ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან, ღამით. |
1 |
დაიცევ თთუჱ იგი ახალთაჲ და ჰყვი იგი უფლისა ღმრთისა შენისა, რამეთუ თუესა მას ახალთასა გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან ღამე ეგჳპტით. |
2 | დაუკალი საპასექოდ უფალს, შენს ღმერთს, ცხვარი და ძროხა იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი თავისი სახელის დასავანებლად. | 2 | და დაჰკლა შენ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა შენისა ცხოვარი იგი და ზროხაჲ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, წოდება და სახელი მისი მას ზედა. |
3 | ნუ მიატან მას საფუარიანს, ხუთ დღეს ჭამე მასთან ერთად ხმიადი, გაჭირვების პური, რადგან ნაჩქარევად გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეს ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე. | 3 | არა შჭამო მას შინა მფუე, შვიდ დღე უფოველი პური შჭამო ჭირსა მას შინა, რამეთუ მწრაფლ ღამე გამოხუედ ეგვიპტით და მოიჴსენით დღე იგი გამოსლვისა მის თქუენისაჲ ქუეყანით ეგვიპტით ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა. |
4 | არ გაჭაჭანდეს შვიდი დღის მანძილზე საფუარიანი მთელს შენს კარმიდამოში და დილამდე არ მორჩეს წინა საღამოს დაკლული საკლავის ხორცი. | 4 | არა იპოოს ცომი შვიდ დღე ყოველთა საზღვართა თქვენთა და არცა განაციოთ ჴორცი იგი, რომელ დაჰკლა მიმწუხრი განთიად დღესა მას პირველსა. |
5 | ნება არა გაქვს ყველგან დაკლა პასექი შენს საცხოვრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს; | 5 | ნუ გიფლიენ შენ ჭამად ურიდად საკლველისა მისგან, რომელი-იგი დაიკლას დღესასწაულსა მას ყოველთასა ქალაქთა შენთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ. |
6 | არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, დაკალი პასექი საღამოთი, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის სწორს. | 6 | არამედ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ დაკლის საკლველი იგი დღესასწაულთაჲ მათ, მწუხრი დასლვასა ოდენ მზისასა ჟამსა მას, რომელსაცა გამოხუედ ქუეყანით ეგვიპტით. |
7 | მოხარშე და ჭამე იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, დილით კი გაბრუნდი და წადი შენს კარვებში. | 7 | შეაგბო და შესწვა და შეშჭამო ადგილსა მას, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერამან შენმან და მიიქცე ხვალისაგან და მიხვიდე სახიდ შენდა. |
8 | ექვს დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს კი უქმეა უფლის, შენი ღმერთისათვის, არაფერი საქმე არ აკეთო. | 8 | ექუს დღე უფუველი შჭამო და მეშვიდესა დღესა განჴსნაჲ არს დღესასწაულისაჲ მის უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა ჰქმნე მას შინა ყოველივე საქმე შვიდი შვიდეული მრგულიად აღრაცხო თავისა, რაჟამს იწყო მანგლისა საქმე მკათა, მიერითგან აღირაცხო შვიდი შვიდეული. |
9 | შვიდი შვიდეული გადაითვალე; ყანაში ნამგლის შესვლის დღიდან დაიწყე შვიდეულების თვლა. | 9 | |
10 | გაუმართე შვიდეულთა დღესასწაული უფალს, შენს ღმერთს, როგორც შეგიძლია, როგორც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს. | 10 | და ჰყო დღესასწაული იგი შვიდეულთაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ, რავდენცა ეძლოს ჴელთა შენთა, რავდენცა-რაჲ განგემარჯოს შენ, რამეთუ გაკურთხა შენ უფალმან ღმერმთან შენმან. |
11 |
გაიხარეთ უფლის, შენი ღმერთის წინაშე შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, მდგმურმა და ქვრივ-ობოლმა, რომლებიც შენს შორის არიან, იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად. |
11 | და იხარებდე შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, შენ, და ძენი შენნი და ასული შენნი, მონაჲ, და მჴევალი შენი და ლევიტელი იგი, რომელ დამკვიდრებულ იყოს ქალაქსა შენსა და მწირი იგი, და ობოლი იგი და ქურივი იგი, რომელი მყოფ იყოს თქუენ შორის ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი. |
12 | გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტეში და დაიცავი და შეასრულე ეს წესები. | 12 |
და მუნ მოიჴსენო, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ეგვიპტელთასა. ამის გამო დაიმარხნე და ჰყვნე მცნებანი ესე. |
13 | შვიდ დღეს იზეიმე კარვობის დღესასწაული, როცა მორჩები კალოობას და ყურძნის წურვას. | 13 | დღესასწაული იგი ტალავრობისაჲ ჰყვი თავისა შენისა შვიდ დღე შეკრებასა მას კალოჲსა შენისასა და საწნეხელისა შენისასა. |
14 | გაიხარეთ დღესასწაულში შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა და ქვრივ-ობოლმა, რომლებიც ცხოვრობენ შენს კარზე. | 14 | და იხარებდე დღესასწაულსა მას შენსა შენ, და ძე ეგე შენი, და ასული შენი, მონა და მჴევალი შენი, და ლევიტელიცა იგი, და მწირი, და ობოლი და ქურივი, რომელ იყოს ქალაქსა შენსა. |
15 | შვიდ დღეს იდღესასწაულე უფლის, შენი ღმერთისთვის იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, რადგან გიკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, მოსავალს და ყოველ საქმეს და სულ მხიარული იქნები. | 15 | შვიდ დღე ჰყო დღესასწაული იგი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან თავისა შენისა, უკეთუ გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა ზედა ნაყოფთა შენთა და ყოველთა ზედა საქმეთა ჴელთა შენთასა, და იყო შენ სახარულევან. |
16 | წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, შენი ღვთის წინაშე უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე, იმ ადგილას, რომელსაც არჩევს იგი. ხელცარიელი არავინ გამოცხადდეს უფლის წინაშე. | 16 | შვიდგზის წელიწადსა ეჩუენოს ყოველი წული ყრმაჲ შენი წარდგინებად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან თავისა თვისისად დღესასწაულსა მას უფუველთასა და დღესასწაულსა მას შვიდეულთასა და დღესასწაულსა მას ტალავრობისასა, არა ეჩვენო შენ პირსა უფლისასა ჴელცუდად, არამედ თითოეულად რავდენ-რაჲ. |
17 | ყველას ძღვენი გეჭიროთ ხელში უფლის, შენი ღმერთის კურთხევის კვალობაზე, როგორც მოუცია შენთვის. | 17 | ძალი აქუნდეს ჴელთა შინა მისთა კურთხევისა მისთჳს უფლისაჲსა, რომელ მოგცეს შენ. |
18 | დასხი მსაჯულები და რჯულისკაცები შენი შტოებიდან ყოველ ქალაქში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, რათა მისცენ ხალხს მართალი სამართალი. | 18 | მსაჯული და განმგებელნი და მწიგნობარნი დაიდგინნე თავისა შენისა ყოველთაგან ნათესავთა შენთა ყოველთა მათ ქალაქთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან, რომელმან მოგცეს შენ და შჯიდე ერსა მას სიმართლისა საშჯელითა, |
19 | სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს. | 19 | ნუ გარდასდრეკ სასჯელსა, ნუცა შჯით თუალხუმით, ნუცა მიიღებნ ქრთამსა, რამეთუ ძღუენმან და ქრთამმან დაუყვნის თუალნი ბრძენთანი და გარდაიქცინის სიმართლისანი. |
20 | სიმართლეს, სიმართლეს მიჰყევი, რომ ცოცხალი დარჩე და დაეპატრონო იმ ქვეყანას, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. | 20 | სიმართლით სამართალსა შეუდეგით, რათა სცხონდეთ და შეხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ. |
21 | არ დარგო აშერასთვის, რა ხეც არ უნდა იყოს, უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს გვერდით, რომელსაც აიშენებ. | 21 | არა ისხა თავისა შენისა სერტყები სამსახურებელად თავისა შენისა და ყოვლისავეგანი ხისა მაღნარსა გარეშე საკურთხეველსა მას უფლისა ღმრთისა შენისასა. |
22 | არ აღიმართო სვეტი, რომელიც სძულს უფალს, შენს ღმერთს. | 22 | ნუ აღმართებ თავისა შენისა ძეგლად, რომელ-იგი მოიძულა უფალმან ღმერთმან შენმან. |