ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მიხვდა იოაბ ცერუიას ძე, რომ გული მოულბა მეფეს აბესალომზე. |
1 |
ოდეს სცნა იოაბ, ძემან შარუელისმან, რამეთუ გული მეფისა მოლბა აბესალომისთჳს, |
2 | გაგზავნა კაცი თეკოაყში და ერთი ჭკვიანი ქალი მოაყვანინა იქიდან. უთხრა: თავი მოიმგლოვიარე, ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსელი, ზეთს ნუ იცხებ და ისე იყავი, როგორც დიდიხნის მგლოვიარე ქალია. | 2 | მიავლინა იოაბ თეკუედ და მოიყვანა მუნით დედაკაცი ერთი ბრძენი და ჰრქუა მას, ვითარმედ: მგლოვარედ იპყარ თავი შენი და შეიმოსე სამოსელი საგლოველი და ნუცა იცხებ საცხებელსა და იყავ ვითარცა დიაცი ვინმე მრავლის ჟამითგან მწუხარე მკუდარისათჳს. |
3 | მიდი მეფესთან და უამბე ეს ამბავი და ბაგეებში ჩაუდო იოაბმა საამბობელი. | 3 | და შეხჳდე შენ წინაშე მეფისა და იტყოდე, რომელი მე გასწაო შენ! და გულისხმა-უყვნა სიტყუანი იგი, რომელ თქუმად ესხნეს პირით მისით. |
4 | შევიდა თეკოაყელი ქალი მეფესთან, დაემხო მიწაზე, თაყვანისცა და უთხრა: მიშველე, მეფეო. | 4 | და მოვიდა დედაკაცი იგი თეკველი წინაშე მეფისა და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას, ევედრებოდა მას და ეტყოდა: განმარინე მე, მეფე, განმარინე! |
5 | ჰკითხა მეფემ: რა გჭირს? უთხრა ქალმა: ერთი ქვრივი ქალი ვარ, ქმარი მომიკვდა. | 5 | და ჰრქუა მას მეფემან: რა არს? რა შეგემთხჳა? მაშინ თქუა დედაკაცმან მან: ნანდვილვე ქურივი იგი მე ვარ, რამეთუ ქმარი ჩემი მოკუდა. |
6 | ორი ვაჟიშვილი ჰყავდა შენს მორჩილს, მინდორში წაეკიდნენ ერთმანეთს, გამშველებელი არავინ იყო, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა. | 6 | და დამშთეს მჴევალსა ამას შენსა ორ ძე და იბრძოდეს ურთიერთას უდაბნოსა, და არა ვინ იყო, რომელმანცა განაშველნა იგინი. და სცა ერთმან მან და მოკლა ძმა თჳსი. |
7 | აღდგა შენი მორჩილის წინააღმდეგ მთელი ნათესაობა და მეუბნებიან: მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოკლული ძმის შური ვიძიოთ და მოვსპოთ, თუმცა მემკვიდრეა იგი. ამ ნაპერწკალსაც ჩამიქრობენ, რომელიც დამრჩა; სახელს და შთამომავლობას არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს ამ ქვეყანაზე. | 7 | და მეტყჳან მე ნათესავნი მისნი, ვითარმედ მოგუეც ჩუენ ძმა იგი მისი და მოვკლათ იგი მოკლულისა მისთჳს ძმისა მისისა, რათამცა არა დაშთა მკჳდრი ქმრისა ჩემისა ქუეყანასა ზედა. |
8 | უთხრა მეფემ ქალს: წადი შინ, განკარგულებას გავცემ შენს გამო. | 8 | მიუგო მეფემან და ჰრქუა დედაკაცსა მას; წარვედ შენ სახიდ შენდა მშჳდობით და მე ვბრძანო შენთჳს! |
9 | უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: ჩემზე, მეფევ-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უდანაშაულოა. | 9 | და ჰრქუა დედაკაცმან მეფესა: უფალო ჩემო მეფე, ჩემ ზედა იყავნ შეცოდება იგი და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა! მეფე და საყდარი მისი უბრალო იყავნ! |
