ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როცა კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი. |
1 |
ვითარცა აღასრულა სოლომონ ლოცვა ესე, ცეცხლი გარდამოჴდა ზეცით და შეჭამა მსხუერპლები იგი ყოვლად დასაწუელი, და დიდებამან უფლისამან აღავსო ტაძარი იგი. |
2 | ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი. | 2 | და მღდელთა მათ უფლისათა ვერ ეძლო შესლვად სახლსა უფლისასა მას ჟამსა შინა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი. |
3 | როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაეხვნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. აქებდნენ უფალს და ამბობდნენ: კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 3 | და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი ხედვიდეს გარდამომავალსა მას ცეცხლსა და დიდებაჲ უფლისაჲ იყო სახლსა მას ზედა. და დაეცნეს პირსა მათსა ზედა და თაყუანი-სცეს და აქებდეს უფალსა. აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი. |
4 | შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ერმა. | 4 | და მეფე და ყოველი ერი დასწყუედდეს საკლავებსა წინაშე უფლისა. |
5 | დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ოცი ათასი ცხვარი. აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა. | 5 | და დასწყჳდა სოლომონ საკლავები ზუარაკები ოცდაორი ათასი, და ყო მეფემან სატფურებაჲ სახლისა მის უფლისაჲ და ყოველმან ერმან. |
6 | მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებელ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი დავითის გაკეთებული საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს: რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა! ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი ხელით. მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ მათ გვერდით და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი. | 6 | და მღდელნი იგი დგეს ზედა საცოსა მათსა და ლევიტელნი საგალობლითა უფლისათა დავითის მეფისა აღსარებად წინაშე უფლისა, რამეთუ საუკუნე არს წყალობაჲ მისი გალობითა დავითისითა ჴელითა მათითა. და მღდელნი იგი სცემდეს ნესტუსა წინაშე მათსა და ყოველი ისრაჱლი დგა. |
7 | განათლა სოლომონმა შუა ეზო უფლის სახლის წინ, რადგან აღავლინა იქ აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლის ლურთი, რადგან სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ ვეღარ დაიტია აღსავლენი ძღვენი და ლურთები. | 7 | და განწმიდა სოლომონ საშუალი იგი ეზო სახლისა უფლისა, რამეთუ მუნ შესწირა ყოვლად დასაწუელები იგი და ცმელი იგი ცხორებისა, რამეთუ საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა სოლომონ, ვერ კმა იყო დატევნად ყოვლად დასაწველთა მათ და მანნასა და ცმელსა. |
8 | შვიდდღიანი დღესასწაული გადაიხადა იმჟამად სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა - დიდმა კრებულმა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე. | 8 | და ყო სოლომონ დღესასწაული მას ჟამსა შჳდ დღე და ყოველი ისრაჱლი იყო მის თანა, და კრებული დიდი ფრიად შესავალთაგან ემათისად ვიდრე ჴევადმდე ეგჳპტისა. |
9 | მერვე დღეს გამართეს საზეიმო წვეულება, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას და შვიდ დღეს - დღესასწაულს. | 9 | და ყო დღესა მას მერვესა განსლვა, რამეთუ სატფურებაჲ იგი საკურთხევლისა ყო შჳდ დღე დღესასწაული. |
10 | მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს. | 10 | და ოცდამესამესა დღესა თთუესა მის მეშჳდისასა წარავლინა ერი იგი საყოფელად თჳსა სიხარულითა და გულქველებითა და კეთილითა მათ ზედა, რაოდენი უყო უფალმან დავითს და სოლომონს და ისრაჱლსა, ერსა თჳსსა. |
