ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მისწვდა საბას დედოფალს სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი, და მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა იგი.

1

დედოფალსა მას საბიასსა ესმა სახელი სოლომონისი და სახელი უფლისა და წარმოვიდა გამოცდად მისა იგავითა.

2 მოვიდა იერუსალიმში დიდძალი დოვლათით; აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები. მოვიდა სოლომონთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა. 2 და მოვიდა იერუსალჱმდ ძალითა დიდითა და აქლემებითა, რომელთა ეკიდა საკუმეველი და ოქრო დიდად ფრიად და თვლები პიტიოსნები და შევიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსავე, რაცა იყო გულსა მისსა.
3 ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა; არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა იგი. 3 და განუმარტნა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა იყო სიტყუაჲ დამალულ მეფისაგან, რომელი არა განუმარტა მას.
4 დაინახა საბას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე, ნახა მისი აშენებული სახლი, 4 და იხილა დედოფალმან მან საბასამან ყოველი იგი სიბრძნე სოლომონისი და ტაძარი იგი, რომელ აღაშენა.
5 მისი სუფრის სასმელ-საჭმელი, მის მორჩილთა საცხოვრებელი, მის მორჩილთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მწდეები, აღსავლენი მსხვერპლი, რომელსაც აღავლენდა უფლის სახლში, და გაოგნებულმა 5 და სანოაგე იგი სოლომონისი და სასხდომელი მონათა მისთა და წესი მსახურთა და სამკაული მისი და მწდენი მისნი და საჭურისნი მისნი და შესაწირავნი მისნი, რომელსა შესწირვიდა სახლსა მას უფლისასა, და უკჳრდა.
6 უთხრა მეფეს: მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე. 6 და ჰრქუა მეფესა სოლომონს: ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ იგი, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.
7 სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის. უფრო მეტი სიბრძნე და დოვლათი გქონია, ვიდრე გამეგონა. 7 და არა მრწმენა მთხრობელთა მათ, ვიდრემდე მე თჳთ მოვედ და იხილეს თუალთა ჩემთა და, აჰა, ზოგიცა არა იყო, რომელსა მითხრობდეს მე სიბრძნისა შენისასა, რამეთუ შესძინე კეთილი ყოველსა მას სმენილსა, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩუენსა.
8 ბედნიერია შენი ხალნი, ბედნიერები არიან ეს შენი მორჩილნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს: 8 სანატრელ არიან ცოლნი შენნი და სანატრელ არიან მონანი შენნი, რომელნი დგანან შენს წინაშე და მარადის ესმის ყოველი ეგე სიბრძნე შენი.
9 კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა ისრაელის ტახტზე დაესვი. უფლის მარადიული სიყვარულის გამო ისრაელისადმი დაუდგენიხარ მეფედ სამართლისა და სიმართლის გასაჩენად. 9 და იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელსა სათნო-უჩნდი შენ მიცემად საყდრისა ისრაჱლისასა, რამეთუ შეიყუარა უფალმან ისრაჱლი სამკჳდრებელად უკუნისამდე და დაგადგინა შენ მეფედ მათ ზედა და ყოფად სასჯელისა და სამართლისა მათ ზედა.
10 უბოძა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალიო ნელსაცხებელი და ძვირფასი თვლები. მეტჯერ აღარ შემიასულა ამდენი ნელსაცხებელი, რამდენიც საბას დედოფალმა უბოძა მეფე სოლომონს. 10 და მიუპყრა სოლომონს ას და ოცი ტალანტი ოქროსა და საკმეველი დიდად ფრიად და თვლები პატიოსანი, რამეთუ არა მოღებულ იყო მუნ საკუმეველი სურნელი უფროს მისა, რომელი-იგი მოართვა დედოფალმან მან მეფესა სოლომონს.
11

ხირამის ხომალდმაც, რომელსაც ოქრო მოჰქონდა ოფირიდან, მოიტანა ოფირიდანვე დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი თვლები.

11

და ნავი იგი ქირამისი, რომელსა მოაქუნდა ოქრო სოფერით, მოიღო ძელიცა უთლელი ფრიად და თვალები პატიოსანი.

