ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აღრიცხა დავითმა თავისი ხალხი და დაუყენა მას ათასისთავები და ასისთავები.

1

მას ჟამსა ახილვა-ყო დავით ერისა მის თჳსისა და დაადგინა მათ ზედა ასისთავები და ათასისთავები და ყოველივე იგი სამად გუნდად განყო.

2 ხალხის ერთი მესამედი დავითმა იოაბს ჩააბარა, ერთი მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, დანარჩენი მესამედი - ითაი გეთელს. უთხრა მეფემ ხალხს: მეც თქვენთან გამოვალ. 2 ერთი იგი გუნდი მისცა იოაბს, მეორე იგი გუნდი მისცა აბესას, ძმასა იოაბისასა, ძესა შარუელისასა, და მესამე იგი გუნდი მისცა ეთის გეთელსა. და ჰრქუა დავით მეფემან ერსა მას: განვიდე მეცა თქუენ თანა!
3 ხალხმა უთხრა: არ გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ უკუვიქეცით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ მოგვაქცევენ ყურადღებას; ჩვენისთანას ათი ათასს იწონი შენ; ამიტომ ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუ ქალაქიდან შემოგვეშველები. 3 მიუგო ერმან მან და ჰრქუა: არა გამოხჳდე ჩუენ თანა! ნუუკუე მეოტ ვიქმნეთ და არა ვინ იყუნეს, რომელმან გული გვაპყრას ჩუენ. და თუ ზოგი ჩუენი მოისრას, არა ვინ იყოს, რომელმან ნუგეშინის-გუცეს ჩუენ და მიგუეღოს ზოგი ქუეყანისა ჩუენისა. ხოლო უმჯობეს არს: შენ აქა დადგე ქალაქსა შინა ძალად ჩუენდა და გვიზახებდე!
4 უთხრა მათ მეფემ: როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი. დარჩა კარიბჭესთან მეფე, ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გავიდა. 4 მიუგო მეფემან და ჰრქუა: კეთილ არს, რაჲცა გნებავს, იგიცა ვყო! და დადგა მეფე ერთკერძო ბჭეთა მათ და გამოვიდოდა ერი იგი ასეულობით და ათასეულობით.
5 ასე უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაის და ითაის: დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი. მთელმა ხალხმა მოისმინა, რაც აბესალომის გამო უბრძანა მეფემ თავის სარდლებს. 5 და შეუთულიდა მეფე იოაბს და აბესას და ეთი გესელსა ერისთავთა მათ, და ყოველსა ერსა ესმოდა ბრძანება იგი მეფისა, და ჰრქუა მათ: ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს!
6 გავიდა ხალხი ველზე ისრაელის წინააღმდეგ და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში. 6 და გამოვიდა ყოველი იგი ერი და განეწყვნეს ველსა წინაშე ერისა მის ისრაჱლისა. იყო ბრძოლა მაღნარსა მის თანა ეფრემისასა.
7 იძლია ისრაელის ხალხი დავითის მორჩილთაგან. დიდი ხოცვა-ჟლეტა მოხდა იქ იმ დღეს: გაწყდა ოცი ათასი კაცი. 7 ძლევასა მიეცა ისრაჱლი წინაშე დავითისათა და იქმნა მოსრვა დიდი მას დღესა შინა, და მოსწყდეს ერისა მისისაგან ისრაჱლისა ოცი ათასი კაცი.
8 მოედო ბრძოლა მთელს იმ არემარეს, ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა, ვიდრე მახვილმა შეჭამა იმ დღეს. 8 განიბნია ერი იგი ისრაჱლისა მაღნარსა მას. იქმნა ერისა მის ისრაჱლისა მოწყვედა მაღნარისა მისგან უფროს, ვიდრეღა პირითა მახჳლისათა.
9 შეეჯახა აბესალომი დავითის მორჩილთ, ჯორზე ამხედრებული. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გადიოდა, წამოედო აბესალომი თმებით მუხას და გამოეკიდა ცასა და მიწას შორის. ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა. 9 და უმაღლეს ჩნდა აბესალომ ერსა მას შორის დავითისა. და ზეჯდა იგი საჴედარსა. და განვიდოდა იგი ხესა ქუეშე სივლტოლასა მისა. და მოეხჳნეს შტონი რკოსანი თმათა მისთა, დამოეკიდა ხესა მას შორის ცისა და ქუეყანისა. და საჴედარი იგი მისი განვიდა ქუეშე წყვილთაგან მისთა.
10 დაინახა ეს ერთმა კაცმა და შეატყობინა იოაბს და უთხრა: აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებული. 10 და იხილა იგი კაცმან ვინმე ერთმან, მივიდა და უთხრა იოაბს, ვითარმედ: ვიხილე მე აბესალომ მოკიდებული რკოსა ერთსა.
11

უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: თუ დაინახე, რატომ არ დააკალი იქვე მიწას? ჩემზე იქნებოდა ათი ვერცხლი და ერთი  სარტყელი.