11 | დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და სამეფო სახლი. ყოველივე გულუხვად გაიღო სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად. | 11 | და აღასრულა სახლი იგი უფლისაჲ და სახლი იგი მეფისა და ყოველი, რაცა უნდა სულსა სოლომონისასა საქმედ სახლსა უფლისასა და სახლსა თჳსსა, ყოველივე წარემართა. |
12 |
ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად. |
12 |
და ეჩუენა ღმერთი სოლომონს ღამესა და ჰრქუა მას: ვისმინე ლოცვისა შენისა და გამოვირჩიე ადგილი ესე თავისა ჩემისა სახლად შესაწირავთა. |
13 | თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს, | 13 | უკუეთუ შევიპყრა ცა და არა იყოს წჳმა, უკუეთუ უბრძანო მკალსა შეჭმად ხეთა, უკუეთუ მოვავლინო სიკუდილი ერსა ზედა ჩემსა, |
14 | და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას. | 14 | და უკუეთუ შეიკდიმის ერმან ჩემმან, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი და ილოცვიდეს და ეძიებდენ პირსა ჩემსა, და მოიქცენ გზათა მათთაგან ბოროტთა, მაშინ მე ვისმინო მათი ზეცით და მლხინებელ-ვყო ცოდვათა მათთა და განვკურნო ქუეყანა მათი. |
15 | ახლა თვალი გახელილი მექნება და ყურთასმენა მიპყრობილი ლოცვა-ვედრებისადმი ამ ადგილზე. | 15 | და აწ თუალნი ჩემნი იყუნედ ახილულ და ყურნი ჩემნი მსმენელ ლოცვასა ამის ადგილისასა. |
16 | ახლა ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად. აქ იქნება ყოველდღე ჩემი თვალი და გული. | 16 | და აწ გამოვირჩიე და წმიდა-ვყავ სახლი ესე, რათა იყოს სახელი ჩემი მუნ ვიდრე საუკუნოდ, და იყუნეს თუალნი ჩემნი და გული ჩემი მუნ ყოველთა დღეთა. |
17 | თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა და ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს, | 17 | და უკუეთუ შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა, ვითარცა დავით, მამა შენი, და ჰყო ყოვლისა მისებრ, რომელი მე გამცნო შენ, და ბრძანებანი ჩემნი დაიმარხნე და სამართალნი ჩემნი შეიწყნარნე. |
18 | გავამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს აღვუთქვი და ვუთხარი: არ გაგიწყდება-მეთქი ხელმწიფე ისრაელში. | 18 | და მე აღუმართო საყდარი მეფობისა შენისა, ვითარცა აღუთქუ დავითს, მამასა შენსა, და ვარქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი წინამძღუარი ისრაჱლისაგან. |
19 | მაგრამ თუ გამიდგებით და მიატოვვბთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, | 19 | და უკუეთუ გარემიიქცეთ თქუენ და დაუტევნეთ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელნი მიგცნე წინაშე თქუენსა, და მიხჳდეთ და ჰმსახურებდეთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანი-სცემდეთ მათ. |
20 | ამოვძირკვავ მათ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც გავნათლე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემი პირიდან. საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხს შორის. | 20 | აღგიხუნე თქუენ ქუეყანისა ამისგან, რომელი მიგეც თქუენ და სახლი ესე, რომელი გავწმიდე სახელისათჳს ჩემისა, განვაგდო პირისაგან ჩემისა და მივსცე ეგე იგავად და სათხრობელად ყოველთა შორის თესლთა. |
21 | ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთ დროს აღზევებულს, გაოგნდება და იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს? | 21 | და სახლსა ამას მაღალსა ყოველი, რომელი თანაწარვიდოდის, განუკჳრდეს და თქუას: რასათჳსმე ესრეთ უყო უფალმან ქუეყანასა ამას და სახლსა ამას? |
22 | იტყვიან: რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მოეჭიდნენ სხვადასხვა ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და მათ ემსახურებოდნენ. ამისათვის დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება. | 22 | და თქუან: რამეთუ დაუტევეს უფალი, ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცემდეს მათ და ჰმონებდეს მათ, რომელ-იგი არა იცოდეს, ამისთჳს მოაწია მათ ზედა ყოველი ესე ბოროტი. |