ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მის ნაცვლად მისი ძე, იოშაფატი გამეფდა და ძალა მოიკრიბა ისრაელის წინააღმდეგ. |
1 |
და მეფობდა იოსაფატ, ძე მისი, მის წილ და განძლიერდა იოსაფატ ისრაჱლსა ზედა. |
2 | ჩააყენა ჯარი იუდას ყველა ციხე-ქალაქში. მცველები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის ქალაქებში, რომელიც მამამისმა ასამ დაიპყრო. | 2 | და მოსცა ძალი ყოველსა ქალაქებსა იუდასა ძნელოვანსა და დაადგინნა ერისთავნი ქალაქთა იუდასთა და ქალაქთა ეფრემისათა, რომელნი-იგი დაიპყრნა ასა, მამამან მისმან. |
3 | უფალი იოშაფატთან იყო, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაალები არ უძებნია. | 3 | და იყო უფალი იოსაფატისა თანა, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა მამისა თჳსისათა პირველთა და არა ეძიებდა კერპთა. |
4 | ეძებდა თავისი მამის ღმერთს და მის მცნებებს ასრულებდა, და არ იქცეოდა ისრაელის მსგავსად. | 4 | არამედ უფალსა ღმერთსა მამისა თჳსისასა ეძიებდა, და მცნებათა მამისთა თჳსისათა ვიდოდა, და არა იყუნენ ვითარ ისრაჱლისანი საქმენი. |
5 | გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა. | 5 | და წარუმართა უფალმან მეფობა ჴელითა მისითა და მოართვა ყოველმან იუდამან ძღუენი იოსაფატს და იყო სიმდიდრე მისი და დიდებაჲ ფრიად. |
6 | გული მოიცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში. | 6 | და ამაღლდა გული მისი გზასა უფლისასა და აღ-ვეღა-იხუნა მღდელნი იგი და სერტყნი ქუეყანით იუდასით. |
7 | მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნათენელი და მიქაია დასამოძღვრად იუდას ქალაქებში. | 7 | და მესამესა წელსა მეფობისა მისისასა წარავლინნა მთავარნი მისნი და ძენი ძლიერებისანი: აბდია, და ზაქარია, და ნათანაელ, მიქეა სწავლად ქალაქთა იუდასთა, |
8 | თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობადონია - ლევიანები. მათვე გააყოლა მღვდლები - ელიშამაყი და იორამი. | 8 | და მათ თანა ლევიტელნი: სამეა, და სათანას, და ზაბდია, და ასიელ, და სემირამოთ, და იონათან, და აბდონია, და ტობადონია, და ლევიტელნი მათ თანა: ელისამა და იორამ მღდელნი. |
9 | მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი. | 9 | და ასწავებდეს იუდასა და მათ თანა წიგნი სჯულისა მის უფლისაჲ და განვლეს ქალაქები იუდასი და ასწავებდეს ერსა მას. |
10 | უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს. | 10 | და იყო განკჳრვება უფლისაჲ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, რომელნი იყუნეს გარემო იუდასა, და არა ჰბრძოდეს იოსაფატს. |
11 |
ფილისტიმელთაგან იოშაფატთან მიჰქონდათ ძღვენი და ვერცხლი ხარკად. ასევე არაბებსაც მოჰყავდათ წვრილფეხა საქონელი - შვიდიათასშვიდასი ცხვარი და შვიდიათასშვიდასი თხა. |
11 |
და უცხოთესლნი მოართმიდეს იოსაფატს ძღუენსა და ვერცხლსა ნიჭსა; და არაბიელნი მოგურიდეს ვერძსა ცხოვართასა შჳდ ათას შჳდასთა და ვაცსა შჳდ ათას შჳდასთა. |
12 | თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. ააშენა მან იუდაში სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები. | 12 | და ვიდოდა იოსაფატ და განდიდნებოდა სიმაღლედ, და აშენა საყოფლები იუდას შორის და ქალაქნი ძლიერნი. |
13 | მრავალი საშრომელი ჰქონდა იუდას ქალაქებში და მებრძოლი ხალხი მაგარი ვაჟკაცები ჰყავდა იერუსალიმში. | 13 | და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი ქუეყანასა იუდასსა, კაცნი ძლიერნი და მბრძოლნი დაადგინნა იერუსალჱმს. |
14 | აჰა, მათი მოვალეობანი მამისსახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: თავკაცი ყადნა, მას ჰყავდა სამასიათასი მაგარი ვაჟკაცი. | 14 | და ესე არს რიცხჳ მათი სახლად და სახლად ტომებისა მათისა, ათასისთავნი იუდასნი, ედნა მთავარი და მის თანა ძენი ძლიერებისანი სამასი ათასნი; |
15 | მის მერე იყო თავკაცი იეჰოხანანი. მას ორასოთხმოციათასი ჰყავდა. | 15 | და ამისა შემდგომად იონან მთავარი და მათ თანა ორასოთხმოცი ათასი; |
16 | მის მერე იყო ყამასია ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს, მასთან იყო ორასი ათასი მაგარი ვაჟკაცი. | 16 | ამისა შემდგომად ამასია, ძე ზაქარიასი, რომელი გულსმოდგინე იყო უფლისაჲ, და მის თანა ორასი ათასნი ძლიერნი ძალითა; |
17 | ბენიამინს ჰყავდა მამაცი ვაჟკაცი ელიადაყი და მასთან ერთად ორასი ათასი მშვილდითა და ფარით შეიარაღებული კაცი. | 17 | და ბენიამენისგანნი ძლიერნი ძალითა ელიადა და მის თანა მოისარნი და ლახვაროსანნი ორასი ათასნი. |
18 | მის მერე იყო იეჰოზაბადი და მასთან ერთად ასოთხმოცი ათასი შეიარაღებული მებრძოლი. | 18 | და მისა შემდგომად იოზაბალ და მის თანა ასოთხმეოც ათასნი ძლიერნი ბრძოლასა. |
19 | აჰა, ისინი ვინც მეფეს ემსახურებოდნენ, იმათ გარდა, მეფემ იუდას ყველა ციხე-ქალაქში რომ ჩააყენა. | 19 | ესენი ჰმსახურებდეს მეფესა გარეშე მათსა, რომელნი დაედგინნეს მეფესა ქალაქთა მათ მოძნელებულთა ყოველსა ზედა იუდასა. |