ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს - შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,

1

რაჟამს უკუე შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ, დამკჳდრებად მუნ და შემუსრნეს ნათესავნი იგი დიდნი და მართალნი პირისაგან შენისა, ქეტელი იგი, გერგესეველი, ამორეველი იგი, და ქანანელი იგი, და ფერეზელი იგი, ეველი იგი და იობოსელი იგი, შვიდი იგი ნათესავი დიდ-დიდი და უძლიერესი თქუენსა.

2 ხელში ჩაგაგდებინებს და შენც დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო. 2 მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან ჴელთა შენთა, დასცნე შენ იგინი და მოსრვით მოსრნე, არა აღუთქუა აღთქუმაჲ შენი მათ თანა, არცა შევიწყალნე იგინი.
3 არ დაუმოყვრდე, არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად, 3 არცა დაემზახო მათ, ასული შენი არა მისცე მათსა ძესა და ასული მისი არა მოჰგუარო ძესა შენსა.
4 რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით. 4 რამეთუ განდრიკოს ძე იგი შენი ჩემგან და ამსახუროს იგი ღმერთთა უცხოთა და განრისხნეს გულისწყრომითა უფალი შენ ზედა და აღგჴოცოს მსთუად.
5 ასე მოექეცით მათ: დაუნგრიეთ სამსხვერპლოები, დაულეწეთ სვეტები, გაუჩეხეთ ხემხვივანები და ცეცხლში დაწვით მათი კერპები. 5 არამედ ესრეთ უყო მათ, ბაგინები მათი დაამჴუთ, ძეგლები დაჰმუსრეთ, კერპები მათი სერტყები დაჰკაფეთ, ძეგლები მათი დაწვით ცეცხლითა,
6 რადგან წმიდა ერად ყავხარ უფალს, შენს ღმერთს. შენ აგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ჰყოლოდი უნჯ ერად ყველა ერს შორის, რომელიც კი არსებობს დედამიწის ზურგზე. 6 რამეთუ ერი ეგე წმიდა ხართ უფლისა ღმრთისა შენისა. და შენ პირველად გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო შენ მისა ერად საზეპუროდ ყოველთა უფროს ნათესავსა ნათესავთა, რომელნი არიან პირსა ზედა ქუეყანისასა.
7 იმის გამო კი არ მოგისურვა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი იყავი, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ, 7 და არათუ სიმართლისა თქუენისათჳს რაჲმე გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან, რამეთუ თქუენ უმცირეს ხართ ყოველთა ნათესავთა,
8 არამედ იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამა-პაპასთან დადებულ ფიცს. გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან. 8 არამედ, რამეთუ უყუარდით თქუენ უფალსა, დაამტკიცა ფიცი იგი, რომელ ეფუცა მამათა მათ თქუენთა და გამოგიყვანნა თქუენ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გიჴსნა შენ სახლისა მისგან კირთებისაჲსა ჴელთაგან ფარაო, მეფისათა ეგჳპტელთაჲსა,
9 იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი მტკიცე ღმერთია, შემნახველი ათას თაობაში აღთქმისა და წყალობისა მის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს. 9 რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი ესე არს ღმერთი, ღმერთი სარწმუნოჲ, რომელმან დაუმარხის აღთქუმაჲ მისი და წყალობაჲ მისი მოყუარეთა მისთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი მისნი ვიდრე ათასამდე ნათესავად.
10 სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, მათი დამღუპველი უყოყმანოდ. არ დაახანებს, უყოყმანოდ მიუზღავს სამაგიეროს თავის მოძულეებს. 10 და მიაგის პირისპირ მისაგებელი და მოსრვაჲ მოძულეთა მისთა, და არა აყოვნის, დაიცვენ შენ მცნებანი მისნი.
11

დაიცავი მცნებები, წესი და სამართალი, რომლის შესრულებასაც გავალებ დღეს.

11

და ესე სამართალნი და მშჯავრნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, ყოფად მისა.

