ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეუდგა სოლომონი უფლის სახლის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც ნაჩვენები ჰქონდა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნა იებუსელის კალოზე.

1

და იწყო სოლომონ შენებად სახლისა უფლისა იერუსალჱმს, მთასა მას ამორიასა, სადა-იგი ეჩუენა უფალი დავითს, მამასა მისსა, ადგილსა მას, რომელი განმზადა დავით, კალოსა ორნიასსა, იებუსელისასა.

2 შენებას შეუდგა მეორე თვის მეორე დღეს, თავისი მეფობის მეოთხე წელს. 2 და იწყო შენებად თთუესა მეორესა, წელსა მეოთხესა მეფობისა მისისასა.
3 აჰა, საფუძველი, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით, ძველი საზომი ჭყრთით, სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი წყრთა. 3 და ესრეთ იწყო სოლომონ შენებად სახლისა უფლისა: სიგრძე წყრთით განზომა პირველი სამეოც წყრთა და სივრცე ოცი წყრთა.
4 სტოა, სიგრძეზე რომ გასდევდა ტაძარს, მისი სიგანის შესაბამისად ოცი წყრთა იყო; სიმაღლით - ას ოცი. შიგნიდან ხალასი ოქროთი მოაპირკეთა. 4 და წინაშე ბჭეთა ელამი-წინაშე პირსა მის ტაძრისასა და სიგრძე წინაშე სივრცესა მის ტაძრისასა ოც წყრთა და სიმაღლე წყრთითა ას და ოც. და მორჩუნა იგი შინაგან ოქროთა წმიდითა.
5 კვიპაროსის ხეებით შემოსა დიდი სახლი, საუკეთესო ოქრო გადააკრა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა. 5 ტაძარი იგი დიდი მორჩუნა ძელითა ნაძჳსათა და მოქმნა იგი ლესვით ოქროთა წმიდითა და გამოჭრა მას ზედა ქანდაკები, დანაკისა კუდები და ჯაჭუები დამოკიდებულად.
6 ძვირფასი ქვით მოაპირკეთა სახლი დასამშვენებლად. ოქრო კი ფარვაიმული ოქრო იყო. 6 და შეამკო ტაძარი იგი ქვითა პატიოსნითა დიდებულად. და ოქროთა განრჩუნა იგი ფარუემისათა.
7 ოქროთი დაფარა სახლი - ძელები, კარის ზღურბლზე, მისი კედლები და კარები. კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა. 7 და მოქმნა ოქროთა სახლი იგი და კედელნი. და ბჭენი და სართულები და კარები ოქროთა და გამოქანდაკა ქერობინები კედელთა.
8 გააკეთა წმიდათაწმიდა: მისი სიგრძე სახლის სიგანის შესაბამისად, ოცი წყრთა იყო. ექვსასი ქანქარი სეუკეთესო ოქროთი დაფარა. 8 და ქმნა სახლი იგი წმიდა: სიგრძე მისი წინაშე პირისპირ ოც წყრთა, და სივრცე მისი ოც წყრთა. და მოლესა იგი ოქროთა წმიდითა ქერობინებად ექუსასითა ტალანტითა.
9 ლურსმნები წონით ხუთი შეკელი ოქრო იყო. ქორედიც ოქროთი შემოსა. 9 და სასწორი სამსჭუალთა სასწორი ერთისა ერგასის სიკილა ოქროსა და ქორი იგი მოქმნა ოქროთა.
10

წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფერა ისინი.

10

და ქმნა სახლსა მას შინა წმიდასა წმიდათასა ქერობინნი ორნი ქმნულნი ძელთაგან და შემოსნა იგი ოქროთა.

11 ქერუბიმების ფრთები სიგრძით ოცი წყრთა იყო, ერთის ფრთა - ხუთწყრთიანი, და სახლის კედელს ეხებდა. მეორის ფრთაც - ხუთწყრთიანი, მეორე ქერუბიმის ფრთას ეხებოდა. 11 და იყუნეს ფრთენი იგი ქერობინთანი სიგრძით წყრთით ოცი, და ფრთე ერთი წყრთით ხუთ მისწუდებოდა კედელსა მას ტაძრისასა, ფრთე იგი მეორისა მის წყრთითა ხუთ და მისწუდებოდა ფრთესა ქერობინსა მის ერთისა.
12 მეორე ქერუბიმის ფრთაც - ხუთწყრთიანი, სახლის კედელს ეხებოდა. მეორის ფრთაც - ხუთწყრთიანი, პირველი ქერუბიმის ფრთას ეხებოდა. 12 და ფრთენი მეორისა ქერობინისა ხუთ წყრთა კედლამდი მის ტაძრისა და ფრთე იგი სხუა ხუთ წყრთა, მოკიდებული ფრთისა სხჳსა მის ქერობინისა.
13 ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი. ისინი თავიანთ ფეხებზე იდგნენ და პირისახე სახლისკენ ჰქონდათ მიქცეული. 13 და ფრთენი იგი ქერობინთანი განმარტებულ იყუნეს ოც წყრთა და იგინი დგეს ფერჴთა ზედა მათთა და პირი მათი ტაძრად კერძო.
14 გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისგან და სელისგან და მასზე ქერუბიმები გამოსახა. 14 და ქმნა კრეტსაბმელი ვიაკინთესაგან და ძოწეულისა და მეწამულისა და ბისონისა და გამოაქსოვა მას ქერობინი.
15 სახლის წინ სიგრძით ოცდაათი წყრთის ორი სვეტი გააკეთა, თითოეულის თავზე ხუთწყრთიანი სვეტისთავი იყო. 15 და აღმართნა წინაშე ტაძრისა მის ორნი სუეტნი, და იყო წყრთითა ოცი და ათხუთმეტ სიმაღლე მათი. და სუეტისთავნი მათნი ხუთ-ხუთ წყრთა.
16 გააკეთა დაბირში ჯაჭვები და სვეტისთავებზე მიამაგრა. გააკეთა ასი ბროწეული და ჯაჭვებზე ჩამოკიდა. 16 და ქმნა ჯაჭუედნი ბადისსახედ გარდამოტევებულად და სერსეროთი დაბირს და დაასხნა იგინი ზედა სუეტსა თავთა მათ და ქმნა მროწეულაკები ასი და მოასხა გარდამოკიდებულთა მათ და დადგნა სუეტნი იგი წინაშე ტაძარსა მას: ერთი მარჯუენით კერძო და ერთი მარცხენით და უწოდა მას სახელი მარჯუენითსა მას „წარმართებულება“ და სახელი მარცხენითსა მას ძლიერებაჲ“.
17 ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ. მარჯვენას იაქინი დაარქვა, მარცხენას - ბოყაზი.