ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი. |
||
2 | მითხრა: ამ წუთისოფელს ჩაწვდა შენი გული და ახლა უზენაესის გზის შემეცნებას ფიქრობ? | ||
3 | ვთქვი, ასეა-მეთქი, ჩემო უფალო. მიპასუხა: სამი გზის საჩვენებლად ვარ შენთან გამოგზავნილი და სამ მსგავსებას დაგიდებ წინ. | ||
4 | თუ ამათგან ერთზე მაუწყებ რასმე, მეც გიჩვენებ გზას, რომლის ხილვა გსურს, და გასწავლი, საიდან არის ბოროტი გული. | ||
5 | ვთქვი; მაუწყე-მეთქი, ჩემო უფალო, და მაუწყა: მოდი, ამიწონე ცეცხლი, ან გამიზომე ქარის ქროლვა, ან უკუიხმე დღე, რომელიც გავიდა. | ||
6 | ვუპასუხე და ვუთხარი: დაბადებულთაგან ვის შეუძლია ამის გაკეთება, რასაც მთხოვ-მეთქი? | ||
7 | მან მითხრა: რომ მეკითხა რამდენი სამკვიდრებელია ზღვის გულში, ან რამდენი წყარო ქვესკნელის სათავეში, ან რამდენი წყაროა ცამყარს ზემოთ, ან რომელია სამოთხის შესასვლელები-მეთქი, | ||
8 | მეტყოდი: არც ქვესკნელში, არც ჯოჯოხეთში არასდროს ჩავსულვარ, არც ზეცად ავმაღლებულვარო. | ||
9 | ამიტომაც გკითხე ცეცხლისა და ქარის თაობაზე ან დღეებზე, რომლებიც გამოგივლია, და რომელთაგან არ შეგიძლია გამოცალკევება; შენ კი ვერ მიპასუხე. | ||
10 | მითხრა: რაც სიყრმიდანვე თან გახლავს, ის ვერ შეიმეცნე | ||
11 | და, აბა, როგორ შეუძლია მოიცვას შენმა ჭურჭელმა უზენაესის გზა, და ამ, უკვე გახრწნილ წუთისოფელში მყოფმა როგორ შეიმეცნოს უხრწნელება ჩემს წინაშე? | ||
12 | მე ვუთხარი: უმჯობესი იქნებოდა არ გავჩენილიყავით, ვიდრე უკეთურებებში გაგვეტარებინა ცხოვრება, გვეწვალა და არ გვცოდნოდა რისთვის-მეთქი. | ||
13 | ხოლო მიპასუხა: წავედი მინდვრის ტყეში და აჰა, ბჭობდნენ ერთმანეთში ხეები, | ||
14 | ამბობდნენ: მოდით, ზღვაზე გავილაშქროთ, რათა უკუიქცეს ჩვენგან და ტყისთვის ახალი ადგილები მოვიპოვოთო. | ||
15 | მსგავსადვე ზღვის ტალღებიც ბჭობდნენ ერთმანეთში, ამბობდნენ: მოდით, წავიდეთ, დავლაშქროთ მინდვრის ტყეები, რათა იქაც დავიმკვიდროთ ჩვენთვის ახალი ადგილებიო. | ||
16 | მაგრამ ამაო აღმოჩნდა ტყის განზრახვა, რადგან მოვიდა ცეცხლი და შთანთქა იგი. | ||
17 |
ასე დაემართა ზღვის ტალღებსაც: ქვიშა გადაუდგა წინ და არ გაუშვა. |
||
18 | შენ რომ ყოფილიყავი მათი მსაჯული, ვის გაამართლებდი, ან ვის დასდებდი მსჯავრს? | ||
19 | მივუგე და ვთქვი: ფუჭი იყო ორივეს ბჭობა: მიწა ტყისთვისაა განკუთვნილი, და ზღვას კი თავისი ადგილი აქვს ტალღების სატარებლად. | ||
20 | მომიგო და თქვა: სწორად განსაჯე. რატომ არ განსაჯე ასე საკუთარი თავი? | ||
21 | როგორც მიწა ტყისთვის არის მოცემული და ზღვა - მისი ტალღებისთვის, ასევე, მიწის მკვიდრს მხოლოდ მიწაზე არსებულის შემეცნება შეუძლია; ცის მკვიდრთ კი იმისა, რაც ცაშია. | ||
22 | მივუგე და ვთქვი: გევედრები, უფალო, მომენიჭოს შემეცნების უნარი. | ||
23 | მე ხომ არ გეკითხები შენს უზენაეს საქმეებზე, არამედ იმაზე, რასაც ყოველდღე განვიცდით ჩვვნ: თუ რატომ მიეცა ისრაელი ხალხებს საგინებლად? ხალხი, რომელიც შეიყვარე, უღვთოთა ხელშია ჩაგდებული, ჩვენი წინაპრების რჯული დასაღუპადაა განწირული და აღარსად არსებობს დაწერილი მცნებები. | ||
24 | კალიასავით ჩავივლით ამ წუთაასოფელში და შიში და ძრწოლაა ჩვენი ცხოვრება, და აღარც მოწყალების ღირსნი ვართ. | ||
