ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იერუსალიმის მცხოვრებლებმა მის ნაცვლად მისი უმცროსი ვაჟი ახაზია გაამეფეს, რადგან უფროსები ბანაკში შემოჭრილმა არაბებმა გაჟლიტეს. გამეფდა ახაზია, იუდას მეფის, იორამის ვაჟი. |
1 |
და მეფედ ყვეს მკჳდრთა იერუსალჱმისათა ოქოზია, ძე მისი უმრწამესი, მის წილ, რამეთუ ყოველნი ძენი მისნი უხუცესნი მოსწყჳდნეს ავაზაკთა, რომელნ-იგი მოუჴდეს მათ ზედა, არაბიელნი და ალიმაზონელნი, და მეფე იქმნა ოქოზია, ძე იორამის, მეფისა იუდასი. |
2 | ორმოცდაორი წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ყომრის ასული. | 2 | და იყო ოქოზია ოცდაორისა წლისა, ოდეს დადგა იგი მეფედ და ერთ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა გოთოლია, ასული ზამბრისი. |
3 | ისიც აქაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას. | 3 | ესე ვიდოდა გზასა სახლისა აქაბისასა, რამეთუ დედა მისი იყო მზრახებელი ცოდვისა. |
4 | უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, აქაბის სახლის მსგავსად, რადგან ისინი იყვნენ მისი მრჩევლები, მისდა საუბედუროდ. | 4 | და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ იგინი იყუნეს შემდგომად სიკუდილისა მის მისისა მზრახებელ მოსასრველად მისსა. |
5 | მათივე რჩევით დადიოდა და გაჰყვა იორამ აქაბის ძეს, ისრაელის მეფეს, არამის მეფესთან, ხაზაელთან საბრძოლველად გალაადის რამოთში; დაჭრეს არამელებმა იორამი. | 5 | და ზრახვასა მათსა ვიდოდა და წარვიდა იორამ თანად ძისა აქაბისა ბრძოლად აზაელისა, მეფისა ასურეთისა, რემოთ გულაადისასა, და სცეს ისრითა მეისართა იორამს. |
6 | მობრუნდა, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობებისთვის, რომლებიც მიაყენეს, როცა ხაზაელს, არამის მეფეს ეომებოდა. ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ აქაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი. | 6 | და მოიქცა იგი კურნებად იეზრაელად წყლულებისა მისგან, რომელ წყლეს ასურთა რამოთს შინა აზაელის, ბრძოლასა მას, მეფისა ასურეთისასა, და ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი, შთავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, იაზარელად, რამეთუ სნეულ იყო. |
7 | ღვთისგან იყო ახაზიას დაღუპვა იორამთან მისვლით. მისვლისთანავე იორამთან ერთად რომ გაილაშქრა იეჰუ ნიმშის ძეზე, რომელსაც უფალმა სცხო ახაბის სახლის დასაქცევად. | 7 | და ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა და მოსლვა ოქოზიასი იორამისა და მი-რა-ვიდა, განვიდა მის თანა იორამ იეუისა, ძისა ნამესისა, ცხებულისა უფლისა მიერ. |
8 | როცა იეჰუ მსჯავრს სდებდა ახაბის სახლს, მოძებნა იუდას მთავარნი და ახაზიას ძმისწულნი, ახაზიას რომ ემსახურებოდნენ, და დახოცა ყველანი. | 8 | და იყო, ვითარცა შურის-გებად იეუასა სახლსა ზედა აქაბისსა, პოვნა მთავარნი იუდასნი და ძმანი ოქოზიასნი, მსახურებდეს რა ოქოზიას და მოსწყჳდნა იგინი. |
9 | მოძებნა ახაზიაც და შეიპყრეს იგი, როცა სამარიაში იმალებოდა, და მიჰგვარეს იეჰუს. მერე მოკლეს და დამარხეს, რადგან თქვეს: შვილია იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძებდა უფალს. აღარავინ დარჩა ახაზიას სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა. | 9 | და თქუა იეუ მოძიება ოქოზიასი და პოეს იგი, რამეთუ იკურნებოდა სამარიას შინა და მოიყვანეს იგი იეუასა და მოკლა იგი და დაფლეს იგი, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძე იოსაფატისი არს, რომელი ეძიებდა უფალსა ყოვლითა გულითა მისითა და არა ვინ იყო სახლსა ოქოზიასასა, რომელმანმცა განამტკიცა ძალი მეფობისა |
10 | როცა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ დაინახა, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ადგა და გაწყვიტა იუდას სახლის მთელი სამეფო მოდგმა. | 10 | და ვითარცა იხილა გოთოლია, დედამან მისმან, რამეთუ მოკუდა ძე მისი, აღდგა და წარწყმიდა ყოველი თესლი მეფეთა იუდასთა. |
11 | მაგრამ იეჰოშაბყათმა, მეფის ასულმა, აიყვანა იოაში, ახაზიას ვაჟი, და მოარიდა დასახოცავად განწირულ უფლისწულებს და თავის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში გადამალა. იეჰოშაბყათმა, მეფე იორამის ასულმა, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლმა, ახაზიას დამ, გადამალა იგი ღოთოლიასგან და ვერ მოკლეს. | 11 | და მოიყვანა იოსაბედ, ასულმან მეფისამან იოას, ძე ოქოზიასი, და გამოიპარა შორის ძეთა მეფისათა მოკლულთა და მისცა იგი და მზარდული მისი მაწოვნებელი საუნჯესა მას ცხედართასა. და დამალა იგი იოსაბედ, ასულმან იოსაფატისა მეფისამან, დამან ოქოზიასამან, ცოლმან იოვდაეს მღდლისამან, და დამალა იგი პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკლა იგი |
12 | ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად ღვთის სახლში, ხოლო ქვეყანაზე ღოთოლია მეფობდა. | 12 | და იყო მის თანა დამალული სახლსა შინა ღმრთისასა ექუს წელ. და გოთოლია მეფობდა ქუეყანასა იუდასასა. |