ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ოცდახუთი წლისა იყო ამაციაჰუ, რომ გამეფდა, და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი, იერუსალიმიდან.

1

ოცდახუთის წლისა იყო ამასია, ოდეს მეფე იქმნა. და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა იოადიმ იერუსალიმით.

2 სწორად იქცეოდა უფლის თვალში, თუმცა არა მთელი გულით. 2 და ქმნა სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა, არამედ არა გულითა სავსითა.
3 როცა გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მორჩილნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მამამისი. 3 და ვითარცა დამტკიცნა მეფობაჲ იგი ჴელთა მისთა, მოსწყჳდნა მონანი იგი მისნი მომკლველნი მეფისა, მამისა მისისანი.
4 მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა მოიკლან მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო არ უნდა მოიკლან, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისაოვის უნდა მოიკლას. 4 ხოლო ძენი მათნი არა მოსწყჳდნა სჯულისა მისებრ ბრძანებულისა უფლისა მიერ, ვითარცა წერილ არს, რომელ-იგი ამცნო უფალმან და ჰრქუა: არა მოსწყჳდნე მამანი შვილთათჳს და არცა მოსწყჳდნე შვილნი მამათათჳს, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუდეს.
5 შეკრიბა ამაციაჰუმ იუდა და დააყენა მამისსახლების, ათასისთავების და ასისთავების მიხედვით მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ოცი წლის ასაკს გადაცლებულნი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, ლაშქრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი. 5 და შეკრიბა ამასია ყოველი სახლი იუდასი და დაადგინნა იგინი სახლად და სახლად მამულებისა მათისაებრ ათასისთავებად, ასისთავებად ყოველსა იუდასა ზედა და იერუსალჱმსა, და აღრაცხნა იგინი ოცით წლითგან და უზეშთაესი და იყუნეს იგინი სამასი ათას ძლიერნი, რომელნი განმზადებულ იყუნეს ბრძოლად და რომელთა აქუნდა ლახვარი ფარი
6 ას ქანქარ ვერცხლად იქირავა ისრაელისგან ასი ათასი მამაცი მებრძოლი. 6 და ვეცხლისფრდილნი ისრაჱლისაგანი ასი ათასი ძლიერი ძალითა ასითა ტალანტითა ვეცხლითა.
7 მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, არცერთთან ეფრემიანთაგან. 7 და კაცი ღმრთისაჲ ვინმე მოვიდა ამასიასა და ჰრქუა მას: მეფე, არა მოვიდეს შენ თანა ერი ისრაჱლისა, რამეთუ არა არს უფალი ისრაჱლისა თანა და ყოველთა თანა ძეთა ეფრემისათა.
8 მხოლოდ შენ წადი. იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც. 8 უკუეთუ ჰგონებდე ძლევად მათგან, გარცხჳნოს შენ უფალმან წინაშე მტერთა შენთა, რამეთუ უფლისა მიერ არს განძლიერება და გარეშექცევა სივლტოლად.
9 უთხრა ამაციაჰუმ ღვთისკაცს: მაშ, ას ქანქარს რაღა ვუყო, რომელიც უკვე მივეცი ისრაელის მოქირავნეებს? მიუგო ღვთისკაცმა: უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს. 9 და ჰრქუა ამასია კაცსა მას ღმრთისასა: რაჲ ვყო ასისა მისთჳს ტალანტისა ვეცხლისა, რომელ მივეც ერსა ისრაჱლისასა? და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან: შესაძლებელ არს უფლისა მიერ მოცემად შენდა უმრავლესი მისა.
10 გამოაცალკევა ამაციაჰუმ ჯარი, ეფრემიდან რომ მოუვიდა, თავიანთ ადგილზე დასაბრუნებლად. ძალიან განრისხდნენ იუდაზე და გაცეცხლებულნი დაბრუნღნენ თავიანთ ადგილას. 10 და გააშორა ამასია ერი იგი, რომელ მოსრულ იყო მისა ეფრემისგანი, რათა წარვიდენ ადგილსა თჳსსა. და განრისხდეს იუდასა ზედა ფრიად და მიიქცეს ადგილად თჳსსა რისხვითა გულისწყრომისათა.
11

ძალი მოიცა ამაციაჰუმ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისკენ და ათი ათასი სეყირიანი ამოხოცა.

