ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მაკაბელთა

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამ დროისთვის ანტიოქოსმა ეგვიპტეში მეორეჯერ გააგზავნა ლაშქარი.

   
2 და თითქმის ორმოც დღეს მთელ ქალაქზე ჩნდებოდნენ ხოლმე ჰაერში მოჯირითე მხედრები, მოოქროვილი აღჭურვილობით შემოსილები და მეომრებივით შუბებით შეიარაღებულნი;    
3 ცხენოსანთა რაზმების იერიშები, მოპირისპირე მხარეთა უკანდახევანი, შუბების ქნევა, ჰოროლთა და გატყორცნილ ისართა სიმრავლე, ოქროს სამკაულის ელვარება, ყოველგვარი აღკაზმულობა.    
4 ამიტომ ლოცულობდა ყველა, რომ კეთილად ამხდარიყო ის ხილვები.    
5 როცა ჭორიც გავრცელდა, ანტიოქოსი აღესრულაო, იასონმა შეკრიბა თითქმის ათასიანი ლაშქარი და უეცრად ქალაქზე მიიტანა იერიში. და უკვე გალავანზე რომ იყვნენ ასულნი და ქალაქიც აღებული იყო ლამის, მენელაოსი იძულებული გახდა, ციხე-სიმაგრისთვის შეეფარებინა თავი.    
6 იასონმა კი თავის თანამოქალაქეებს დაუნდობელი სისხლისღვრა მოუწყო. არ ესმოდა, რომ თვისტომთა ხარჯზე მოხვეჭილი წარმატება უდიდესი უბედურებაა; ეგონა, მტერზე ალაფობდა და არა თანამემამულეებზე.    
7 ძალაუფლება კი მაინც ვერ იგდო ხელთ და მისი ბოროტი განზრახვა სამარცხვინო უკუდახევით დამთავრდა; ლტოლვილმა კვლავ ყამონიანებს შეაფარა თავი.    
8 საბოლოოდ, ავი ბედი ეწია მას: არაბთა მბრძანებლის, არეტას წინაშე ბრალდებული, ქალაქიდან ქალაქში ლტოლვილი, ყველასგან დევნილი და მოძულებული, როგორც რჯულის წინააღმდეგ მოჯანყე და სამშობლოსა და თანამოქალაქეთა ამაწიოკებელი, ბოლოს ეგვიპტეში გაირიყა.    
9 ის, ვინც სამშობლოდან ამდენი ხალხი უცხოობაში განდეგნა, თავად უცხოობაში დაიღუპა, როცა ლაკედემონელებს მიადგა და იმედოვნებდა, ნათესაური წარმომავლობის გამო მათთან ჰპოვებდა თავშესაფარს.    
10 ის, ვინც ამდენი ხალხი დატოვა დაუმარხავი, თავად დარჩა დაუტირებელი: არც წესის აგებას, არც მამა-პაპის სამარხს ღირსებია.    
11 როცა მომხდარმა ამბებმა მეფის ყურამდე მიაღწია, იფიქრა, იუდა განმიდგაო და გაცეცხლებული სულით დაიძრა ეგვიპტიდან, და წარტყვევნა ქალაქი.    
12 ჯარისკაცებს უბრძანა, დაუნდობლად ეხოცათ, ვინც კი შეხვდებოდათ, სახლებშიც შევარდნილიყვნენ და მოესრათ ხალხი.    
13 დაიწყო ახალგაზრდათა და მოხუცთა ჟლეტა, ყრმების, ქალებისა და ბავშვების განადგურება, ქალწულთა და ჩვილთა გაჟუჟვა.    
14 სამ დღეში სულ ოთხმოციათასი კაცი დაიღუპა, ორმოციათასი ხელჩართულ ბრძოლაში; და იმდენივე გაიყიდა, რამდენიც დაიღუპა.    
15

არც ამას დასჯერდა მეფე: მან მთელ ქვეყანაზე უწმიდეს ტაძარში შესვლაც კი გაბედა; მეგზურად მენელაოსი მიჰყვებოდა, რჯულისა და სამშობლოს გამყიდველი.

   
16 წაბილწული ხელით იღებდა იგი წმიდა ჭურჭელს და ამ ადგილის დიდებისა და პატივის ნიშნად სხვა მეფეთაგან შეწირული ნივთები ნალახი ხელით გამოჰქონდა გარეთ.    
17 ამგვარად, აღზევდა ფიქრებში ანტიოქოსი, ვერ ხვდებოდა, რომ მცირე ხნით გაუწყრა უფალი ქალაქის მკვიდრთ მათი ცოდვების გამო და ამიტომ აღარ მოხედა ამ ადგილს.    
18 ეს არ მოხდებოდა, რომ ცოდვებში არ ყოფილიყვნენ გახვეულნი; მეფეც დაისჯებოდა მსგავსად ჰელიოდოროსისა, რომელიც გამოაგზავნა სელევკოს მეფემ საგანძურის სანახავად და, შევიდოდა თუ არა ტაძარში, გაშოლტილს მყისვე წაუხდებოდა ძარცვის ხალისი.    
19 მაგრამ არა ადგილისთვის ხალხი, არამედ ხალხისთვის გამოარჩია უფალმა ადგილი.    
20 თავად ადგილიც ხომ ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარი იყო, შემდეგ კი მასაც ერგო მადლის წილი; და რაც განწირული იყო ყოვლადძლიერის რისხვით, კვლავ აღდგა მთელ თავის დიდებაში როცა წყალობა მოიღო დიდმა მეუფემ.    
21 ასე წაიღო ანტიოქოსმა ტაძრიდან ათასრვაასი ტალანტი და ისწრაფა ანტიოქიისკენ. ფიქრებში აღზევებულს სურდა ხმელეთი ხომალდების სარბიელად ექცია, ზღვა კი - ქვეითთა სასიარულოდ.    
22 მოხელეებიც დატოვა იუდაელთა დასაჩაგრავად: იერუსალიმში - ფილიპე, გვარით ფრიგიელი, მის განმაწესებელზე უფრო ბარბაროსული ზნით გამორჩეული კაცი;    
23 გარიზიმში კი - ანდრონიოსი, მათთან ერთად მენელაოსიც, რომელიც სხვებზე სატიკად ექცეოდა მოქალაქეთ და სძულდა იუდაელი მოქალაქეები.    
24 გამოაგზავნა მისიელების მთავარი აპოლონიოსი ოცდაორიათასიანი ჯარით, თან ბრძანებაც გამოაყოლა, დაეხოცათ ყველა ასაკოვანი კაცი, ქალები და შედარებით ახალგაზრდები კი გაეყიდათ.    
25 როცა აპოლონიოსი ჩავიდა იერუსალიმში, ხალხს ისე მოაჩვენა თავი, თითქოს მშვიდობას ამყარებდა; დაელოდა შაბათის წმიდა დღეს, მერე მოიხელთა რა მშვიდად მყოფი იუდაელები, თავისიანებს უბრძანა აესხათ იარაღი.    
26 მათ სანახავად გამოსული ხალხი, ყველა გამოასალმა სიცოცხლეს, თავად კი ქალაქში შეიჭრა ლაშქრით და დიდძალი ხალხი მოსრა.    
27 ხოლო იუდა მაკაბელი, გვარში მეათე, გახიზნული იყო უკაცრიელ ადგილას, მთებში. ცხოვრობდა თავისიანებთან ერთად ნადირივით, ბალახით საზრდოობდა, რათა უწმიდურობას არ ზიარებოდა.