ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როდესაც ცოტაზე ჩასცდა დავითი მთის წვერს, შემოხვდა მას ციბა, მეფიბოშეთის მორჩილი, წყვილი შეკაზმული სახედარითურთ, - მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი გალა ახალი ხილი და ერთი კოლოტი ღვინო. |
1 |
და დავით მცირედ წარ-ოდენ-სრულ იყო ჰრუსსა, და აჰა, ოდენ სიბა, მონა იგი მემფიბოსთესი, მოეგებოდა შემთხუევად დავითს და ორი კარაული აგებული მის თანა. და ეკიდა მათ ორასი ჴუეზა პური, ჴჳმირი ერთი სკიჭი და ასი ლეღვისკვერი და მარი ერთი ღჳნო. |
2 | უთხრა მეფემ ციბას: რისთვის გინდა ესენი? მიუგო ციბამ: სახედრები მეფის სახლისთვის სამგზავროდ, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად; ღვინო უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთათვის სასმელად. | 2 | მიუგო მეფემან სიბას და ჰრქუა: და რა არს ესე კარაულნი აღსაგებელითურთ? მაშინ თქუა სიბა: სამსახურებელად სამეფოდ პური ეგე და ლეღჳსკვერი და სკიჭი საჭმელად და მონათა შენთათჳს, ღჳნო ესე სასმელად მაშურალთა წყურიელთა! |
3 | უთხრა მეფემ: სად არის შენი ბატონის ვაჟი? მიუგო ციბამ მეფეს: იერუსალიმში დარჩა, რადგან ფიქრობს, ახლა მაინც დამიბრუნებსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს. | 3 | და ჰრქუა მეფემან: სადა არს ძე იგი უფლისა შენისა? და ჰრქვა სიბამ მეფესა: მუნვე ზის იერუსალჱმსა და თქუა: დღეს, ანუ ხვალე მოაქციოს სახლმან ისრაჱლისამან ჩემდავე მეფობა იგი მამისა ჩემისა! |
4 | უთხრა მეფემ ციბას: შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი! თქვა ციბამ: თაყვანი მიცია, ვინძლო მადლი ვპოვო შენს თვალში, მეფე-ბატონო. | 4 | და ჰრქუა მეფემან სიბას: გვალე, შენ გეყავნ ყოველი, რაცა არს მემფიბოსთესი. და თაყუანი-სცა სიბამ მეფესა და ჰრქუა: რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა! |
5 | ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, ხედავს, გამოდის იქიდან საულის სახლის მონათესავე კაცი, სახელად შიმყი გერას ძე, მოდის და მოიწყევლება. | 5 | და მოვიდა დავით მეფე ბავრიმად. და გამოვიდა კაცი ერთი ნათესავისაგან საულისი, და სახელი მისი სემეი, ძე გერასი, მოვიდოდა და ძჳრსა იტყოდა, სწყევდა. |
6 | ქვებს ესროდა დავითს და დავით მეფის მორჩილთ, თუმცა ხალხი და მეომრები მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდნენ. | 6 | და ქვითა ესროდა დავითს და ყოველთა მონათა მისთა, და ყოველივე გუნდი მოვიდოდა მარჯუენით და მარცხენით მეფისა. |
7 | ასე სწყევლიდა მას შიმყი: განვედ, განვედ, სისხლისმსმელო, უგვანო კაცო! | 7 | სემეი ესრეთ იტყოდა წყევასა მას მისსა: განგვალე, განგვალე, კაცი ეგე მოსისხლე და სავსე უსჯულოებითა! |
8 | შენზევე მოაქცია უფალმა სისხლი საულის სახლისა, რომლის ნაცვლად გამეფდი, და შენს ძეს აბესალომს ჩაუგდო მეფობა ხელში. აჰა, მოგეზღო ბოროტების წილ, რადგან სისხლისმსმელი კაცი ხარ! | 8 | და აწ მოაწია უფალმან შენ ზედა სისხლი იგი საულისი, რამეთუ მეფობდ შენ მის წილ და მისცა უფალმან მეფობა შენი აბესალომს, ძესა შენსა, და აღასრულა შენ ზედა უკეთურება შენი, რამეთუ კაცი მოსისხლე ხარ და ურჯულო! |
9 | უთხრა აბიშაი ცერუიას ძემ მეფეს: რისთვის აგინებს ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი! | 9 | მაშინ თქუა აბესა, ძემან შარუელისამან, მეფესა: რა ვინა არს ძაღლი ისი შეურაცხი, რომელი აგინებს უფალსა ჩემსა მეფესა? მიბრძანეღა და მივიდე და წარვკუეთო თავი მისი. |
10 | უთხრა მეფემ: რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ იწყევლება, იქნება უფალმა უბრძანა, დასწყევლეო დავითი. ვინ ეტყვის, ასე რატომ აკეთებო? | 10 | მიუგო მეფემან აბესას: რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს, ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძჳრისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო და ვინა არს, რომელმან ჰრქუას მას, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ? |