10 | უთხრა მეფემ: აქ მომიყვანე შენი მომჩივანი და ვეღარ გაბედავს შენს შეწუხებას. | 10 | მიუგო მეფემან და ჰრქუა: რომელი გეტყოდა სიტყუასა მაგას, მოიყვანე იგი აქა ჩემს წინაშე და არღარა შეგეახლოს შენ! |
11 |
უთხრა ქალმა: ახსენე, მეფეო, უფალი შენი ღმერთი, ვინძლო არ გამრავლდნენ შურისმგებელნი და არ დამიღუპონ შვილი. უთხრა მეფემ: უფალს ვფიცავ, შენი შვილის თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე. |
11 |
მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მოიჴსენე, მეფე, უფალი ღმერთი შენი, ნუუკუე განმრავლდენ შურისმეძიებელნი სისხლისა მისისანი და შენ მოკლა ძე იგი ჩემი? მიუგო მეფემან და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, ვითარმედ არა დავარდეს თმა ერთი თავისა მისისა ქუეყანასა ზედა! |
12 | უთხრა ქალმა: ერთი სიტყვაც ათქმევინე მეფე-ბატონისთვის შენს მორჩილს. უთხრა: თქვი. | 12 | მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მიბრძანე, რათა თქუას მჴევალმან შენმან სიტყუაჲ ერთი შენს წინაშე! და ჰრქუა მეფემან: იტყოდე! |
13 | თქვა ქალმა: რისთვის ფიქრობ ამგვარად ღვთის ერზე? სცოდავს ამის მთქმელი მეფე, თუ თავის განდევნილს უკან არ აბრუნებს. | 13 | მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: რადმე იზრახა ესევითარი ზრახვა ერსა ამას ზედა უფლისასა? და თანაწარჴდა სიტყუაჲ ესე მეფესა დამტკიცებად, რათა არღარა მოიქცეს განშორებული შენგან. |
14 | ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით აღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს; იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ. | 14 | რამეთუ მოკუდა ძე იგი შენი და, ვითარცა წყალი რა დაითხიის ქუეყანასა ზედა, ვერღარა შეკრბის, და არცაღა მიაქციოს თავადმან სული მისი. და აწ იზრახა მეფემან განშორებად განშორებულისა მისთჳს. |
15 | ახლა მოვსულვარ, რომ ეს სიტყვები ვუთხრა ჩემს მეფეს, რადგან მაშინებს ხალხი. იფიქრა შენმა მორჩილმა, ვეტყვი მეფეს, ვინძლო აღასრულოს მეფემ თავისი მხევლის სათხოვარი-მეთქი. | 15 | და აწ რომლისათჳს მოვსულ ვარ სიტყუად მეფისა უფლისა ჩემისა, მიხილონ მე ერმან ამან და მრქვან მჴევალსა შენსა, ვითარმედ: იტყოდეს მჴევალი შენი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა, რათა ყოს მეფემან სიტყუაჲ მჴევლისა თჳსისა. |
16 | რომ მოუსმინოს მეფემ თავის მხევალს და დაგვიხსნას მათგან, ვინც მე და ჩემს შვილს ღვთის სამკვიდროდან ამოძირკვას გვიპირებს. | 16 | რათა ისმინოს მეფემან და იჴსნეს მჴევალი თჳსი კაცთა მათგან, რომელნი ეძიებდეს ძესა ჩემსა მოკლვად ერთბამად სამკჳდრებელისა მისგან უფლისა. |
17 | იფიქრა შენმა მორჩილმა, ნუგეში იქნება-მეთქი მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი. | 17 | და თქუას მჴევალმან შენმან, ვითარმედ: იყავნ სიტყუაჲ უფლისა ჩემისა მეფისა, ვითარცა შესაწირავი მსხუერპლთა და ვითარცა ანგელოზი უფლისა, ეგრეცა უფალი ჩემი მეფე მსმენად კეთილისა და ბოროტისა! და იყავნ უფალი ღმერთი შენ თანა! |
