ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უთხრა ელია თიშბელმა, გალაადის მაცხოვრებმა, აქაბს: ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშე ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა, თუ არა ჩემს სიტყვაზე. |
1 |
და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელმან, რომელი-იგი იყო თეზიბით გალადისაჲთ, აქაბს: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა. |
2 | და გამოეცხადა უფლის სიტყვა: | 2 | და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასსა და ჰრქუა: |
3 | წადი აქედან და აღმოსავლეთისკენ იარე, ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. | 3 | წარვედ ამიერ მზისა აღმოსავალად კერძო და დაიმალე ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა. |
4 | ამ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანებ, რომ გკვებონ მანდ. | 4 | და იყოს შენდა სუმა წყლისა ნაღვარევისა მისგან და ყორანთა უბრძანო და გზრდიდენ შენ მუნ. |
5 | წავიდა ისიც და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. | 5 | და წარვიდა ელია ბრძანებითა უფლისათა, მივიდა და დაჯდა ნაღვარევსა მას ქორათისასა, პირისპირ იორდანესა. |
6 | მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა. | 6 | და ყორანნი მოართუმიდეს მას პურსა და ჴორცსა. განთიად - პურსა და ჴორცსა - მწუხრად, და ნაღვარევისა მისგან სუმიდა წყალსა. |
7 | გამოხდა ხანი და დაშრა ხევი, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად. | 7 | და იყო შემდგომად დღეთა მათ და განჴმა ნაღვარევი იგი. |
8 | მაშინ გამოეცხადა უფლის სიტყვა: | 8 | და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიას მიმართ და ჰრქუა: |
9 | ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს. | 9 | აღდეგ და წარვედ სარეფთად სიდონიისსა და დასჯდე მუნ და, აჰა, მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი. |
10 | ისიც ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ შევსვა. | 10 | და აღდგა და წარვიდა სარეფთად ბჭეთა მათ მის ქალაქისათა და, აჰა, მუნ დედაკაცი ერთი ჰკრეფდა შეშასა და ჴმა-უყო ელია და ჰრქუა მას: მომართუ მცირედ ჭურჭლითა წყალი და ვსუა. |
11 | წავიდა ქალი მოსატანად; მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით. | 11 | და წარვიდა მოღებად და ჴმა-უყო მას უკანა ელია და ჰრქვა: მომართუ მე კოტორი ერთ პურიცა ჴელითა შენითა. |
12 | მიუგო ქალმა: უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს, ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით. | 12 | ჰრქუა მას დედაკაცმან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა და აჰა, შევკრებ შეშასა ამას, შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ. |
13 |
უთხრა ელიამ: ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ. |
13 |
და ჰრქუა მას ელია: ისწრაფე და შევედ და შეჰქმენ სიტყჳსაებრ შენისა და ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს. |
14 | რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამქვეყნად. | 14 | რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი ვიდრე ყოფად წჳმისა უფლისა მიერ პირსა ზედა ქუეყანისასა. |
15 | წავიდა ქალი და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა: ჭამდა თვითონ, მისი სახლიც და ელიაც რამდენიმე ხანს. | 15 | და წარვიდა დედაკაცი იგი სიტყჳსა მისებრ ელიაჲსისა, მოართვა და ჭამა მან და შვილთა მისთა. |
16 | ქოთანში ფქვილი არ ილეოდა და დოქში ზეთი არ იკლებდა უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას პირით. | 16 | და მიერ დღითგან არა მოაკლდა საფქვილესა ფქვილი და საზეთესა მას არა მოაკლდა ზეთი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა ელიასითა. |
17 | ამ ამბების შემდეგ ავად გახდა ამ ქალის, დიასახლისის ვაჟი; ძალზე მძიმე იყო მისი სენი, ისე რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. | 17 | და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ დასნეულდა ძე დედოფლისა მის სახლისა. და იყო სენი იგი ძნელ ფრიად, ვიდრე არა დაშთა სამშჳნველიცა მის თანა. |
18 | უთხრა ქალმა ელიას: რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან და ბავშვს მიკლავ? | 18 | და ჰრქუა ელიას: რა ძეს შენი და ჩემი, კაცო ღმრთისაო, შემოხუედ ჩემდა აღჴსნებად უწესობათა ამათ ჩემთა და მოკუდინებად ძისა ამის ჩემისა. |
19 | უთხრა ელიამ: მომეცი შენი შვილი, უბიდან გამოართვა დედას ბავშვი და ზემო თვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა. | 19 | და ჰრქუა ელია დედაკაცსა მას: მომეც აქა შვილი ეგე შენი! და მოიქვა იგი მჴართაგან მისთა და აღიყვანა ქორსა მას, რომელსა იყოფოდა იგი, და დადვა ცხედარსა მას თჳსსა. |
20 | შეჰღაღადა უფალს და უთხრა: უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ? | 20 | და ღაღად-ყო ელია და თქუა: ჵ უფალო, მოწამეო ამის ქურივისაო, რომლისა თანა მე დამკჳდრებულ ვარ, შენ ჰგუემე ძე მაგისი სიკუდილითა? |
21 | სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში. | 21 | და დაჰბერა სამგზის ყრმასა მას და ხადოდა უფალსა და თქუა: უფალო, ღმერთო ჩემო, მოიქეცინ სამშჳნველი ყრმისა ამის ამისავე! და იყო ეგრე. |
22 | ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი. | 22 | და ისმინა უფალმან ღაღადებაჲ ელიასი და მოიქცა სამშჳნველი ყრმისა მის გვამადვე მისა და განცოცხლდა. |
23 | აიყვანა ელიამ ბავშვი და ჩაიყვანა ზემო ოთახიდან სახლში და მისცა დედას. თქვა ელიამ: დახედე, ცოცხალია შენი შვილი. | 23 | და გარდმოიყვანა ელია ყრმა იგი ქორისა მისგან სახიდ და მისცა დედასა თჳსსა და ჰრქუა ელია: იხილე, რამეთუ ცოცხალ არს ძე ეგე შენი. |
24 | უთხრა ქალმა ელიას: ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და რომ ჭეშმარიტებაა შენს ბაგეებში უფლის სიტყვა. | 24 | და ჰრქუა ელიას დედაკაცმან: აწ უწყი, რამეთუ კაცი ღმრთისა ხარი შენ და სიტყუაჲ ღმრთისა ჭეშმარიტ არს პირსა შენსა. |