ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იზრუნეთ ყველა იმ მცნების შესასრულებლად, რომდებიც დღეს გიანდერძეთ, რომ ცოცხლები დარჩეთ, გამრავლდეთ, წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი. |
1 |
ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, დაიმარხნე იგინი და ჰყო, რათა სცხონდეთ და განმართლდეთ, შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა. |
2 | გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს. | 2 | მოიჴსენნე ყოველნი იგი გზანი შენნი, რომელსა მოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან, ესე მეორმეოცე წელი არს უდაბნოსა მას, ბოროტი ღათუ გიყო შენ და გამოგცადა შენ, რათა გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ და-რაჲძი-იტევნე მცნებანი მისნი, ანუ არა. |
3 | გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი. | 3 | შე-ღათუ-გაურვა შენ სიყმილითა უდაბნოსა მას, მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, რათა გულისხმა-გიყო შენ, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა, ცხონდების კაცი. |
4 | აგერ ორმოცი წელია, რაც შესამოსელი არ დაგძველებია ტანზე და ფეხები არ დაგსივებია. | 4 | სამოსელი შენი არა განგიკფდა, ფერჴი შენი არა გამოგტკუფა, ესე მეორმეოცე წელი არს. |
5 | შეიგნე, როგორც კაცი წვრთნის თავის შვილს, ასევე უფალი, შენი ღმერთია შენი გამწვრთნელი. | 5 | რაჲ გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ, რამეთუ ვითარცა გასწავლის მამამან შვილი თჳსი, ეგრე განგსწავლა შენ უფალმან ღმერთმან შენმან. |
6 | შეასრულე უფლის, შენი ღმერთის მცნებები, იარე მის გზებზე და მისი გეშინოდეს. | 6 | და დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი და ხვიდოდი გზათა მისთა და გეშინოდის შენ მისა, |
7 | რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად, | 7 | რათა უფალმან ღმერთმან შენმან შეგიყვანოს შენ ქუეყანასა მას დიდსა და კეთილსა, სადა-იგი მდინარენი წყალთანი და წყარონი უბსკრულთანი დიან მთათა და ველთა, |
8 | ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, | 8 | ქუეყანასა მას საიფქლესა და საქრთილესა, ქუეყანასა მას ვენაჴოვანსა და ლეღოვანსა და ბროწეულოვანსა, ქუეყანასა კეთილსა თაფლისასა, |
9 | ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ. | 9 | ქუეყანასა მას, რომელსა ზედა არა ცვინეულად შჭამდე პურსა შენსა, არცა ნაკლულევან იყო მას ზედა, რომლისანი ქვანი მისნი არიან რკინა და მამათა მისთა გამოეკუეთების სპილენძი. |
10 | შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა. | 10 | ჰჭამდე და განსძღებოდე და აკურთხევდე უფალსა ღმერთსა შენსა ქუეყანასა მას ზედა კეთილსა, რომელი-იგი მოგცა შენ უფალმან ღმერთმან შენმან. |
11 |
ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, და მისი მცნებები, სამართალი და წესი, რასაც მე გიანდერძებთ დღეს, |
11 |
იგულე თავი შენი, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და არა დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი მისნი, და სამართალნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ. |
12 | რომ, როცა შეჭამ და გაძღები, კარგ სახლებს აიშენებ და დაბინავდები, | 12 | დღესდღე ნუუკუე შჭამდე და განსძღებოდე და ტაძრებსა შუენიერებსა იშენებდე და დაემკჳდრებოდი მათ შინა. |
13 | გაგიმრავლდვბა ცხვარ-ძროხა, უხვად გექნება ოქრო-ვერცხლი და ყოველი საქონელი, | 13 | და განმრავლებითა მით მროწეულისა და არვებისა შენისაჲთა, ოქროჲსა და ვეცხლისა შენისაჲთა |
14 | არ გამედიდურდე და არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, შენი გამომყვანი, | 14 | აღამაღლო გულითა შენითა და განჰლაღნე და დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა სახლისაგან კირთებისა |
15 | რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი. | 15 | და აღგიყვანა შენ უდაბნოსა მას დიდსა და საშინელსა, სადა-იგი გველი და ღრიანკალი კბენდა და წყურილი იგი წყლისაჲ აჭირვებდა მათ, სადა არა იყო წყალი, რომელმან გამოგიდინა შენ წყაროჲ კლდისა მისგან უღაღისა. |
16 | გკვებავდა უდაბნოში მანანით, რაც არ იცოდა თქვენმა მამა-პაპამ, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე შენივე სიკეთისთვის სამომავლოდ; | 16 | რომელმან-იგი უდაბნოსა მას მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ-იგი არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, ბოროტიღა თუ გიყო და გამოგცადა შენ, რათა უკუანაჲსკნელ კეთილი გეყოს და განგისუენოს შენ. |
17 | რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და მკლავის ღონემ შემძინაო ეს დოვლათი. | 17 | ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ ძლიერებითა ჩემითა და სიმტკიცითა მკლავისა ჩემისაჲთა ვყავ ყოველი ესე ძალი. |
18 | გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას, რომ დღევანდელივით შეასრულოს აღთქმა, რომელიც ფიცით დაუდო შენს მამა-პაპას. | 18 | არამედ მოიჴსენო შენ უფალი ღმერთი შენი, რამეთუ მან მოგცეს შენ ძალი და ძლიერებაჲ, რათა აღესრულოს აღთქუმაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა, ვითარცა დღესდღე. |
19 | თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, თუ გაჰყვები უცხო ღმერთვბს, თუ შეუდგები მათ სამსახურს და თაყვანისცემას, ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ არ აგცდებათ გადაშენება | 19 | და იყოს, უკუეთუ დავიწყებით დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და შეუდგე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე მათ და თაყუანის-სცემდე მათ, ვწამებ მე თქუენ წინაშე დღესდღე, რამეთუ მოსრვით მოისრნეთ, |
20 | იმ ხალხებივით, რომლებიც გადააშენა უფალმა თქვენს თვალწინ, თქვენც გადაშენდებით იმის გამო, რომ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვას. | 20 | ვითარცა სხუანი წარმართნი, რომელნი-იგი მოსრნა უფალმან პირისაგან თქუენისა, ეგრე მოგსრნეს თქუენ უფალმან, რამეთუ არა ისმინე თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა. |