ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მაშინ ვინმე ელეაზარმა, ქვეყნის სამღვდელოებაში განთქმულმა კაცმა, რომელიც მოხუცებულობის ასაკს იყო მიწევნილი და ყველანაირი ღირსებით შემკობილი, დააწყნარა თავის ირგვლივ მოხუცებულნი წმიდა ღმერთისადმი ღაღადებისგან და ასე ილოცა: |
||
2 | მეუფეო ყოვლადძლიერო, უზენაესო, ყოვლისმყრობელო, ღმერთო, ყოვლის გამრიგევ მოწყალებით! | ||
3 | მოხედე, მამაო, აბრაამის მოდგმას, კურთხეული იაკობის შვილებს, შენს წილხვედრილ კურთხეულ ერს, უცხო მიწაზე, როგორც უცხო, უსამართლოდ რომ იღუპება. | ||
4 | შენ შთანთქე ზღვაში ფარაონი, ამ ეგვიპტის წინანდელი ხელმწიფე, თავხედი და მზვაობარი, თავისი დიდძალი ეტლიონითა და ამაყი ლაშქრითურთ, და დაღუპე, ისრაელის მოდგმას წყალობის ნათელი გამოუბრწყინე. | ||
5 | შენ მოუდრიკე ქედი სანქერიბს, აშურელთა სასტიკ მეფეს, ურიცხვი ლაშქრით გათამამებულს, რომელმაც თითქმის მთელი დედამიწა დაიმორჩილა შუბით და შენს წმიდა ქალაქზეც გაილაშქრა, მწარე სიტყვებს რომ ლაპარაკობდა ტრაბახითა და შეურაცხებით, შენ გააცამტვერე იგი, მეუფევ, რათა მრავალი ხალხისთვის შენი ძალა გეჩვენებინა. | ||
6 | ის სამი ყრმა ბაბილონში, რომელთაც ფუჭი კერპების თაყვანისცემაზე უარის ნიშნად ნებით მიანდეს ცეცხლს სიცოცხლე, აგიზგიზებულ ღუმელში ცვარის პკურებით ისე იხსენი, რომ თმის ერთი ღერიც არ დაშავებიათ, ცეცხლის ალი კი მათი მტრებისკენ მიმართე. | ||
7 | შენ ამოიყვანე უვნებელად დღის სინათლეზე დანიელი, რომელიც შურიანთა ცილისწამებით ხაროში იყო ჩაგდებული ლომების შესაჭმელად. | ||
8 | შენ მოხედე იონას მოწყალე თვალით, მამაო, როცა მას სიღრმის მკვიდრის, ვეშაპის სტომაქში გახრწნა მოელოდა და უვნებელი მოუვლინე იგი მისიანებს. | ||
9 | და ახლაც შენ, რომელიც მოძულე ხარ შეურაცხებისა, მრავალმოწყალე და ყოველთა მფარველი, სწრაფად გამოეცხადე ისრაელის მოდგმას, ურჯულო და ბილწი წარმართებისგან შეჭირვებულს. | ||
10 | და თუ უკეთურად გაგვიტარებია ცხოვრება გადასახლებაში, ჯერ გვიხსენი მტრის ხელიდან და, როგორც ინებებ, ისე დაგვღუპე, მეუფევ. | ||
11 | მადლი არ მიაგონ ფუჭმორწმუნეებმა თავიანთ ფუჭ ღმერთებს რჩეულების დაღუპვის გამო, არა თქვან: საკუთარმა ღმერთმაც ვერ იხსნაო ისინი. | ||
12 | ხოლო შენ, ყოვლგნით ძალმოსილო, მარადიულო, ახლა მოგვხედე და შეგვიწყალე ჩვენ, უგუნურად გამძვინვარებულ ურჯულოთა ხელში ბოროტმოქმედთა მსგავსად რომ ვიღუპებით. | ||
