ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
წავიდა შექემში რობოამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად. |
1 |
და მოვიდა რობოამ სჳქემად, რამეთუ სჳქემად მოვიდოდა ყოველი ისრაჱლი მეფობად მისა. |
2 | როცა ეს ამბავი შეიტყო, იერობოამ ნაბატის ძემ, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული, ეგვიპტიდან გამობრუნდა იერობოამი. | 2 | და იყო, ვითარცა ესმა იორობოამს, ძესა ნაბატისასა, რომელი-იგი იყო ეგჳპტეს, ოდეს იგი ივლტოდა პირისაგან სოლომონისა მეფისა. და იყო იორობომ ეგჳპტესა და მოიქცა იორობომ ეგჳპტით. |
3 | შეუთვალეს და დაიბარეს იგი. მოვიდა იერობოამი და მთელი ისრაელი და ასე უთხრეს რობოამს: | 3 | რამეთუ მიავლინეს და მოიყვანეს იგი, და მოვიდა იორობომ და ყოველი კრებული ისრაჱლისა მეფისა რობოამისა და ეტყოდეს: |
4 | უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადო, და დაგემორჩილებით. | 4 | მამამან შენმან დაამძიმა უღელი ჩუენ ზედა. და აწ შენ შეგჳნდევ მონებისა მისგან ფიცხელისა მამისა შენისა და უღლისა მისგან მძიმისა მისისა, რომელი დაგვდვა ჩუენ ზედა, და გმონებდეთ შენ. |
5 | მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი. | 5 | და ჰრქუა მათ რობოამ: წარვედით სამ დღემდე და მოვედით ჩემდა და წარვიდა ერი იგი. |
6 | რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს? | 6 | და შეკრიბნა რობოამ მოხუცებულნი, რომელნი დგეს წინაშე სოლომონისა, მამისა მისისა, ცხორებასა მისსა და ჰრქუა მათ: ვითარ გნებავს თქუენ, რა სიტყუა მიუგო ერსა ამას? |
7 | ასე უთხრეს: თუ კეთილი იქნები ამ ხალხისთვის, აამებ მათ, კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მორჩილნი იქნებიან. | 7 | და იგინი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: უკეთუ დღეს ექმნე სახიერ ერსა ამას და სათნო-იყო და ეტყოდი მათ სიტყუათა კეთილთა, იყუნენ შენდა მონა ყოველთა დღეთა. |
8 | არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეთ, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და ემსახურებოდნენ. | 8 | დაუტევა რობოამ ზრახვა იგი მოხუცებულთა, რომელთა-იგი აზრახეს მას კეთილად, და აზრახა ყრმათა, რომელნი აღზრდილ იყუნეს მის თანა, რომელნი-იგი დგეს მის წინაშე. |
9 | უთხრა მათ: რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენის დადებული უღელი? | 9 | და ჰრქუა მათ: რა გნებავს თქუენ? მიუგო სიტყუა ერსა მას, რომელნი მეტყოდეს მე, და მრქუეს: შენ გჳლხინე უღლისა ამისგან, რომელი დაგვდვა მამამან შენმან. |
10 | ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან როშ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება, უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და შენ კი უნდა შეგვიმსუბუქო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკათითი. | 10 | და ეტყოდეს ყრმანი იგი მის თანა აღზრდილნი: ესრეთ ეტყოდე ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ და თქუეს: მამამან შენმან დაგჳმძიმა უღელი ჩუენ ზედა, და შენ აღგჳმცირე ჩუენ, და აწ, ესერა, არქუ მათ: მცირე თითი ჩემი უმსხო არს წელთა მამისა ჩემისათა. |
11 |
ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კი უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით! |
11 |
და აწ, მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ უღლითა მძიმითა, და მე დაგირთო უღელსა თქუენსა. მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა, ხოლო მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა. |
12 | მოვიდნენ იერობოამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რობოამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან. | 12 | და მოვიდა იორობოამ და ყოველი იგი ერი რობოამისა მესამესა დღესა, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ მეფე, რამეთუ არქუა, ვითარმედ: მოდით ჩემდა მესამესა დღესა. |
13 | მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა მეფე რობოამმა უხუცესთა რჩევას. | 13 | მიუგო და ჰრქუა მათ მეფემან ფიცხლად და დაუტევა რობოამ მეფემან ზრახვა იგი მოხუცებულთა. |
14 | მოყმეთა რჩევისამებრ ელაპარაკა და უთხრა მათ: ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით! | 14 | და ეტყოდა მათ ზრახვისა მისებრ ჭაბუკთასა, და ჰრქუა მათ: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენი და მე დაგირთო მას ზედან; მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა და მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა. |
15 | არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოამ ნაბატის ძისათვის, ახია სილოამელის პირით. | 15 | და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა იგი, ვითარცა თქუა და დაამტკიცა იგი უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა ჴელითა აქია სელონელისითა რობოამისთჳს, ძისა ნაბატისა, და ყოვლისა ისრაჱლისა. |
16 | როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: რა წილი გვიდევს დავითიში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისაგან? თქვენ-თქვენი კარვებისაკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენ სახლს, დავით! და წავიდ-წამოვიდა თავ-თავის კარვებში ისრაელი. | 16 | რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან და მიუგო ერმან მეფესა და ჰრქუა: არა არს ნაწილი ჩუენი დავითის თანა და არცა სამკჳდრებელი ძისა თანა იესესთა, წარვედ საყოფელად შენდა, ისრაჱლ, აწ, იხილე სახლი შენი, დავით, და წარვიდა ყოველი ისრაჱლი სამკჳდრებელსა მათსა, |
17 | მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა მეფობა რობოამს. | 17 | კაცნი ისრაჱლისნი ნეშტნი ქალაქებსა იუდასა საყოფლად თჳსა და მეფედ დაიდგინეს თავისა თჳსისა იერობოამ, ძე ნაბატისი. |
18 | გაგზავნა მეფე რობოამმა ადორამი, ხარკის ამკრეფთა უფროსი, მაგრამ ქვებით ჩაქოლეს ისრაელიანებმა და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ შეხტა მეფე რობოამი ეტლზე და იერუსალიმში გაიქცა. | 18 | და წარავლინნა რობოამ მეფემან ადონირამ, რომელი იყო ხარკსა ზედა, და ქვა დაკრიბეს მას ძეთა ისრაჱლისათა და მოკუდა და რობოამ მეფე მიიქცა და აღდგა ეტლთა თჳსთა და ივლტოდა იერუსალჱმდ. |
19 | განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე. | 19 | და შეურაცხ-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა სახლი დავითისი ვიდრე აქა დღედმდე. |