ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, მოვიდა ღვთისკაცი იუდადან ბეთელს უფლის შეგონებით, როცა იერობოამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად.

1

და, აჰა, კაცი ღმრთისა მიიწია იუდათ სიტყჳთა უფლისათა ბეთელად, და იერობუამ დგა ზედა საკურთხეველსა მას შეწირვად.

2 დასძახა სამსხვერპლოს უფლის სახელით და თქვა: სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ! ასე ამბობს უფალი: აჰა, დაებადება ძე დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი. ზედ დაგაკლავს იგი გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს გიკმევენ, და შენს თავზე დაწვავენ ადამიანთა ძვლებს. 2 და ჴმა-უყო საკურთხეველსა მას სიტყჳთა უფლისათა და თქუა: საკურთხეველო, საკუთრხეველო, ესრე იტყჳს უფალი: აჰა, ძე იშვეს სახლსა მას დავითისასა, იოსია სახელი მისი. და შეიწირნეს შენ ზედა ქურუმნი ეგე მაღალთა მათგან, რომელნი შესწირვენ შენ ზედა და ძვალნი კაცთანი დაწუნენ შენ ზედა.
3 ნიშანიც გაუცხადა იმავე დღეს, თქვა: აჰა, იმის ნიშანი, რომ უფლის ნაბრძანებია ეს სიტყვა: აჰა, დაიშლება სამსხვერპლო და გაიფანტება ნაცარი, ზედ რომ ყრია. 3 და მისცა მას დღესა სასწაული და თქუა: ესე სასწაული იყოს, რომელსა იტყოდა უფალი და თქუა: აჰა, საკურთხეველი ეგე განიპოს და დაინთხიოს სიპოხე ეგე, რომელ არს მაგისა ზედა.
4 როცა გაიგონა მეფემ ღვთისკაცის სიტყვა, სამსხვერპლოს რომ დასძახა ბეთელში, წამოიღო ხელი სამსხვერპლოდან და ბრძანა: შეიპყარით! და უმალვე გაუხმა მისკენ მიშვერილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება. 4 და იყო, ვითარცა ესმა მეფესა იერობუამს სიტყუაჲ იგი და ჴმაჲ კაცისა მის ღმრთისა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელს, მიჰყო მეფემან ჴელი თჳსი საკურთხეველისა მისგან და თქუა: შეიპყართ ეგე! და განჴმა ჴელი იგი, რომელ მიეყო მისა და ვერ უკუნიდრიკა თჳსვე.
5 დაიშალა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის შეგონებით. 5 და საკურთხეველი იგი განიპო და დაითხია სიპოხე იგი, რომელ იყო ზედა საკურთხეველსა მას მსგავსად სასწაულისა მის, რომელ მოასწავა კაცმან ღმრთისამან სიტყჳთა უფლისათა.
6 ხმა ამოიღო მეფემ და უთხრა ღვთისკაცს: შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელის უკან წაღება შევძლო. შეევედრა ღვთისკაცი უფალს და შეძლო მეფემ უკან წაეღო ხელი, რომელიც აღუდგა, როგორც ჰქონდა. 6 და ჰრქუა მეფემან იერობუამ კაცსა მას ღმრთისასა: ევედრე პირსა უფლისა ღმრთისა შენისასა და ილოცე ჩემთჳს, და მოაქციოს ჴელი ჩემი ჩემდავე. და ილოცა კაცმან მან ღმრთისამან წინაშე უფლისა და მოიქცა ჴელი მეფისა მისავე და იქმნა, ვითარცა-იგი პირველ.
7 უთხრა მეფემ ღვთისკაცს: სახლში წამომყევი, რამე შეჭამე და საჩუქარსაც მოგცემ. 7 და ეტყოდა მეფე კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქვა: შემოვედ ჩემ თანა სახიდ და ჭამე და მიგცე შენ ნიჭი.
8 მიუგო ღვთისკაცმა მეფეს: ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები, არც პურს შევჭამ და არც წყალს დავლევ ამ ადგილას. 8 და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან მეფესა: დაღათუ მომცე ზოგი სახლისა შენისა, არა შევიდე შენ თანა და არა ვჭამო პური და არცა ვსუა წყალი ადგილსა ამას.
9 რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ დალევ, და ნურც იმ გზით დაბრუნდები, საიდანაც მოხვედი. 9 რამეთუ ესრე მამცნო მე უფალმან სიტყჳთა და მრქვა: არა სჭამო პური და არცა სუა წყალი და არცა მიიქცე მასვე გზასა, რომელსაცა მიხვედ.
10 სხვა გზით წავიდა იგი, იმ გზით არ გაბრუნებულა, რომლითაც მოვიდა ბეთელს. 10 და წარვიდა სხჳთ გზით და არა მიიქცა მასვე გზასა, რომელსაცა მივიდა ბეთელად.
11 ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელში. მოვიდა მისი შვილი და უამბო ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა გააკეთა იმ დღეს ბეთელში; მეფესთან მისი ნალაპარაკევიც უამბეს მამას. 11 და წინაწარმეტყუელი ერთი მოხუცებული დამკჳდრებულ იყო ბეთელს. და შევიდეს და უთხრეს მას ძეთა მისთა ყოველი იგი საქმე, რომელ ყო კაცმან მან ღმრთისამან მას დღესა შინა ბეთელს და სიტყუანი იგი, რომელთა ეტყოდა მეფესა, და მოაქციეს პირი მამისა მის თჳსისა.
12

