ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გადაუხადა იოშიაჰუმ პასექი უფალს იერუსალიმში. პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს ამსხვერპლეს პასექი. |
1 |
და ყო ოსია პასექი უფლისა ღმრთისა თჳსისა და დაკლეს პასექი იგი მეათოთხმეტესა წელსა თთჳსა მის პირველისასა. |
2 | დააყენა მღვდლები თავ-თავიანთ საქმეზე და ამხნევებდა უფლის სახლის სამსახურისთვის. | 2 | და დაადგინნა მღდელნი საცოსა თჳსსა ზედა და განაძლიერნა იგინი საქმესა ზედა სახლსა უფლისასა. |
3 | უთხრა ლევიანებს, რომელნიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და საუფლოდ იყვნენ ნაკურთხნი: დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონ დავითის ძემ, ისრაელის მეფემ, რომ ააშენა; რად გინდათ მისი მხრებით ტარება; ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს და მის ერს, ისრაელს. | 3 | და ჰრქუა ლევიტელთა ძლიერთა მათ და ყოველთა ისრაჱლთა, რათა წმიდა იყუნენ იგინი უფლისათჳს. და დადგეს კიდობანი იგი წმიდაჲ სახლსა შინა, რომელი აშენა სოლომონ, ძემან დავითისმან, მეფისა ისრაჱლისამან, თქუა მეფემან: არა არს აღება მჴრითა, არამედ ჰმსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა ერი მისი ისრაჱლი |
4 | მოემზადეთ თქვენ-თქვენი მამისსახლებისა და დასების მიხედვით, დავითის, ისრაელის მეფის განაწესის მიხედვით და მისი ძის, სოლომონის განაწესის მიხედვით. | 4 | და განემზადენით სახლად ტომთა თქუენთა დღითი დღე სამსახურებელთა თქუენთა, მცნებისაებრ დავითის მეფისა და სოლომონ ძისა მისისათა. |
5 | დადექით საწმიდარში თქვენი მოძმეების - ერის შვილების მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით და ლევიანთა მამისსახლების დასის მიხედვით. | 5 | და დადეგით ტაძარსა მას შინა ტომად-ტომად თქუენნი წინაშე ძმათა თქუენთა და ნაწილი სახლისა ტომისა ლევიტელთა. |
6 | ამსხვერპლეთ პასექი, გაინათლეთ და მოუმზადეთ თქვენს ძმებს, რათა მოსეს ხელით მოცემული უფლის სიტყვის თანახმად მოიქცეთ. | 6 | დაკალით პასექი და სიწმიდე მზა-უყავთ ძმათა თქუენთა სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა მოსესითა. |
7 | უბოძა იოშიაჰუმ ერის შვილებს და ყველას, ვინც კი იქ იმყოფებოდა კრავები და თიკნები, ყველაფერი საპასექო მსხვერპლისთვის - რიცხვით ოცდაათი ათასი, და კურატიც - სამი ათასი. ეს მეფის ქონებიდან იყო. | 7 | და შესწირა იოსია ძეთათჳს ერისათა ცხოვარი, და ტარიგები, და თიკნები, ნაშობი თხათა; ყოველი, რაცა პოვა პასექად ოცდაათი ათასი და ჴბო სამ ათასი, ესე ნაქონი ძეთაგან მეფისთა. |
8 | მისმა მთავრებმა ნებაყოფლობით უბოძეს ხალხს, მღვდლებსა და ლევიანებს. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ღვთის სახლის წინამძღვრებმა მღვდლებს საპასექოდ მისცეს ორი ათას ექვსასი კრავი და სამასი კურატი. | 8 | და მთავართა მისთა იწყეს მიცემად ერისათჳს, მღდელთა და ლევიტელთა და მისცეს ქელკია და ზაქარია, და იეიელ, მთავარი სახლისა ღმრთისა; მღდელთა მისცეს პასექად მას ცხოვარი, და ტარიგი, და თიკანი ორ ათას ექუსასი, ჴბო სამასი. |
