იუდა მაკაბელისა და მისი ძმების ამბავს, დიდი ტაძრის განწმედას და საკურთხევლის სატფურებას, | ||
20 | აგრეთვე ანტიოქოს ეპიფანესა და მისი ძის - ევპატოსის წინააღმდეგ წარმოებულ ომებს, | ||
21 | და ხილვებს, ციდან რომ გარდმოდიოდა, იმ მებრძოლებზე, ესოდენი თავდადებით რომ იბრძოდნენ იუდაელებისთვის, და სიმცირის მიუხედავად, ხელში ჩაიგდეს მთელი ქვეყანა და განდევნეს ბარბაროსთა ურდოები, | ||
22 | და აღადგინეს საქვეყნოდ განთქმული ტაძარი, გაათავისუფლეს ქალაქი და გადაარჩინეს რჯული, განადგურების პირზე რომ იყო მისული, როცა უფალმა თავისი კეთილმოწყალება მოიღო მათზე, - | ||
23 | ყოველივე ამას, იასონ კირენელის მიერ ხუთ წიგნში მოთხრობილს, ვეცდებით ერთ წიგნში მოვუყაროთ თავი. | ||
24 | რაკი ვგრძნობთ, რაზომ სირთულეს შეუქმნის რიცხვთა სიმრავლე ისტორიულ გადმოცემათა სიღრმეში შეღწევის მსურველთ, | ||
25 | ამიტომაც მიზნად დავისახეთ, გვეამებინა მათთვის, ვისაც ამბავთა გაცნობა სურს; განსჯის მოყვარულთა სულები კი სისადავით მოგვეხიბლა, მეხსიერებაში ადვილად რომ აღბეჭდილიყო გადმოცემები; ხოლო ნებისმიერი მკითხველისთვის სარგებლობა მოგვეტანა. | ||
26 | არ იყო ადვილი ამბების შეკუმშვით გადმოცემა, რაც მოითხოვდა ჩვენგან ოფლის ღვრას და უძილო ღამეებს, | ||
27 | ისევე, როგორც არ არის ადვილი ნადიმის მოწყობა და სხვათა სიამოვნებისთვის ზრუნვა. და მაინც ჩვენ მრავალთა სასიკეთოდ ვიტვირთეთ ეს ძნელი საქმე, | ||
28 | მივანდეთ რა თითოეული ამბის წვრილმანები მემატიანეს, ჩვენ კი მთელი გულისყური ამბავთა შეკუმშვისაკენ მივმართეთ. | ||
29 | იმ ხუროთმოძღვრის მსგავსად, რომელიც ძველი შენობისაგან ახალს აგებს და ნანგრევებისგან მთლიანობის აღდგენა ევალება და არა მოჩუქურთმება და მოხატვა, რაც უკვე სხვა ხელობის კაცის საქმეა, ვფიქრობ, ასევეა ჩვენი საქმეც. | ||
30 | ჩაღრმავება და ამბის გამოწვლილვით გადმოცემა იმ მემატიანის საქმეა, რომელიც პირველად იწყებს თხრობას, | ||
31 | ხოლო სათქმელის მოკლედ გადმოცემა და ვრცელ ამბავთა დაწვრილებითი განჩხრეკისათვის თავის არიდება შეკუმშვის მოთავეს მოეთხოვება. | ||
32 | ამ ნათქვამიდან გამომდინარე ვიწყებთ თხრობას, რადგან ვერაფერი საქმეა თხრობამდე განავრცო სიტყვა, თავად თხრობა კი შეამოკლო. |