13 | შიშით შეძრას დღეს წარმართები შენმა უძლეველმა ძალამ, პატივოსანო, რომელსაც ძალგიძს იაკობის მოდგმის გადარჩენა. | ||
14 |
შენ გევედრებიან ცრემლის ღვრით უამრავი ბავშვი და მათი მშობლები. |
||
15 | დაინახონ წარმართებმა, უფალო, რომ ჩვენთან ხარ, და ნუ იბრუნებ პირს ჩვენგან, არამედ როგორც გითქვამს, მტრების მიწაზეც არ მივატოვებო მათ, ისე აღასრულე, უფალო. | ||
16 | დაასრულა თუ არა ლოცვა ელეაზარმა, შემოვიდა იპოდრომზე მეფე ცხოველებითა და მთელი თავისი ზვიადი ლაშქრითურთ. | ||
17 | დაინახეს იგი იუდაელებმა და ისეთი ხმით შეღაღადეს ცას, რომ მახლობელ ხეობაში გაისმა გამოძახილი, და აუტანელმა შიშმა მოიცვა მთელი ჯარი. | ||
18 | მაშინ გააცხადა თავისი წმიდა სახე სახელოვანმა ყოვლისმპყრობელმა, და ჭეშმარიტმა ღმერთმა და გაიღო ციური კარიბჭენი, და ორი დიდებული, საშინელი სახილველი ანგელოზი, ჩამოვიდა იქიდან; ყველა ხედავდა მათ, იუდაელების გარდა. | ||
19 | წინ გადაუდგნენ მტრის ლაშქარს და შიშითა და ძრწოლით აავსეს იგი, და შეურყეველი ხუნდები დაადეს. | ||
20 | მეფეს მთელი ტანი აუცახცახდა და დაავიწყდა ამპარტავნობაც და რისხვაც. | ||
21 | ცხოველები შეტრიალდნენ და აღჭურვილ ლაშქარს ეკვეთნენ, ფეხით გადათელეს და მუსრი გაავლეს. | ||
22 | მაშინ მეფის რისხვა შეცვალა სინანულმა და ცრემლმა იმის გამო, რაც განზრახული ჰქონდა იუდაელთათვის. | ||
23 | რადგან, როცა გაიგონა მათი ყვირილი და დაინახა დასაღუპად განწირულნი, ატირდა და მუქარით უთხრა თავის მეგობრებს: | ||
24 | მეფის უფლებებს აჭარბებთ და მტარვალებზე სასტიკად იქცევით; ჩუმჩუმად იმასაც კი ცდილობთ, რომ მე, თქვენს კეთილისმყოფელს, ძალაუფლება და სიცოცხლე წამართვათ სამეფოსთვის საზიანო მოქმედებით. | ||
25 | ვინ გამოყარა სახლებიდან და ვინ გამოამწყვდია აქ უგუნურად ეს ხალხი, რომელსაც საიმედოდ ეპყრა ჩვენი ქვეყნის ციხე-სიმაგრეები? | ||
26 | ვინ სტანჯავს ასე უსამართლოდ ამ ხალხს, ყველა ხალხისგან გამორჩეულს დასაბამიდან ჩვენდამი ერთგულებაში, რომელსაც ხშირად უნახავს ხიფათი? | ||
27 | ახსენით, ჩამოხსენით ამ უდანაშაულო ხალხს უსამართლო ბორკილები! მშვიდობით გაისტუმრეთ უკან და პატიება სთხოვეთ ყველაფრისთვის, რაც წინათ ჩაგიდენიათ. | ||
28 |
გაათავისუფლეთ შვილები ცის ყოვლისმპყრობელი ღმერთისა, მარადცხოვლისა, რომელიც წინაპართ დროიდან დღემდე დიდებასა და სიმტკიცეს ანიჭებს განუწყვეტლივ ჩვენს სახელმწიფოს. |
||
