ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რვა წლისა იყო იოშიაჰუ, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.

1

იყო რვის წლისა იოსია მეფობასა მისსა და ოცდაათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

2 სწორად იქცეოდა უფლის თვალში და დავითის, მამამისის გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ. 2 და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა. და ვიდოდა იგი გზათა დავითისათა, მამისა თჳსისათა, და არა გარდააქცია მარჯვენით და არცა მარცხენით.
3 თავისი მეფობის მერვე წელს, ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა დაუწყო ძიება დავითის, მამამისის ღმერთს. მეთორმეტე წელს კი შეუდგა იუდასა და იერუსალიმის გაწმედას გორაკებისაგან, აშერებისაგან, გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპებისგან. 3 და მერვესა წელსა მეფობისა მისისასა, ვიდრე იყოღა ჩჩჳლ, იწყო ძიებად უფლისა ღმრთისა დავით მამისა თჳსისასა და მეათორმეტესა წელსა მეფობასა მისისასა, იწყო განწმედად იუდასა და იერუსალჱმითგან და სერტყთა და გამოდნობილთა.
4 მის წინაში დაანგრიეს ბაალის სამსხვერპლოები. აჩეხა სამზეო სვეტები, მათ ზემოთ რომ იყო აღმართული, დალეწა აშერები და გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპები, მტვრად აქცია და იმათ სამარხებს გადააყარა, ვინც მსხვერპლს სწირავდნენ მათ. 4 და დაარღჳეს წინაშე პირსა მისსა ბომონები ბაალისნი და მაღალნი იგი მას ზედა, და მოკაფეს სერტყები იგი, და გამოქანდაკებულნი იგი, და გამოდნობილნი, და შემუსრნა და დააწულილნა და დასთხია წინაშე პირსა საფლავისა მათისასა, რომელნი უზორვიდეს მათ.
5 მათსავე სამსხვერპლოზე დაწვა მათი ქურუმების ძვლები და გაწმიდა იუდა და იერუსალიმი. 5 და ძუალნი იგი ქურუმთანი დაწუნა ბომონებსა მას ზედა და განწმიდა იუდა და იერუსალჱმი
6 მენაშეს, ეფრემის, სიმონის ქალაქებში ვიდრე ნაფთალიმდე, ირგვლივ მათ ნაოხარებში, 6 და ქალაქები: ეფრემისი, და მანასესი, და სჳმეონისი, და ნეფთალემისნი და ადგილები მათი გარემო.
7 დაანგრია სამსხვერპლოები და აშერები, მტვრად აქცია კერპები და აჩეხა მზის სვეტები მთელ ისრაელის ქვეყანაში და იერუსალიმს დაბრუნდა. 7 და დაამჴუნა სერტყები და საკურთხეველი და კერპები შემუსრა წულილად და ყოველი სერტყები მოკაფა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მოიქცა იერუსალიმდ.
8 თავისი მეფობის მეთორმეტე წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა და უფლის სახლი გაწმიდა, უფლის, თავისი ღმერთის სახლის შესაკეთებლად გაგზავნა შაფან აცალიაჰუს ძე, ქალაქის თავი მაყასიაჰუ და მწერალი იოახ იოახაზის ძე. 8 და მეთურამეტესა წელსა მეფობისა მისისასა, ვითარცა აღასრულა განწმედად ქუეყანა და სახლი მეფისა, მიავლინა საფან, ძე სელიასი, და ამასიას, მთავარი ქალაქისა, და ოსია, ძე იოაქაზისი, მოსაჴსენებელად მწერალი მისი განმტკიცებად სახლისა უფლისა ღმრთისა დავითისა.
9 მივიდნენ ხილკიაჰუ მღვდელმთავართან და მისცეს უფლის სახლში შეგროვილი ვერცხლი, რომელიც ლევიანებმა და ზღურბლის მცველებმა აკრიფეს მენაშეს, ეფრემის, სხვა ისრაელიანების, მთელი იუდას და ბენიამინის ხელიდან, და დაბრუნდნენ იერუსალიმს. 9 და მოვიდეს ქელკიასა, მღდელისა მის დიდისა, და მისცეს ვეცხლი იგი შეღებული სახლსა უფლისასა, რომელი-იგი შეკრიბეს ლევიტელთა მცველთა მათ ბჭისათა ჴელისაგან მანასესა და ეფრემისა და მთავართა და ყოველთაგან ნეშტთა ისრაჱლსა შორის, და ძეთა იუდასთა და ბენიამენისათა და მკჳდრთა იერუსალჱმისთა
10 ხელში ჩააბარეს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ისინი აძლევდნენ მას სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში მუშაობდნენ შეკეთებასა და გამაგრებაზე. 10 და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა მის საქმისათა და დადგინებულთა მათ სახლსა უფლისასა. და მათ მისცეს მოქმედთა საქმეთა, რომელნი იქმოდეს სახლსა მას უფლისასა შემზადებად და განმაგრებად სახლისასა.
11

ისინი კი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს, რათა ეყიდათ გათლილი ქვები და ძელები კოჭებისთვის და სახლების გადასახურავად, იუდას მეფეებმა რომ დაანგრიეს.

11

და მისცეს ხუროთა და მაშენებელთა რათა იყიდონ ქვა მოოხვითი და ძელი მოსლვად და დართვად სახლები, რომელი დაარღჳეს მეფეთა იუდასთა.

12 ხალხი პატიოსნად ასრულებდა სამუშაოს. თავზე ეყენათ: იახათი და ყობადიაჰუ - ლევიანები მერარიანთაგან, ზებადია და მეშულემი - კაჰათიანთაგან, და ლევიანები, ყველანი, ვინც საკრავების დაკვრაში იყო გაწაფული. 12 და კაცნი სარწმუნოებით იყუნეს საქმესა მას ზედა და მათ ზედა მოღუაწენი: იეთ და აბდიას, ლევიტელნი, ძეთაგან მერარისთა, ზაქარია და მოსოლონ, ძეთაგან კათისთანი ზედამდგომელად და ყოველი ლევიტელი გულისხმის-მყოფელი სტჳრითა გალობათათა,
13 მტვირთავებზეც იყვნენ დადგენილნი და თვალყურს ადევნებდნენ ყველა სამუშაოს შემსრულებელს და ყველა საქმეს. ლევიანთაგან იყვნენ: მწერლები, ზედამხედველები და კარისმცველები. 13 და ზურგით მოტჳრთეთა ზედა და ყოველთა ზედა მოქმედთა საქმისათა ლევიტელთაგანნი მწიგნობარნი და მსაჯულნი და ბჭეთა მცველნი.
14 როცა უფლის სახლში მიტანილი ვერცხლი გამოჰქონდათ, ხილკიაჰუ მღვდელმა მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი იპოვა. 14 და გამოღებასა მას მათსა ვეცხლისა მის შეწირულისასა სახლსა უფლისასა პოვა ქელკია მღდელმან წიგნი სჯულისა უფლისა ჴელითა მოსესითა.
15 უთხრა ხილკიაჰუმ შაფან მწერალს: რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში. და ჩააბარა ხილკიაჰუმ წიგნი შაფანს. 15 და რქუა ქელკია საფან მწიგნობარსა: წიგნი ესე ვპოე სახლსა შინა უფლისასა, და ქელკიმ მისცა წიგნი იგი საფანს.
16 შაფანმა მეფეს წაუღო წიგნი, თან ამბავი მიუტანა მეფეს და უთხრა: ყველაფერს აკეთებენ შენი მორჩილნი, რაც დავალებული აქვთ. 16 და შეიღო საფან წიგნი იგი მეფისა და მიართვა სიტყუაჲ იგი მეფისა და რიცხჳ ყოველივე მიცემული ვეცხლისა ჴელთა მონათა მისთასა, რომელნიცა იქმოდეს საქმესა.
17 გადმოყარეს ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში აღმოჩნდა, და ხელში ჩააბარეს ზედამხედველებსა და სამუშაოთა შემსრულებლებს. 17 და მოადვნეს ვეცხლი იგი, რომელი იპოა სახლსა უფლისასა, და მისცეს ჴელთა მოღუაწეთა და ჴელთა მოქმედთა საქმისათა.
18 ამბავი მიუტანა შაფანმა მეფეს და უთხრა: წიგნი ჩამაბარა ხილკიაჰუ მღვდელმა და წაიკითხა შაფანმა მეფის წინაშე. 18 და უთხრა საფან მწიგნობარმან მეფესა და ჰრქუა: წიგნი სჯულისა მომცა მე ქალკია მღდელმან და აღმოიკითხა საფან წინაშე მეფისა.
19 როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, შემოიხია სამოსელი. 19 ვითარცა ესმა მეფესა სიტყუანი სჯულისანი, დაიპო სამოსელი თჳსი.
20 უბრძანა მეფემ ხილკიაჰუს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაბდონ მიქას ძეს, შაფან მწერალს, ყასაიას, მეფის მსახურს, და უთხრა: 20 და უბრძანა მეფემან ქელკიას და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აბდონს, ძესა მიქესასა, და საფანს მწიგნობარსა, და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა მათ:
21

წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.

21

მივედით და იკითხეთ ჩემთჳს უფლისაგან და ყოველთა დაშთომილთა ისრაჱლსა შორის და იუდასა სიტყუათა მათთჳს წიგნისათა, რომელი იპოვა, გულისწყრომა უფლისაჲ აღგზებული არს ჩემდა, რამეთუ არა ისმინეს მამათა ჩუენთა სიტყუაჲ უფლისაჲ ყოფად წერილისა მისებრ წიგნისა.

