ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი ოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი ქმარი გახდება, მერე აითვალწუნებს, რადგან რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში, უნდა დაუწეროს გაყრის წერილი, მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან.

1

მო-თუ ვინმე-იყვანოს ცოლი და შეირთოს იგი და არა სათნო ეყოს, ანუ თუ და-რაჲმე-აპყრას მის თანა საქმე ჯერკუალი, დაუწერენ მას წიგნი განსატევებელი და მიეცინ ჴელთა მისთა და გამოავლინენ იგი სახლით მისით.

2 ქალი წავა მისი სახლიდან და გაჰყვება სხვა ქმარს. 2 მი-თუ უკუე-ვიდეს დედაკაცი იგი
3 თუ მეორე ქმარი მოიძულებს მას და დაუწერს გაყრის წერილს, მისცემს ხელში და გაუშვებს თავისი სახლიდან ან მოკვდება მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად მოიყვანა იგი, 3 და ცოლ-ეყოს სხუასა ქმარსა და მოიძულოს იგი უკანაჲსკნელმანცა ქმარმან, დაუწერენ მანცა წიგნი განსატევებელი და მიეცინ იგი ჴელთა მისთა და განავლინენ იგი სახლით თჳსით, უკეთუ მოკუდეს უკანაჲსკნელ იგი ქმარი, რომელმან შეირთო დედაკაცი იგი,
4 პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, ნება არა აქვს ისევ მოიყვანოს ცოლად მას შემდეგ, რაც ქალი გაუწმიდურდა, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის წინაშე. ცოდვაში ნუ ჩააგდებ მიწას, რომელსაც წილად გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. 4 ვერ ჴელ-იწიფოს პირველმან მან ქმარმან, რომელმან განუტევა იგი მიქცევად და მიყვანებად მისა ცოლად შემდგომად შეგინებისა მისისა, რამეთუ ბილწ არს წინაშე, უფლისა ღმრთისა თქუენისა და ნუ შეაგინებთ ადგილსა მას, რომელ მოგცეს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა.
5 თუ ვინმეს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს, ნუ გავა სალაშქროდ და ნურც ნურაფერი დაეკისრება მას; ერთი წლით თავისუფალი იყოს სახლისთვის და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც მოიყვანა. 5 შე-თუ ვინნე-ირთოს ცოლი ახლად, ღუაწიდ ნუ განვალნ იგი, და ნუცა შეერევინ იგი რომელსავე საქმესა ჯერკუალსა, არამედ წმიდად ეგენ იგი სახლსა თჳსსა წელიწად ერთ და ახარენ ცოლსა მას თჳსსა, რომელცა-იგი შეერთოს.
6 არავინ დაიგირაოს ხელსაფქვავი ან დოლაბი, რადგან სიცოცხლის დამგირავებელი იქნება იგი. 6 ნუ სადა იჴუთავ შენ ფქჳლსა ზედა კერძოსა, ნუცა ქვეკერძოსა, რამეთუ სულთა მიჴუთვასა მსგავს არს იგი.
7 თუ ნაპოვნი იქნება კაცი, რომელმაც მოიტაცა თავისი მოძმე ისრაელიანი, დაიმორჩილა და გაყიდა იგი, ეს მომტაცებელი უნდა მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. 7 უკეთუ ჴელთ-სადმე-იდვას კაცი მპარავმან ნათესავთაგანი თჳსთა ძეთა მათ ისრაჱლისათა, და ჰმძლავროს და განყიდოს იგი, მოკუედინ კაცი იგი და მოისპენ ბოროტი იგი შორის თქუენსა.
8 არ გამოგრჩეთ კეთრის ნიშანი, დაიცავით და გააკეთეთ ყველაფერი, რაც ლევიან მღვდლებს უბრძანებია თქვენთვის. როგორც მე ვუბრძანე მათ, ეცადეთ, ისე გააკეთოთ. 8 ეკრძალე თავსა შენსა, იგულე, ერიდებოდე კეთროვნებისაგან, დაიმარხო და ჰყო, რაჲ-იგი გასწაონ შენ მღდელთა მათ ლევიტელთა, რაჲცა-იგი გამცნო თქუენ დამარხვად და ყოფად.
9 გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, მირიამს გზაში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით. 9 მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან მარიამსა, რაჟამს გამოხვიდოდეთ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.
10 თუ შენს მოყვასს რამეს ასესხებ, ნუ შეხვალ მის სახლში წინდის ასაღებად. 10 თანა-თუ რაჲმე-ედვას თანანადები მოყუასსა მას შენსა რაჲვე თანანადები, ნუ შეხუალ შენ ჴუთვად სახლსა მისსა.
11 გარეთ დადექი და კაცი, რომელსაც სესხს აძლევ, გარეთ გამოგიტანს წინდს. 11 არამედ გარეშე დასდგე და მოსთხოვო ნაჴუთევი იგი თანამდებსა მას შენსა და გარე გამოართვან მან ნაჴუთევი იგი.
12