შეეკითხა მამა: რომელი გზით წავიდა? დაანახეს შვილებმა გზა, რომლითაც იუდადან მოსული ღვთისკაცი წავიდა.

12

და ეტყოდა მათ მამა იგი მათი და ჰრქვა: რომელსა გზასა წარვიდა? და უჩუენეს მას ძეთა მათ მისთა გზა იგი, რომელსა წარვიდა კაცი იგი ღმრთისა, რომელ მოსრულ იყო იუდად.

13 უთხრა შვილებს: შემიკაზმეთ სახედარი. მათაც შეუკაზმეს სახედარი და ზედ შეჯდა. 13 და ჰრქუა ძეთა მათ: დასხენით ვირსა. და დასხნეს ვირსა და დაჯდა მას ზედა.
14 და გაჰყვა ღვთისკაცს. მუხის ქვეშ მჯდომარე იპოვა იგი და უთხრა: შენა ხარ ის ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული? მიუგო: მე ვარ. 14 და წარვიდა კვალსა კაცისა მის ღმრთისა და პოვა იგი მჯდომარე მუხასა ქუეშე და ჰრქუა მას: შენ ხარ კაცი იგი ღმრთისა მოსული იუდაჲსით? და თქუა: მე ვარ.
15 უთხრა: სახლში წამომყევი და ჭამე პური. 15 და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა სახიდ და ჭამე პური.
16 მიუგო: ვერ დავბრუნდები შენთან ერთად და ვერც შენთან შემოვალ. ვერც პურს შევჭამ და ვერც წყალს დავლევ ამ ადგილას. 16 და ჰრქუა მას: ვერ მივიქცე და ვერცა მივიდე შენ თანა და არა ვჭამო პური და არცა ვსვა წყალი ადგილსა ამას.
17 რადგან ნაბრძანები მაქვს უფლის სიტყვით: ნუ შეჭამ პურს, ნურც წყალს დალევ იქ, ნურც იმ გზით გაბრუნდები, რომლითაც მოხვედი. 17 რამეთუ ეგრეთ ბრძანებულ არს ჩემდა სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: არა სჭამო მუნ პური და არცა სუა წყალი და არცა მიაქციო მასვე გზასა, რომელსაცა მიხჳდე.
18 უთხრა: მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ; ანგელოზი მელაპარაკა უფლის ბრძანებით და მითხრა: შენი სახლისკენ გააბრუნე ეს კაცი, პური ჭამოს და წყალიც დალიოსო. იცრუა მან. 18 და ჰრქუა მას: მეცა წინაწარმეტყუელივე ვარ, ვითარცა-ეგე შენ და ანგელოზი უფლისა მეტყოდა მე სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: მოაქციე ეგე შენ თანა სახიდ შენდა, ჭამოს პური და სვას წყალი. და უტყუა მას.
19 დაბრუნდა მასთან ერთად; პური ჭამა მის სახლში და წყალიც დალია. 19 და მიაქცია იგი და ჭამა პური მისსა სახლსა და სუა წყალი.
20 სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა კაცი. 20 და იყო, ვიდრე სხდეს იგინი ტაბლასა მას ზედა, იყო სიტყუაჲ უფლისა წინაწარმეტყუელისა მის, რომელმან მიაქცია იგი.
21 და მან შეუძახა იუდადან მოსულ ღვთისკაცს და უთხრა: ასე ამბობს უფალი: რაკი უფლის სიტყვას გადახვედი და არ შეასრულე მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს ჰქონდა შენთვის ნაბრძანები, 21 და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა, მოსრულსა იუდით, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განამწარე შენ სიტყუაჲ იგი უფლისა და არა დაიმარხე შენ მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,
22 დაბრუნდი, პური ჭამე და წყალი შესვი ამ ადგილს, რომელზეც გიბრძანა, ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს შესვამო, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამაპაპის საფლავში. 22 და მიიქეც და სჭამე პური და სვი წყალი ადგილსა მაგას, რომლისა გრქვა შენ: არა სჭამო პური და არა სვა წყალი, არა დაისხნენ ჴორცნი შენნი საფლავსა მამათა შენთა თანა.
23 პურის ჭამისა და წყლის დალევის შემდეგ შეუკაზმა სახედარი იმ კაცს, წინასწარმეტყველს, რომელიც უკან დააბრუნა. 23 და იყო, შემდგომად ჭამისა მის პურისა და წყლისა სმისა დასხნა ვირსა წინასწარმეტყუელისასა მის და მიიქცა და წარვიდა.
24

წავიდა და შემოეყარა გზად ლომი, და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი და სახედარი ედგა გვერდით, ლომიც იდგა გვამთან.

24

და პოვა იგი ლომმან გზასა მას და მოკლა იგი და იყუნეს ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას, და ვირი იგი დგა მის თანა და ლომი იგი დგა ჴორცთა მათ მისთა თანა.

25 დაინახა ჩამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და გვამთან მდგომი ლომი; მივიდნენ და მიუტანეს ამბავი ქალაქში, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა. 25 და, აჰა, კაცთა წარმავალთა იხილეს მკუდარი იგი დაგდებული გზასა მას, და ლომი იგი დგა მკუდარსა მას თანა, და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა მას, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო წინაწარმეტყუელი იგი მოხუცებული.
26 გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან დააბრუნა ის კაცი და თქვა: ეს ის ღვთისკაცია, უფლის ბრძანებას რომ გადავიდა. უფალმა მისცა ლომს, რომელსაც დაუტორავს და მოუკლავს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის. 26 ვითარცა ესმა, რომელმან მიაქცია იგი გზისა მისგან, თქუა: იგი კაცი ღმრთისა არს, რომელმან განამწარა სიტყუაჲ იგი უფლისა და მისცა უფალმან ლომსა მას და განტეხა იგი და მოაკუდინა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა ეტყოდა მას.
27 ასე უთხრა თავის შვილებს: შემიკაზმეთ სახედარი. მათაც შეუკაზმეს. 27 და ჰრქუა ძეთა მათ თჳსთა: დასხენით ვირსა მას! და დასხნეს.
28 წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან. ლომს არც გვამი შეუჭამია და არც სახედარი დაუგლეჯია. 28 და წარვიდა და პოვნა ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას, და ვირი იგი, და ლომი დგა ჴორცთა მისთა თანა, და არა შეახო ლომმან მან ჴორცთა მათ კაცისა მის ღმრთისათა და არცა განხეთქა ვირი იგი.
29 აიღო წინასწარმეტყველმა ღვთისკაცის გვამი, აჰკიდა სახედარს და უკან წამოიღო. მოვიდა თავის ქალაქში მოხუცი წინასწარმეტყველი მის დასატირებლად და დასამარხავად. 29 და აღიხუნა წინაწარმეტყუელმან ჴორცნი იგი კაცისა მის ღმრთისანი და დადვა იგი ზედა ვირსა მას, და წარიღო იგი ქალაქად თჳსა მოხუცებულმან მან წინაწარმეტყუელმან ტყებად და დაფლვად იგი.
30 ჩაასვენა გვამი თავის სამარხში და დასტიროდა მას: ვაი, ძმაო! 30 და დადვა საფლავსა თჳსსა და დააყუდა მძორი მისი. და ეტყებდეს მას და იტყოდეს: ვაჲ, ძმაო.
31 დამარხა და უთხრა თავის შვილებს: როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია; მისი ძვლების გვერდით დაასვენეთ ჩემი ძვლები. 31 და იყო, შემდგომად ტყებისა მის ეტყოდა ძეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ოდეს მოვკუდე, დამმარხეთ მე საფლავსა ამას, სადა დაეფლა კაცი ესე ღმრთისა, ძვალთა მაგისთა თანა დამდევით მე, რამეთუ ყოფით იყოს, რათა განერნენ ძვალნი ჩემნი ძვალთა მაგისთა თანა.
32 რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული. 32 რამეთუ აღესრულოს ყოველი იგი, რომელსა იტყოდა სიტყჳთა უფლისათა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელსა და ზედა სახლთა მათ მაღალთასა, რომელ არიან სამარიას.
33 ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობოამს ბოროტ გზაზე სიარული, კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს. ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი. 33 და შემდგომად ამათ სიტყუათა არა მოაქცია იერობუამ უკეთურებათაგან თჳსთა და მერმეცა განნაწილნა ერისა მისგან ქურუმნი მაღალთა მათ და რომელსა უნებნ, აღივსნის ჴელნი მისნი და იქმნის ქურუმ მაღალთა მათ.
34 ეს იყო მიზეზი, რომ ცოდვაში ჩავარდა იერობოამის სახლი, რომ მოისპო და წარიხოცა მიწის პირისგან. 34 და ექმნა სიტყუაჲ იგი ცოდვა სახლსა მას იერობუამისსა მოსასრველად და განსარყუნელად პირისაგან ქუეყანისა.