ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. |
1 |
იყო ათორმეტისა წლისა მანასე მეფობასა მისსა და ერგასისდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს. |
2 | უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. | 2 | და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოველთაგან საძაგელებათა საწარმართოთა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. |
3 | აღადგინა გორაკები, მამამისმა იეხიზკიაჰუმ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაალებს, გააკეთა აშერები, თაყვანს სცემდა ცის ვარსკვლავებს და მსახურებდა მათ. | 3 | და მიიქცა და აღაშენნა მაღალნი, რომელნი დაარღჳნა მამამან მისმან ეზეკია. და აღმართა ძეგლები ბაალისი და ქმნა სერტყები, და თაყუანის-სცემდა ყოველთა ერთა ცისათა და ჰმონებდა მათ. |
4 | ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: იერუსალიმში საუკუნოდ იქნებაო ჩემი სახელი. | 4 | და აღაშენა ბომონები საკერპო სახლსა შინა უფლისასა, რომლისათჳს თქუა უფალმან: იერუსალიმს იყოს სახელი ჩემი საუკუნოდ. |
5 | აუგო სამსხვერპლოები ცის ვარსკვლავებს უფლის სახლის ორთავე ეზოში. | 5 | უშენა მუნ ბომონები ყოველთა ერთა ცისათა ორთა მათ შინა ეზოთა სახლისა უფლისათა. |
6 | ცეცხლში ატარებდა შვილებს ბენ-ჰინომის ველზე, მკითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა, დაადგინა მესულთანენი და ჯადოქარნი. ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის გასაჯავრებლად. | 6 | და მას განჰყუანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა ქუეყანასა ბენენომისასა, და იმისნიდა, იზმნიდა და წამლობდა და ყუნა მუცლით მეზღაპრენი, და მსახურნი განამრავლნა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისსა. |
7 | დაამკვიდრა კერპი, ქანდაკი, რომელიც გააკეთა, ღვთის სახლში, რომელზეც ეუბნებოდა ღმერთი დავითს და მის ძეს, სოლომონს: ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს. | 7 | და დადგა გამოქანდაკებულნი და გამოდნობილნი ხატნი, რომელნი ქმნნა სახლსა შინა უფლისასა, რომლისათჳს რქუა ღმერთმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა: სახლსა ამას და იერუსალჱმს, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა, დაუდვა სახელი ჩემი საუკუნოდ. |
8 | აღარ მოვაცვლევინებო ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მის მამა-პაპას დავუდგინე, ოღონდ შეასრულონ, რაც ვუბრძანე, თანახმად მთელი რჯულისა, წესებისა და მცნებებისა, მოსეს ხელით რომ მიეცათო. | 8 | და არღარა შევსძინო შეძრვად ფერჴი ისრაჱლისა ქუეყანისა მისგან, რომელი მივეც მამათა მათთა, გარნა და-თუ-იცვნენ ყოფად ყოველი, რაოდენი ვამცენ მათ ყოვლისა მისებრ სჯულისა ბრძანებათა და სამართალთა ჴელითა მოსესითა. |
9 | მაგრამ აცთუნა მენაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე. | 9 | და აცთუნა მანასე იუდა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი ყოფად ბოროტისა უფროს ყოველთა წარმართთა, რომელნი აიხუნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. |
10 | ელაპარაკა უფალი მენაშესა და მის ხალხს, მაგრამ არ შეისმინეს. | 10 | და იტყოდა უფალი ბოროტსა მანასესათჳს და ერისა მისისათჳს, და არა ისმინა. |
11 |
მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მენაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბორკილდადებული ბაბილონს წაიყვანეს. |
11 |
და მოავლინნა უფალმან მათ ზედა მთავარნი ძლიერებისანი მეფისა ასურასტანელისანი და შეიპყრეს მანასე და შეაბორკილეს ბორკილითა და წარიყვანეს ბაბილონად. |
12 | შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის წინაშე. | 12 | და ვითარ-იგი ჭირსა შინა იყო მანასე, ეძიებდა პირსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდაბლდა ფრიად წინაშე ღმრთისა მამათა მისთასა. |
13 | ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი, შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში დააბრუნა. მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი. | 13 | და ილოცა მისა მიმართ და ისმინა მისი და შეისმინა ღაღადება მისი და კუალად მოაქცია იგი იერუსალჱმდ მეფობასავე თჳსსა და ცნა მანასე, რამეთუ უფალი ესე არს თავადი ღმერთი. |