29 | ეს თქვა მეფემ. ხოლო ეს-ეს არის სიკვდილს გადარჩენილი იუდაელები ჰმადლობდნენ წმიდა ღმერთს, თავიანთ მხსნელს. | ||
30 | შემდეგ, როცა ქალაქში დაბრუნდა მეფე, მოიხმო მეღვინეთუხუცესი და უბრძანა მას, გაემზადებინა იუდაელებისთვის ღვინო და ყველაფერი, რაც საჭირო იქნებოდა შვიდდღიანი ნადიმის გადასახდელად; გადაწყვიტა, რომ მათ დიდი სიხარულით ეზეიმათ გადარჩენა სწორედ იმ ადგილზე, სადაც თავიანთ აღსასრულს უნდა შეხვედროდნენ. | ||
31 | მაშინ იუდაელები, რომლებიც ამის წინ დამცირებულნი და შავეთის პირს მიმდგარნი იყვნენ, განემზადნენ გადარჩენის სალხინოდ ნაცვლად მწარე და საწყალობელი სიკვდილისა, და სიხარულით ავსილებმა სადღესასწაულოდ გადააქციეს ადგილი, რომელიც მათ სასიკვდილოდ და დასასამარებლად იყო განწესებული. | ||
32 | შეწყვიტეს გლოვა და მათი მხსნელი და სასწაულთმოქმედი ღმერთის მადიდებლებმა წამოიწყეს მამაპაპეული საგალობელი. კვნესა და ვაება უკუაგდეს და გააბეს ფერხულები სამშვიდობო სიხარულის ნიშნად. | ||
33 | ასევე მეფემაც გამართა დიდი ნადიმი ამ ამბის გამო და დაუცხრომელად ჰმადლობდა ზეცას, რომ შეესწრო იუდაელთა სასწაულებრივ გადარჩენას. | ||
34 | ხოლო ისინი, ვინც იუდაელნი დასაღუპად და ფრინველთა საჯიჯგნად გაწირა და სიხარულით აღრიცხა ისინი, ახლა სირცხვილისგან ოხრავდნენ და ცეცხლივით აგიზგიზებული მათი თავხედობა სამარცხვინოდ დაცხრა. | ||
35 | იუდაელებმა კი, როგორც ითქვა, ნადიმის შემდეგ ფერხული გააბეს და სამადლობელ სიმღერებში და საგალობელთა გალობაში გაატარეს დღესასწაული, | ||
36 | დაადგინეს საყოველთაო წესად, რომ ყველგან, სადაც კი იუდაელები იცხოვრებენ, თაობიდან თაობაში, სიხარულით ეზეიმათ ეს დღეები არა სმა-ჭამისა და ღრეობის მიზნით, არამედ ღვთისგან მოვლენილი მათი ხსნის აღსანიშნავად. | ||
37 | მერე მეფეს ეახლნენ და დაეთხოვენ თავ-თავიანთ სახლებში წასასვლელად. | ||
38 | მათი აღწერა მიმდინარეობდა პაქონის ოცდამეხუთე დღიდან ეპიფის მეოთხე დღემდე - ორმოცი დღის განმავლობაში. მათი განადგურების დღეებად დადგენილი იყო ეპიფის მეხუთე დღიდან მეშვიდე დღემდე - სამი დღე. | ||
39 | ამ დღეებშა დიდებულად მოუვლინა მათ წყალობა ყოვლისმპყრობელმა და ერთიანად იხსნა ისინი. | ||
40 | მეფის ნაწყალობევით ნადიმობდნენ მეთოთხმეტე დღემდე, რა დღესაც ეახლნენ მეფეს დასათხოვნად. | ||
41 | მეფემ შეიწყნარა ისინი და მისწერა ქალაქში მყოფ მხედართმთავრებს დაბეჭდილი წერილი, დიდსულოვნად გამოხატა რა თავისი ზრუნვა იუდაელებზე: |