ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მოიყვანა ფარაონის ასული დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლს და ზღუდეს იერუსალიმის გარშემო. |
1 |
დამტკიცებასა მეფობისა მის სოლომონისა, მზახობა-ყო სოლომონ ფარაოს მიმართ მეფისა მის მიმართ ეგჳპტელთასა. და მოითხოვა ასული იგი მისი და მოიყვანა ქალაქად დავითისა ვიდრე აღშენებადმდე სახლისა მის თჳსისა და ტაძრისა მის უფლისა და ზღუდისა მის გარემო იერუსალჱმისა. |
2 | ოღონდ ჯერ კიდევ ბორცვებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს, რადგან საიმდროოდ ჯერ კიდევ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე. | 2 | უკმევდა ერი იგი საკმეველსა ზედა მაღალთა მათ, რამეთუ არღა შენებულ იყო ტაძარი იგი სახლისა უფლისა მიმუნდღედმდე. |
3 | შეიყვარა სოლომონმა უფალი, და მამამისის, დავითის წესზე დადიოდა, ოღონდ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. | 3 | და შეიყუარა სოლომონ უფალი სლვად მცნებათა მათ დავითის, მამისა თჳსისათა, ხოლო მაღალთა მათ ზედა იგიცა შესწირვიდა მსხუერპლსა და უკმევდა საკუმეველსა. |
4 | წავიდა მეფე გაბაონს, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ, რადგან იქ იყო მთავარი გორაკი. ათასი სული აღსავლენი შესწირა მეფემ ამ სამსხვერპლოზე. | 4 | და აღდგა, წარვიდა მეფე გაბაონად შეწირვად მუნ, რამეთუ იგი უმაღლეს და უდიდებულეს არს, და ათასი მსხუერპლი შესწირა ზედა საკურთხეველსა მას გაბაონსა. |
5 | გამოეცხადა გაბაონში უფალი სოლომონს სიზმრად ღამით და უთხრა ღმერთმა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე. | 5 | და ეჩუენა უფალი სოლომონს ძილსა შინა ღამე. და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ითხოვე რა შენ თხოვა თავისა შენისა. |
6 | უთხრა სოლომონმა: დიდად სწყალობდი შენს მორჩილს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლით და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე. | 6 | და ჰრქუა სოლომონ: შენ ჰყავ მონისა შენისა თანა, დავითის, მამისა ჩემისა, წყალობაჲ დიდი, ვითარცა ვიდოდა შენ წინაშე ჭეშმარიტებით და სიმართლით და სიწრფოებითა გულისათა შენდამი, და დაუმარხე მას წყალობა ესე დიდი - დაჯდომად ძე მისი საყდარსა მისსა, ვითარცა-ესე დღეს-დღე. |
7 | ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მორჩილი, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა. | 7 | და აწ, უფალო ღმერთო ჩემო, შენ მიეც ერსა ამას შენსა დავითის წილ, მამისა ჩემისა, და მე ვარ ყრმა მცირე და არა ვიცი გასულა ჩემი და გამოსულა ჩემი. |
8 | შენს რჩეულ ხალხშია შენი მორჩილი, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო. | 8 | და მონა შენი შორის ერსა შენსა არს, რომელ გამოირჩიე ერი შენი სიმართლითა ურიცხუ, ვითარცა ქჳშა ზღჳსა. |
9 | მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან; რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი? | 9 | და მისცე მონასა შენსა გული გულისხმის-ყოფისა სმენად და სჯად ერისა შენისა სიმართლით, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რამეთუ ვინ არს შემძლებელ შჯად ერისა მის შენისა მძიმისა? |
10 | მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი. | 10 | და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვა სოლომონ სიტყუაჲ ესე. |
11 |
უთხრა მას ღმერთმა: იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად. |
11 |
და ჰრქვა მას უფალმან: ამისთჳს, რამეთუ ითხოვე შენ სიტყუაჲ ესე ჩემგან, და არა ითხოვე თავისა შენისა დღენი მრავალნი, და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვე თავნი მტერთა შენთანი, არამედ ითხოვე თავისა შენისა გულისხმის-ყოფაჲ სმენად სიმართლისა, |
12 | აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი. | 12 | აჰა, ვყავ მსგავსად სიტყჳსა შენისა და მიგცე შენ გული გონიერი და ბრძენი და შენებრ არა ვინ იყო უწინარეს შენსა, და შენსა შემდგომად არა აღდგეს მსგავსი შენსა. |
13 | რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალ ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი. | 13 | და რომელღა არა ითხოვე, მი-ვე-გცე შენ და სიმდიდრე და დიდებაჲ შენ ვითარ კაცი არა ვინ იყო მეფეთა შორის შენებრივ. |
14 | თუ ივლი ჩემს გზაზე, დაიცავ ჩემს წესებსა და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი. | 14 | და უკუეთუ ხჳდოდი გზათა ჩემთა დამარხვად მცნებათა ჩემთა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, განვაგრძნე დღენი შენნი. |
15 | გაეღვიძა სოლომონს და, აჰა, ესეც სიზმარი. მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე. აღავლინა აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლი. მერე ლხინი გაუმართა თავის მორჩილთ. | 15 | და განიღჳძა სოლომონ და იყო ჩუენება, და აღდგა და შევიდა იერუსალჱმად. და წადგა წინაშე პირსა კიდობნისა შჯულისა უფლისა სიონს შინა და შესწირა მსხუერპლი დასამშჳდებელი და ყო სიხარული დიდი თავისა თჳსისა და ყოველთა მონათა მისთა. |
16 | მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და დადგნენ მის წინ. | 16 | მას ჟამსა წარმოდგეს სოლომონ მეფისა ორნი დედანი მეძავნი და დადგეს წინაშე მისა. |
17 | თქვა ერთმა ქალმა: მომიტევე, ბატონო! მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ, ამ სახლში ვიმშობიარე მის თვალწინ. | 17 | და თქუა ერთმან დედაკაცმან: ჩემდა მოიხილე, უფალო, მე და დედაკაცი ესე ვიყოფოდეთ სახლსა ერთსა და ვშევ სახლსა მას შინა. |
18 | ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან სახლში. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით სახლში. | 18 | და იყო, მესამესა დღესა შობითგან ჩემით შვა დედაკაცმანცა ამან ძე, და ვიყვენით სახლსა მას შინა ორნივე ჩუენ ხოლო და სხვა არა ვინ იყო ჩუენ თანა სახლსა მას. |
19 | მოკვდა ღამით ამ ქალის ბავშვი, რადგან ზედ დასწოლოდა. | 19 | და მოკუდა ძე იგი ამის დედაკაცისა ღამე, რამეთუ დააწვა მას ზედა. |
20 | ადგა შუაღამისას, აიყვანა ჩემი ბავშვი ჩემი გვერდიდან, ეძინა შენს მორჩილს, და თავის უბეში ჩაიწვინა, ხოლო თავისი მკვდარი ბავშვი მე ჩამიწვინა უბეში. | 20 | და აღდგა შუაღამესა ოდენ და მიმპარა ყრმა იგი ჩემი მჴართაგან ჩემთა და მჴევალსა შენსა მეძინა და დააძინა უბესა თჳსსა და ყრმა იგი მისი მომკუდარი შემოაწვინა უბესა ჩემსა. |
21 |
ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ბავშვისთვის და, აჰა, მკვდარი დამხვდა. კარგად დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ის ბავშვი არ იყო: ჩემი შვილი, რომელიც მე ვშობე. |
21 |
და აღვდეგ, რათამცა ვაწოე ყრმასა მას ჩემსა და იგი იყო მომკუდარი, და ვიხილე განთიად და არა იყო ყრმა იგი ჩემი, რომელ მეშვა მე. |
22 | თქვა მეორე ქალმა: არა! ცოცხალია ჩემი შვილი, შენი შვილია მკვდარი! ეს კი ამბობდა: არა! შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილი ცოცხალი! ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე. | 22 | და სხუაჲ იგი დედაკაცი ეტყოდა: არა, ესე ჩემი არს და ცოცხალ არს, მომკუდარი იგი არს შვილი შენი. და ერთმან თქუა: არა, არამედ მომკუდარი იგი შენი არს და ცოცხალი ეგე ჩემი არს. |
23 | თქვა მეფემ: ეს ამბობს, ჩემი შვილიაო ცოცხალი; შენი შვილი მკვდარიო. მეორე ამბობს: არა, შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილიაო ცოცხალი. | 23 | და ესე წართქუეს წინაშე მეფისა და ჰრქუა მეფემან: შენ იტყჳ, ვითარმედ: შვილი ჩემი ცოცხალი ესე არს და შვილი მაგისი მომკუდარი იგი არს? და შენ იტყჳ: არა, არამედ შვილი შენი მომკუდარი იგი არს და ჩემი შვილი ცოცხალი ესე არს? |
24 | თქვა მეფემ: მახვილი მომიტანეთ! მიართვეს მახვილი მეფეს. | 24 | და თქუა მეფემან: მომართუთ მე მახჳლი! და მოიღეს მახჳლი წინაშე მეფისა. |
25 | თქვა მეფემ: ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი - მეორე ქალს. | 25 | და თქუა მეფემან: განკუეთეთ ყრმა იგი მწოვარი ცოცხალი ორგან და მიეცით ზოგი მისი მას და ზოგი მისი მას. |
26 | უთხრა ქალმა, ცოცხალი ბავშვის დედამ, მეფეს, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი შვილის გამთო: ოჰ, ჩემო ბატონო! ოღონდ ნუ მოკლავთ და მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი! მეორე ამბობდა: ნურც მე მერგება, ნურც შენ. გაჭერით! | 26 | მიუგო დედაკაცმან, რომლისა იყო ყრმა იგი ცოცხალი, და ჰრქუა მეფესა (რამეთუ შეელმა მუცელი მისი ზედა შვილსა მას თჳსსა) და თქუა: ჩემდა მოიხილე, მეფე, მიეცით მაგას ყრმა იგი ცოცხალი და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ და ერთი იგი იტყოდა: ნუცამცა ჩემდა არს, ნუცა მაგისა, განკვეთეთ ორგან! |
27 | მიუგო მეფემ და თქვა: ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ. ეს არის მისი დედა. | 27 | და მიუგო მეფემან და თქუა: მიეცით მაგას დედაკაცსა ყრმა ეგე ცოცხალი, რომელმან თქუა, ვითარმედ: ეგე მიეცით მაგას და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ, რამეთუ ეგე არს დედა მაგისი. |
28 | გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, მეფემ რომ გამოიტანა, და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის გასაჩენად. | 28 | და ესმა ყოველსა ისრაჱლსა სასჯელი ესე, რომელ საჯა მეფემან, და შეეშინა ერსა მას პირისაგან მეფისა, რამეთუ იხილეს, ვითარმედ სიბრძნე ღმრთისა არს მის თანა ყოფად სიმართლისა. |