11

ჰრქუა იოაბ კაცსა მას: ნანდვილ იხილე იგი? და რად არა მოჰკალ? და მი-მცა-გეც შენ დღისა ვერცხლი ათი სიკილა და ზოსტერი ერთი!

12 უთხრა იმ კაცმა იოაბს: ათასი ვერცხლიც რომ ჩამიდონ ხელში, ხელს მაინც არ აღვმართავდი უფლისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაის და ითაის, დამიზოგეთო ყმაწვილი აბესალომი. 12 მიუგო კაცმან მას და ჰრქუა: მო-ღა-თუმცა-მეც ათასი სასწორი ვერცხლი, არავემცა მივყავ ჴელი ჩემი ძესა ზედა მეფისასა, რამეთუ გვესმა ჩუენ, რაჟამს გამცნებდა მეფე შენ და აბესას და ეთთის, ვითარმედ: ეკრძალენით და ერიდენით ყმასა აბესალომსა!
13 კიდეც რომ გამებედა და ჩამედინა ეს უსამართლობა, არაფერი დაემალებოდა მეფეს, შენ კი განზე გადგებოდი. 13 და ვითარმედ ვქმენ მე საქმე იგი უსჯულოებისა და მოვიკრიბე ბრალი თავსა ჩემსა? და მე ვიცი, თუ არამცა დაიფარა სიტყუაჲ იგი წინაშე მეფისა და ვერცაღა შენ დასტურად წარმომიდგე წინაშე მეფისა.
14 უთხრა იოაბმა: ტყუილად დროს ვკარგავ შენთან! ხელთ იპყრა სამი ჰოროლი და შიგ გულში ჩასცა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე. 14 და მაშინ ჰრქუა იოაბ: მაგა სიტყჳსათჳს აწვე გიჩუენო თუალთა შენთა! და მოიღო იოაბ სამი ლიბანდაკი ჴელთა მისთა და განწონნა გულსა აბესალომისასა, ვიდრე ცოცხალი ეკიდა ხესა მას რკოსასა.
15 მერე შემოეხვია ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველნი, აბესალომს და გაგმირეს. ასე მოკლეს იგი. 15 და მოადგენ ყრმანი ათნი მესაჭურველები იოაბისანი და მო-ხოლო-კლეს აბესალომ და დამსჭვალეს ქუეყანასა.
16 ჩაჰბერა იოაბმა ბუკს და უკან მობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეაკავა იოაბმა ხალხი. 16 ხოლო დაბერეს ნესტუთა, უკუმოიკრიბეს ერი იგი, რათამცა აღარა სდევდეს ისრაიტელთა მათ, რამეთუ შეეწყალა იოაბს ერი იგი ისრაჱლისა.
17 აიღეს აბესალომი და ჩააგდეს ტყეში ერთ დიდ ორმოში და ზედ დიდძალი ქვები დაახვავეს. მერე თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ ისრაელიანები. 17 შთაგდებად-სცა აბესალომ ნაპრალსა ქუეყანისასა მაღნარსა მას შინა მთხრებლსა დიდსა და აღაშენა მას ზედა ღვერთი ქვისა. ერი იგი ისრაჱლისა წარვიდა ადგილსა თჳსსა.
18 აბესალომს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჰქონდა აღმრთული სვეტი მეფის მინდორზე. ამბობდა, შვილი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო. თავისი სახელი უწოდა სვეტს და დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი. 18 აბესალომ ვიდრეღა ცოცხალღა იყო, აღმართა ძეგლი ერთი საჴსენებელად თავისა თჳსისა უბესა ერთსა სამეუფოსა და თქუა: არა მივის შვილი, რათა მაჴსენებდეს! და ეწოდა ადგილსა მას ჴელ აბესალომისა აქა ჟამამდე.
19 თქვა ახიმაყაც ცადოკის ძემ: გავიქცევი და ვახარებ მეფეს, რომ დასაჯა უფალმა მისი მტრები. 19 ხოლო აქიმას, ძემან სადუკისმან, ჰრქუა იოაბს: ვრბიოდეთ და ვახაროთ მეფესა, რამეთუ ჰყო უფალმან შურის-გება მტერთა მისთა ზედა.
20 უთხრა იოაბმა: ვერ იქნები დღეს მახარობელი: სხვა დღეს ახარე, დღეს ნუ ახარებ, რადგან მოკვდა უფლისწული. 20 ჰრქუა მას იოაბ: არა ხარ შენ კაცი მახარობელი, რამეთუ ძე მისი მოკლულ არს, და ახარებდეღა თუ მას, სხუასავე დღესა ახარე.
21 უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: წადი, მოახსენე მეფეს, რაც დაინახე. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა. 21 და ჰრქუა ქუშის: მივედ და უთხარ მეფესა, რა-ესე იქმნა! და თაყუანი-სცა ქუში იოაბს და წარვიდა.
22

კვლავ უთხრა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი ქუშელთან ერთად. უთხრა იოაბმა: რისთვის უნდა გაიქცე, შვილო? ვერ მიიტან კარგ ამბავს.

