ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ჩვენი ქალაქის დაქცევის ოცდამეათე წლისთავზე ბაბილონში ვიყავი. მოუსვენარი ვიწექი საწოლზე და ფიქრები აშფოთებდა ჩემს გულს. |
||
2 | რადგან ვიხილე სიონის გაუკაცრიელება და ბაბილონში მცხოვრებთა კეთილდღეობა. | ||
3 | და შეძრწუნდა ძლიერ ჩემი სული და შევკადრე უზენაესს მოკრძალებული სიტყვა, | ||
4 | და ვუთხარი: მბრძანებელო უფალო, შენ თავიდანვე, როცა რგავდი მიწას სრულიად მარტო, უბრძანე მტვერს | ||
5 | და მიეცი ადამს მოკვდავის სხეული, მაგრამ ისიც ხომ შენს ხელთა ქმნილებაა და შენ ჩაბერე მას სიცოცხლის სული, და ცოცხალი შეიქნა იგი შენს წინაშე. | ||
6 | შეიყვანე იგი სამოთხეში, რომელიც დანერგა შენმა მარჯვენამ, ვიდრე მიწა გამოჩნდებოდა. | ||
7 | მცნებად მიეცი შენი გზის სიყვარული, მან კი დაარღვია იგი, და შენ უმალვე დაუწესე სიკვდილი მას და მის მოდგმას. გაჩნდნენ ხალხები, ერები და ტომები, რომელთაც სათვალავი არა აქვთ. | ||
8 | დადიოდა ყოველი ხალხი თავის ნებაზე და საოცრებებს სჩადიოდა შენს წინაშე და შეიძულა შენი მცნებები. | ||
9 | იმ დროს რომ მოუვლინე წარღვნა წუთისოფლის მკვიდრებს და ამოწყვიტე ისინი. | ||
10 | თითოეულ მათგანში მოხდა ეს, როგორც ადამისთვის სიკვდილი, ასევე მათთვის წარღვნა. | ||
11 | დატოვე მათგან ერთადერთი ნოე თავისი სახლით და მისგან არის ყოველი მართალი. | ||
12 | როცა დაიწყეს გამრავლება მიწის მკვიდრებმა და მომრავლდნენ მათი შვილები, ერები და მრავალი ხალხი, თავიანთ წინაპრებზე უფრო მეტად დაიწყეს უკეთურების ქმნა. | ||
13 |
და როცა უკანონობას ჩადიოდნენ შენს წინაშე, აირჩიე მათგან ერთი კაცი, სახელად აბრაამი; |
||
14 | შეიყვარე იგი, და მხოლოდ მას განუცხადე შენი ნება. | ||
15 | მიეცი მას მარადიული აღთქმა და უთხარი, რომ არასოდეს გაწირავდი მის მოდგმას; მიეცი მას ისაკი და ისაკს მიეცი იაკობი და ესავი. | ||
16 | გამოაცალკგვე შენთვის იაკობი, ესავი კი უარყავი. დიდი სიმრავლე შეიქნა იაკობი. | ||
17 | გამოიყვანე შენი მოდგმა ეგვიპტიდან და სინაის მთასთან მიიყვანე. | ||
18 | მოდრიკე ცანი, შეარყიე მიწა და შესძარი სამყარო, შეაძრწუნე ქვესკნელი და ააფორიაქე წუთისოფელი. | ||
19 | ოთხ კარიბჭეში გაიარა შენმა დიდებამ ცეცხლისა და მიწის, სუნთქვისა და ყინვის კარიბჭეებში, რათა იაკობის მოდგმისთვის რჯული მიგეცა და სიმტკიცე - ისრაელის თაობებისთვის. | ||
20 | არ წაართვი მათ ბოროტი გული, რათა შენს რჯულს ნაყოფი გამოეღო მათში. | ||
21 | რადგან ბოროტი გულის პირველი მტვირთველი ადამი შეცდა და იძლია, ასევე ყველა, ვინც მისგან იშვა. | ||
22 | მუდმივი გახდა უძლურება და რჯული ხალხის გულში ბოროტების ძირს შეეზარდა; განშორდა, რაც კეთილი იყო და დარჩა ბოროტება. | ||
23 | გამოხდა ხანი და გასრულდა წლები, და შენ აღადგინე შენთვის კაცი მორჩილი, სახელად დავითი, | ||
24 | და უთხარი მას, აეგო ქალაქი შენს სახელზე და ეკმია შენთვის და მსხვერპლი შეეწირა. | ||
25 | ასე იყო მრავალი წელი, მაგრამ შესცოდეს ამ ქალაქის მცხოვრებლებმა. | ||
26 | ყველაფერში ისე იქცეოდნენ, როგორც ადამი და მთელი მისი შთამომავლობა, რადგან მათაც ბოროტი გული ჰქონდათ. | ||
27 |
და შენს მტრებს ჩაუგდე ხელში შენი ქალაქი. |
||
28 | ნუთუ უკეთესად იქცევიან ბაბილონის მკვიდრნი და ამის გამო გაბატონდებიან სიონზე? | ||
29 | როცა მივედი იქ, ვიხილე უკეთურებანი, რომელთაც სათვალავი არ ჰქონდა; ბევრი ცოდვილი ჰყავს ნანახი ჩემს სულს ამ ოცდაათ წელიწადში. გულიც მაქვს შეღონებული, | ||
30 | რადგან ხედავს იგი, როგორ ემხრობი ცოდვილთ, როგორ დაინდე ბოროტისმოქმედნი, დაღუპე შენი ხალხი, შენი მტრები კი დაიცავი და არ ამხილე. | ||
31 | ვერ ვიხსენებ, როგორ უნდა დაკარგულიყო ეს გზა? ნუთუ ბაბილონი სიონზე უკეთესად იქცევა? | ||
32 | ან ისრაელის გარდა სხვა ხალხს თუ შეუცვნიხარ შენ? ან რომელმა ტომმა ირწმუნა შენი აღთქმა იაკობის მსგავსად? | ||
33 | მათი საზღაურიც არ გამოჩენილა, არც მათ საქმეს მოუღია ნაყოფი. გავედი და მოვიარე ხალხები, ვიხილე ისინი გამდიდრებულნი, მაგრამ არ ახსოვდათ შენი მცნებები. | ||
34 | ახლა დადე სასწორზე უკეთურებანი - ჩვენიცა და მათიც, წუთისოფელში რომ ცხოვრობენ; მხოლოდ ისრაელში იპოვება შენი სახელი. | ||
35 | ან როდის არ შეუცოდავს შენს წინაშე დედამიწის მკვიდრს? ან სხვა რომელ ხალხს დაუცავს შენი მცნებები? | ||
36 | ერთ ვინმეს კი იპოვნი მათ შორის შენს მცნებათა დამცველს, მთელ ხალხს კი ვერ იპოვნი. |