ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო; სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცი წყრთა.

1

და ქმნა საკურთხეველი რვალისა, ოც წყრთა სიგრძე და ოც წყრთა სივრცე და სიმაღლე მისი ათ წყრთა.

2 ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, იგი კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო. სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარს. 2 და ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა დასხმით ათ წყრთა საზომი მისი მრგვალი გარემო და ხუთ წყრთა სიმაღლე და გარემო ოცდაათ წყრთა.
3 მის ქვეშ, ირგვლივ, ხარების გამოსახულებები იყო შემორტყმულნი, ზღვას ათ წყრთაზე გარს ევლებოდა მასთან ერთად ჩამოსსმული ხარების ორი რიგი. 3 და მსგავსება ზვარაკთა ქუეშე მისა გარემოს ათსა წყრთასა და გარემოადგს საბანელსა მას გარემო, რამეთუ გარემოადნეს ზუარაკნი იგი გარემოდნობასა მას მისსა, ოდეს იქმოდეს მათ.
4 იგი თორმეტ ხარზე იდგა: სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთთი იყურებოდა, სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და გავები ყველას შიგნით ჰქონდათ მიქცეული. 4 რამეთუ ყუნეს ათორმეტ ზუარაკნი და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოთ კერძო, და სამნი იგი ხედვიდეს მზისა დასავლად, და სამნი იგი ხედვიდეს სამხრად, და სამნი იგი ხედვიდეს მზისა აღმოსავლით. და ყო ზღუა იგი მათ ზედა და იყუნეს თავნი მათნი გამართ და ბოლოები მათი შემართ
5 სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა: კიდეები თასის კიდესავით ჰქონდა გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჩამოჰგავდა. სამიათას ბათს იტევდა. 5 და იყო სიზრქე ზღჳსა მის ციდა ერთ და ბაკონი მისნი, ვითარცა ბაკო სასუმელისა გამოქანდაკებულ მცენარედ სახედ შროშნისა და შთაისხის საწყაული სამ ათასი.
6 გააკეთა ათი საბანელი; ხუთი მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი - მარცხენა ფრთაზე, რომ მათში თვითონაც განბანილიყვნენ და აღსავლენი საკლავიც ამოევლოთ. 6 და აღასრულა და ქმნა ათი იგი საბანელი და დადგა ხუთი იგი მარჯვენით და ხუთი იგი მარცხენით განრცხად მათ შიგა საქმე იგი ყოვლად დასაწველად და გამოწმედად და მათ შინა და ზღუაჲ იგი საბანელად მღდელთა მას შიგა.
7 გააკეთა ათი ცალი ოქროს სასანთლე მათი წესის შესაფერისად და ტაძარში დადგა; ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუთიც მარცხენა ფრთაზე. 7 და ქმნნა სასანთლენი ოქროსანი ათნი მსგავსად სამართლისავე მათისა და დადგნა ტაძარსა მას შინა, ხუთნი მარჯვენით და ხუთნი მარცხენით.
8 გააკეთა ათი ტაბლა და ტაძარში დადგა. ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუთიც მარცხენა ფრთაზე. გააკეთა ასი ცალი ოქროს სასხურებელი. 8 და ქმნა ლანკნები ათი ოქროსა და დადგნა იგინი ტაძარსა მას შინა. ხუთი მარჯვენით და ხუთი მარცხენით და ქმნა ფიალები ოქროსა ასნი.
9 გააკეთა მღვდელთა ეზო, დიდი ეზო, ეზოს კარები და სპილენძით მოჭედა მათი კარები. 9 და ქმნა ეზო იგი მღდელთა და ეზო იგი დიდი და კარები ეზოსა, კარები მათი მორჩუნვილნი რვალითა.
10 ზღვა მარჯვენა ფრთაზე დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით. 10 და ზღუაჲ დადგა კიდით კერძო ტაძარსა მას მარჯვენით მზისა აღმოსავლით წინაუკუნ.
11 გააკეთა ხურამმა ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები. მოამთავრა ხურამმა სამუშაო, რომელსაც სოლომონს უკეთებდა ღვთის სახლში. 11 და ქმნა ქირამ ფუცხუები და საცეცხურები და ლანძჳ იგი საკურთხევლისა და ყოველი ჭურჭელი მისი. და აღასრულა ქირამ საქმედ ყოველი საქმარი სამსახურებელი, რომელი უქმნა სოლომონ მეფესა სახლისათჳს უფლისა,
12

