ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი ოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვამს უფალი, შენი ღმერთი.

1

და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა შესლვად ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ, და იყოს, სმენით თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი დამარხვად და ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა მისთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე. და გყოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ზეშთა ყოველთა მათ ნათესავთა ქუეყანისათა.

2 გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა, როცა გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას. 2 და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ესე კურთხევანი და გპოონ შენ, ისმინო თუ შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისა,
3 კურთხეულიმც ხარ ქალაქად და კურთხეულიმც ხარ ველად! 3 კურთხეულ იყო შენ ქალაქსა შინა შენსა და ველთა შენთა.
4 კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და ფარის ნამატი! 4 კურთხეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.
5 კურთხეულიმც არის შენი კალათი და შენი ვარცლი! 5 კურთხეულ იყვნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი.
6 კურთხეულიმც ხარ შესვლისას და კურთხეულიმც ხარ გასვლისას! 6 კურთხეულ იყო შესლვასა შენსა და კურთხეულ იყო გამოსლვასა შენსა.
7 დაამხობს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ; ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან. 7 მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი მტერნი შენნი ჴელთა შენთა და ყოველნი მჴდომნი შენნი შეიმუსრნენ წინაშე პირსა შენსა. ერთსა გზასა ზედა მოგიჴდეს შენ და შვიდით გზით ივლტოდიან პირისაგან შენისა.
8 მოგაფენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. 8 და მოავლინოს უფალმან კურთხევაჲ შენ ზედა და საუნჯეთა შენთა და ყოველსა მას, რომელსაცა იქმოდის ჴელი შენი ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
9 დაგსვამს უფალი წმიდა ერად, როგორც დაფიცებული აქვს შენთვის, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებას და ივლი მის გზაზე. 9 აღგადგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ერად წმიდად, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა, სმენით თუ ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და ხვიდოდი გზათა მისთა.
10 დაინახავს ქვეყნის ყველა ხალხი, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული და შეეშინდებათ შენი. 10 და გიხილონ შენ ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ სახელი უფლისა ღმრთისაჲ წოდებულ არს შენ ზედა და ეშინოდის შენდა.
11

გაგაუხვებს უფალი სასიკეთოდ შენი მუცლის ნაყოფში, შენი საქონლის ნაყოფში და შენი მიწის ნაყოფში იმ მიწაზე, რომელიც აღუთქვა შენს მამა-პაპას შენთვის მოსაცემად.

11

და განგამრავლოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან კეთილისა მიმართ. განმრავლნის ნაშობნი მცლისა შენისანი და ნაშობნი საცხოვართა შენთანი ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.

12 გაგიღებს უფალი თავის მადლიან საუნჯეს - ცას, რომ მოსცეს მიწას წვიმა თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი ნამუშაკევი. ბევრ ხალხებს მისცემ სესხს, თავად კი არავისგან ისესხებ. 12 და აღგიხუნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან საფასენი იგი კეთილნი ცათანი და მოსცეს წჳმაჲ ქუეყანასა შენსა ჟამსა შინა, მსთუაჲ და მცხუედი, და აკურთხნეს ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი და ავასხებდე შენ ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ივასხებდე.
13 თავი გახდები უფლის წყალობით და არა კუდი, სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, როცა შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებას, რომელსაც გიცხადებ დღვს, რომ დაიცვა და შეასრულო. 13 და მსთავრობდე შენ ნათესავთა ზედა მრავალთა, ხოლო შენ ზედა არა ვინ მთავრობდეს და დაგამტკიცოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მთავრად და არა ბოლოდ. და იყო შენ ზეშთა ყოველთა და არა ქუემო, ისმინნე თუ შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე დამარხვად და ყოფად მათა.
14 არ გადაუხვიო არცერთ სიტყვას, რომელსაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ. 14 და არა გარდააქციო ყოველთა ამათ მცნებათაგან, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე მარჯულ, არცაღა მარცხლ, ვითარმცა შეუდეგ შენ კერპთა უცხოთა მსახურებად მათა. და იყოს,
15 თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა: 15 უკეთუ არა ისმინოთ თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა დამარხვად და ყოფად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე და მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე წყევანი და გპოონ შენ დაწყეულ.
16 წყეულიმცა ხარ ქალაქად და წყეულიმცა ხარ ველად! 16 და იყო შენ ქალაქთა შენთა, დაწყეულ იყო შენ ველსა გარე.
17 წყეულიმც იყოს შენი კალათი და შენი ვარცლი! 17 დაწყევნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი.
18 წყეულიმც იყოს შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და შენი ფარის ნამატი! 18 წყეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.
19 წყეულიმცა ხარ შესვლისას და წყეულიმცა ხარ გასვლისას! 19 წყეულ იყო შენ შესლვასა შენსა და გამოსლვასა შენსა.
20 მოგივლენს უფალი წყევლას, ფეთებას, შეჩვენებას შენი ხელის ყოველ ნამუშაკევში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ განადგურდები, ვიდრე მალე არ დაიღუპები შენი ბოროტი საქმეებისთვის, იმისათვის, რომ მიმატოვე. 20 და მოავლინოს შენ ზედა უპოვარებაჲ და ნაკლულვანებაჲ და უნაყოფოებაჲ ყოველსა, რომელსა მიჰყო ჴელი შენი, ვიდრემდის მოგსპოს შენ და წარგწყმიდო შენ მსთუად ბოროტთა მათ საქმეთა შენთათჳს, რამეთუ დაუტევე შენ უფალი ღმერთი შენი.
21

