ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამას ამბობს უფალი: მე გამოვიყვანე ეს ხალხი მონობიდან ჩემი შვილების - წინასწარმეტყველთა წყალობით, რომელთა მოსმენა არ მოისურვეს, ფუჭად აქციეს ჩემი რჩევები. |
||
2 | მშობელი დედა ეუბნება მათ: წადით შვილებო, რადგან ქვრივი ვარ მე და მიტოვებული. | ||
3 | სიხარულით აღგზარდეთ და გლოვითა და მწუხარებით გაგიშვით, რადგან შესცოდეთ თქვენი უფალი ღმერთის წინაშე და უკეთურება ჩაიდინეთ მის წინაშე. | ||
4 | ახლა კი რა გიყოთ? ქვრივი ვარ მე და მიტოვებული. წადით, შვილებო, და შესთხოვეთ ღმერთს მოწყალება. | ||
5 | შენ კი, მამავ, იმ შვილთა დედის მოწმედ მოგიხმობ, რომელთაც არ ისურვეს ჩემი აღთქმის სამსახური. | ||
6 | დაატეხე მათ თავს სირცხვილი, განიძარცვოს მათი დედა, რათა არ იარსებოს მათმა მოდგმამ. | ||
7 | ხალხთა შორის განიფანტოს მათი სახელი, აღიგავონ მიწის პირიდან, რადგან მოიძულეს ჩემი ფიცი. | ||
8 | ვაი შენ, აშურო, რომ შეიფარე უსამართლონი. ბოროტო მოდგმავ, გაიხსენე, რაც დავმართე სოდომსა და გომორას, | ||
9 | რომელთა მიწაც მოფენილია კუპრის კოლბოხებით და ფერფლის გროვებით! ასევე მოვექცევი მათ, ვინც არ ისმენს ჩემს სიტყვას, ამბობს ყოვლისშვმძლვ უფალი. | ||
10 | ამას ეუბნება უფალი ეზრას: აუწყე ჩემს ხალხს, რადგან მივცემ მათ სამეფოდ იერუსალიმს, რომელიც ისრაელისთვისაა მიცემული; | ||
11 | მოვიღებ მათ დიდებას და მივცემ სხვებს მარადიულ კარავს, რომელიც მათთვის იყო გამზადებული. | ||
12 | სიცოცხლის ხე ექნებათ მათ სურნელოვან ნელსაცხებლად, იქნებიან ისინი უშრომელნი და არც დაღლა ეცოდინებათ. | ||
13 |
წადით და მიიღებთ, ითხოვეთ, რომ მცირე იყოს თქვენი დღეები, რომ შემოკლდნენ ისინი. უკვე გამზადებულია თქვენთვის სამეფო. ფხიზლად იყავით. |
||
14 | მოწმედ მოუხმე ცასა და მიწას, მე აღვგავე ბოროტება და შევქმენი სიკეთე, რადგან ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი. | ||
15 | დედა, გადაეხვიე შენს შვილებს, გამოზარდე ისინი სიხარულით. დედამტრედის მსგავსად განუმტკიცე ფეხები: რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი. | ||
16 | აღვადგენ მკვდართ მათი ადგილებიდან, გამოვიყვან მათი საფლავებიდან, რადგან ვცანი ჩემი სახელი ისრაელში. | ||
17 | ნუ გეშინია, შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი. | ||
18 | მოგივლენ შემწეებად ჩემს მორჩილთ - ესაიას და იერემიას, რომელთა რჩევით ვაკურთხე და გაგიმზადე თორმეტი ხე, მრავალგვარი ნაყოფით დახუნძლული, | ||
19 | და ამდენივე წყარო თაფლისა და რძისა, და შვიდი უზარმაზარი მთა, მოფენილი ვარდითა და შროშანით, რომლებითაც გავახარებ შენს შვილებს. | ||
20 | სამართალი გაუჩინე ქვრივს, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე გაჭირვებულს, დაიცავი ობოლი, შემოსე შიშველი, | ||
21 | იზრუნე ბეჩავზე და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო დაიცავი, იხილოს ბრმამ ჩემი დიდება. | ||
22 | შეიფარე ბერი და ჭაბუკი შენს კედლებს შორის. | ||
23 | სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე და ბირველ ადგილზე დაგსვამ ჩემი აღდგომის ჟამს. | ||