11

ხოლო ამასია განძლიერდა და წარიყვანა ერი თჳსი და წარვიდა ღელესა მარილთასა და მოსრნა მუნ ძენი სეირისნი ათი ათასი.

12 ათი ათასი კაცი ცოცხლად ჩაიგდეს ტყვედ და წამოასხეს იუდიანებმა. აიყვანეს კლდის წვერზე და გადმოყარეს კლდის წვერიდან. ყველანი ერთიანად გაწყდნენ. 12 და ათი ათასიცა ცოცხალი აღიპყრეს ძეთა იუდასთა და მოიყვანნეს იგინი მწვერვალსა მას კლდისასა და გარდააჭრნეს იგინი მწვერვალსა მას კბოდისასა და ყოველნი განსქდეს.
13 ხოლო ლაშქარი, რომელიც უკან გააბრუნა, რომ საომრად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე. სამი ათასი კაცი დახოცეს და დიდძალი ნაძარცვი დახვეტეს. 13 ხოლო ძენი იგი ძლიერებისანი, რომელნი გარეწარიქცივნა ამასია და არა წარიყვანნა მის თანა ბრძოლად, დაესხნეს ქალაქებსა იუდასასა სამარიათგან ბეთრონამდე და მოსრეს მათ შორის სამ ათასი კაცი და წარიღეს ნატყუენავი მრავალი.
14 როცა დაბრუნდა ამაციაჰუ ედომელების განადგურების შემდეგ, წამოასხა სეყირიანთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა. მათ სცემდა თაყვანს და უკმევდა. 14 და იყო შემდგომად მოქცევისა მის ამასიასა მოსრვისაგან ედომისა, მოიხუნა მათგან კერპნი იგი ძეთა სეითისთანი და დაიდგნა იგინი თავისა თჳსისა ღმერთად, მათ წინაშე თაყუანის-სცემდა და მათ უზორვიდა.
15 განურისხდა უფალი ამაციაჰუს. მიუვლინა წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომელთაც ვერ იხსნეს ეგ ხალხი შენი ხელიდან? 15 და იყო რისხვა უფლისაჲ ამასიას ზედა და მოუვლინნა მას წინაწარმეტყუელნი და ჰრქუა მას: რასათჳს მოიძიენ კერპნი ერისანი მის, რომელთა ვერ განარინეს ერი მათი ჴელთაგან შენთა?
16 როცა ამას ეუბნებოდა, უთხრა მას მეფემ: რაო, მეფის მრჩევლად დაგაყენეს? შეწყვიტე. რისთვის უნდა მოაკლევინო თავი? შეწყვიტა წინასწარმეტყველმა და თქვა: ვიცი, შენი დაღუპვა გადაწყვიტა უფალმა, რადგან ასე გააკეთე და არ გაიგონე ჩემი რჩევა. 16 და იყო სიტყუასა მას მათსა მისა მიმართ და მან ჰრქუა მას: ნუუკუე თანამზრახველ მეფისა გყავ, ეკრძალე თავსა შენსა, რათა არა გტანჯო შენ. და დადუმნა წინაწარმეტყუელი იგი და თქუა, რამეთუ ვიცი, ვითარმედ ეგულებოდა მოკლვა შენი უფალსა, რამეთუ ჰყავ ესე და ისმინე ზრახებისა ჩემისა
17 ითათბირა ამაციაჰუ იუდას მეფემ და კაცი გაუგზავნა იოაშს, იეჰოახაზ იაჰუს ძის ძეს ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი. 17 და ზრახვა-ყო ამასია და მიუვლინა იოას, ძესა იოაქაზისა, ძისა იეუისასა, მეფისა ისრაჱლისასა, და ჰრქუა: მოვედ და ვეჩუენნეთ პირისპირ.
18 შემოუთვალა იოაშმა ისრაელის მეფემ, ამაციაჰუს, იუდას მეფეს: ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის ნაძვს: ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი. 18 და მოუვლინა იუდას, მეფემან ისრაჱლისამან, ამასიას, მეფესა იუდასასა და ჰრქუა: ოქოზი, რომელ არს ლიბანესა ზედა, და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა ცოლად და, აჰა, ესერა, მოვიდენ მჴეცნი ველისანი, რომელ არიან ლიბანესა და მოვიდეს მჴეცნი იგი და დათრგუნეს აქუქი, რომელ არს ეკალი. და სთქუ შენ
19 ამბობ, ედომი დავამარცხეო, და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენ სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად. 19 ვითარმედ: აჰა, ესერა, მოვსარ მე იდუმეა, და აღგამაღლა შენ გულმან შენმან მძიმემან აწ ჯედ სახლსა შენსა მშჳდობით და რასათჳს აღგაზრზენს შენ ბოროტი, დაეცე შენ და იუდა შენ თანა.
20 ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, რადგან ღვთისგან იყო ეს, რომ მტრის ხელში ჩავარდნილიყო, რაკი ედომელთა ღმერთები მოძებნა. 20 და არა ისმინა ამასია, რამეთუ უფლისა მიერ იყო, რათა მისცეს ჴელთა იოვასისა, რამეთუ გამოიძინა კერპნი იდუმელთანი.
21

