ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ოცი წლის თავზე დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის შენება.

1

და იყო შემდგომად ოცისა წლისა, რომელთა შინა აშენა სოლომონ სახლი იგი უფლისაჲ და სახლი თჳსი,

2 ქალაქები, რომელიც ხურამმა მისცა სოლომონს, გააშენა სოლომონმა და ისრაელიანები ჩაასახლა იქ. 2 და ქალაქნი იგი, რომელნი მოსცნა ქირამ სოლომონს, და აღაშენა იგინი სოლომონ და დაამკჳდრნა მათ შინა ძენი იგი ისრაჱლისანი.
3 მაშინ გაილაშქრა სოლომონმა ხამათ-ცობაზე და დაიპყრო იგი. 3 და მოვიდა სოლომონ ემათად სობაკისა და განამტკიცა იგი,
4 ააშენა თადმორი უდაბნოში, და ყველა ის სამარაგო ქალაქი, ხამათში რომ ააშენა. 4 და აღაშენა თოდომოსი უდაბნოსა და ყოველი ქალაქები ძნელი, რომელ აღაშენა ემათ,
5 ააშენა ზემო ბეთ-ხორონი და ქვემო ბეთ-ხორონი - გალავნებით, კარიბჭეებით და ხანდაკებით გამაგრებული ქალაქები, 5 აღაშენნა ბეთრონი ზემო კერძო, ბეთრონი ქუემო, ქალაქნი ძნელნი, ზღუდე და ბჭენი მოქლონებით,
6 ბაყალათი და სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში, ლიბანში, და მთელს თავის სახელმწიფოში. 6 და ბაალაი და ყოველნი ქალაქნი მაგარნი და ყოველი ქალაქები ეტლებისა, ქალაქები ცხენთა, რაოდენი გულმან უთქუა სოლომონს მსგავსად ნებისა თჳსისა შენებად იერუსალჱმს და ლიბანეს და ყოველსა სამეფოსა მისსა.
7 ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ხეთელთაგან, ამორეველთაგან, ფარიზეველთაგან, ხიველთაგან და იებუსეველთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა, 7 და ყოველი ერი, რომელი დაშთომილ იყო ქეტელისგან და ამორეველისგან და ფერეზელისა და ეველისა და იებუსელისა, რომელნი არა იყუნეს ძეთა ისრაჱლისაგანნი.
8 და მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანებს, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე. 8 და იყუნეს ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყუნეს შემდგომად მათსა ქუეყანასა მას, რომელნი არა მოსრნეს ძეთა ისრაჱლისათა და მოიყვანნა იგინი სოლომონ მოხარკედ ვიდრე აქა დღედმდე.
9 ისრაელიანთაგან კი არავინ დაუყენებია სოლომონს თავის ბეგარაზე, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მცველთა მეთაურებად, თავისი ეტლებისა და მხედრების მეთაურებად. 9 და ძენი ისრაჱლისანი არა ყუნა სოლომონ მონა მეფობისა მისისა და ესენი იყუნეს კაცნი მბრძოლნი და მთავარნი ეტლებისანი და მჴედართანი.
10

ორას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა მეფე სოლომონს ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც ხალხს უძღვებოდნენ.

10

და ესე მთავარნი ზედმდგომელთა მეფისა სოლომონისნი ორას ერგასისნი და საქმისმაწვეველნი ერისანი.

