ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სულ მუდამ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, შეუსრულეთ ვალი, წესი, სამართალი და მცნებები.

1

შეიყვარო შენ უფალი ღმერთი შენი და დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.

2 იცოდე ეს დღეს, რადგან არ ეცოდინებათ თქვენს შვილებს, რომელთაც არ უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი სიდიადე, მისი მაგარი ხელი და მოღერილი მკლავი, 2 და გულისხმა-ჰყო დღეს, ვითარმედ არა თუ ყრმანი თქუენნი, რომელთა არარაჲ უწყიან და არცა იხილეს სწავლაჲ იგი უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ და საკჳრველებანი მისნი, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი,
3 მისი სასწაულები და საქმეები, რაც გაუკეთა შუაგულ ეგვიპტეში ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მთელს მის ქვეყანას, 3 სასწაულნი მისნი და საქმენი იგი მისნი, რომელ ყო უფალმან ღმერთმან ეგჳპტეს ფარაო მეფისა ზედა და ყოველსა ქუეყანასა მისსა.
4 რაც უყო ეგვიპტელთა ლაშქარს, მის მხედრებს და ეტლიონს, რომლებსაც თავზე დაანთქა მეწამული ზღვის წყლები, როცა თქვენ გედევნებოდნენ, და დაღუპული ჰყავს ისინი დღემდე უფალს, 4 და რაჲ-იგი უყო ერსა მას მეგჳპტელთასა, ეტლებსა და ჰუნებსა მათსა, ვითარ-იგი დაფარნა წყალმან ერთრისა მის ზღჳსამან წინაშე მდევართა თქუენთა, რამეთუ წარწყმიდნა იგინი უფალმან მოდღენდელად დღედმდე.
5 რასაც უდაბნოში გიკეთებდათ, ვიდრე ამ ადგილას მოხვიდოდით, 5 და რავდენ-რაჲ იყო თქუენთჳს უდაბნოსა მას ვიდრე მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას.
6 რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის შვილებს, როცა დააღო პირი მიწამ და მთელი ისრაელის თვალწინ შთანთქა ისინი მათი სახლებიანად, კარვებიანად და მთელი ქონებითურთ, რაც კი გააჩნდათ მთელს ისრაელში. 6 და რავდენ-რაჲ უყო დათანს და აბირონს, ძეთა მათ ელიაბისთა, ძისა რუბენისთა, ვითარ-იგი აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და დანთქნა იგინი და ყოველი სიმდიდრე ნაყოფისა მათისა და ყოველნი სახლნი მათნი და საყოფელნი მათნი შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა.
7 რადგან უხილავთ თქვენს თვალებს უფლის დიადი საქმეები, რაც მოიმოქმედა მან. 7 რამეთუ თუალთა თქუენთა იხილნეს ყოველნი საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი, რომელ ყვნა თქუენ შორის მოდღენდელად დღედმდე.
8 შეასრულეთ ყოველი მცნება, რომელსაც გიცხადებთ დღეს, რათა გამტკიცდეთ, დაიძრათ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა. 8 ეკრძალენით დამარხვად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელ-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, რათა სცხონდეთ და გამრავლდეთ და შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-ეგე წიაღხუალთ იორდანესა დამკვიდრებად მუნ,
9 რათა დღეგრძელი იყოთ იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღუთქვა მისაცემად თქვენს მამა-პაპას და მის შთამომავლობას, იმ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი. 9 რათა დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა და ნათესავისა მათისა შემდგომად მათსა ქუეყანასა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი.
10 რადგან ქვეყანა, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც გამოხვედი, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს. 10 რამეთუ ქუეყანაჲ იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკჳდრებად, არა ეგრე არს, ვითარ-იგი ქუეყანაჲ ეგჳპტელთაჲ, სადაჲთ-იგი თქუენ გამიხუედით, რამეთუ რაჟამს დასთესიან თესლი და მორწყიან, ფერჴითა მათითა განქმნიან, ვითარ ყუერბი მტილისაჲ.
11

ის ქვეყანა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხართ, მთაგორიანი და ველებიანი ქვეყანაა და ციდან ნაწვიმები წყლით ირწყვება,

11

ხოლო ქუეყანა იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკვიდრებად ქუეყანაჲ - მთაჲ და ბარი, ცუარისაგან ზეცისაჲსა ირწყვის იგი.