თუ ღარიბი კაცია, ღამე არ დაიტოვო მისი წინდი.

12

უკუეთუ უპოვარ იყოს კაცი იგი, ნუ დაადგრებინ ნაჴუთევი იგი მას დღესა შენ თანა,

13 დაუბრუნე წინდი მზის ჩასვლისას, რომ დაიძინოს თავის სამოსელში და დაგლოცოს. კეთილ საქმედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე. 13 არამედ მიცემით მისცე მას სამოსელი იგი მისი მიმწუხრი, დასლვასა მზისასა და შეიმოსოს იგი მან და გაკურთხევდეს შენ და რათა შეგრაცხოს შენ იგი ქველისსაქმედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
14 ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური. 14 ნუ მოხუეჭ სასყიდელსა მორეწესა უპოვარსა მას და ნაკლულევანსა, რომელი იყო ნათესავისა შენისაგან, ნუცაღა მწირსა მას და მსხემსა, რომელი-იგი დამკჳდრებულ იყოს ქუეყანასა შენსა ქალაქთა შინა შენთა.
15 თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს. 15 არამედ მასვე დღესა მისცე მას სასყიდელი იგი მისი, ნუ დააღამებ მას მას ზედა, რამეთუ უპოვარ არს იგი და იგი არს სასო მისა, ნუუკუე ღაღადბდეს შენთჳს უფლისა მიმართ და შეგერაცხოს იგი ცოდვად.
16 არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო; თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოიკლას. 16 ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ.
17 ნუ გაამრუდებ მდგმურისა და ობლის სამართალს, ნუ დაიგირავებ ქვრივი ქალის სამოსელს. 17 ნუ განსდრეკ სარჩელსა მწირისასა, ნუცა ობლისასა, ნუ მოჰჴუთავ ფიჩუსა ქურივსა.
18 გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტეში და უფალმა, შენმა ღმერთმა, გამოგისყიდა იქიდან; ამიტომაც გიბრძანებ ამის აღსრულებას. 18 მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ეგჳპტეს და გიჴსნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ამისთჳს გამცნებს შენ ყოფად სიტყუათა ამათ.
19 თუ მომკი სამკალს და ძნა დაგავიწყდება ყანაში, ნუღა გაბრუნდები მის წამოსაღებად - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეთ, რომ აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველაფერი, რასაც შენი ხელით გააკეთებ. 19 ჰმკიდე თუ სამკალსა შენსა და დაგიშთეს შენ, მუნ მჭელეული, ნუ უკუნიქცევი აკრებად დაშთომილსა მას თავისა შენისასა, არამედ გლახაკისა მის იყავნ იგი, და მწირისა მის, ობლისა და ქურივისა მის, რათა კეთილი გეყოს შენ და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა დღეთა მათ შინა საქმეთა ჴელთა შენთასა.
20 როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, რტოებს ნუღა დაუწყებ თვალიერებას - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს. 20 მო-თუ-ისთულებდე შენ ზეთისხილსა შენსა და დაგიშთეს, ნუ უკუნიქცევი მოკუფხულად დაშთომილისა მის, არამედ ნაკლულევანმან მან მწირმან, ობოლმან და ქურივმან მოიკუფხლონ იგი.
21 როცა ვენახს დაკრიფავ, მომცვრევას ნუღა დაიწყებ - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს. 21 მო-თუ-ისთულებდე შენ საყურძნესა შენსა და დაგიშთეს მისგანი, ნუუკუე იქცევი მოკუფხულად, არამედ მწირმან, ობოლმან და ქურივმან მოიკრიბონ იგი.
22 გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში. ამიტომაც გიბრძანებ მე ამის აღსრულებას. 22 მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქვეყანასა მას ეგჳპტისასა. ამისთჳს გამცნებ ყოფად ყოველსა ამა სიტყუასა.