ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოვიდა რობოამი იერუსალიმში და შეჰყარა იუდასა და ბენიამინის მთელი სახლი - ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს და მეფობა დაებრუნებინათ რობოამისთვის.

1

და შევიდა რობოამ იერუსალჱმდ და შეკრიბა ყოველი იუდა და ბენიამენი ასდაოთხმოცი ათასი ჭაბუკი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა და ჰბრძოდა ისრაჱლსა მოქცევად მეფობისა თჳსისა.

2 გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს: 2 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეას მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჰრქუა:
3 ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს და იუდასა და ბენიამინის მთელ სახლს: 3 არქუ რობოამს, ძესა სოლომონისასა, ყოველსა იუდასა და ბენიამენს.
4 ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ისმინეს უფლის სიტყვა და იერობოამთან საომრად გასულნი უკან გაბრუნდნენ. 4 ამას იტყჳს უფალი: არა აღხჳდეთ და არცა ბრძოდეთ, და არცა ძმათა თქუენთა თანამიიქეცინ კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, რამეთუ ჩემ მიერ იყო სიტყუაჲ ესე. და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და მოიქცეს და არღარა აღვიდეს ბრძოლად იერობოამისა.
5 რობოამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხე-სიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში. 5 და დაემკჳდრა რობოამ იერუსალჱმს და აღაშენა ქალაქები ზღუდოანი ჰურიასტანს.
6 მან ააშენა: ბეთლემი, ყეტამი, თეკოაყი, 6 და აღაშენა ბეთლემი, და ეტანი, და თეკუა,
7 ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი, 7 და ბეთსური, და სოქოთი, და ოდოლამი, და გეთი, და მარისანი, და ზიბი,
8 გათი, მარეშა, ზიფი, 8  
9 ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა, 9 და ადორაიმი, და ლაქისი, და აზეკა,
10 ცარყა, აიალონი, ხებრონი - გამაგრებული ქალაქები, იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა. 10 და ასარა, და იოლონი, და ქებრონი, რომელი არს იუდასი და ბენიამინისი, ქალაქნი ზღუდოვანნი.
11 გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრეები, ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი. 11 და განაძლიერნა იგინი ზღუდებითა, და დაადგინნა მუნ მთავარნი, და დადვა უნჯი საზრდელთა, ზეთი, და ღჳნოჲ
12 ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და ბენიამინი. 12 ქალაქად-ქალაქად, და ფარი და ლახვარი, და განაძლიერნა იგინი მრავლად და ფრიად. და იყუნეს იგინი იუდასა და ბენიამენისა,
13

მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელს ისრაილში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან შეუდგნენ მას.

13

და ლევიტელნი და მღდელნი, რომელნი იყუნეს ყოველსა შორის ისრაჱლსა, შეკრბეს რობოამისა ყოველთაგან საზღვართა, რამეთუ დაუტევეს ლევიტელთა საყოფლები სამკჳდრებელისა თჳსისა და მოუჴდეს იგინი იუდასა იერუსალჱმდ,

14 ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას. 14 რამეთუ გამოასხნა იგინი იორობოამ და ძეთა მისთა, რათა არა ჰმსახურებდენ უფალსა.
15 დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისთვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა. 15 და დაადგინნა თავისა თჳსისა ქურუმნი მაღალთანი და კერპთანი და ამაოთანი და ჴბოთანი, რომელ ქმნნა იორობუამ.
16 მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთისთვის. 16 და გამოასხნა იგინი ტომთაგან ისრაჱლისათა, რომელთა მოსცნეს გულნი მათნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და მოვიდეს იერუსალჱმდ შეწირვად მსხუერპლისა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.
17 გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ რობოამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელს დადიოდა დავითისა და სოლომონის გზით. 17 და განაძლიერეს მეფობაჲ იუდასი და განძლიერდა რობოამ, ძე სოლომონისა, სამ წელ, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა დავითისათა და სოლომონისათა სამ წელ.
18 რობოამმა ცოლად შეირთო მახალათი, იერიმოთ დავითის ძის ასული და აბიხაილი, ელიაბ იესეს ძის ასული. 18 და მოიყვანნა რობოამ თავისა თჳსისა ცოლად მოლათ, ასული იერიამუთისი, ძისა დავითისი და აბიათა, ასული ელიაბისი, იესესისა.
19 უშვა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი. 19 და უშვნა მას ძენი: იაუთ და სამარია და ზოლამ.
20 ამის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული. უშვა მას: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი. 20 და ამისა შემდგომად შეირთო მან მააქა, ასული აბესალომისი, და უშვა მას: აბია, და იეთი, და ზიზა, და სალემოთ.
21 რობოამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა რეხაბყამი, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა, შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი. 21 და შეიყუარა რობოამ მაქა, ასული აბესალომისი, უფროს ყოველთა ცოლთა მისთა და ხარჭთა მისთა, რამეთუ ცოლნი ესხნეს ათურამეტ და ხარჭნი სამეოც. და ესხნეს ძენი ოცდარვა და ასულები სამეოც.
22 დააყენა უფროსად რობოამმა აბია, მაყაქას ვაჟი, წინამძღოლად თავის ძმებში, რადგან მისი გამეფება ეწადა. 22 და დაადგინნა რობოამ მთავრად აბია, ძე მააქაისი, წინამძღურად ძმათა მისთა, რამეთუ მეფობა გულსა ედვა მისი.
23 გონივრულად მოიქცა და ყველა თავისი შვილი იუდასა და ბენიამინის ყველა კუთხეში და ყველა გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა. უხვად მისცა სარჩო და უთხოვა მრავალი ცოლი. 23 და აღორძინდა უმეტეს ყოველთა ძეთა მისთა ყოველთა შორის საზღვართა იუდასთა, ბენიამენისათა და ქალაქთა ძლიერთა და დადვა მათ შინა უნჯნი მრავალი ფრიად და ითხოვა მრავალი ცოლები.