12 ქვეყანა რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე. 12 რომელსა-იგი უფალი ღმერთი თვით ღუწილ და თუალნი უფლისა ღმრთისანი მარადის მას ზედა არიან დასაბამითგან წელიწადისაჲთ და მიაღსასრულადმდე წელიწადისა.
13 და თუ შეიგონებ ჩემს მცნებებს, რომელთაც დღეს გიცხადებთ, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით, 13 უკეთუ სმენით ისმინეთ ყოველნი ესე მცნებანი ჩემნი, რომელთა-ესე დღეს გამცნებ თქვენ და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ჰმსახურებდით მათ ყოვლითავე გულითა თქუენითა და ყოვლითა ძალითა თქუენითა,
14 დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, გაზაფხულის და შემოდგომის წვიმას, მოიწევ ხორბალს, ღვინოს და ზეთს. 14 მოგცეს უფალმან წვიმაჲ ქუეყანასა თქუენსა ჟამსა შინა მისსა, მსთუაჲ და მცხეუედი. და შეიკრიბო შენ იფქლი შენი და ღვინოჲ შენი და ზეთი შენი.
15 გავაჩენ ბალახს შენს მინდვრებზე საქონელისთვის. ჭამე და გაძეხი. 15 და მოგცეს შენ თივაჲ ველთაგან შენთა საზრდელად საცხოვართა შენთა, შჭამდეღა და განსძღებოდი.
16 ფრთხილად იყავით, არ შეცდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ, უცხო ღმერთებს არ დაუწყოთ სამსახური და თაყვანისცემა. 16 იგულე თავი შენი, ნუუკუე განსუქნე და განვრცნე და შესცთეს გული შენი და ჰმსახურებდეთ და თაყუანი-სცემდეთ ღმერთთა უცხოთა.
17 თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს, დახშავს ცას, აღარ იქნება წვიმა, მიწა მოსავალს არ მოგცემთ და მალე გადაშენდებით იმ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი. 17 და განრისხნეს უფალი გულისწყრომით თქუენ ზედა. და დაეყენნეს ცანი და არა გამოსცეს წვიმაჲ და ქუეყანამან არა გამოსცეს ნაყოფი თჳსი და წარწყმდეთ მსთუად ქუეყანისა მისგან კეთილთაჲსა, რომელ-იგი უფალმან მოგცეს თქუენ.
18 გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ. 18 დაისხენით მცნებანი ესე ჩემნი გულთა თქუენთა და შევიბნეთ იგი სასწაულად ჴელთა თქუნთა და იყვნენ იგინი შეურყეველად წინაშე თუალთა თქუენთა.
19 ასწავლეთ თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას. 19 და ასწავლნეთ ესე შვილთა მათ თქუენთა და იტყოდი ამას ჯდომასა სახლსა შენსა, და სლვასა გზასა შენსა, და დაწოლას სარეცელსა შენსა და აღდგომასა შენსა.
20 წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარიბჭეს, 20 და დასწერნე ესენი ზღურბლთა სახლსა შენისათა და ბჭეთა თქუენთა ზედა.
21 რათა იმდენ ხანს იცოცხლოთ თქვენ და თქვენმა შვილებმა ამ მიწაზე, რომელიც მისაცემად აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას, რამდენ ხანსაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ. 21 რათა განმრავლდენ დღენი თქუენნი და დღენი ნაშობთა მათ თქუენთანი ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.
22

თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომლებსაც გიცხადებთ, რათა ასრულებდეთ მათ, გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე და მიეწებოთ მას,

22

და იყოს, უკეთუ სმენით ისმინნეთ მცნებანი ესე ჩემნი, რომელთა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს და ჰყოთ ესე და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ხვიდოდით ყოველთა გზათა მისთა და შეეყვნეთ მას,

23 მოგაშორებს უფალი ყველა ამ ხალხს და თქვენც დაეპატრონებით თქვენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს. 23 განასხნეს უფალმან ყოველნი წარმართნი პირისაგან თქუენისა და დაიმკჳდრნე შენ ნათესავნი დიდნი და უძლიერესნი შენსა.
24 ყოველი ადგილი, სადაც კი დაიდგმება თქვენი ტერფი, თქვენი იქნება - უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, ევფრატის მდინარიდან უკანა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი. 24 ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენი იყოს უდაბნოჲთგან დიდით ვიდრე ლიბანედმდე, და მდინარით დიდით ევფრატით და ვიდრე ზღუად დიდადმდე დასავალით კერძო იყავნ საზღვარი თქუენი.
25 ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის. 25 არა ვინ გიჴდებოდის თქვენ და არცაღა მო-ვინ-გექცეს პირსა თქუენსა, რამეთუ შიში და ზარი თქუენი მიჰფინოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველსა მას ქუეყანასა, რომელსაცა მიხვიდოდით თქუენ, ვითარცა გეტყოდა თქუენ უფალი.
26 უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას: 26 აჰა, ესერა, მიგცემ თქუენ დღეს წყევასა და კურთხევასა.
27 კურთხევას - თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს, 27 ამისთჳს თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღესდღე
28 შეჩვენებას - თუ არ შეიგონებთ, უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ. 28 დაწყევასა, არა თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელსა-ესე დღეს გამცნებ თქუენ და შესცთეთ გზისა მისგან, რომელი გამცენ თქუენ და შეხვიდეთ და ჰმსახურებდეთ თქუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდეთ.
29 და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მიეცი კურთხევა გერიზიმის მთაზე და შეჩვენება - ღებალის მთაზე 29 და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალ დამკვიდრებად მუნ და მისცე კურთხევაჲ იგი მთასა მას ზედა გარიზინსა და წყევაჲ იგი მთასა მას ზედა გებალსა.
30 (აგერ, აქვეა ისინი, იორდანეს გაღმა, გზის ბოლოს, დასავლეთით, ბარის ქანაანელთა ქვეყანაში, გილგალიის პირდაპირ, მამრეს მუხებთან), 30 ესე ორნივე წიაღ იორდანესა გზასა მას მზისდასავალით კერძოსა, ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელი დამკვიდრებულ არს მზიაღასავალით კერძოთა გალგალასა, მახლობელად მუხასა მას მაღალსა.
31 რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიმკვიდრებთ მას და იცხოვრებთ იქ. 31 აწ თქუენ, ეგერა, წიაღხუალთ იორდანესა შესლვად და დამკვიდრებად ქუეყანისა მის, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ და დაიმკვიდროთ იგი, და დაეშენეთ მუნ.
32 ეცადეთ, რომ შეასრულოთ წესი და სამართალი, რომელსაც დღეს ვიძლევი თქვენს წინაშე. 32 და დაიმარხნეთ და ჰყოთ ყოველი ესე მცნებაჲ და სამართალი, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღეს.