ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იერობოამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე. |
1 |
და მეათვრამეტესა წელსა მეფობისა იორობოამისა მეფობდა აბია იუდასა ზედა. |
2 | სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მიქაიაჰუ, აბესალომის ასული, გიბყადან. ომი იყო ამტყდარი აბიასა და იერობოამს შორის. | 2 | სამ წელ მეფობდა იერუსალჱმს ზედა. სახელი დედისა მისისა მააქა, ასული აბესალომისი, გაბაონით და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იორობოამისი. |
3 | აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობოამი კი მათ წინააღმდეგ საომრად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი მეომრით გამოვიდა. | 3 | და ეწყო აბია ბრძოლად ძალითა მბრძოლთა ძლიერთა ოთხას ათასითა კაცითა ძლიერითა და იორობოამ ეწყო მას რვაასი ათასითა ძლიერითა მბრძოლითა ძალითა. |
4 | დადგა აბია ცემარაიმის მთაზე, ეფრემის მთებში რომაა, და თქვა: მისმინეთ, იერობიაამ და მთელო ისრაელო! | 4 | და აღდგა აბია მთისა მისგან სომორონისა, რომელ არს მთასა ეფრემისასა, და თქუა: ისმინეთ იორობოამ და ყოველმან ისრაჱლმან. |
5 | განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს მარილის აღთქმით მისცა მეფობა ისრაელზე სამარადჟამოდ? | 5 | არა ჯერ-იყო თქუენდა ცნობად, რამეთუ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან მოგცნა თქუენ ზედა მეფედ და ზედა ისრაჱლსა უკუნისამდე დავით და ძენი მისნი აღთქმით. |
6 | მაინც აღსდგა იერობოამ ნაბატის ძე, სოლომონ დავითის ძის მორჩილი, და გაილაშქრა თავისი ბატონის წინააღმდეგ. | 6 | და აღდგა იორობოამ, ძე ნაბატისი, მონა სოლომონისი, ძისა დავითისი, და განდგა უფლისაგან თჳსისა. |
7 | შემოიკრიბა თავის ირგვლივ უღირსი, უგვანი ხალხი, და სძლიეს რობოამ სოლომონის ძეს. რობოამი ყმაწვილი იყო და გულმხდალი, ამიტომ ვერ გაუძლო მათ. | 7 | და შეკრბეს მის თანა კაცნი ბილწნი, ძენი უსჯულოებისანი, და აღდგომილ არს რობოამის ზედა, ძისა სოლომონისა. და რობოამ იყო ჭაბუკ და მოშიშ გულითა და ვერ წინადაუდგა წინაშე პირსა მისსა. |
8 | ახლა თქვენ ფიქრობთ, გაუმკლავდეთ უფლის სამეფოს, რომელიც დავითის ძეთა ხელშია. თქვენ ჩვენზე ბევრად მეტნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბოები, იერიაბოამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ. | 8 | და აწ იტყჳთ თქუენ წინადადგომად პირსა სამეუფოსა უფლისასა ჴელითა ძეთა დავითისთა და თქუენ მრავალ ხართ ფრიად და თქუენ თანა ჴბონი ოქროსანი, რომელნი გიქმნნა თქუენ იორობოამ ღმერთად. |
9 | განა თქვენ არ გამორეკეთ უფლის მღვდლები - აარონის ძენი და ლევიანები? განა თქვენ არ იყავით, რომ მღვდლები სხვა ქვეყნების ხალხთა მსგავსად გაიჩინეთ? ყველა, ვინც თავის საკურთხევლად მოდის კურატითა და შვიდი ბატკნით, ცრუღმერთის მღვდელი ხდება. | 9 | გამოასხენით მღდელნიცა უფლისანი და ძენი არონისნი და ლევიტელნი და გიყოფიან თქუენ მღდელად ერისაგან ქუეყანისანი ყოველი, რომელი მოუვალს აღვსებად ჴელთა ჴბოითა ზროხათაგან და შჳდითა ვერძითა. და იქმნებოდეს ქურუმნი მისა, რომელი არა არს ღმერთ. |
10 | ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი გვყავს. არ მიგვიტოვებია იგი. მღვდლები უფალს ემსახურებიან, აარონის ძენი და ლევიანები თავიანთ საქმეზე დგანან. | 10 | და ჩუენ უფალი ღმერთი ჩუენი არა დაგჳტევებიეს და მღდელნი მისნი მსახურებენ უფალსა, ძენი არონისნი და ლევიტელნი სამდღევროსა მათ ზედა შესწირვენ საკურთხეველსა ზედა უფლისასა. |
