ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უხვად ჰქონდა დოვლათი და პატივი იოშაფატს, და დაუმოყვრდა აქაბს.

1

და იყო იოსაფატისა მერმეცა სიმდიდრე და დიდებაჲ ფრიად. და ემზახა სახლსა აქაბისასა.

2 რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა აქაბთან სამარიაში და უამრავი ცხვარ-ძროხა დაუკლა აქაბმა მას და იმ ხალხს, თან რომ ახლდა. და დაიყოლია გალაადის რამოთში ლაშქრობაზე. 2 და შემდგომად მრავლისა წლისა შთავიდა აქაბისა სამარიად და დასწყჳდა აქაბ იოსაფატისთჳს და ერისა მისისათჳს ცხოვარი და ზროხა მრავალი, რამეთუ უყუარდა და ინება მის თანა შთასლვად რემონად გალაადისასა.
3 უთხრა აქაბმა, ისრაელის მეფემ, იოშაფატს, იუდას მეფეს: წამომყვები გალაადის რამოთზე? მიუგო: რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი? შენთან ვარ ომში. 3 და ჰრქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, იოსაფატს, მეფესა იუდასასა: უკუეთუ მოხჳდე ჩემ თანა რემონად გალაადისა? და ჰრქუა მას იოსაფატ: ვითარცა შენ, ეგრეცა მე და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი შთავიდეთ შენ თანა ბრძოლად.
4 უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: აბა, დაეკითხე უფლის სიტყვას. 4 და მერმე ჰრქუა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: გამოვიძიოღა დღეს უფლისა მიერ.
5 შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი - ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო? მიუგეს: გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში ღმერთი. 5 და შეკრიბნა აქაბ მეფემან ისრაჱლისამან წინაწარმეტყუელნი ისრაჱლისანი ოთხასი კაცი და ჰრქუა მათ: უკუეთუ აღვიდე რემონად გალადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და მათ ჰრქუეს მას: აღვედ! და მოსცნეს უფალმან ჴელითა მეფისათა.
6 თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ? 6 და თქუა იოსაფატ: არა ვინ არს აქა სხუაჲ წინაწარმეტყუელი უფლისაჲ. და გამოვიძიოთ მისგანცა უფლისა მიერ.
7 უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქაი იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე. 7 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არსღა კაცი ერთი კითხვად მის მიერ უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებს იგი ჩემთჳს კეთილსა, არამედ ყოველნი დღენი მისნი არიან ჩემთჳს ბოროტ. და ესე არს მიქეა, ძე იემლისი, და ჰრქუა იოსაფატ: ნუ იტყჳ ეგრე, მეფე
8 უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ ჯარისკაცს და უთხრა: სასწრაფოდ მომგვარე მიქაი იმლას ძე. 8 და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: სწრაფით მომგუარე მიქეა, ძე იემლისი.
9 ისრაელის მეფე და იუდეას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე. 9 და აქაბ, მეფე ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, ჯდა კაცად-კაცადი საყდარსა თჳსსა შემოსილი სამკაულითა ფართოთა მათ კართა ბჭისათა სამარიასთა და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს წინაშე მათსა.
10 გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ რკინის რქები და თქვა: ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ. 10 და ქმნნა სედეკია, ძემან ქანაანისამან, ცრუწინაწარმეტყუელმან რქანი რკინისანი და თქუა: ესრე იტყჳს უფალი, ამით ურქენდე ასურეთსა, ვიდრე მოესრულოს.
11

ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.

11 და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ესრეთ, იტყოდეს: აღვედ რემონად გალაადისა და წარგემართოს, და მოსცნეს უფალმან ჴელთა მეფისათა.
12 ასე ეუბნებოდა მიქაის მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო. 12

და მოციქული იგი, რომელი წარვიდა წოდებად მიქეასა, ეტყოდა მას და ჰრქუა: აჰა ესერა, იტყოდეს წინაწარმეტყუელნი ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. და იყუნედ სიტყუანი შენნი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდი კეთილსა მეფისათჳს.

13 თქვა მიქაიმ: უფალს ვფიცავ, იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მიბრძანებს. 13 და თქუა მიქეა: ცოცხალ არს უფალი, რამეთუ რასაცა მეტყოდის მე უფალი, მასცა ვიტყოდი.
14 მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქაი! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, თქვენს ხელში ჩაცვივდებიან. 14 და მოვიდა მიქეა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, მითხარ მე, უკუეთუ წარვიდე რემონად გალაადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და თქუა მიქეა: აღვედ და წარგემართენ და მოგეცნენ ჴელთა თქუენთა.
15 უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით? 15 და ჰრქუა მას მეფემან: რაოდენგზის გაფუცე შენ, რათა არა მეტყოდი მე ცრუსა, გარნა ჭეშმარიტსა სახელითა უფლისათა.
16 უთხრა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მთებზე მიმოფანტული. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში. 16 და თქუა მიქეა: ვიხილე ისრაჱლი განთესილი მთათა ზედა, ვითარცა ცხოვარი, რომელსა არა არიან მწყემსი და თქუა უფალმან: არა აქუს წინამძღუარი, აწ მიიქეცინ კაცად-კაცადი სახიდ თჳსა მშჳდობით.
17 უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. 17 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისმან იოსაფატს: არა გითხარა შენ, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებს ესე ჩემთჳს კეთილსა, არამედ ბოროტსა?
18 თქვა მიქაიმ: აბა, ისმინეთ უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ. 18 და თქუა მიქეა: არა ეგრე, არამედ ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ და გითხარ თქუენ: ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა თჳსთა და ყოველნი ძალნი ცათანი დგეს მარჯუენით მისა და მარცხენით.
19 თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, ისრაელის მეფეს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთს? ერთი ერთს ამბობდა, მეორე - სხვას. 19 და თქუა უფალმან: ვინ აცთუნოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რემონს გალაადისასა და თქუა ამან ესრეთ, და მან თქუა ესრეთ.
20 გამოვიდა სული, წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. უთხრა უფალმა: რითი? 20 და გამოვიდა სული და დადგა წინაშე უფლისა და თქუა: მე ვაცთუნო იგი და ჰრქუა მას უფალმან: რათა?
21