მოგაწებებს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გადაგაშენებს იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოსულხარ.

21

და მოავლინოს უფალმან შენ ზედა სიკუდილი და მოსრვაჲ, ვიდრემდის მოგასრულოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-ეგე შეხუალ დამკჳდრებად მუნ.

22 მოგწყლავს უფალი ჭლექით, ციებ-ცხელებით, ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით; დაგიწყებენ დევნას, ვიდრე არ დაიღუპები. 22 და გგუემოს შენ ჰოროლებითა და სენითა სიცხისაჲთა, და ცხროჲთა დაწერტითა უსაზომოჲთა და კაცისკლვითა და გუემითა ხორშაკისაჲთა, გუნითა და დანდალუკითა. ესე ყოველი მოიწიოს შენ ზედა და მოგსპოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-იგი შეხუალ დამკჳდრებად მუნ.
23 სპილენძად გექცევა თავზე ცა და მიწა - რკინად შენს ფეხქვეშ. 23 და გექმნეს შენ ცაჲ ზესკნელ თავსა შენსა ვითარცა რვალი. და ქუეყანაჲ ქუეშე შენსა, ვითარცა რკინაჲ.
24 მტვრად აქცევს უფალი შენი ქვეყნის წვიმას და ნაცარი დაგეყრება თავზე, ვიდრე საბოლოოდ განადგურდებოდე. 24 და გარდაიქციის უფალმან ღმერთმან შენმან წვიმაჲ იგი ქუეყანისა მის შენსაჲ მტუერად და ვითარცა მიწაჲ ცით გარდამო დამოცჳოდის, ვიდრემდის შეგმუსრო შენ და წარგწყმიდოს ქუეყანისა მისგან, რომელსა შეხუალ დამკჳდრებად.
25 დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე, ერთი გზით წახვალ მისკენ და შვიდი გზით გაექცევი მას. საფრთხობელად იქცევი ამ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის. 25 და მიგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძლევასა წინაშე მტერთა შენთა, ერთით გზით მიუდგე შენ მათ და შვიდით გზით მეოტად წარქცეული ივლტოდი მათგან და განგაბნიოს შენ უფალმან ყოველთა შორის შარავანდედებათა და ნათესავთა ქუეყანისათა.
26 შენი გვამი ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება და არავინ იქნება მომგერიებელი. 26 და იყოს მძორები თქუენი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა და არავინ იყოს განმარინებელ თქუენდა.
27 მოგწყლავს უფალი ეგვიპტური ყვავილით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომლისაგანაც არ იქნება განკურნება. 27 და გგუემოს შენ უფალმან სალმობითა ეგჳპტელთაჲთა სენითა მით საგურკველისაჲთა და სიმღიერითა უცხოჲთა, და ფხანითა და სალმობითა, რომელსა ვერ განერე.
28 მოგწყლავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით. 28 და გგუემოს შენ უფალმან წყლულებითა განუკურნებელითა.
29 ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის სიბნელეში, ვერსად გაიგნებ გზას; იქნები დათრგუნული და დაწიოკებული მთელი სიცოცხლე და არ გეყოლება შემწე. 29 და დაბრმობითა გონებისათა იყო შენ, ვითარცა ბრმაჲ შუასამხრის და ეფეშვებოდი, ვითარცა ეფეშვებინ ბრმაჲ ბნელსა შინა და არა წარგემართნენ გზანი შენნი. და იყო შენ ვნებულ და მიმოტაცებულ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა და არავინ იყოს შენდა შემწე.
30 ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან, სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში, ვენახს ჩაყრი და ვერ მოისთვლი. 30 ცოლი მოიყვანო შენ და სხუამან მამაკაცმან შეირთოს იგი ცოლად, სახლსა იშენებდე და სხუათა დაიმკჳდრონ იგი, რქასა დაასხმიდე და სხუათა მოსთლონ იგი,
31