25 | მაგრამ რას უზამს თავის სახელს, რომელიც დაგვერქვა ჩვენ. აი, ეს არის ჩემი საკითხავი. | ||
26 | მომიგო და თქვა: რაც მეტს გამოიძიებ, ხშირად გაოცდები; რადგან სწრაფად გადის ეს წუთისოფელი. | ||
27 | ძნელად თუ აღსრულდება, რაც მომავალში მართალთათვის არის აღთქმული: რადგან წუთისოფელი უსამართლობით და უმტკიცობით არის სავსე. | ||
28 | ამაზე მეკითხები და გეტყვი: დათესილია ბოროტება და ჯერ არ დამდგარა მისი ამოძირკვის ჟამი. | ||
29 | ამიტომაც, თუ არ განადგურდა, რაც დათესილია, და არ აღიგავა ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი, არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი. | ||
30 | რადგან ბოროტების თესლის მარცვალი ადამის გულშია დასაბამიდან ჩათესილი და რაოდენი უკეთურება წარმოშვა დღემდე და კიდევ წარმოშობს, ვიდრე მკის ჟამი მოაწევდეს. | ||
31 | განსაჯე შენთვის: უკეთურების რამდენ ნაყოფს გამოიღებს ბოროტების თესლის მარცვალი | ||
32 | და რა ფართო იქნება კალო, როცა უთვალავი თავთავი მოიმკება. | ||
33 | ვკითხე და ვთქვი: როდის და როგორ-მეთქი? რატომ არის ხანმოკლე და მძიმე ჩვენი წლები-მეთქი? | ||
34 |
მიპასუხა და მითხრა: ნუ გაუსწრებ უზენაესს; ამაოდ ცდილობ გაუსწრო მას, რაც უნდა შორს იყო წასული. |
||
35 | განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი? | ||
36 | ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო წუთისოფელი; | ||
37 | საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული. | ||
38 | მე ვუპასუხე: მბრძანებელო, უფალო, ჩვენც ყველანი ხომ აღსავსენი ვართ უკეთურებით? | ||
39 | იქნებ ჩვენს გამო არ აღვსებულა მართალთა კალოები, მიწის მკვიდრთა ცოდვების გამო? | ||
40 | ხოლო მან მიპასუხა და თქვა: წადი და ჰკითხე ფეხმძიმეს, თუ შეძლებს მისი საშო ნაყოფის შეკავებას, როცა ცხრა თვე შესრულდება-თქო? | ||
41 | მე ვთქვი: ვერ შეძლებს, უფალო. მან მითხრა: საშოს მსგავსია ქვესკნელში სულთა სამყოფელნი. | ||
42 | როგორც ჩქარობს მშობიარე მოითავოს შობის აუცილებლობა, ასევე ჩქარობს ისიც გასცეს, რაც მინდობილი აქვთ დასაბამიდან. | ||
43 | გამოგეცხადება ყველაფერი, რისი ხილვაც გსურს. | ||
44 | მე ვუპასუხვ და ვთქვი: თუკი ვპოვე მადლი შენს თვალში, თუ შესაძლებელია და თუ ღირსი ვარ, | ||
45 | გამომიცხადე, მეტია თუ არა მომავალი წარსულზე, ან თუ აღემატება განვლილი მომავალს? | ||
46 | რაც განვლილია, ვიცი; რაც მომავალია, არ ვუწყი. | ||
47 | მან მითხრა: დადექი მარჯვენა მხარეს და მსგავსების განმარტებას გამოგიცხადებ. | ||
48 | მეც დავდექი და დავინახვ: აჰა, ჩამიარა გავარვარებულმა ქურამ. ალმა რომ ჩაიარა, დავინახე, აჰა, დარჩა კვამლი. | ||
49 | შემდეგ ჩამიარა წყლით სავსე ღრუბელმა და მოვიდა მძაფრი წვიმა; წვიმამ რომ ჩაიარა, წვეთები დარჩა ღრუბელში. | ||
50 | და მითხრა: იფიქრე შენთვის: როგორც წვიმა აღემატება წვეთებს და ცეცხლი - კვამლს, ასე წარსულმა გადააჭარბა მომავალს; ხოლო წვეთები და კვამლი კი დარჩა. | ||
51 | ხოლო მე შევღაღადე და ვთქვი: როგორ ფიქრობ, მოვესწრები-მეთქი ამ დღეებს? ან რა იქნება-მეთქი მაშინ? | ||
52 | მიპასუხა და მითხრა: ნიშნები, რომლებზეც მეკითხები, ნაწილობრივ შემიძლია განგიმარტო; მაგრამ არა ვარ გამოგზავნილი იმისთვის, რომ შენს სიცოცხლეზე გელაპარაკო; რადგან არ ვიცი. |