მიუგო: გავალ და საცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.

21 და მან თქუა: განვიდე და ვექმნე სულ ტყუილისა პირსა ყოელთა წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა მას უფალმან: აცთუნე! და თუ შეუძლო, განვედ და ყავ ეგრეთ.
22 აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა უფალმა ამ შენ წინასწრმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე. 22 და, აჰა ესერა, მოსცა უფალმან სული ტყუილისა პირსა ყოელთა წინაწარმეტყუელთა ამათ შენთასა და უფალი იტყოდა შენთჳს ბოროტსა.
23 მიეჭრა ციდკია ქენაყანის ძე და სილა გააწნა მიქაიას, უთხრა: როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სიტყვამ და შენში მეტყველებს? 23

და მიეახლა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა მიქეას ღაწუსა. და ჰრქუა მას: ვინათ გზით წარვიდა სული უფლისაჲ ჩემგან? და გეტყოდა შენ.

24 თქვა მიქაიმ: მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად. 24 და ჰრქუა მას მიქეა: აჰა, შენ იხილო მას დღესა შინა, რომელსა შეხჳდოდი საუნჯითი საუნჯედ დამალვად.
25 თქვა ისრაელის მეფემ: შეიპყარით მიქაი და მიჰგვარეთ ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს. 25 და თქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან: წარიყვანეთ მიქეა და მიაქციეთ სემერისა, მთავრისა ქალაქისა, და იოასის მთავრისა, ძისა მეფისასა.
26 და უთხარით: ასე ამბობს-თქო მეფე: დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე. 26 და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე: შესუთ ეგე სახლსა საპყრობილისასა და ჭამდინ პურსა ჭირისასა და წყალსა იწროებისასა ვიდრე მოქცევად ჩემდამდე მშჳდობით.
27 თქვა მიქაიმ: თუ მშვიდობით მობრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: ისმინეთ ყეელამ, ხალხნო! 27 და ჰრქუა მას მიქეა: უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით, არა ვიდრემე მეტყოდა მე უფალი, ისმინეთ ყოველმან ერმან.
28 წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე. 28 და აღვიდა მეფჱ ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფჱ იუდასი, რემონად გალაადისასა.
29 უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას. გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად. 29 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: დამფარე მე და შევიდე ბრძოლად, და შენ შეიმოსე სამოსელი ჩემი. და დაიფარა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ბრძოლად.
30

უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ვინც ჰყავდა: ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.

30 და მეფემან ასურეთისამან ამცნო მთავართა მეეტლეთა მისთა, რომელნი იყუნეს მის თანა და ჰრქუა: ნუ ვის ჰბრძავთ მცირესა და დიდსა, გარნა მეფესა ისრაჱლისასა მარტო.
31 როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. მაშინ იყვირა იოშაფატმა და უფალი შეეწია - ღმერთმა მოაშორა მას მომხდურნი. 31 და იყო, ვითარცა იხილეს მთავართა მათ ეტლებისათა იოსაფატ, თქუეს: მეფე ისრაჱლისა არს ესე და გარემოადგეს მას ბრძოლად და ღაღად-ყო იოსაფატ და უფალმან განარინა იგი და გარეწარაქცივნა იგინი ღმერთმან მისგან.
32 როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას. 32 და იყო, ვითარცა იხილეს მთავართა მათ ეტლისათა, რამეთუ არა არს იგი მეფჱ ისრაჱლისა გარეწარჴდეს მას.
33 ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ. 33 და ერთმან კაცმან მოირთხა მშჳლდსა მარჯუედ, და სცა მეფესა ისრაჱლისასა შორის ნესტუ ფერდსა და შორის მკერდსა. და ჰრქუა მწაფელსა ეტლისა მისისასა: მოაქციენ ჴელნი შენნი და განმიყვანე მე ბრძოლისა ამისგან, რამეთუ მელმის.
34 გახურდა ომი იმ დღეს, დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ საღამომდე და მოკვდა მზის ჩასვლისას. 34 და იძლია ბრძოლა იგი მას დღესა შინა, და მეფე ისრაჱლისა დგა ეტლთა ზედა ვიდრე მწუხრადმდე წინაშე ასურეთისა. და მოკუდა დასლვასა ოდენ მზისასა.