11 | დილა-საღამოობით უფლისთვის აღსავლენს აღავლენენ, სურნელებას აკმევენ, საწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეზე, ღამ-ღამობით რომ ენთონ, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი. | 11 | და ყოვლად დასაწველნი შესაწირავნი განთიად და მწუხრი და საკუმეველი აღმზადებული, და დაგება პურთა შესაწირავთა და საკურთხეველსა ზედა წმიდასა და სასანთლენი ოქროსანი და სანთელნი აღნთებულნი აღნთებად მწუხრნი, რამეთუ ვიმარხევთ ჩუენ საცოსა უფლისა ღმრთისა მამათა ჩუენთასა და თქუენ დაუტევეთ იგი |
12 |
აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები ჩვენთან არიან და სათავეში გვიდგანან, მომარჯვებული გვაქვს მქუხარე საყვირები, თქვენს წინააღმდეგ დასაყვირებლად, ისრაელიანებო! არ გაბედოთ უფალთან, თქვენი მამა-პაპის ღმერთოან ბრძოლა, რადგან არ მოგემართებათ ხელი. |
12 |
და, აჰა, ესერა, ჩუენ თანა მთავრად უფალი, მღდელნი მისნი და ნესტუები უწყებისა უწყებად თქუენ ზედა და თქუენ, ძენი ეგე ისრაჱლისანი, ჰბრძოდეთ აწ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა. უწყოდეთ, რამეთუ არა წარგემართოს თქუენ. |
13 | ამასობაში იერობოამმა უკან ჩაუსაფრა მათ ხალხი, თვითონ იუდაელთა წინ იყვნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ. | 13 | და იერობოამ მოექცა მზირითურთ მოსლვად მის ზედა უკანა კერძო. და იყუნეს იგინი წინაშე პირსა იუდასა და მზირი იგი უკანა ზურგით. |
14 | თვალი მოავლო იუდამ და, აჰა, წინიდან და უკნიდან ომია გაჩაღებული. მაშინ მოუხმეს მათ უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს. | 14 | და მოიქცა იუდა და იხილა და, აჰა, ესერა, ბრძოლად მათა მოვიდოდა ისრაჱლი წინა უკან და უკანა წარ. და ღაღად-ყო იუდამ უფლისა მიმართ. და მღდელნი იგი სცემდეს საყჳრსა. |
15 | შეჰღაღადეს იუდაელებმა. როდესაც იუდაელებმა შეჰღაღადეს, ღმერთმა დაამარცხა იერობოამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე. | 15 | ღაღად-ყო იუდამან და ყოველთა კაცთა იუდასთა. და იყო, ღაღადებასა მას კაცთა იუდასთა, უფალმან დასცა იორობოამს და ისრაჱლსა და ისრაჱლსა წინა აბიასსა იუდასსა. |
16 | გაურბოდნენ ისრაელის ძეები იუდას, მაგრამ ღმერთმა მათ ხელში ჩაყარა ისინი. | 16 | და ივლტოდეს ძენი ისრაჱლისანი პირისაგან იუდასა და მოსცნა იგინი უფალმან ჴელთა მათთა. |
17 | სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით. ხუთასი ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან. | 17 | და მოსრეს აბია და ერმან მისმან წყლულებითა დიდითა. დაეცნეს ისრაჱლისაგანნი წყლულნი ხუთი ათასი კაცთა ძლიერთა. |
18 | მაშინ მოდრკნენ ისრაელიანები, იუდაელები კი გაძლიერდნენ, რადგან მინდობილნი იყვნენ უფალზე, თავიანთი მამა-პაპის ღმერთზე. | 18 | და დაამდაბლნა უფალმან ძენი ისრაჱლისანი მას დღესა შინა და განძლიერდეს ძენი იუდასნი, რამეთუ ესვიდეს იგინი უფალსა ღმერთსა მამათა მათთასა. |
19 | გაედევნა აბია იერობოამს და წაართვა ქალაქები: ბეთ-ელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრაინი თავისი დაბებით. | 19 | და სდევდა აბია შემდგომად იორობოამისა და დაიპყრნა მისგან ქალაქნი, ბეთელი და დაბნები მისი და ეფრონი და ასულები მისი. |
20 | ვეღარ მოიკრიბა იერობოამმა ძალა აბიაჰუს დღეებში, დაჰკრა მას უფალმა და მოკვდა იგი. | 20 | და ვერ შეუძლო იერობოამ ყოველთა დღეთა აბიასთა და დასცა იგი უფალმან და მოკუდა. |
21 | აბიაჰუ კი გამტკიცდა და თოთხმეტი ცოლი შეირთო. შეეძინა ოცდაორი ვაჟი და თექვსმეტი ქალი. | 21 | და განძლიერდა აბია და მოიყვანა თავისა თჳსისა ათორმეტნი ცოლნი. და ესხნეს ძენი ოცდაორ და ასულნი ათექუსმეტ. |
22 | აბიას დანარჩენი ამბები, საქმეები და მისი სიტყვები აღწერილია ყიდო წინასწარმეტყველის წიგნში. | 22 | და სხუანი სიტყუანი აბიასნი და საქმენი მისნი დაწერილ არიან წიგნსა ადადოს წინაწარმეტყუელისასა. |
23 | განისვენა აბიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა. |