11 ფარაონის ასული სოლომონმა დავითის ქალაქიდან აიყვანა სახლში, რომელიც მას აუშენა, რადგან თქვა, არ უნდა ცხოვრობდესო ჩემი ცოლი დავითის, ისრაელის მეფის, სახლში, რადგან წმიდაა იგი, სადაც უფლის კიდობანი შევიდა. 11 და ასული იგი ფარაოსი აღმოიყვანა სოლომონ ქალაქით დავითისით სახიდ, რომელი-იგი უშენა მას, რამეთუ თქუა: ვერ დაეშენოს ცოლი ჩემი ქალაქსა ისრაჱლისასა, დავითის მეფისა, რამეთუ წმიდა არს, ვიდრე-იგი შევიდა მუნ კიდობანი იგი ღმრთისაჲ.
12 მაშინ დაიწყო სოლომონმა უფლისთვის აღსავლვნის შეწირვა უფლის სამსხვერპლოზე, რომელიც სტოასთან ააგო, 12 მაშინ შეწირა სოლომონ ყოვლად დასაწველები უფლისაჲ საკურთხეველსა ზედა უფლისასა, რომელი აშენა წინაშე ტაძრისა მის,
13 ყოველდღიური აღვლენა, მოსეს მცნებისამებრ, შაბათების და ახალმთვარობების დაცვა, წელიწადში სამი დღესასწაულის უფუარობის, შვიდეულისა და კარვობის ზეიმი. 13 და სიტყჳსა მისებრ დღითი-დღედ შეწირვად მსგავსად მცნებისა მის მოსესისა, შაბათა და შაბათად თთჳსთავთა და დღესასწაულთა სამგზის წელიწადსა და დღესასწაულსა უცომოებისასა, დღესასწაულსა შჳდეულთასა და დღესასწაულსა მას კარვობისასა.
14 დავითის, მამამისის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩააყენა მღვდელთა დასები თავიანთ სამსახურში, ლევიანები კი მათ დაცვაში, რათა სადიდებილი ეთქვათ და მღვდლებთან ერთად ემსახურათ ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე ყველა კარს თავისი კარისმცველები მიუჩინა, თავ-თავისი დასების მიხედვით, რადგან ასე ბრძანა დავითმა, ღვთისკაცმა. 14 და დაადგინნა სიმართლისაებრ დავითისა დასნი იგი მღდელთანი მსახურებასა მათსა და ლევიტელნი იგი საცავსა მათსა მსახურებად და ქებად წინაშე მღდელთა სიტყჳსა, მისებრ დღითიდღედისა და მეკარენი განტოლვებისაებრ მათისა ბჭით - ბჭედ, რამეთუ ესრეთ იყო მცნებაჲ დავითისი, კაცისა მის ღმრთისაჲ
15 არ უღალატიათ მეფის იმ ბრძანებისთვის, მღვდლებს, ლევიანებს, სხვა საქმეებსა და საგანძურს რომ შეეხებოდა. 15 და არა ცვალეს მცნება მეფისა მღდელთათჳს და ლევიტელთა ყოველსავე სიტყუასა და სასჯელთა.
16 ასე ჰქონდა სოლომონს აწყობილი ყველა საქმე, საძირკვლის ჩაყრიდან დაწყებული, ვიდრე უფლის სახლი ბოლომდე არ გასრულდა. 16 და მოემზადა ყოველივე საქმარი, ვინა დღითგან დაეფუძნა, ვიდრე აღასრულა სოლომონ სახლი იგი ღმრთისაჲ.
17 მაშინ წავიდა სოლომონი ზღვისპირეთში, ყეციონგებერსა და ილოთში, ედომის ქვეყანაში. 17 მაშინ წარვიდა სოლომონ გასიონგაბერად, და ელამად - ზღჳსკიდესა ჰურიასტანად.
18 ხურამმა თავის მორჩილთა ხელით ხომალდები და ზღვისმცოდნე თავისი მორჩილნი გაუგზავნა. ისინი სოლომონის მორჩილებთან ერთად ოფირში ჩავიდნენ, ოთხასორმოცდაათი ქანქარი ოქრო წამოიღეს იქიდან და მეფე სოლომონს მოუტანეს. 18 მოუძღუანა ქირამ ჴელითა მონათა მისთათა ნავები და მონები, რომელთა იცოდეს ნავითა სლვა ზღუასა, და წარვიდეს მონათა თანა სოლომონისთა სოფერად და მოიღეს მიერ ოთხასერგასისი ტალანტი ოქრო და მოვიდეს სოლომონის მეფისა.