14 | ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზთა კარიბჭის შესასვლელამდე, გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა, და მხედართმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში. | 14 | და ამისა შემდგომად აღაშენა ზღუდენი გარეშე ქალაქსა დავითისსა დასავლითგან სამხრით კერძო ჴევსა მას და მისლვად ბჭისა მის გარემო და მოსცა ოფლასა და აღამაღლა ფრიად და დაადგინნა მთავარნი ძლიერებისანი ყოველთა ქალაქთა მოზღუდვილთა, რომელნი იყუნეს იუდასნი. |
15 | მოაშორა უფლის სახლს უცხო ღმერთები და კერპი, ასევე ყველა სამსხვერპლო, უფლის სახლის მთაზე რომ ააგო იერუსალიმში, და ქალაქის გარეთ გადაყარა. | 15 | და განიშორნა ღმერთნი უცხონი გამოქანდაკებულნი სახლისაგან უფლისა და ყოველი ბომონები, რომელ აღაშენა მთასა მას სახლისა უფლისასა და იერუსალჱმს და გარეშე ქალაქსა. |
16 | განაახლა უფლის სამსხვერპლო, და შესწირა მასზე სამადლობელი და სადიდებელი მსხვერპლი. უბრძანა იუდას, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის. | 16 | და აღმართა საკურთხეველი უფლისა და შესწირა მას ზედა მსხუერპლი ცხორებისა და ქებისა და ჰრქუა იუდასა, რათა ჰმონებდენ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა. |
17 | მაგრამ ხალხი მაინც გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს, ოღონდ მხოლოდ უფალს, თავის ღმერთს. | 17 | ხოლო ერი იგი მერმეცა ჰმონებდავეღა მაღალთა, გარნა უფალი ღმერთი იყო ღმერთად მათა. |
18 | მენაშეს დანარჩენი ამბები, მისი ლოცვა თავისი ღმერთის მიმართ, და იმ მხილველთა სიტყვები, რომელნიც მას უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით ლაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. | 18 | ნეშტნი სიტყუანი მანასესი და ლოცვა მისი ღმრთისა მიმართ, და სიტყუანი მხილველთანი, რომელნი ეტყოდეს მას სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა, აჰა, ესერა წერილ არიან სიტყუათა შინა მეფეთა ისრაჱლისათა. |
19 | რომ ილოცა და შეწყნარებულ იქნა, რომ სცოდავდა და უკეთურებას სჩადიოდა, გორაკები რომ გამართა და აშერები და კერპები აღმართა, ყველაფერი, მის მოდრეკამდე, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი. | 19 | და სიტყუანი ლოცვათა მისთასა, და ვითარ-იგი ისმინა მისი და ყოველნი ცოდვანი მისნი და განდგომილება მისი და ადგილნი, რომელთა ზედა აშენნა მაღალნი და დაასხა სერტყები და გამოქანდაკებულნი ვიდრე მოქცევადმდე მისა, აჰა, ესერა, წერილ არიან სიტყუათა მხილველთასა. |
20 | განისვენა მენაშემ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს თავის სახლში. მის ნაცვლად მისი ძე, ამონი, გამეფდა. | 20 | და დაიძინა მანასე მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი სამოთხესა სახლისა მისისასა, და მეფობდა ამოს, ძე მისი, მის წილ. |
21 |
ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში. |
21 |
და იყო ამოს ოცდაორის წლისა მეფობასა მისსა და ორ წელ მეფობდა იერუსალჱმს. |
22 | უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე იქცეოდა. მამამისის, მენაშეს მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და მსახურებდა მათ. | 22 | და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მანასე, მამამან მისმან, უზორვიდა ამოსცა და ჰმონებდა მათ. |
23 | არ მომდრკალა უფლის წინაშე, როგორც მამამისი მენაშე მოდრკა, არამედ უფრო გაამრავლა ამონმა დანაშაული. | 23 | და არა დამდაბლდა წინაშე უფლისა, ვითარცა დამდაბლდა მანასე, მამა მისი, რამეთუ ძემან მისმან ამოს განამრავლა ცოდვა. |
24 | შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მორჩილნი და თავის სახლში მოკლეს. | 24 | და დაესხნეს მას მონანი მისნი, სცეს და მოკლეს იგი სახლსა შინა თჳსსა. |
25 | ამოწყვიტა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი. ქვეყნის ერმა მის ნაცვლად მისი ძე იოშიაჰუ გაამეფა. | 25 | და მოსწყჳდნა ერმან ქუეყანისამან, რომელნი-იგი დაესხნეს და მოკლეს ამოს მეფე, და მეფე-ყო ერმან ქუეყანისამან იოსია, ძე მისი, მის წილ. |