ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასევე შეიპყრეს შვიდი ძმაც დედასთან ერთად და მათაც აიძულებდა მეფე ეჭამათ რჯულით აკრძალული ღორის ხორცი, ემუქრებოდა შოლტებითა და ძარღვებით წამებას. |
||
2 | და როცა ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა საპასუხოდ და თქვა, რა გინდა შეგვეკითხო და რას მოელი ჩვენგან პასუხად? უმალ მოვკვდებით, ვიდრე მამაპაპეულ რჯულს დავარღვვვდეთო, | ||
3 | მეფე გაბოროტდა და ტაფებისა და ქვაბების გახურება ბრძანა. | ||
4 | როგორც კი ტაფებსა და ქვაბებს ცეცხლი შეუნთეს, ბრძანა, მოპასუხისათვის დედისა და ძმების თვალწინ ენა ამოეკვეთათ, ტყავი გაეძროთ და ოთხში ამოეღოთ. | ||
5 | სრულიად უმწეოქმნილი, მაგრამ ჯერ კიდევ მფეთქავი, მეფის ბრძანებით, კოცონთან მიიყვანეს და გახურებულ ტაფაზე დასვეს. როცა ტახტიდან ზრქელი ოხშივარი ამოვარდა, ისინი დედასთან ერთად ერთმანეთს ამხნევებდნენ, ღირსეულად შეხვედროდნენ სიკვდილს, ამბობდნენ: | ||
6 | უფალი ღმერთი მოგვხედავს და შეგვიწყალებს ჩვენ, როგორც განაცხადა მოსემ თავის გალობაში: უფალი შეიწყალებს თავის მორჩილთო, ხალხის წინაშე. | ||
7 | ამ წამებაში რომ აღესრულა პირველი ძმა, ახლა მეორე გამოიყვანეს შესაგინებლად; თავზე ტყავს აძრობდნენ თმებიანად და თან ეუბნებოდნენ: ჭამა არ გირჩევნია ოთხში ამოღებას? | ||
8 | მან კი მშობლიურ ენაზე უბასუხა: არა. ამიტომ მანაც პირველის მსგავსად მიიღო სატანჯველი. | ||
9 | სულს რომ ღაფავდა, თქვა: შენ, ამქვეყნიური ცხოვრებისგან გვათავისუფლებ, მტარვალო, სამყაროს მეუფე კი მისი რჯულისთვის დაღუპულთ საუკუნო სიცოცხლისთვის აღგვადგენს. | ||
10 | ამის შემდეგ მესამეს მიადგნენ და, როგორც კი უბრძანეს, ენა გამოეყო, მაშინვე გამოყო, ხელებიც უშიშრად გაუწვდინა. | ||
11 | და ვაჟკაცურად თქვა: ცამ მომმადლა ესენი და დაუნანებლად ვწირავ რჯულისთვის იმ იმედით, რომ მისგანვე მივიღებ უკან. | ||
12 | მეფეც და მისი ამალაც გაოცებულნი იყვნენ ყმაწვილის ასეთი ვაჟკაცობით; არაფრად არ ჩაუგდია ტანჯვა-წამება. | ||
13 | ესეც რომ აღესრულა, მეოთხე ყრმაც ასევე გვემეს და აწამეს. | ||
14 | მან აღსასრულის წინ თქვა: კაცთაგან მოკლულს სანეტაროდ მიჩანს ღმერთზე დანდობა, რადგან ისევ აღმადგენს, შენ კი არ გეღირსება ცოცხლად აღდგომა. | ||
15 | მოიყვანეს მეხუთეც და დაუწყეს წამება. | ||
16 |
მან კი მეფეს შეხედა და თქვა: შენს ხელთაა უფლება, რაცა გსურს ის დამართო მოკვდავმა ადამიანებს. მაგრამ ნუ გგონია, რომ ჩვენს მოდგმას გაწირავს ღმერთი. |
||
17 | შენ კი, ცოტაც და, იხილავ როგორ გაგტანჯავთ მისი ძლევამოსილება შენ და შენს შთამომავლობას. | ||
18 | შემდეგ მოიყვანეს მეექვსე, რომელმაც სიკვდილის წინ ესა თქვა: ძმაო, ნუ იტყუებ თავს, ჩვენ ხომ თვითონვე მივიზღავთ წამებას, რადგან ჩვენს ღმერთს შევცოდეთ. ამიტომაც ხდება საკვირველი ამბები. | ||
19 | შენ კი, ნუ გგონია დაუსჯელი დარჩე, ღმერთთან ბრძოლა რომ გაგიმართავს. | ||
20 | მათი დედა საკვირველი და ღირსსახსენებელი ქალი, მოწმე ერთ დღეს შვიდივე შვილის დაღუპვისა, უფლის იმედით დიდსულოვნად ითმენდა ამ უბედურებას. | ||
21 | თითოეულ მათგანს მამაპაპური ხმით ამხნევებდა და ქალურ განსჯას კაცური სულით განამტკიცებდა, ეუბნებოდა: | ||
22 | მე არ ვიცი, როგორ გაჩნდით ჩემს წიაღში, სუნთქვა და სიცოცხლე თქვენთვის მე არ მომიცია; მე არ შემინივთებია თითოეული თქვენგანის აღნაქვსი. | ||
23 | ამიტომ ისევ ქვეყნის შემოქმედი, რომელმაც გამოსახა ადამიანის დასაბამი და ყოველი ქმნილების საწყისი, მოგმადლებთ კვლავ მოწყალებით სულსა და სიცოცხლეს, რადგან მისი რჯულისთვის გასწირეთ ახლა თქვენი თავი. | ||
24 | ხოლო ანტიოქოსმა, რაკი იფიქრა, რომ იგი ეზიზღებათ და ეს ნათქვამიც თავის გაკიცხვად მიიჩნია, ცოცხლად დარჩენილ უმცროს შვილს არა მარტო სიტყვით, არამედ ფიცითაც აღუთქვა, რომ გაამდიდრებდა და გააბედნიერებდა, ოღონდ მამა-პაპის რჯული უარეყო, თან პირდებოდა, რომ დაიმეგობრებდა და სახელმწიფო საქმეებსაც მიანდობდა. | ||
25 | როცა ყმაწვილმა არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი, მეფემ დედა მოიხმო და ურჩევდა მას, დაეყოლიებინა შვილი, რომ თავი გადაერჩინა. | ||
26 | ბევრი რჩევის შემდეგ, იგი დათანხმდა დაერწმუნებინა შვილი. | ||
27 | დაიხარა მისკენ და სასტიკი ჯალათის მიმართ დაცინვით ეს თქვა მშობლიურ ენაზე: შვილო, შემიბრალე მე, რომელიც ცხრა თვე მუცლით გატარებდი, სამი წელი ძუძუს გაწოვებდი და აქამდე გამოგზარდე. | ||
28 | გთხოვ, შგილო, შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს, რაც მასზეა, მიხვდები, რომ არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს, და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც. | ||
29 | ნუ შეუშინდები ამ ჯალათს, იყავი შენი ძმების ღირსი და შეეგებე სიკვდილს, რომ ღვთის მადლით შენს ძმებთან ერთად კვლავ მოგიპოვო. | ||
30 | კიდევაც აგრძელებდა იგი სათქმელს, როცა ყმაწვილმა თქვა: რაღას უცდით? მე არ ვემორჩილები მეფის ბრძანებას, არამედ ვემორჩილები რჯულს, რომელიც მოსეს ხელით გადმოეცა ჩვენს მამა-პაპას. | ||
31 |
შენ კი, ებრაელთათვის ყოველივე ბოროტის განმზრახველო, ვერ გაექცევი ღვთის ხელს. |
||
32 | რადგან ჩვენ ჩვენი შეცოდებების გამო ვეწამებით, | ||
33 | და თუ მოკლე ხნით მრისხანებს ჩვენზე ცოცხალი უფალი ჩვენი მხილებისა და გაწრთვნის მიზნით, კვლავ შეურიგდება თავის მორჩილთ. | ||
34 | შენ კი, უწმიდურო და უბილწესო კაცთა შორის, ტყუილად ნუ ზეობ და ფუჭი იმედით ნუ იკვეხნი, ხელი რომ აღგიმართავს ცის შვილთა წინააღმდეგ, | ||
35 | რადგან ჯერ არ დაგიღწევია თავი ყოვლადძლიერი და ყოვლისმხილველი ღმერთის სამსჯავროსათვის. | ||
36 | ახლა ხომ ჩვენი ძმები მცირე ხნის წამების შემდეგ ღვთის აღთქმულ მარადიულ ცხოვრებას ეწიენ. შენ კი კადნიერებისათვის ღვთის მსჯავრით საკადრისი სასჯელი მოგეზღვება. | ||
37 | მეც ჩემი ძმების მსგავსად სხეულსა და სულს ვუძღვნი მამაპაპეულ რჯულს; ვევედრები ღმერთს, რათა მალე მოიღოს მოწყალება ჩვენს ხალხზე; შენ კი სასჯელითა და გვემით დაგარწმუნოს, რომ მარტოოდენ ის არის ღმერთი, | ||
38 | დაე, ჩემსა და ჩემს ძმებზე შეჩერდეს ყოვლადძლიერის რისხვა, სამართლიანად რომ მოევლინა მთელს ჩვენს მოდგმას. | ||
39 | მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა, სხვებზე უფრო სასტიკი წამებით ამოეხადათ ამ ყმაწვილისთვის სული. | ||
40 | ამანაც ასე წმინდად აღასრულა სიცოცხლე, მთლიანად ღმერთს მინდობილმა. | ||
41 | ბოლოს, შვილების შემდეგ დედაც აღესრულა. | ||
42 | ეს კმაროდეს სათქმელად მსხვერპლის ჭამისა და თავს დატეხილ უბედურებათა შესახებ. |