ორი სვეტი, ბუღაურები, სვეტისთავზე დასადგმელი ბალიშებითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად,

12

ორნი იგი სუეტნი მათ ზედა გოლოლათნი და ხარისხნი და სუეტთა ზედა სამაგდრები ქოთარეთსა მას და თავთა ზედა სასვეტთა მათ ორთასავე ორი ბადისსახე დაფარვად თავთა მათ ქოთარეთთასა, რომელი-იგი თავთა მათ ზედა სუეტთასა.

13 ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისთვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად. 13 და ეჟუნები ოქროსა ოთხასი ესხა ორთა მათ ბადეთა და ორი სახე მროწეულაკები თჳთო მას ბადესა ესხა დასაფარველად ორთა მათ გოლოლათთა ქოთარეთთასა, რომელი-იგი იყუნეს ზედა კერძო სუეტთა მათ
14 გააკეთა კვარცხლბეკები, კვარცხლბეკებზე საბანლები გააკეთა. 14 და მექონოთთა მათ ქმნნა ხარისხნი ათნი. საბანელნი იგი, რომელ ქმნა მექონოთთა მათ ზედა,
15 მის ქვეშ ერთი ზღვა და თორმეტი ხარი. 15 და ზღუაჲ იგი ერთი და ზვარაკები იგი ათორმეტი ქუეშე მისსა.
16 ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის სახლისათვის, მბზინვარე სპილენძისა იყო. 16 და ფერჴთ სადგმელი და აღსაპყრობელნი და სიავები და ფუცხუები და ყოველი სამსახურებელი ჭურჭელი მათი, რომელ ქმნა ქირამ და აღმოართვა იგი მეფესა სოლომონს ტაძრად უფლისა, წმიდისაგან რვალისა,
17 იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცერედას შორის. 17 რომელი გამოადნო მეფემან ადგილსა იორდანისასა, სიზრქესა ქუეყანისასა, სახლსა სოქოთისსა და შორის სადათასა.
18 გააკეთა სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი ძალზე ბევრი, ისე, რომ გაურკვეველი იყო სპილენძის წონა. 18 და ქმნა სოლომონ ყოველივე ჭურჭელი სიმრავლედ ფრიად, რამეთუ არა დააკლდა სასწორი რვალისა.
19 გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია: ოქროს სამსხვერპლო, ოქროსავე ტაბლები, რომელზედაც საკურთხი პური ეწყო; 19 და ქმნა სოლომონ ყოველი ჭურჭელი სახლისა უფლისა საკურთხეველი ოქროსა და ტაბლები და მას ზედა პური შესაწირავისა,
20 მთლიანი ოქროს სასანთლეები და მისი ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ. 20 და სასანთლები მათ ზედა სანათებელად მსგავსად სამართლისა და წინაშე პირსა დაბირისასა ოქროსაგან წმიდისა,
21 ოქროს ყვავილები, ლამპრები და მაშები - მთლიანი ოქროსგან, 21 და მარწუხნი მათნი და სანთელნი მათნი,
22 დანები, სასხურებლები, კოვზები, საცეცხლურები მთლიანი ოქროსაგან; ასევე ტაძრის კარები: წმიდათაწმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო. 22 და ფიალები და ფილები (!) და საცეცხურები ყოველივე ქმნა ოქროსაგან წმიდისა, და კარი იგი შინაგანი სახლისა მის წმიდისა წმიდათასა კართა ტაძრისა და მის სახლისათანი ოქროსანი.