24 | შეისვენე და დამშვიდდი, ჩემო ხალხო, რადგან მოვა შენი განსვენება. | ||
25 |
კეთილო გამზრდელო, გაზარდე შენი შვილები, ფეხები გაუმტკიცე. |
||
26 | არავინ დაიღუპოს მსახურთაგან, მე რომ მოგეცი, რადგან შენი რიცხვიდან მოვიკითხავ მათ. | ||
27 | ნუ დაიქანცები, რადგან როცა მოვა ჭირისა და სივიწროვის დღე, ზოგი ატირდება და მიეცემა მწუხარებას, შენ კი მოილხენ და სიუხვეში იქნები. | ||
28 | შეშურდებათ ხალხებს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან შენს წინააღმდეგ, ამბობს უფალი. | ||
29 | ჩემი ხელი დაგიფარავს შენ, რომ არ იხილონ ჰინომის ველი შენმა შვილებმა. | ||
30 | გაიხარე, დედაო, შვილებთან ერთად, რადგან მე გიხსნი შენ, ამბობს უფალი. | ||
31 | გახსოვდეს შენი მიძინებული შვილები, რადგან გამოვიყვან მათ ქვეყნის კიდეებიდან და მოწყალებას მოვიღებ მათზე, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. | ||
32 | გულში გყავდეს ჩაკრული შენი შვილები, ვიდრე მოვალ და მოვიღებ მათზე მოწყალებას, რადგან უხვია ჩემი წყაროები და დაუშრეტელია ჩემი მადლი. | ||
33 | მე, ეზრამ, მივიღე ღვთისგან ბრძანება ყორების მთაზე, რომ წავსულიყავი ისრაელში; იქ რომ მივედი, გამკიცხეს და უარყვეს ღვთის მცნება. | ||
34 | ამიტომ გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; რადგან ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს. | ||
35 | მზად იყავით სასუფევლის საზღაურისთვის, რადგან მარადიული ნათელი გაგინათებთ საუკუნოდ. | ||
36 | გაერიდეთ ამ წუთისოფლის ჩრდილს; მიიღეთ თქვენი დიდების სიხარული, დაუფარავად მოვუხმობ მე ჩემს მაცხოვარს მოწმედ. | ||
37 |
მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ. |
||
38 | წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი. | ||
39 | ვინც წუთისოფლის ჩრდილს თავი დააღწიეს და უფლისგან ბრწყინვალე სამოსელი მიიღეს. | ||
40 | ჩაიბარე, სიონო, შენი რიცხვი და მიითვალე თეთრად მოსილნი, ვინც უფლის რჯული აღასრულა. | ||
41 | შესრულდა რიცხვი შენი სანატრელი შვილებისა. შესთხოვე უფლის ძალას, რათა იკურთხოს შენი ხალხი, რომელსაც დასაბამითვე მოუწოდე. | ||
42 | მე, ეზრამ, ვიხილე სიონის მთაზე დიდძალი სიმრავლე, რომლის დათვლა ვერ შევძელი, და ყველანი საგალობლებით ადიდებდნენ უფალს. | ||
43 | მათ შუაგულში იდგა ტანმაღალი ჭაბუკი, ყველასგან გამორჩეული და ყოველ მათგანს თავზე ადგამდა გვირგვინს და კიდევ უფრო მაღლდებოდა მათზე. მე კი გაოცებამ შემიპყრო. | ||
44 | მაშინ ვკითხე ანგელოზს, ვუთხარი: ვინ არიან-მეთქი ესენი, უფალო? | ||
45 | მან მიპასუხა: ესენია, ვინც განიძარცვა მოკვდავთა სამოსელი და უკვდავთა სამოსი შეიმოსა, და აღიარა ღვთის სახელი; ახლა კი გვირგვინდებიან და პალმის რტოებს იღებენ. | ||
46 | და ვუთხარი ანგელოზს: ვინ არის-მეთქი ეს ჭაბუკი, ვინც მათ აგვირგვინებს და პალმის რტოებს აძლევს? | ||
47 | მან მიპასუხა: ეს არის ძე ღვთისა, ვისაც აღიარებენ წუთისოფელში და მეც განვადიდე ისინი, ვინც მტკიცედ იდგა უფლისათვის. | ||
48 | მაშინ მითხრა მე ანგელოზმა: წადი, აუწყე ჩემს ხალხს, თუ რაზომ დიდია და ბევრი უფალი ღმერთის საოცრებანი, შენ რომ იხილე. |