11 | უთხრა დავითმა აბიშაის და თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, ჩემი ღვიძლი შვილი მოსაკლავად მომდევს და ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია. | 11 | და ჰრქუა დავით აბესას, ერისთავსა მისსა: აჰა, ესერა, ძე ჩემი, რომელი გამოჴდა მუცელსა ჩემსა, ეძიებს სულსა ჩემსა, აწ ძეცა ესე იემენელისა მოსრულ არს და მეკიცხევს. აცადეთ და მწყევდეს მე. ვინ უწყის, თუ უფალმან რქვა მაგას. |
12 |
ვინძლო მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს უფალმა. |
12 |
რამეთუ იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ ამას დღესა შინა. |
13 | და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა. | 13 | და მივიდოდა დავით ერითურთ მთასა. და კაცი იგი სწყევდა და ქვითა ესროდა და მტუერსა გარდაასხმიდა. |
14 | გავიდნენ მეფე და მისი თანმხლები ხალხი, დაღლილ-დაქანცულნი, იორდანეზე და იქ მოითქვეს სული. | 14 | და მოვიდა მეფე და ყოველი ძალი მისი დამაშურალი კიდედ იორდანისად და განისუენეს მუნ. |
15 | ხოლო აბესალომი და მთელი ისრაელის ხალხი შევიდნენ იერუსალიმში, ახითოფელიც მასთან იყო. | 15 | და აბესალომ ერითურთ შევიდა იერუსალემად და აქიტობელცა მათ თანა. |
16 | როცა მივიდა ხუშაი არქიელი, დავითის ერთგული კაცი, აბესალომთან, უთხრა ხუშაიმ აბესალომს: იცოცხლოს მეფემ! იცოცხლოს მეფემ! | 16 | და ვითარცა მოვიდა ქუში, თანამზრახველი და მეგობარი დავითისი, აბესალომისა თანა, თაყუანი-სცა მას და ჰრქუა: უკუნისამდე ცხონდი, მეფე აბესალომ. |
17 | უთხრა აბესალომმა ხუშაის: ეს არის შენი ერთგულება შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან? | 17 | მიუგო აბესალომ ქუშის და ჰრქუა: ეგრევე სიყუარული იყო მეგობრისა შენისა? რასათჳს არა მიხველ მის თანა? |
18 | მიუგო ხუშაიმ აბესალომს: არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთანა ვარ და მასთან დავრჩები. | 18 | მიუგო ქუში აბესალომს: არა ეგრე, არამედ შეუდეგ მას, რომელი უფალმან გამოირჩია და ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, მისივ ვიყო და მის თანაცა დავდგე! |
19 | ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო. | 19 | და მერმე ვისი მონა ვარ? არა ვიცი მე, ვითარ არა თაყუანის-ვსცე ძესა მისსა? ვითარცა ვმსახურე მამასა შენსა, ეგრეცა შენს წინაშე ვიყო. |
20 | უთხრა აბესალომმა ახითოფელს: მოითათბირეთ, რა უნდა გავაკეთოთ. | 20 | მერმე ჰრქუა აბესალომ აქიტობელს: განიზრახეთ, რა ვყო, რათა დავიპყრათ სოფელი ესე. |
21 | უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შედი მამაშენის ხარჭებთან, სახლის საპატრონოდ რომ დატოვა. გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ხარ მამაშენისგან, და გამხნევდებიან შენი მომხრეები. | 21 | და ჰრქუა აქიტობელ აბესალომს: პირველად შევედ შენ ხარჭთა თანა მამისა შენისათა, რომელნი დაუტევებიან მცველად სახლსა მისსა, და სცნას ყოველმან ისრაჱლმან, რამეთუ არცხჳნე მამასა შენსა, რათა ერთგულ იყოს ერი ესე შენდა. |
22 | გაშალა კარავი აბესალომმა ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ. | 22 | აღუდგეს კარავი აბესალომს ერდოსა ზედა და შევიდა იგი ხარჭთა თანა მამისა მისისათა განცხადებულად ყოვლისა ერისა ისრაჱლისა. |
23 | ახითოფელის თათბირი, რომელსაც იგი იმ ხანებში იძლეოდა, ისეთი იყო, გინდა ღმერთს შეკითხვოდა ვინმე. ასეთი იყო ახითოფელის თათბირი დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც. | 23 | და ზრახვა იგი აქიტობელისა მტკიცე იყო პირველთა მათ დღეთა, ვითარცა ღმრთისა მიერ დამტკიცებულ წინაშე დავითისა და აბესალომისა. |