22

მერმე ჰრქუა აქიმას, ძემან სადუკისამან, იოაბს: და რა იყოს მი-თუ-ვრბიოდე შემდგომად ქუშისა? და ჰრქუა იოაბ: რად გიჴმს სრბა, შვილო? არა სიხარულ ყოფად არს შენდა!

23 რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი. უთხრა იოაბმა: გაიქეცი. გაიქცა ახიმაყაცი უმოკლესი გზით და გესწრო ქუშელს. 23 ჰრქუა მას აქიმას: და რა იყოს მი-თუ-ვრბიოდი? მაშინ ჰრქუა მას იოაბ: გვალე, ვიდოდე! და წარვიდა აქიმას შინაგნით გზით კენქარისა და უსწრო ქუშის.
24 დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა; ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა; ასწია თავი და ხედავს, ვიღაც კაცი მორბის მარტო. 24 და დავით ჯდა ბჭეთა ზედა. და აჰჴდა გუშაგი გოდოლსა და იხილა კაცი ერთი მორბიოდა.
25 იყვირა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: თუ მარტოა, მახარობელი იქნება. თანდათან ახლოვდებოდა კაცი. 25 და უთხრა მეფესა, ვითარმედ: კაცი ერთი მორბის ბანაკით კერძო! ჰრქუა მას მეფემან: უკუეთუ მარტო არს მახარებელი, იყოს! და ვითარცა მოეახლა იგი,
26 დაინახა გუშაგმა, რომ კიდევ მორბის სხვა კაცი და ჩამოსძახა კარისმცველს და უთხრა: აჰა, კაცი მორბის მარტო. თქვა მეფემ: ესეც მახარობელია. 26 მერმე იხილა გუშაგმან მან და თქუა: ესერა, სხუაღა კაცი მორბის! და თქუა მეფემან: ესეცა მახარობელი იყოს!
27 თქვა გუშაგმა: სირბილზე ვატყობ, რომ პირველი კაცი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს. თქვა მეფემ: კარგი კაცია და კარგი ამბავიც უნდა მოჰქონდეს. 27 და თქუა გუშაგმან: ვხედავ პირველსა მას, რამეთუ ჰგავს იგი აქიმას, ძესა სადუკისასა! მაშინ თქუა მეფემან: კაცი კეთილი არს იგი და სიტყუაცა კეთილი მოაქუს!
28 დაიყვირა ახიმაყაცმა და უთხრა მეფეს: მშვიდობა! მდაბლად თაყვანისცა მეფეს და უთხრა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელთაც ხელი აღმართეს ჩემს მეფე-ბატონზე. 28 და მო-ხოლო-ვიდა აქიმას წინაშე მეფისა და თქუა: სიცოცხლე და მშჳდობა! და თაყუანის-სცა მეფესა და ჰრქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი შენი, რომელმან დასხნა კაცნი იგი, რომელთა აეხუნეს თავნი მათნი მტერობით უფლისა ჩემისა მეფისა ზედა!
29 უთხრა მეფემ: ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი? უთხრა ახიმაცაყმა: დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა შენი მორჩილი იოაბი მაგზავნიდა შენს მორჩილს, ვერ კი მივხვდი, რა იყო. 29 და ჰკითხვიდა მეფე აქიმასს და ჰრქუა: ცოცხლებით არსა ძე იგი ჩემი აბესალომ? მიუგო აქიმას და ჰრქუა: მესმა მე ჴმაჲ, რაჟამს წარმომავლინა მე იოაბ, მონამან მეფისამან, და არა ვიცი, რა იქმნა, რამეთუ ღაღადებაჲ დიდი იყო შემდგომად წარმოსლვისა ჩემისა.
30 თქვა მეფემ: განზე გადი და იქ დადექი. განზე გავიდა ისიც და დადგა. 30 ჰრქუა მას მეფემან: წარმოდეგ ესრე! და დადგა იგი ზურგით მისა.
31 ახლა ქუშელი მოვიდა და თქვა ქუშელმა: სასიხარულო ამბავი მომაქვს მეფე-ბატონისთვის! უფალმა დაგისაჯა დღეს შენი წინააღმდგომნი. 31 და მო-ხოლო-ვიდა ქუში და ჰრქუა მეფესა: გიხაროდენ, უფალო ჩემო მეფე, რამეთუ საჯა უფალმან შურის-გებით სასჯელი მტერთა შენთა!
32 ჰკითხა მეფემ ქუშელს: ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი? მიუგო ქუშელმა: ისე მეფე-ბატონის მტრები და შენს საბოროტოდ აღმდგარნი იყვნენ, როგორც ის ყმაწვილია! 32 და ჰრქუა მეფემან ქუშის: ცოცხლებით არს ყრმა იგი ჩემი აბესალომ? და ჰრქუა ქუშიმ მეფესა: შეიქმნედ ყოველნი მტერნი მეფისანი, ვითარცა ყრმა იგი უფლისა ჩემისა მეფისა და რომელნი აღდგომილ იყუნეს შენ ზედა ბოროტებით!
    33 და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ!