ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი ოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა, მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმიანმა მგალობელმა:

1

და ესე სიტყუანი არიან დავითის აღსასრულისანი და სარწმუნო არს დავით, ძე იესესი, და სარწმუნო არს კაცი იგი, რომელ დაადგინა უფალმან ცხებული ღმრთისა იაკობის ზედა. და შუჱნიერ არს გალობაჲ ესე ისრაჱლისა.

2 უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა. 2 რამეთუ სული უფლისა იტყოდა ამას და სიტყუანი პირისა მისისანი ენასა ჩემსა.
3 მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს. 3 და თქუა ღმერთმან იაკობისმან: ჩემდამო იტყოდა მცველი იგი ისრაჱლისა, მთავრად დამადგინა მე კაცთა მათ სიმართლითა და შიშითა ღმრთისათა ფლობად მათ ზედა.
4 იქნება იგი როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მიწიდან ამობრწყინვებული ბალახი. 4 ვითარცა ცისკარი განთიადისა და ვითარცა მზე რა აღმობრწყინდის მაღლით განთიად, და არა დაბნელდის ნათელი იგი მისი, ვითარცა წჳმამან რა აღმოაცენის მწვანე ქუეყანით.
5 განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ აღმოცენდება ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი ნატვრა? 5 რამეთუ ვითარცა არა ესრე იყო სახლი ჩემი ძლიერსა თანა ღმრთისათა, რამეთუ აღთქმა საუკუნო ედვა ჩემ თანა, ყოველთა ზედა დამტკიცებული და დამყარებული. ყოველივე ცხორებაჲ ჩემი და ნება ჩემი არა არს, რომელიცა მის მიერ არა მოიღებოდის.
6 უკეთურნი გადაგდებულ ეკლებივით იქნებიან ყველანი, ხელში რომ არ აიღება. 6 რომელნი აღმოსცენდეს, ვითარცა ეკალნი და სხუანი, ვითარცა გამონაფრეწნი ყოველნი, რამეთუ არა ჴელი ვინ შეახის და გამოფრიწის.
7 ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან. 7 უკუეთუ ვისმე ენებოს მოფხურად, რკინა შემზადონ ძელითურთ და ყოველივე ცეცხლით შეიწუნენ არარადმდე.
8 აჰა, დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა. 8 ესე სახელები არს მთავართა მათ და ერისთავთა დავითისათა: იებოსთე ქანანელი, მთავარი ერისა ნაწილთა, აქინომ ანელისთა, რვაასთა მათ ზედა წყლულთა ერთბამად.
9 მას შემდეგ ელიაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომელნიც ახლდნენ დავითს, როცა ლანძღვა დაუწყეს ფილისტიმელებს და საბრძოლველად შეიკრიბნენ, ისრაელი კი უკან იხევდა. 9 ამისა შემდგომად ელიაზარ, ძე მამისძმისა მისისა სოვსელისა, სამთა მათ შორის ერისთავთა. ესე იყო დავითის თანა მესერანს, ყუედრებად ამისა, და უცხოთესლნი იგი მოკრებილ იყუნეს მუნ ბრძოლად.
10 შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლისთვის გაჰყვა მას ხალხი უკან. 10 და მო-ხოლო-ვიდეს ისრაიტელნი მათ ზედა და ელიაზარ მათ თანა და მოსწყჳდნა უცხოთესლნი იგი ვიდრე დაშრომამდე და დაეკრა ვადა ჴლმისა მისისა ჴელსა მისსა. და შექმნა უფალმან ცხორებაჲ დიდი მას დღესა შინა ერსა მას ზედა. და ყოველი იგი ერი მიექცა ნატყუენავსა მას ზედა მტერთასა.
11

მის შემდეგ: შამა აგეს ძე, ჰარარიელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ცერცვი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან,

11

და ამისა შემდგომად სამაა, ძე ეილასი რაქიანი და კუალად შეკრბეს უცხოთესლნი იგი და იყო მუნ ოსპნი თესული ახალჴნული; და ერი იგი მეოტ იქმნა უცხოთესლთა მათგან.

12 ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას: მუსრი გაავლო ფ;ლისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა. 12 და შევიდეს უცხოთესლნი იგი ჴნულსა მას ოსპისასა; და ერი იგი დავითისი გარემოექცა და მოსწყჳდნეს უცხოთესლნი იგი. და შექმნა უფალმან ცხორებაჲ დიდი ერსა მას შორის მას დღესა.
13 ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მივიდნენ დავითთან ყადულამის გამოქვაბულში მკის დროს. ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი. 13 და ჩამოვიდეს სამნი კაცნი სამთა მათგან გუნდთა დავითისთა ქვაბსა მას ოდოლამისასა და უცხოთესლნი იგი მძჳნვარედ განწყობილ იყუნეს უბესა მას ტიტანელთასა.
14 მაშინ დავითი ამ საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელების ყარაული ბეთლემში იდგა. 14 და დავით დგა კლდისპირსა მას თანა, და უცხოთესლნი იგი იყუნეს მას ოდენ ჟამსა ბეთლემს.
15 ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის? 15 გულმან უთქუა დავითს და თქუა: ვინმცა მასვა მე წყალი წყაროსა მისგან ბეთლემისასა, რომელ არს ბჭეთა თანა?
16 გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი დალევა და უფალს დაუღვარა. 16 და გუნდსა მას უცხოთესლთასა შეეცვა ბეთლემი და კაცნი იგი, რომელ მოვიდეს სამნი გუნდთა მათგან დავითისა, განაპეს ბანაკი იგი უცხოთესლთა, და მივიდეს და მოართუეს წყალი იგი ბეთლემისა, რომელ იყო ბჭეთა მათ თანა, ხოლო დავით არა სვა წყალი იგი, არამედ მოიღო იგი, აპკურა წინაშე უფლისა.
17 თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე. 17 და თქუა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისა მიერ ეგე, ვითარმცა შევსვენ სისხლნი და სულნი კაცთანი წყალსა ამას თანა! ესე ყვეს სამთა მათ ახოვანთა.
18 აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ამ სამთა უფროსი იყო. სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. მას ჰქონდა მეტი სახელი ამ სამში. 18 და აბესა, იოაბის ძმა, ძე შაროელისი, მთავარი სამთა მათგანი, იახოვნა, განმარტა ჰოროლი თჳსი და მოწყლნა სამასი ახოვანი ერთსა მას შერევასა მისსა.
19 ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ ეცილებოდა. 19 და ესე ოდენ უმჯობეს იყო ერთისა მათგანისა ორთა მათ უდიდებულეს. და იყო მათა მთავარ, ხოლო სამთა მათ ვერავე ესწორებოდა.
20 ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს. 20 და ბანეა, ძემან იოადისამან, ძისა ახოვანისა კაცისამან, მრავალი საქმე ქმნა უფროს გაბასაელისა. რამეთუ მან მოსწყჳდნა ორნი იგი ძენი ადრიელის მოაბელისნი. და ესე გარდაჴდა და მოკლა ლომი გუბსა მას შინა დღეთა მათ ზამთრისათა.
21

მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, საშინელი შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.

21

და მან მოკლა ეგჳპტელი იგი კაცი საშინელი და მჴნე და ვერ შესაძლებელი, რამეთუ ჴელთა აქუნდა ეგჳპტელსა მას ოროლი და ბუნი ოროლისა მისისა იყო, ვითარცა დირე ჴიდისა. და მით ოროლითა გამოუჴდა ეგჳპტელი იგი და ესე მიეგებოდა. და მოუღო ოროლი იგი ეგჳპტელსა მას და მისითავე ოროლითა განგურიმა ეგჳპტელი იგი.

22 ეს გააკეთა ბანაიჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამთა მოყმეთა შორის. 22 და ესე ყო ბანეა, ძემან იოადისამან.
23 ოცდაათიდან გამოირჩეოდა, თუმცა იმ პირველ სამს ვერ ეტოლებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა. 23 და მისი სახელი უმჯობეს იყო შორის სამთა მათ ახოვანთა და უდიდებულეს, ხოლო სამთა მათ ვერავე ესწორებოდა. და დაადგინა იგი დავით ყოველთა ზედა, რომელნი სცვიდეს მას და ესე სახელები არს კაცთა მათ მჴნეთა დავითისათა:
24 ყასაელი, იოაბის ძმა, ერთ-ერთი ოცდაათთაგანი იყო. ელხანანი, მისი ბიძაშვილი, ბეთლემელი, 24 ასაელ, ძმა იოაბისი, ოცდაათთა მათ შორის, ელნალ, ძე ელიუდისი, მამისძმისა მის ბეთლემელისა,
25 შამა ხაროდიელი, ელიკა ხაროდიელი, 25 სამეე რუდელი, სელომ კელოთელი,
26 ხელეც ფალეტიელი, ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყეღი, 26 ქალეს ფალემელი, ირას ძე, ესკათისა თეკველი,
27 აბიყეზერ ყანათოთელი, მებუნაი ხუშათიელი, 27 აბეზერ ანათოთელი, მოაბან ოსითელი,
28 ცალმონ ახოხელი, მაჰარაი ნეტოფათელი, 28 სელიმონ აოთელი, მაარა ნეთაფათელი,
29 ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი, ითაი რიბაის ძე ბენიამინის გიბყადან; 29 ელედ, ძე ბანიასი, ესე იგი არს ნეტოფიტელი, ითი, ძე რაბასი, გაბათელის ძენი ძეთაგან ბენიამენისთა,
30 ბენაიაჰუ ფირყათონელი, ჰიდაი ნახლე-გაყაშიდან, 30 ბანია ფარათონელი, ედაი მდინარისა გაასას,
31

აბიყალბონ ყარბათელი, ყაზმავეთ ბარხუმელი;

31

აბაბონ არბატიტელი, ძმათაგან ბერომეველთა,

32 ელიახბა შაყალბონელი, ბენე-იაშენი, იონათანი, 32 ელიაბ სალაბონელი, ძენი იესესნი იონათანისანი,
33 შამა ჰარარელი, ახიამ შარარის ძე, არარელი, 33 სემ ორორეველი, აიამ, ძე სარარისი, არორიტელი,
34 ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი, ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი, 34 იელფელეთ, ძე აზბაისი, ძეთა მავეთეველთა, ძე ელიასი, აქიტობელ გელანიტელი,
35 ხეცრაი ქარმელელი, ფაყარაი არბელი, 35 ესრი კარმეითეველი, ფარია არაბელი,
36 იგად ნათანის ძე ცობადან, ბანი გადელი, 36 აგალ ათიასი, საობიტელისა ბონი გაადელი.
37 ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეეროთელი, იოაბიბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი, 37 სელეკ ამონელი, ნარა ბეოტელი, მჴედარი იოაბისი, ძენი სარვეინისნი.
38 ყირა ითრელი, გარებ ითრელი, 38 ირაითიტრეს გარებელი, ესე იგი არს იეთიტრე,
39 ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი. 39 ჰურია ქეტელი, ესე ყოველი კაცნი ოცდაჩჳდმეტ იყო.