22 წავიდნენ ხილკიაჰუ და, ვისაც მეფემ უბრძანა, ხულდა წინასწარმეტყველთან, ცოლთან შალუმისა, ძისა თოკჰათისა, ძისა ხასრასი, მესამოსლისა (იგი იერუსალიმის მეორე ნაწილში ცხოვრობდა) და ელაპარაკნენ ამის თაობაზე. 22 და წარვიდა ქელკია და რომელთა-იგი უბრძანა მეფემან და მივიდეს ოლდასა წინაწარმეტყუელასა, ცოლისა სელემისა, ძისა თაკუათისა, ძისა სელლესისა, რომელი იყო მცველი მცნებათა. და ესე დამკჳდრებულ იყო იერუსალიმს მასანაინს შინა და ეტყოდეს მას მსგავსად სიტყჳსა ამის.
23 უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: უთხარით იმ კაცს, ვინც ჩემთან გამოგგზავნათ: 23 ხოლო მან რქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: და არქუთ კაცსა მას, რომელმან მოგავლინნა თქუენ ჩემდამო.
24 ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას დავატეხ ამ ადგილს, მის მკვიდრებს კი - იმ წყევლა-კრულვას, რაც ამ წიგნში სწერია, იუდას მეფის წინაშე რომ წაიკითხეს. 24 ამას იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვჴადო ბოროტი ადგილსა მას, რამეთუ სიტყუანი აღმოიკითხეს, წერილი წინაშე მეფისა იუდასა.
25 რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებს უკმიეს საკმეველი ჩემს გასაჯავრებლად თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამიტომ ჩემი რისხვა გადმოიღვრება ამ ადგილზე და აღარ დაცხრება. 25 ამისთჳს დამიტევეს მე და უზორვიდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა მით ბოროტითა ჴელთა მათთა, აღგზებულ არს წყრომა ჩემი მათთჳს და არა დაშრტეს.
26 იუდას მეფეს კი, უფლის საძიებლად რომ გამოაგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი ისრაელისა, იმ სიტყვათა თაობაზე, შენ რომ მოისმინე: 26 მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინნა თქვენ ძიებად უფლისა, ესრე არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი, რომელნი გესმა შენ
27 რაკი გული მოგილბა და თავი მოიდრიკე ღვთის წინაშე, რაც მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილისა და მისი მკვიდრების თაობაზე, და მოდრკი ჩემს წინაშე, სამოსელი შემოიხიე და სტიროდი ჩემს წინაშე, მეც ამიტომ შეგიწყნარეო, ამბობს უფალი. 27 შეიკდიმა გულმან შენმან და დამდაბლდენ წინაშე ჩემსა სმენად სიტყუათა ჩემთა ადგილსა მაგას ზედა მკჳდრთა მაგას ზედა და შენ დამდაბლდე და სტიროდე წინაშე ჩემსა, და დაიპენ სამოსელნი შენნი და მე მესმა სიტყუაჲ უფლისაჲ.
28 აჰა, მოგასვენებ შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხ. მიუტანეს მეფეს სიტყვა. 28 აჰა, ესერა, მე შეგიძინო მამათა შენთა და დაგდვა შენ საფლავთა მამათა შენთასა და არა იხილონ თუალთა შენთა ბოროტი, რომელი მე მოვჴადო ადგილსა ამას და მკჳდრთა მათთა. და მოართვეს მეფესა სიტყუაჲ ესე.
29 დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდას და იერუსალიმის უხუცესობა. 29 და მეფემან შეკრიბნა მოხუცებულნი იუდასანი და ისრაჱლისანი.
30

ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა.

30

და აღვიდა მეფე იუდასი ტაძრად უფლისა და ყოველი იუდა და მკჳდრნი იერუსალიმისანი და მღდელნი ლევიტელნი და ყოველი ერი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და აღმოიკითხა წიგნი სჯულისაჲ, რომელი იპოა სახლსა შინა უფლისასა.

31 დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად. 31 და აღდგა მეფე სუეტსა მას ზედა. და დადვა აღთქმა წინაშე უფლისა შედგომად უფლისა, რათა იმარხვიდეს მცნებათა მისთა და წამებათა მისთა ყოვლითა გულითა სიტყჳსა მის სჯულისათა, რომელი წერილ იყო წიგნსა მას.
32 დაუდგინა იგი ყველას, ვინც იერუსალიმში და ბენიამინში იმყოფებოდნენ. და იქცეოდნენ იერუსალიმის მკვიდრნი ღმერთის, მათი მამა-პაპის ღმერთის აღთქმის თანახმად. 32 და ყოველნი დაადგინნა იერუსალჱმსა და ბენიამენსა და ყვეს მკჳდრთა იერუსალჱმისათა აღთქმა სახლსა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.
33 განაგდო იოშიაჰუმ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეენიდან და უფალს, მათ ღმერთს, ამსახურა ყველა, ვინც კი ისრაელში იმყოფებოდა. დღენი მათნი აღარ განდგომიან უფალს, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს. 33 და აიხუნა იოსია ყოველნი საძაგელებანი ყოვლისა ქუეყანისაგან, რომელნი იყუნეს ძეთა ისრაჱლისანი და ქმნეს ყოველთა მყოფთა იერუსალჱმისათა, და ისრაჱლნი ჰმონებდეს უფალსა ღმერთსა მათსა ყოველთა დღეთა და არა მიაქციეს გზათაგან უფლისა ღმრთისა მამათა მათთაგან.