9 | ქანანიამ, შემაყიამ, ნათანიელმა და მისმა ძმებმა, ხაშაბიამ, იეყიელმა და იოზაბადმა - ლევიანთა მთავრებმა ლევიანებს საპასექოდ უძღვნეს ხუთი ათასი კრავი და ხუთასი კურატი. | 9 | და ქონენია, და ბასანია, და სამეა, და ნათანაელ, ძმამან მისმან და ასაბია და იეიელ, და იოზაბად, მთავართა ლევიტელთა, შესწირეს პასექსა მას ცხოვარი ხუთი ათასი და ჴბო ხუთასი. |
10 | ასე დაწესდა სამსახური. მღვდლები თავ-თავიანთ ადგილებზე დადგნენ და ლევიანები - თავიანთი დასების მიხედვით, მეფის ბრძანებისაებრ. | 10 | და წარემართა მსახურება იგი და დადგეს მღდელნი განწესებისაებრ და ლევიტელნი განაწილებდეს მცნებისა მისებრ მეფისა. |
11 |
ამსხვერპლეს პასექი. მღედლები ხელით ასხურებდნენ, ლევიანები კი ატყავებდნენ. |
11 |
და დაკლეს პასექი და მოაპკურეს ჴელითა მღდელთა მათთათა და ლევიტელნი განჴდიდეს ტყავსა. |
12 | და გამოაცალკევეს, რაც აღსავლენისთვის იყო, რომ გაენაწილებინათ ერის შვილების მამისსახლთა ჯუფების მიხედვით, რათა ისე შეეწირათ მსხვერპლი, როგორც მოსეს წიგნში სწერია. ასევე მოიქცნენ კურატების შეწირვისას. | 12 | და მომზადეს ყოვლად დასაწველნი მსგავსად განნაწილებისად სახლად და სახლად მამათა მათთასა, ძეთა ერისათა, მორთმად უფლისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა სჯულისა მოსესასა, ეგრეთვე განთიადისა. |
13 | მოხარშეს პასექი ცეცხლზე წესის მიხედვით; ქვაბებში, კოჭობებში და კარდალებში მოხარშეს წმიდა საკლავი და მარჯვედ ჩამოურიგეს ყველა ერის შვილს. | 13 | და შეწვეს პასექი ცეცხლითა მსგავსად და წმიდად, შეაგბეს ქვაბებითა და სიავებითა, და წარემართა და წარდგენ ყოველნი ძენი ერისანი. |
14 | შემდეგ თავისთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები, აარონიანები, მწუხრამდე სწირავდნენ აღსავლენს და ლურთებს. ამიტომაც მოამზადეს ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისთვის - აარონიანთათვის. | 14 | შემდგომად განმზადებისა მათისა და მღდელთასა, რამეთუ მღდელნი შესწირვიდეს ცმელსა და ყოვლად დასაწველებსა ვიდრე მწუხრამდე და ლევიტელნი მოუმზადებდეს მათ და ძმათა მათთა და ძეთა არონისათა, |
15 | მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილზე იმყოფებოდნენ დავითის, ასაფის, ჰემანის და იედუთუნის, მეფის მისნისგან დადგენილი წესის მიხედვით, კარისმცველნიც - ყოველ კარში; არ უხდებოდათ თავიანთი სამსახურის მიტოვება, რადგან მათი მოძმე ლევიანები ამზადებდნენ მათთვის. | 15 | და მეფსალმუნენი, ძენი ასაფისნი, სადგურსა თჳსსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის დავითისსა და ასაფ, და ემან, და იდითუმ წინაწარმეტყუელნი მეფისანი და მთავარნი და მეკარენი ბჭისათა თითოეულისა, არა იყო შეძრვა მათი მსახურებისაგან წმიდათასა, რამეთუ ძმანი მათნი ლევიტელნი მოუმზადებდეს |