18 | მიუგო მეფემ ქალს და უთხრა: ერთ რამეს გკითხავ და ნუ დამიმალავ. უთხრა ქალმა: მკითხოს მეფე-ბატონმა. | 18 | მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა, რომელსა გკითხავ შენ! და ჰრქუა დედაკაცმან: იტყოდენ უფალი ჩემი მეფე! |
19 | ჰკითხა მეფემ: იოაბის ხელი ხომ არ ურევია შენთან ერთად ამ საქმეში? მიუგო ქალმა და უთხრა: მეფე-ბატონს ვფიცავ, თუ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვიოს ვინმემ მეფე-ბატონის ნათქვამს. სწორედ შენმა მორჩილმა იოაბმა დამარიგა და მან ჩააგონა შენს მორჩილს ეს სიტყვები. | 19 | თქუა მეფემან: ნუთუ იოაბისნი არიანა ეგე სიტყუანი, ანუ ჴელცემული რაჲ არს შენდა? თქუა დედაკაცმან მან: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! არასადათ მივაქციე გარნა, რომელნი-იგი შეამრგვალნა პირსა შინა ჩემსა მონამან შენმან იოაბ. |
20 | ნართაულად რომ ეჩვენებინა საქმე, იმიტომ მოიქცა ასე იოაბი. მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერს მიხვდება ამ ქვეყანაზე. | 20 | და თჳთ შენ მეცნიერ ხარ და ბრძენ მსგავსად ანგელოზისა ღმრთისათა და უწყი ყოველივე, რაჲ არს ქუეყანასა ზედა! |
21 |
უთხრა მეფემ იოაბს: რაკი შენ მოგიწყვია ეს საქმე, წადი და დააბრუნე ის ყმაწვილი, აბესალომი. |
21 | მაშინ ჰრქუა მეფემან იოაბს: ნება-გეყავნ სიტყჳსაებრ შენისა, მივედ და მოიყვანე ყრმა იგი აბესალომ! |
22 | პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანისცა მეფეს და მადლი მოახსენა. უთხრა იოაბმა: ახლა სჯერა შენს მორჩილს, რომ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის, მეფის თვალში, რადგან აასრულა მეფემ თავისი მორჩილის სათხოვარი. | 22 |
და დავარდა იოაბ პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას და აკურთხა მეფე იგი და თქუა იოაბ: აწ უწყი, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე მეფისა, რამეთუ ყო მეფემან სიტყუაჲ მონისა თჳსისა. |
23 | ადგა და წავიდა იოაბი გეშურს და მოიყვანა აბესალომი იერუსალიმში. | 23 | და წარვიდა იოაბ გედსურად და მოიყვანა აბესალომ იერუსალჱმდ. |
24 | თქვა მეფემ: დაბრუნდეს თავის სახლში, ოღონდ ნუ იხილავს ჩემს სახეს. დაბრუნდა აბესალომი თავის სხლში და ვერ იხილა მეფის სახე. | 24 | და ჰრქუა მეფემან: მივედინ აბესალომ და იყავნ სახლსა შინა თჳსსა და პირსა ჩემსა ნუ იხილავნ! და მივიდა სახიდ თჳსა და პირი მეფისა არა იხილა. |
25 | არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ნაქები კაცი სილამაზით, როგორც აბესალომი. თხემით ტერფამდე უნაკლო იყო. | 25 | არა იყო სხუა კაცი ქმნულკეთილ, ვითარ აბესალომ, ისრაჱლსა შორის ფერჴითგან ვიდრე თავადმდე. და არა იყო ბიწი მის თანა. |
26 | როცა თავს გაიკრეჭდა ხოლმე (წლიდან წლამდე იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა), მოკრეჭილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო საწონით. | 26 | არა იკვეცის თმა თჳსი ვიდრე წელიწადამდე და მაშინღა იკვეცის თმა თჳსი, რამეთუ დაუმძიმდის და, რაჟამს იკუეცის, არნ იგი სასწორითა სამეფოთა ორასი სიკილა. |
27 | შეეძინა აბესალომს სამი ვაჟიშვილი და ერთი ქალი სახელად, თამარი. ძალიან ლამაზი შესახედავი ქალი იყო იგი. | 27 | და ესხნეს აბესალომს სამ ძე, ერთ ასულ, და სახელი მისი თამარ, და იყო იგი ქმნულკეთილ ფრიად. |
28 | ორ წელს ცხოვრობდა აბესალომი იერუსალიმში, მაგრამ მეფის სახე არ უხილავს. | 28 | და ჯდა აბესალომ იერუსალჱმს ორ წელ ოდენ და პირი მეფისა არა იხილა. |
29 | დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან გასაგზავნად, მაგრამ არ ინდომა იოაბმა მისვლა. მეორედ დაიბარა, არც ახლა ინდომა მისვლა. | 29 | და მოუწოდა აბესალომ იოაბს თჳსთა თანა, რათამცა შეავლინა იგი მეფისა. ხოლო იოაბ არა მივიდა. და მერმე მიავლინა მისა მეორედ და მან არავე ინება მისლვად მისა. |
30 | უთხრა თავის მორჩილთ: მოათვალიერეთ იოაბის ყანა, ჩემს მეზობლად რომ არის. ქერი უკეთესია იქ. მიდით და გადასწვით. გადაწვეს ეს ყანა აბესალომის მორჩილებმა. | 30 | მაშინ ჰრქუა აბესალომ მონათა თჳსთა: გვალე, მივედით და მოწუთ ყანა იგი იოაბისი ქრთილად თესილი, რომელ არს მახლობელად აგარაკსა ჩუენსა! და ყვეს ეგრე მონათა მათ აბესალომისათა, ვითარცა უბრძანა მათ. და უთხრეს იოაბს მონათა მისთა, ვითარმედ: მოწვეს ცეცხლითა ყანა იგი ჩუენი მონათა აბესალომისათა. |
31 | ადგა იოაბი და მივიდა აბესალომთან სახლში და უთხრა: რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მორჩილებმა? | 31 | მსწრაფლ მივიდა იოაბ აბესალომისა და ჰრქუა: რასთჳს მომიწვეს მონათა შენთა ყანა იგი ჩემი ცეცხლითა! |
32 | უთხრა აბესალომმა იოაბს: დაგიბარე, რომ მოსულიყავი და მეთხოვა, მეფესთან გამეგზავნე და გეთქვა: რისთვის მოვედი გეშურიდან? მიჯობდა იქ დავრჩენილიყავ. ახლა მინდა მეფის სახე ვიხილო. თუ დამნაშავე ვარ, ბარემ მომკალი. | 32 | და ჰრქუა აბესალომ იოაბს: მივავლინე შენდა ერთგზის და ორგზის და ვთქუ, ვითარმედ: მოვედ და მიგავლინო შენ მეფისა, რათამცა ჰრქუა მას, ვითარმედ: რასათჳს წარმოვედ მე გესურით და ვზი აქა? უმჯობესი იყო ჩემდა მუნ ჯდომა ვიდრე აქა მოსლვასა და მეფისა არახილვასა! და თუ არს რამე შეცოდება ჩემ თანა, სიკუდილით მომაკუდინენ მე! |
33 | მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა; უხმო აბესალომს, ისიც მივიდა მეფესთან, მდაბლად თაყვანისცა მეფეს და გადაკოცნა მეფემ აბესალომი. | 33 | და მივიდა იოაბ მეფისა და უთხრა ესე ყოველი სიტყუაჲ. და უბრძანა მეფემან მოწოდება აბესალომისი და შევიდა იგი წინაშე მეფისა, თაყუანი-სცა პირსა ზედა თჳსსა, და მიუწოდა მეფემან აბესალომს და შეიტკბო იგი და ამბორს-უყო მას. |