შენი ხარი დაკლულია შენს თვალწინ და ვერ ჭამ, სახედარი მოგტაცეს და აღარ ბრუნდება შენთან, შენი ცხვარი შენს მტრებს ჩაუვარდა ხელში და არავინა გყავს შემწე.

31

უსხი შენი დაკლულ იყოს შენ წინაშე, ხოლო შენ არა შჭამო მისი, არამედ სხუათა შეჭამონ იგი, კარაული შენი მიგტაცონ შენგან. და კუალად არავინ გაგოს შენ, საცხოვარი შენი მიცემულ იყოს ჴელთა მტერთა შენთასა.

32 შენი ვაჟები და ასულები უცხო ხალხს ჩაუცვივდებიან ხელში, თვალები დაგევსება მათი ყურებით მთელი დღე, და მკლავში აღარ გექნება ძალა. 32 ძენი შენნი და ასულნი შენნი მოცემულ იყვნენ ნათესავთა სხუათა და თუალნი შენნი ხედვიდენ წარმტყუენველთა შენგან და არა ჴელ-გეწიფოს, ნაყოფსა ქუეყანისა შენისასა.
33 შენი მიწის ნაყოფს და შენს ნაშრომს შეჭამს ხალხი, რომელსაც არ იცნობ; ტანჯულ-წამებული იქნები მთელი სიცოცხლე. 33 და ნაშრომსა ჴელთა შენთასა შეშჭამდეს ნათესავი უცხოჲ, რომელი არა იცოდი. და იყო შენ მიხუეჭილ და ვნებულ ყოველთა დღეთა შენთა.
34 ჭკუაზე შეგშლის სანახაობა შენს თვალწინ, რასაც დაინახავ. 34 და იყო შენ გულპებულ და შეურვებულ ხილვითა მით თუალთა შენთაჲთა, რომელსა-იგი ხედვიდე შენ.
35 დაგიწყლულებს უფალი მუხლებს და წვივებს განუკურნებლად, ტერფიდან თხემამდე. 35 და გცეს შენ უფალმან სალმობითა ბოროტითა და მუჴლთა და წელთა შენთა მსივანებითა, რომლითა ვერ განიკურნო და იგუემო შენ ტერფით შენითგან ვიდრე თხემად შენდამდე.
36 წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაისვამ იმ ხალხთან, რომელსაც არ იცნობ შენ და არც შენი მამა-პაპა იცნობდა, და დაუწყებენ იქ მსახურებას უცხო ღმერთებს - ხესა და ქვას. 36 და მიგცნეს უფალმან შენ და მთავრობანი იგი შენნი, რომელ დაედგინნენ შენ ზედა ნათესავსა უცხოსა, რომელ არა იცოდი შენ და არცაღა მამათა შენთა და მსახურებდე შენ მუნ კერპთა უცხოთა ძელისა და ქვისათა.
37 საფრთხობელად, თითის საჩვენებლად და სამასხროდ შეიქნები ყველა ხალხში, სადაც კი წაგიყვანს უფალი. 37 და იყო შენ მუნ საბასრობელად და იგავად საკიცხელებისა ყოველთა შორის ნათესავთა, ვიდრეცა მიგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მუნ.
38 ბევრ თესლს გაიტან ყანაში, მაგრამ ცოტას მოიმკი, რადგან კალია გააჩანაგებს. 38 თესლი დიდად განსთესო ყანობირსა შენსა და მცირედ შეიკრიბო იგი, რამეთუ შეჭამოს იგი მკალმან.
39 ვენახებს ჩაყრი და დაამუშავებ, მაგრამ ღვინოს ვერ დალევ, ვერც კი დაკრეფ, რადგან ჭია შეჭამს. 39 ვენაჴსა ასხმიდე და იქმოდი, და ღჳნოჲ არა სუა და არცაღა იხარებდი მისგან, რამეთუ შეჭამოს იგი მგრაგნელმან.
40 ზეთისხილი გექნება მთელს შენს მიწა-წყალზე, მაგრამ ზეთით ვერ გაიპოხები, რადგან დაცვივა ნაყოფი. 40 ზეთისხილი იყოს ყოველთა საზღვართა შენთა და ზეთი არა ჰპოო ცხებად, რამეთუ უჟამოდ დასცჳვეს ზეთისხილი იგი.
41

