ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე ეზრა

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

წიგნი მეორე ეზრა წინასწარმეტყველისა ძისა სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხელკიასი, ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა,

   
2 ძისა ახიასი, ძისა ფინხასისა, ძისა ელიასი, ძისა ამარიასი, ძისა ასიელისა, ძისა მერიმოთისა, ძისა არნასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბორითისა, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა,    
3 ძისა აარონისა ლევის მოდგმიდან, რომელიც იყო დატყვევებული მიდიელთა ქვეყანაში, არტაქსერქსეს, სპარსეთის მეფის დროს.    
4 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი,    
5 წადი და აუწყე ჩემს ხალხს მათი ბოროტმოქმედება და მათი შვილების უკეთურებანი, ჩემს წინააღმდეგ მომართული, რათა ეუწყოს მათ შვილებს.    
6 რადგან ღვივდება მათში მშობლების ცოდვები; ჩემი დამვიწყებელნი უცხო ღმერთებს სწირავენ მსხვერპლს.    
7 განა მე არ გავიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან? მათ კი განმარისხეს მე და შეიძულეს ჩემი რჩევები.    
8 ხოლო შენ მოიკვეცე თმა და დააყარე მას ყოველგვარი უკეთურება, რადგან არ ემორჩილება ჩემს რჯულს გაჯიუტებული ხალხი.    
9 როდემდის მოვუთმინო მათ, ვისთვისაც ამდენი სიკეთე გამიკეთებია?    
10 დავამხე მათ განსადიდებლად ურიცხვი მეფე, შევმუსრე ფარაონი, მისი მორჩილნი და მთელი მისი ლაშქარი.    
11 მრავალი ტომი მათ თვალწინ აღვგავე მიწის პირიდან, აღმოსავლეთში ორი მხარის - ტვიროსისა და ციდონის ხალხი გავფანტე; მათ მტრებსაც, ყველას გავავლე მუსრი.    
12 შენ კი უნდა უთხრა მათ: ამას გაუწყებთ-თქო უფალი.    
13 განა მე არ გამოგიყვანეთ ზღვით და მისი მტკიცე გზა გამოგიჩინეთ? მე არ მოგეცით წინამძღოლად მოსე და მღვდელი აარონი.    
14 დაგიდგინეთ ცეცხლის ნათელი სვეტად და ბევრი სასწაულიც მოგივლინეთ. თქვენ კი დამივიწყეთ მე, ამბობს უფალი.    
15 ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: მწყერი ნიშნად გქონდათ, სიმაგრედ და საფარველად მოგეცით და იქაც ბუზღუნებდით.    
16

არ ზეიმობდით ჩემთ სახელით თქვენს მტერთა განადგურებას, არამედ დღემდე ბუზღუნებთ.

   
17 სად არის წყალობანი, რაც მოგანიჭეთ? განა უდაბნოში დამშეულნი არ შემომღაღადებდით?    
18 ამბობდით: ნუთუ დასაღუპად მოგვიყვანე ამ უდაბნოში? განა ეგვიპტელთა მორჩილება არ გვერჩია ამ უდაბნოში სიკვდილსო?    
19 მე შემაწუხა თქვენმა ოხვრა-კვნესამ და მოგეცით მანანა საჭმელად, ანგელოზთა პურით გკვებავდით.    
20 განა თქვენთვის არ გავხეთქე ქვა, როცა გწყუროდათ, და არ გადმოჩქეფა უხვად წყალმა? ხვატისაგან ხეთა ფოთლებით დაგფარეთ.    
21 დაგინაწილეთ ნაყოფიერი მიწები; ქანაანელები, ფერიზეველები და ფილისტიმელები თქვენს თვალწინ შევმუსრე და მეტი რაღა გიყოთ? ამბობს უფალი.    
22 ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: როცა ისხედით უდაბნოში მორეველთა მდინარის წყლით დარწყულებულნი და გმობდით ჩემს სახელს,    
23 გმობის სანაცვლოდ ცეცხლი არ მომივლენია თქვენთვის, არამედ ძელი ჩავუშვი მდინარეში და დავატკბე წყალი.    
24 შენ რა გიყო, იაკობ? არ გსურს მორჩილება, იუდა. მეც სხვა ხალხთან წავალ, მათ მივცემ ჩემს სახელს, რათა დაიცვან ჩემი მცნებები.    
25 რაკი მიმატოვეთ, მეც მიგატოვებთ. შეწყალებას მომთხოვთ და არ შეგიწყალებთ.    
26 მომიხმობთ და არ შევისმენ თქვენს ვედრებას; რადგან სისხლით არის შესვრილი თქვენი ხელები და თქვენი ფეხები მკვირცხლია კაცის მოსაკლავად.    
27 მე კი არ მიგიტოვებივართ, არამედ საკუთარი თავი, ამბობს უფალი.    
28 ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: განა მე არ მოგიხმეთ, როგორც მამამ ვაჟები, ან როგორც დედამ ასულები, გამზრდელმა თავისი ბავშვები.    
29 რომ ყოფილიყავით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი; თქვენ - შვილები ჩემი და მე - მამა თქვენი.    
30 ისე შეგკრიბეთ, როგორც კრუხმა ფრთის ქვეშ წიწილები. ახლა კი როგორ მოგექცეთ? გაგაგდებთ ჩემი პირისგან.    
31

ძღვენს მომიტანთ და პირს ვიბრუნებ თქვენგან; თქვენი დღესასწაულები, ახალმთავრობები და წინდაცვეთანი დავძრახე.

   
32 გიგზავნით ჩემს შვილებს - წინასწარმეტყველებს, თქვენ კი შეიპყრობთ მათ და ხოცავთ და ხორცს უგლეჯთ; სისხლს მე მოვიკითხავ, ამბობს უფალი.    
33 ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: უკაცრიელია თქვენი სახლი და გაგფანტავთ, როგორც ბზეს ფანტავს ქარი.    
34 შვილები ვეღარ შექმნიან შთამომავლობას, რადგან უარყვეს ჩემი მცნება და ბოროტს სჩადიოდნენ ჩემს წინაშე.    
35 მივცემ თქვენს სახლებს მომავალ ხალხს, რომელიც მოუსმენლად მაღიარებს და სასწაულის მოუვლინებლად აღასრულებს ჩემგან განწესებულს.    
36 წინასწარმეტყველთა უნახავად გაიხსენებენ თავიანთ უკეთურებებს.    
37 მადლს აღვუთქვამ მომავალ ხალხს, ვისი შვილებიც სიხარულით ილხენენ, ხორციელი თვალით ვერ მხედავენ, მაგრამ სულით სწამთ ყველაფერი, რაც მითქვამს.    
38 ახლა, შეხედე, ძმაო, რა არის დიდება: იხილე ხალხი, აღმოსავლეთიდან მომავალი,    
39 რომელსაც მივცემ წინამძღოლად აბრაამს, ისაკსა და იაკობს, ოსიას, ამოსს, მიქას, იოელს, აბდიას, იონას,    
40 ნაუმს, აბაკუმს, სოფონიას, ანგიას, ზაქარიას, მალაქიას, რომელიც უფლის ანგელოზადაც არის წოდებული.