ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უამბო აქაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, როგორ ამოხოცა მახვილით წინასწარმეტყველნი.

1

და უთხრა აქაბ იეზაბელს, ცოლსა თჳსსა, ყოველი იგი, რაცა ყო ელია და ვითარ მოსწყჳდნა ყოველნი იგი წინაწარმეტყუეელნი მახჳლითა.

2 მოციქული გაუგზავნა იზებელმა ელიას და შეუთვალა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექეცი, როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანს. 2 და წარავლინა იეზაბელ ელიასა მოციქულნი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ელია ხარ და მე იეზაბელ, ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა და ესე შემძინენ, უკუეთუ არა, ხვალე ამასვე ჟამსა დავდვა თავი შენი, ვითარცა თავი ერთისა მათგანისა.
3 შეშინდა ელია; ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. მივიდა იუდას ბერშებაში და დატოვა იქ თავისი მსახური. 3 და შეეშინა ელიას, აღდგა და წარვიდა გულისსიტყჳთა და მივიდა ბერსაბედ ქუეყანასა მას იუდასსა და დაუტევა მუნ ყრმა იგი თჳსი.
4 თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე; მივიდა ერთ ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარ. 4 და იგი წარვიდა დღისა ერთისა სავალსა უდაბნოდ, მივიდა და დაჯდა ბელეკუნსა ვრთსა ქუეშე და ითხოვა სიკუდილი თავისა თჳსისა და თქუა: კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა.
5 მიწვა და მიეძინა ბუჩქის ძირას. და, აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: ადექი, ჭამე. 5 დაწვა და დაიძინა ნერგსა ერთსა ქუეშე და, აჰა, შე-ვინმე-ახო მას და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე.
6 გაიხედა და, აჰა, ნამცხვარი და წყლიანი დოქი უდგას სასთუმალთან. შეჭამა, შესვა და ისევ მიწვა. 6 და აღიხილნა ელია და, აჰა, სათუელით მისით ჴუეზა ერთი ასლისა და წყალი სტამნითა და აღდგა, ჭამა და სვა და მიიძინა მუნვე.
7 მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს. 7 და მიეახლა კუალად ანგელოზი უფლისა და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე. რამეთუ გრძელ არს შენდა გზა იგი.
8 ადგა, ჭამა, დალია და ამ საჭმელით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე. 8 და აღდგა, ჭამა და სვა და წარვიდა ძალითა მით ჭამადისათა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ვიდრე მიწევნადმდე მთასა მას ღმრთისასა ქორებად.
9 შევიდა იქ ერთ გამოქვაბულში და დაიღამა. აჰა, გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა: აქ რა გინდა, ელია? 9 და შევიდა მუნ ქვაბსა მას და დაადგრა და, აჰა, სიტყუაჲ უფლისა იყო მისა და ჰრქუა: რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?
10 მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი; მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ. 10 და ჰრქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.
11

უთხრა: გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე. აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსრველი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწის ძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.

11 და ჰრქუა: გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა და, აჰა, უფალი წარვიდოდის და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა, და არა ქარსა მას უფალი, და შემდგომად ქარისა მის ძრვა, და არა ძრვასა მას უფალი.
12 მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი; ცეცხლის მერე - ოდნავი ჩქამი. 12

და შემდგომად ძრვისა მის ცეცხლი, და არა ცეცხლსა მას უფალი, და შემდგომად ცეცხლისა მის ჴმაჲ წულილისა ნიავისა.

13 როცა გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: აქ რა გინდა, ელია? 13 და მას შინა უფალი, და იყო, ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქვაბსა მას თანა და, აჰა, იყო ჴმაჲ მისა და ჰრქუა: რასა ხარ შენ აქა, ელია?
14 მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწეეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ. 14 და თქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაუტევეს აღთქმა შენი ძეთა ისრაჱლისათა, საკურთხევვლნი შენნი დაარღჳნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.
15 უთხრა უფალმა: წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, მირონი სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ. 15 და ჰრქუა მას უფალმან: წარვედ და მიიქეც გზასა შენსა და მივედ გზასა უდაბნოსასა დამასკეთ კერძო და სცხო აზაელს მეფედ ასურასტანსა ზედა.
16 ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მელქოლადან რომ არის, სცხე მირონი, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად. 16 და ეუს, ძესა ამესისასა, მეფედ ისრაჱლსა ზედა და ელისეს, ძესა საფატისსა, აბელმაულელსა უცხო წინაწარმეტყუელად შენ წილ.
17 ვინც ხაზაელის მახვილს გადურჩება, იეჰუ მოკლავს მას; ვინც იეჰუს მახვილს გადურჩება, ელისე მოკლავს. 17 და იყოს, რომელი განერეს მახჳლსა აზაელისასა, მოკლას იგი ეუ. რომელი განერეს მახჳლსა ეუსასა, მოკლას იგი ელისე.
18 დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის. 18 და დაუტეო ჩემდა ისრაჱლისაგან შჳდ ათასი მამაკაცი ყოველთავე მათ, რომელთა არა შეუდრკიან მუჴლნი მათნი ბაალისა და ყოველი პირი, რომელმან არა თაყუანი-სცეს მას.
19 წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, რომელიც მიწას ხნავდა. თორმეტი უღელი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი. 19 და წარვიდა მიერ ელია და პოვა ელისე, ძე საფატისი, და იგი ჴნვიდა ათორმეტითა დაუღლვილითა და შეუდგა იგი ათორმეტთა მათ ჴართა და მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი მისი მის ზედა.
20 მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: გამიშვი, ვაკოცო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები. უთხრა: წადი და მიბრუნდი, რადგან რა გამიკეთიბია შენთვის? 20 და დაუტევნა ელისე ჴარნი იგი და მიისწრაფა ელიასა და ჰრქუა: ამბორს-უყო მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა და შეგიდგე შენ. და ჰრქუა მას: მიიქეც მუნვე, რა გიყავნ შენ?
21 გაბრუნდა უკან, მოიყვანა და დაკლა ერთი უღელი ხარი. ხარის უღლით მოხარშა ხორცი და ხალხს გაუნაწილა, და ხალხმაც შეჭამა. თავად ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა. 21 და უკუნიქცა მისგან და მოიბა სწორ-სწორი ზოგი ჴართა მათ და დაწყჳდნა საქრმითა მით ჴართათა და მოამზადა, და მისცა ერსა მას და ჭამეს და აღდგა ელისე და შეუდგა და მსახურებდა მას.