მაშინ გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე, და მოსინჯეს ერთმანეთი, მან და ამაციაჰუმ, იუდას მეფემ, ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის.

21

და აღმოვიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და შეიმთხჳვნეს ერთიერთსა იგი და ამასია, მეფე იუდასი, ბეთსამუსსად, რომელ არს იუდასი.

22 დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავთავის კარვებში გაიფანტნენ. 22 და იძლია იუდა წინაშე პირსა ისრაჱლისასა და ივლტოდა კაცად-კაცადი საყოფელად თჳსა.
23 ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, ძე იოაშ ახაზიაჰუს ძისა, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე. 23 და ამასია, მეფე იუდასი, ძე იოასისი, ივლტოდა და ეწია და შეიპყრა იგი იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამუსს და შეიყვანა იგი იერუსალიმს და დაარღჳა ზღუდისაგანი იერუსალჱმისა ბჭითგან ეფრემისით ვიდრე ბჭემდე საკიდურისა სამასი წყრთა.
24 გაზიდა მთელი ოქრო-ვერცხლი, მთელი ჭურჭელი რაც კი უფლის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, და მეფის სახლის საგანძური. აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას. 24 და იყო ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი, რაოდენი იპოა სახლსა შინა ღმრთისასა და აედომსა თანა და საუნჯეთა სახლისა მეფისათა და ძენი იგი მწირთანი წარიხუნა და წარვიდა სამარიად.
25 ისრაელის მეფის, იოაშ იეჰოახაზის ძის, სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ. 25 და ცხონდა ამასია, ძე იოასისი, მეფისა იუდასი, შემდგომად სიკუდილისა იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.
26 ამაციაჰუს დააარჩენი საქმეები - პირველნი და უკანასკნელნი, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. 26 და ყოველნი სიტყუანი ამასიასნი პირველნი და უკანასკნელნი, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასათა და ისრაჱლისათა.
27 მას შემდეგ, რაც ამაციაჰუ უფალს განუდგა, შეითქვნენ მის წინააღმდეგ იერუსალიმში, და მან თავი შეაფარა ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს. 27 და ჟამსა მას, რომელსა განდგა ამასია უფლისაგან, დაესხნეს მას ერისაგანნი და ივლტოდა იერუსალიმით ლაქისა. და წარავლინა ერმან მან შემდგომად მის ლაქისა, და მოკლეს იგი მუნ და მოიღეს იგი ცხედრითა და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა.
28 წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს თავის მამა-პაპის გვერდით იუდას ქალაქში.