12 თუ შეისმენთ ამ სამართალს, შეინახავთ და შეასრულებთ მას, უფალი, თქვენი ღმერთიც შეგინახავთ აღთქმას და წყალობს, რაც შეჰფიცა თქვენს მამა-პაპას. 12 და იყოს, რაჟამს ისმინნეთ თქუენ ყოველნი ესე სამართალნი ჩემნი, დაიცვნეთ და მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან აღთქუმაჲ იგი და წყალთბაჲ, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა მათ თქუენთა.
13 შეგიყვარებს, დაგლოცავს, გამრავლებს და გიკურთხებს შენი მუცლის ნაყოფს, შენი მიწის ნაყოფს, პურს, ღვინოს და ზეთს, საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მისაცემად აღუთქვა შენს მამა-პაპას. 13 და შეგიყვაროს შენ და გაკურთხოს შენ და განგამრავლოს შენ, აკურთხნეს ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, იფქლი იგი შენი და ღვინოჲ შენი და ზეთი შენი, ზროხანი სამროწლისა შენისანი და არვები ცხოვართა შენთა ქვეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა ღმერთი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.
14 კურთხეული იქნები ყველა ხალხზე უფრო, არ იქნება შენში და არც შენს საქონელში ბერწი და უნაყოფო. 14 და კურთხეულ იყო შენ ყოველთა უფროჲს ნათესავთა, არა იპოოს ნათესავსა შენსა შორის უმკჳდროჲ, არცა უზუები საცხოვარსა შენსა შორის.
15 აგაშორებს უფალი ყოველგვარ სნეულებას, არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს. 15 და განგაშოროს უფალმან ღმერთმან შენგან ყოველი იგი სენი და სალმობაჲ ბოროტი მეგჳპტელთა, რომელ-იგი იხილე და უწყოდე, არა მოავლინოს იგი შენ ზედა, არამედ მიავლინოს იგი ჴელთა ზედა მტერთა შენთა.
16 შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ნუ შეიწყალებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს, რადგან ხაფანგი იქნება ეს შენთვის. 16 და შეჭამდე შენ ნატყუენავსა მას წარმართთასა რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, არა გეწყალოდიან შენ იგინი, არცაღა ჰმსახურო სამსახურებელთა მათთა, რათა არა საცთურ გეყოს შენ.
17 თუ იტყვი გულში: ჩემზე ბევრნი არიან ეს ხალხები, როგორ შევძლებო მათ განდევნას? 17 უკეთუ სთქუა გონებასა შენსა: არამედ ნათესავი ესე უძლიერ არს შენსა, ვითარ შეუძლო მოსრვად მათა?
18 ნუ შეგეშინდება მათი, გაიხსენე, რა გაუკეთა უფალმა, შენმა ღმერთმა ფარაონს და მთელს ეგვიპტეს - 18 არა გეშინოდის შენ მათგან, მოჴსენებით მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან შენ მიერ ფარაოს და ყოველთა მათ მეგჳპტელთა.
19 დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები და სასწაულები, მაგარი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე უყოფს უფალი, შენი ღმერთი ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია. 19 განსაცდელნი დიდ-დიდნი, რომელ-იგი იხილეს თუალთა შენთა, სასწაულები და ნიშები დიდ-დიდები, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი, ვითარ-იგი გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ეგრე უყოს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა წარმართთა, რომელთაგან გეშინის პირისაგან მათისა.
20

კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ გაანადგურებს ყველას, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.

20

და ბზიკები მოავლინოს უფალმან ღმერთმან მათა, ვიდრე მოესრულნენ ნეშტნი იგი და რომელნი დამალულ იყვნენ პირისაგან შენისა.

21 ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთია, შენს შორის, დიადი და საშინელი ღმერთი. 21 ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი თანა არს, დიდი და ძლიერი.
22 თანდათანობით მოგაშორებს უფალი, შენი ღმერთი ამ ხალხებს. მალე არ უნდა გადააშენო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა. 22 და მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი წარმართნი პირისაგან შენისა მცირედ, არა მოსრნეს იგინი ერთბამად, რათა არა დაშთეს ქუეყანაჲ იგი ოჴრად და განმრავლდენ შენ ზედა მჴეცნი.
23 დაყრის მათ შენს წინაშე, მაგრად შეარყევს მათ და განადგურდებიან. 23 და მიგცნეს შენ იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და მოსრნეს იგინი მოსრვითა დიდითა, ვიდრემდე მოასრულნე იგინი.
24 ხელში ჩაგაგდებინებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახენებელს. 24 და მოგცნეს უფალმან შარავანდედნი მათნი ჴელთა თქუენთა და წარსყმიდოთ საჴსენებელი მათი ადგილით მათით, არა ვინ აღგიდგეს წინაშე შენსა პირსა, ვიდრე მოასრულნე იგინი.
25 ცეცხლში დასწვით მათი ღმერთების ქანდაკები, ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ. ნუ წაიღებ, რომ ხაფანგად არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის. 25 ხატები კერპებისა მათისაჲ დასწუა ვეცხლითა, ნუ გული-გითქუამნ ოქროსა და ვეცხლსა მათსა ნუ მოიღებ თავისა შენისა, რათა არა საცთური გეყოს შენ იგი, რამეთუ საძაგელ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
26 არ შეიტანო სისაძაგლე შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. გეზიზღებოდეს და გძაგდეს, რადგან დარისხებულია იგი. 26 არა შეიღო იგი სახლად შენდა, რამეთუ ბილწი არს, რათა არა მის თანა წყეულ იყოს, დამჴობით დაამჴუნე იგინი და განშორებით განიშორო იგი, რამეთუ წყეულ არს.