ვაჟებს და ასულებს გააჩენ, მაგრამ არ შეგრჩებიან, რადგან ტყვეობაში წავლენ.

41

ძეებ და ასულებ ისხნე და არა სარგებელ გეყვნენ შენ, არამედ წარიყვანნენ იგინი წყუედ.

42 მთელს შენს ხეებს და მიწის ნაყოფს კალია დაეპატრონება. 42 ყოველი ნერგი ხისა შენისაჲ და მცენარე ქუეყანისა შენისაჲ მოჰჴოცოს მგრაგნელმან.
43 მდგმური, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, შენზე მაღლა და მაღლა წავა, შენ კი სულ დაბლა დაეშვები. 43 მწირი იგი და მსხემი, რომელი იყოს შენ შორის, აღმაღლდეს უზეშთაეს შენსა, ხოლო შენ დაჰჴდე დამართ, იყო შენ ნაკლულევან.
44 ის სესხს მოგცემს, შენ კი ვერ ასესხებ მას, ის თავი იქნება, შენ კუდი იქნები. 44  
45 გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და გეწევა, ვიდრე არ განადგურდები, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის სიტყვა, არ დაიცავი მისი მცნებები და წესები, რომლებიც გამოგიცხადა. 45 იგი გავასხებდეს შენ და შენ არაჲ ჰპოო, რაჲმცა სესხად უკუეც, იგი იყოს თავ შენდა, ხოლო შენ იყო მისა ბოლო.
46 იქნება შენთვის და შენი შთამომავლობისთვის ნიშად და სასწაულად უკუნისამდე. 46 და მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე წყევანი და გეწინენ შენ, ვიდრემდე მოგასრულონ და წარგწყმიდონ შენ, რამეთუ არა ისმინე შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ დამარხვად მცნებათა მისთა, რომელ-იგი გამცნო შენ.
47 იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით, როცა დოვლათში იყავი. 47 და იყოს შენ შორის სასწაულები და ნიშები შენ შორის და ნათესავსა შენსა შორის უკუნისამდე ჟამთა ამისთჳს, რამეთუ არა ჰმსახურებდ შენ უფალსა ღმერთსა შენსა სიხარულით და გულწრფელებით.
48 დაუწყებ სამსახურს შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, სიმწყურვალეში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში; დაგადგამს ქედზე რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს. 48 ჰმსახურებდე შენ მტერთა შენთა შიმშილითა და წყურილითა. და შიშულოებითა და ნაკლულევანებითა ყოვლისაგან და დაგდვას შენ ჯაჭჳ რკინისაჲ ქედსა შენსა, ვიდრემდე მოგსპოს შენ.
49 დაძრავს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ. 49 და მოავლინოს შენ ზედა უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავი იგი შორიელი კიდითგან ქუეყანისაჲთ, რომელნი იღუმერდენ, ვითარცა ლომნი, და ეტევებოდიან, ვითარცა ორბნი.
50 მოძალადე ხალხი, რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს. 50 ნათესავი, რომლისაჲ არა გესმოდის ჴმაჲ მისი, ნათესავი ურიდი და თუალუხუავი, რომელმან არა თუალ-ახუნის მოხუცებულსა სიბერისა.
51

დაუწყებს ჭამას შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს და საბოლოოდ გაგაჩანაგებს, არ დაგიგოვებს არც პურს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც საქონლის მონაშენს და არც ცხვრის ნამატს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.

51

და არცაღა შეიწყალის ყრმაჲ ჩჩჳლი. და შეჭამნეს მან ნაშობნი საცხოვართა შენთანი და ნაყოფი ქვეყანისა შენისაჲ. და არა დაგიშთეს შენ იფქლი და ღჳნოჲ, და ზეთი და არცა დაგიშთვენ ზროხანი მროწეულთა შენთანი და არცა სამწყსონი ცხოვართა შენთანი, ვიდრემდის მოგასრულოს შენ.

