ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა გამტკიცდა რობოამის მეფობა და გაძლიერდა, მაშინ მიატოვა მან უფლის რჯული და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა.

1

და იყო, ვითარცა განემზადა მეფობა რობოამისი და განმტკიცნა მაშინ. და დაუტევნა მცნებანი უფლისა ღმრთისანი და ყოველმან ისრაჱლმან მის თანა.

2 რობოამის მეფობის მეხუთე წელს მოუხდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს, რადგან შესცოდეს უფალს. 2 და იყო მეხუთესა წელსა მეფობასა რობოამისა, აღმოვიდა სუსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, იერუსალჱმდ, რამეთუ შესცოდეს წინაშე უფლისა,
3 ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი მხედრით, მათან ერთად ურიცხვი ხალხი მოვიდა ეგვიპტიდან - ლიბიელები, სუქიელები, ქუშელები. 3 ათას ორასითა ეტლითა და სამეოც ათასითა მჴედრითა. და არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მკჳრცხლისა, რომელი აღმოვიდოდა მის თანა ეგჳპტით და ლივიბიათ ტროგლოდჳტელნი და ეთიოპელნი.
4 აიღო იუდას გამაგრებული ქალაქები და იერუსალიმს მიადგა. 4 და დაიპყრეს ქალაქები ძლიერი, რომელნი იყუნეს იუდასნი და მოვიდეს იერუსალჱმდ.
5 მაშინ წინასწარმეტყველი შემაყია მივიდა რობოამთან და შიშაკს გარიდებულ, იერუსალიმში თავშეყრილ იუდას მთავრებთან, და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი: რაკი თქვენ მიმატოვეთ, ახლა მეც მიგატოვებთ შიშაკის ხელში. 5 და სამეა წინაწარმეტყუელი მოვიდა რობოამისა და მთავართა იუდასთა, რომელნი შეკრებილ იყუნეს იერუსალიმს პირისაგან სუსაკისა და ჰრქუა მათ: ესრე იტყჳს უფალი: თქუენ მიტევეთ მე და მე დაგიტევენ თქუენ ჴელთა შინა სუსაკიმისთა.
6 დამორჩილდნენ ისრაელის მთავრები და მეფე, თქვეს: მართალია უფალი. 6 და არცხჳნა მთავართა მათ ისრაჱლისათა და მეფისა, და თქუეს: მართალ არს ღმერთი.
7 როცა დაინახა უფალმა, რომ დამორჩილდნენ, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: დამმორჩილდნენ ისინი, აღარ მოვსპობ, სულ მალე გამოვიხსნი და აღარ დაატყდება იერუსალიმს ჩემი რისხვა შიშაკის ხელით. 7 და იხილა უფალმან, რამეთუ შეიკდიმეს. მაშინ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეასა მიმართ და თქუა: ამისთჳს, რამეთუ შეიკდიმეს, არა განვრყუნე იგინი და მივსცე მათ, ვითარცა მცირედ რაოდენმე საცხორებელად და არა წთოდის გულისწყრომა ჩემი იერუსალიმსა ზედა,
8 მაგრამ მისი ყმები გახდებიან, რათა იცოდნენ როგორია ჩემი ყმობა და ამქვეყნიური მეფეების ყმობა. 8 რამეთუ იყუნეს იგინი მონა და ცნან მონებაჲ ჩემი და მონებაჲ მეფეთა ქუეყანისათა.
9

მიუხდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს და წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო. წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა.

9

და აღმოვიდა სოსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, და წარიღო სუსაკიმ ფარებიცა იგი ოქროსა და ლახურები, რომელ ქმნნა სოლომონ.

10 დაამზადა მეფე რობოამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა მცველთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ. 10 და ქმნა რობოამ ფარები და ლახურები რვალისა მათ წილ, და დაადგინნა მათ ზედა სუსაკიმ და მთავარნი იგი თანამცორვალთანი, რომელნი სცვიდეს ბჭეთა მეფისათა.
11 ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მცველებს მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველების ოთახში. 11 და იქმნებოდიან შესლვასა მას მეფისასა სახლსა უფლისასა, შევიდიან მცველნი იგი მის თანა და თანამცორველნი და მოიქციან შემთხუევად და მიგებებად თანამცორველთა მათ სხუათა.
12 რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაიღუპა. იუდაშიც კარგი ამბები იყო. 12 და ვითარცა-იგი შეიკდიმეს მათ, გარემიიქცა მათგან რისხვა უფლისაჲ, რათა არა განირყუნენ იგინი სრულიად, რამეთუ იუდასცა შორის იყუნეს სიტყუანი კეთილნი.
13 გამტკიცდა მეფე რობოამი იერუსალიმში და მეფობდა. ორმოცდაერთი წლის იყო რობოამი, რომ გამეფდა, და ჩვიდმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც უფალმა თავისი სახელის სამკვიდრებლად ამოარჩია ისრაელის ყველა ტომში. დედამისს ერქვა ნაყამა ყამონელი. 13 და განძლიერდა რობოამ, მეუფებდა იერუსალჱმს. ორმეოცდაერთისა წლისა იყო რობოამ მეფობასა მისსა და ათჩჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს, ქალაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან სახელის-დებად სახელი მისი მუნ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა, და იყო სახელი დედისა რობოამისი ნოომა ამანიტელი
14 ბოროტებას ჩადიოდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს. 14 და ქმნა ბოროტი, რამეთუ არა წარემართა გული მისი გამოძიებად უფლისა.
15 რობოამის პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია წინასწარმეტყველ შემაყიასა და ყიდო მხილველის მატიანეში, საგვარტომო ნუსხის მიხედვით. გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის. 15 და სიტყუანი რობოამისნი პირველნი და უკუანაისკნელნი ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან სიტყუათა შინა სამეას წინაწარმეტყუელისათა და ადდოს მხილველისათა და საქმენი მისნი, ვითარ-იგი ჰბრძოდა რობოამ იორობოამს ყოველთა დღეთა მეფობდა.
16 განისვენა რობოამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად აბია, მისი ძე გამეფდა. 16 და მოკუდა რობოამ და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა აბია, ძე მისი, მის წილ.