16 | ასე დაწესდა იმ დღეს უფლის ყველა სამსახური, რომ პასექი გადახდილიყო და აღსავლენი აღვლენილიყო უფლის სამსხვერპლოზე, მეფე იოშიაჰუს ბრძანების მიხედვით. | 16 | და წარემართა ყოველი მსახურება უფლისაჲ მათ დღეთა შინა ყოფად პასექისა და მიღებად ყოვლად დასაწველები საკურთხეველსა უფლისასა და მცნებისა მისებრ ოსია მეფისა იუდასსა. |
17 | შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს. | 17 | და უყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყუნეს მუნ, პასექი და დღესასწაული უცომოებისა შჳდ დღე, |
18 | სამუელ წინასწარმეტყველის დღეების შემდეგ არ გადაეხადათ ისრაელში ასეთი პასექი. ისრაელის არცერთ მეფეს არ გადაუხდია ასეთი პასექი, იოშიაჰუმ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, იქ მყოფმა ისრელიანებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა რომ გადაუხადეს უფალს. | 18 | რომელ არა ყოფილ იყო მისებრ პასექი ისრაჱლსა დღეთაგან ვითარ სამოელ წინაწარმეტყუელისათა, და მეფეთა ისრაჱლისათა არა ყვეს პასექი, რომელ ყო იოსია მეფემან და მღდელთა და ლევიტელთა და ყოველმან იუდამან და ისრაჱლმან, რომელნი იყუნეს მუნ და მკჳდრმან იერუსალჱმისამა |
19 | იოშიაჰუს მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი. (მუცლითმეზღაბრენი, მკითხავები, თერაფიმები, კერპები და აშერები, რაც კი იუდაში და იერუსალიმში იყო, ცეცხლს მისცა მეფე იოშიაჰუმ, რომ გაემტკიცებინა იმ წიგნში ჩაწერილი რჯულის სიტყვები, რომელიც ხილკიაჰუ მღვდელმა იპოვა უფლის სახლში. მანამდე არავინ ყოფილა მისი მსგავსი, რომ მთელი თავისი გულით და მთელი თავისი სულით, მთელი თავისი ძალით მოსეს რჯულის თანახმად მიქცეულიყო უფლისკენ; და არც მის შემდეგ გამოჩენილა მისი მსგავსი. მაგრამ მაინც არ დამცხრალა უფალი თავისი დიდი რისხვისაგან, რომლითაც მრისხანებდა უფალი იუდაზე ყველა იმ წყენის გამო, მენაშემ რომ აწყენინა. თქვა უფალმა: იუდასაც მოვიკვეთ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიკვეთე; განვაგდებ ამ ქალაქსაც, რომელიც ამოვირჩიე, იერუსალიმს, და სახლს, რომელზეც ვთქვი, აქ იმკვიდრებს-მეთქი ჩემი სახელი). | 19 | მეათურამეტესა წელსა იოსია მეფისასა, და მუცლითმეზღაპრენი, და მცნობელნი, და თერაფინნი, და კერპნი, და რომელნი იყუნეს ქუეყანასა იუდასა, და იერუსალჱმს, დაწვა ოსია მეფემან, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი, იგი მისისა სჯულისანი და წერილი წიგნსა მას, რომელ-იგი პოვა ქელკია სახლსა შინა უფლისასა, რამეთუ მსგავსი იოსია მეფისა არა იყო უწინარეს მისა მეფე, რომელი მოიქცა უფლისათჳს ყოვლითა გულითა მისითა სჯულისა მოსესითა. და შემდგომად აღარა აღდგა მეფე სხუაჲ მისი მსგავსი, ხოლო არავე გარემიიქცა უფალი რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა, რომელ განრისხდა უფალი იუდასა ზედა, რომელ განარისხა მანასე, და თქუა უფალმან: იუდაცა განვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი, განვიშორო ქალაქი, რომელი გამოვირჩიე, იერუსალჱმი, და სახელი ვთქუ დამტკიცებად სახლი ჩემი მუნ |