52 ალყაში მოგაქცევს მთელს შენს მიწა-წყალზე, ყველგან, ვიდრე არ დაგექცევა მთელს შენს ქვეყანაში მაღალი და მაგარი კედლები, რომელთა იმედი გაქვს. ალყაში მოგაქცევს მთელს შენს მიწა-წყალზე, შენს ქვეყანაში, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა. 52 აღგფხურას შენ ქალაქთა შენთა, რომელთა დამკჳდრებულ იყო და დაამჴუნეს ზღუდენი იგი მაღალნი და შენნი და ძნელნი, რომელსა-იგი შენ ესვიდე ყოველსა მას ქუეყანასა შენსა და შეგიცვან შენ და შეგაურაონ ყოველთა მათ შინა ქალაქთა შენთა, რომელნი მოგცნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
53 დაუწყებ ჭამას შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომლებიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი. 53 და შეშჭამდე შენ ნაშობთა მუცლისა შენისათა ორთა ძეთა და ასულთა შენთასა, რომელნი-იგი მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენ იწროებითა მით ჭირისა შენისაჲთა, რომელსა გაჭირებდენ შენ მტერნი იგი შენნი ყოველთავე მათ ქალაქთა შინა შენთა,
54 განებივრებული და გაფუფუნებული კაცი ავად დაუწყებს ყურებას თავის მოძმეს და თანამეცხედრეს, თავის დარჩენილ შვილებს, რომლებიც შერჩება მას. 54 რომელი-იგი ნუკეული და ფრიად ფუფუნეულ იყოს შენ შორის, თუალძჳრ იქნეს იგი ძმისა თჳსისათჳს და ცოლისა თჳსისა, რომელ-იგი იყოს უბეთა მისთა და ნეშტთა მათ შვილთა მისთა და-თუ რაჲმე-უშთეს.
55 არავის მისცემს თავისი შვილების ხორცს, რომელთაც შეჭამს, რადგან არაფერი დარჩება მას ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი მთელს შენს მიწა-წყალზე. 55  
56 განებივრებული და გაფუფუნებული ქალი, რომელსაც ფუფუნების და ნებიერობის გამო ფეხიც არ დაუკარებია მიწაზე, ავი თვალით შეხედავს თავის თანამეცხედრეს, თავის ვაჟსა და ასულს, 56 და რომელ-იგი ფუფუნეულ იყოს და ნუკეულ შენ შორის, რომელმან რაჲთურთით არა იცოდის გამოცდილებაჲ სიფიცხლისაჲ და არცა დაედგას ფერჴი ქუეყანასა ზედა სიჩჩოით ფუფუნეულებისა მისისაჲთ, თუალძჳრ იქნეს ქმრისათჳს მკერდისა თჳსისა და შვილთა თჳსთათჳს და ასულთა თჳსთათჳს,
57 მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებშორის, და თავის შვილებს, რომელთაც დაბადებს, რადგან ჩუმად შეჭამს მათ გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი შენს მიწა-წყალზე. 57 რომელი-იგი გამოსრულ იყოს წყვილთა მისთა და შეშჭამდეს ნაშობთა მუცლისა თჳსისათა იდუმალ უპოვარებითა მით და იწროებითა ჭირისა მისისაჲთა, რომელსა-იგი გაჭირებდეს შენ მტერნი იგი შენნი ყოველთა შინა ქალაქთა შენთა.
58 თუ არ შეასრულებ ამ რჯულის ყველა სიტყვას, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი და არ შეუშინდები ამ სამძიმო და საშინელ სახელს - უფალს, შენს ღმერთს, 58 არა თუ ისმინო შენ ყოფად ყოველთა ამათ სიტყუათა სჯულისათა, რომელ-ესე დაწერილ არიან წიგნთა ამათ და გეშინოდის შენ სახელისა მის პატიოსნისა და დიდებულისა უფლისა ღმრთისა შენისაჲსა.
59 შეგყრის უფალი გაუგონარ სატკივრებს შენ და შენს შთამომავლობას, ძნელ და უკურნებელ სატკივრებს, მძიმე და უკურნებელ სნეულებებს. 59 და განაძლიერნეს უფალმან გუემანი იგი შენნი და გუემანი იგი ნათესავისა შენისანი, გუემანი იგი დიდ-დიდნი და საკჳრველნი სენითა მით პირად-პირადითა და ბოროტითა,
60 შენზე მოაბრუნებს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისაც გეშინოდა, და მოგეწებებიან. 60 და მოაქცინეს შენ ზედა სალმობანი იგი მეგჳპტელთანი ძჳრად-ძჳრადნი, რომელთაგან-იგი შეძრწუნებულა მათგან.
61