12 გააკეთა მეფემ სანდალოზისგან მოაჯირი უფლის სახლისთვის და სამეფო სახლისთვის, ებნები და ქნარები მგალობელთათვის. მეტჯერ აღარ შემოსულა და დღემდე არავის უნახავს ამდენი სანდალოზის ხე. 12 და შექმნა მეფემან სოლომონ ძელი იგი უთლელი სამყაროდ ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ნესტუად და ქნარად შემასხმელთა მათთჳს და არავინა მოღებულ იყო ეგევითარი ძელი უთლელი ქუეყანასა მას მოდღენდელად დღემდე.
13 მისცა მეფე სოლომონმა საბას დედოფალს ყველაფერი, რაც კი მან ინება და სთხოვა, გარდა იმისა, რაც თავისი ხელით ჰქონდა ნაჩუქარი, როგორც მეფე სოლომონს ეკადრებოდა. უკან გაბრუნდა და წავიდა იგი თავის ქვეყანაში თავის მორჩილებთან ერთად. 13 და მეფემან სოლომონ სცა დედოფალსა მას საბასსა ყოვლისაგან, რაცა უნდა და სთხოვა, გარნა მისგანი არარომელი მოართვა მას მეფესა სოლომონს, და მიიქცა და წარვიდა ქუეყანადვე თჳსა იგი და ყოველნი მონანი მისნი.
14 ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად 14 და იყო სასწორი ოქროსა მის ძღუენთა, რომელ მოართვეს სოლომონს წელიწადსა მას ერთსა შინა ექუსასსამეოცდაექუს სასწორი ოქროსა,
15 იმის გარდა, რაც შემოჰქონდათ მოგზაურებს და ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა განმგებლებს. 15 გარეშე ხარკთა მათ, რომელ განაწესნეს და ვაჭართა მათ, რომელნი აქცევდეს და მეფეთა მათ წიაღ მდინარეთა და მთავართა მათ მის ქვეყანისათა.
16 გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი მუზარადი ნაჭედი ოქროსგან. ექვსასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ მუზარადზე. 16 და ქმნა მეფემან სოლომონ სამასი ჰოროლი ოქროსი ჭედილი და სამას-სამასი დრაჰკანი ზედა თჳთეულად ოროლებსა მას.
17 და სამასი ფარი ნაჭერი ოქროსგან, სამი მანა ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში. 17 და სამასი ყორი ქმნა ჭედითი და სამნაკეცლად გარემოწმასვითი ოქრო თჳთეულად ფარებსა მას და მისცა იგი მეფემან სახლსა მას მაღნარისასა ლიბანედ.
18 გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი დაფერა. 18 და ქმნა მეფემან საყდარი პილოსძვალისა დიდი და შემოსა იგი ოქროთა რჩეულითა.
19 ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, საზურგე მომრგვალებული იყო, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს თითო ლომი ედგა გვერდით. 19 და ექუს მენაკ აღსავალი საყდრისა და თავნი კუროთანი ზედა საყდარსა მას ზურგით კერძო და ჴელნი იმიერ და ამიერ ზედა საყდარსა მას და ორნი ლომნი იმიერ და ამიერ ჴელთა მათ თანა.
20 ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა; არცერთ სამეფოში არ ყოფილა ამის მსგავსი რამ. 20 და ათორმეტი ლომი დგა ზედა აღსავალთა მათ მენაკთა იმიერ და ამიერ და არა იპოვა ესევითარი სახე ყოველთა შარავანდთა თანა.
21

სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული ოქროსი იყო; ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს.

21

და ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი სოლომონისი იყო ოქროსაგანი და ავაზანი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი სახლისა მის ლიბანისა ოქროთა შემოსილი და არა იყო ვეცხლი, რამეთუ არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისათა, ვითარმედ არს რამე.

22 რადგან მეფის თარშიშული ხომალდები ხირამის ხომალდებთან ერთად გადიოდა ზღვაში; წელიწადში ერთხელ მოდიოდა თარშიშული ხომალდი და მოჰქონდა ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდა ყაფუზუნები და ფარშავანგები. 22 რამეთუ ნავი თარშისა იყო მეფისა სოლომონისა ზღუასა შინა ნავთა თანა ქირამისათა და მესამესა წელსა მოიწიის მეფისა ნავი თარშით და მოართვეს ოქრო და ვერცხლი, ანთრაკი წახნაგებული და უთლელი და შუა პილოთა და ქია და ფარშამანგები.
23 ქვეყნიერების ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი დოვლათითა და სიბრძნით. 23 და განდიდნა სოლომონ უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა სიმდიდრითა და სიბრძნითა.
24 მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა. 24 და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს ხილვად პირსა სოლომონისასა და სმენად მისგან სიბრძნისა მისისა, რომელ მოსცა უფალმან გულსა მისსა.
25 ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები. ასე იყო ყოველწლიურად. 25 და იგინი მოართუმიდეს მას თჳთვეულად ძღუენსა ჭურჭელსა ოქროსასა და ვეცხლისასა, სამოსელსა და შტახსებსა, საკმეველსა, ცხენთა და ჯორთა წლითი წლად.
26 თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს; ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი; განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. 26 და ქმნა სოლომონ ეტლები და განაწესა მჴედრები და იყო სოლომონისი ორმეოც ათას ჴდალი მეზვები საეტლედ და თორმეტ ათას საჴედართა. და განაწესნა იგინი ქალაქთა საეტლეთა და მეფისა თანაცა იერუსალჱმს.
27 ვერცხლი ქვის ფასი გახადა მეფემ იერუსალიმში, ხოლო კედარი გაამრავლა სიკომორის ხესავით, დაბლობებში რომ არის. 27 და დადვა მეფემან სოლომონ ოქრო და ვეცხლი იერუსალჱმს, ვითარ ქჳშა, და ფიჭჳ, ვითარცა თჳთმავალი ლეღოვანი ველთა სიმრავლითა,
28 სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი; მეფის ვაჭრებს მიჰყავდათ კევედან საფასურით. 28 და გამოსავალნი საჴედართა სოლომონისთანი ეგჳპტით და თეკვათ დამასკეთ, რომელთა მოგურიდეს ვაჭარნი მეფისანი სასყიდლითა.
29 ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები - ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მიჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისთვისაც. 29 და მოვიდოდა ეტლები ეგჳპტით ეტლი ერთი ასის სასწორისა ვერცხლისა და ცხენი ერთი ერგასის სასწორის ვერცხლისა, ეგრეცა ყოველთა მათ მეფეთა ქეტელისა და მეფეთა მათ ასურასტანისათ ზღჳთ კერძო აღმოსავალისათ.