20 | ყოველივე ამის შემდეგ, როგორც კი იოშიაჰუმ მოაწესრიგა უფლის სახლი, მიუხდა ნექო ეგვიპტის მეფე ქარხემიშს საბრძოლველად, მდინარე ევფრატზე. და გამოვიდა იოშიაჰუ მის შესახვედრად. | 20 | და აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა ზედა ასურეთისასა მდინარედ ევფრატად. და გამოვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა, რათა ბრძოლა-სცეს. |
21 |
მოციქულები გამოუგზავნა ნექომ და შეუთვალა: რა საქმე გვაქვს ერთმანეთთან მე და შენ, იუდას მეფევ? დღეს შენს წინააღმდეგ არ წავსულვარ, არამედ იმ სახლის წინააღმდეგ, რომელსაც ვეომები. ღმერთმა მიბრძანა, რომ ვიჩქარო. ჩამოეცალე ღმერთს, თან რომ მახლავს, რომ არ დაგღუპოს. |
21 |
და მოუვლინა მოციქული ფარაო ნექაო და ჰრქუა მას: რაჲ ძეს შენი და ჩემი, მეფეო იუდასო? არა შენ ზედა მოვალ ბრძოლისა ყოფად, ღმერთმან მრქუა მე, რათა ვისწრაფო მე, აწ ეკრძალე ღმრთისაგან, რომელი არს ჩემ თანა, ნუუკუე განგრყუნეს შენ. |
22 | პირი არ იბრუნა მისგან იოშიაჰუმ და შეიმოსა მის წინააღმდეგ საომრად, არ შეისმინა ნექოს სიტყვები ღმერთის შთაგონებული, და გავიდა მეგიდოს ველზე საბრძოლველად. | 22 | და არა გარემიიქცია იოსია პირი მისგან, არამედ ბრძოლად მისა განეწყო და არა ისმინნა სიტყუანი ნექაოსისნი პირისაგან უფლისა და მოვიდა მისა ბრძოლად ველსა მას მაგედონისასა. |
23 | სტყორცნეს მშვილდოსნებმა მეფე იოშიაჰუს. უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: გამიყვანეთ, რადგან მძიმედ დავიჭერი. | 23 | და სცეს ისრითა მეფესა იოასსა და ჰრქუა მონასა თჳსსა: განმიყვანეთ მე ამიერ, რამეთუ მელმის მე ფრიად. |
24 | ჩამოსვეს მისმა მორჩილებმა ეტლიდან, აიყვანეს მის მეორე ეტლზე, და იერუსალიმში წაიყვანეს. მოკვდა იგი და თავის მამა-ბაპის სამარხში დაიმარხა. მთელმა იუდამ და იერუსალიმმა დაიტირა იოშიაჰუ. | 24 | და გამოიყვანეს იგი მონათა მისთა ეტლისა მისგან და აღსუეს იგი ეტლსა მას მეორესა მისსა და მოიყვანეს იგი იერუსალჱმდ და მოკუდა. და დაფლეს იგი მამათა მისთა თანა და ყოველი იუდა და იერუსალჱმი იგლოვდა იოსიას ზედა. |
25 | გამართა გოდება იერემიამ იოშიაჰუზე. ყველა მგალობელ კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაჰუზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს და, აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი. | 25 | და ჰგოდებდა იერემია იოსიას და თქუეს ყოველთა მთავართა, მამათა და დედათა, ჰგოდებდენ იოსიას ზედა, ვიდრე დღევანდელად დღემდე და მისცეს იგი ბრძანებაჲ ისრაჱლსა და, აჰა, ესერა, წერილ არიან გოდებათა შინა. |
26 | იოშიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი სიქველენი, უფლის რჯულში ჩაწერილის თანახმად აღსრულებულნი, | 26 | და იყუნეს სიტყუანი იოსიასნი და სასოება მისი დაწერილ სჯულსა უფლისასა. |
27 | მისი საქმენი - პირველნი და უკანასკნელნი - იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. | 27 | და ნეშტნი სიტყუანი მისნი პირველნი და უკუანაისკნელნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა ისრაჱლისათა და იუდასასა. |