ყველა ავადმყოფობას, ყველა სატკივარს, რომელიც არ არის ჩაწერილი ამ რჯულის წიგნში, მოავლენს უფალი შენზე, რომ საბოლოოდ განადგურდე.

61

და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი იგი გუემანი, რომელ-იგი წერილ არს და რომელ-იგი არა წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა, მოავლინოს იგი უფალმან შენ ზედა, ვიდრემდის მოგსპოს შენ. 

62 მცირედნიღა დარჩებით, ნაცვლად იმისა, რომ ცის ვარსკვლავებივით უთვალავნი ყოფილიყავით, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის ხმა. 62 და დაშთეთ თქუენ რიცხჳთ მცირედ, რამეთუ იყვნეთ თქუენ სიმრავლით, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი ამისთჳს, რამეთუ არა ისმინეთ თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა.
63 როგორც ხარობდა უფალი თქვენს გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს თქვენზე, როცა მოგსპობთ და გაგანადგურებთ. აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოხვედით. 63 და იყოს, ვითარცა მხიარულ იყო უფალი კეთილის ყოოფასა მას თქუენსა და განმრავლებასა თქუენსა, ეგრე მხიარულ იყოს უფალი ღმერთი თქუენი მოსრვასა მას თქუენსა და აღჴოცასა მას თქუენსა ქუეყანისა მისგან, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა შენთა.
64 გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, დაუწყებ იქ სამსახურს უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამა-პაპა - ხესა და ქვას. 64 და განგაბნინეს თქვენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა მიმართ წარმართთა და ჰმსახურებდეთ თქუენ კერპთა მათ ქვისათა და ძელისათა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა შენთა.
65 ვერ იგრძნობ შვებას იმ ხალხში და არ ექნება შესვენება შენს ფეხებს. გარგუნებს იქ უფალი მხდალ გულს, დავსებულ თვალებს და მწუხარე სულს. 65 არამედ წარმართთა მათ შორის არავე განისუენო შენ და არცაღა იყოს განსუენებაჲ ფერჴთა შენთა. და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან გული ჭუვნიერი და თუალნი ნაკლულევანნი და სული განკაფული.
66 ბეწვზე ეკიდება შენს წინ შენი სიცოცხლე, შიშში იქნება დღისით და ღამით, დაგეკარგება სიცოცხლის სასო. 66 და იყოს ცხორებაჲ შენი დამოკიდებულ წინაშე თუალთა შენთა შეშინებულ იყო შენ დღე და ღამე და არა გრწმენეს შენ ცხოვრებაჲ თავი შენისაჲ.
67 დილით იტყვი: ნეტავ საღამო იყოს! საღამოთი იტყვი: ნეტავ დილა იყოს! იმ შიშის გამო, რითაც სავსე გექნება გული და იმ სანახავის გამო, რასაც დაინახავ. 67 განთიად სთქუათ: ოდესმე დაღამდეს და მწუხრი სთქუა: ოდესმე განთენდეს, შეძრწუნებითა მით გულისა შენისაჲთა და შეშინებითა მით ხილვისა მის თუალთა შენთაჲსა, რომელსა-იგი ხედვიდე შენ.
68 დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში ხომალდებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი, რომ აღარასოდეს იხილავდი მას. იქ შეგაძლევენ შენს მტრებს ყმებად და ყმაქალებად, მაგრამ მყიდველი არავინ იქნება. 68 და მიგაქციოს შენ უფალმან მუნ ვიდრე ეგჳპტედ ნავებითა და გზასა მას, რომელსა-იგი გარქუ თქუენ, ვითარმედ არღარა შესძინოთ თქუენ მოქცევად აქავე, მიგყიდოს თქუენ ჴელთა მტერთა თქუენთასა მონად და მჴევლად და არავინ იყოს, რომელმანცა მიგიყიდნა თქუენ.