ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გაგზავნა ხირამმა, ტიროსის მეფემ, თავისი მორჩილნი სოლომონთან, რადგან გაიგო, რომ იგი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად. ხოლო ხირამი დავითის მოყვარული იყო ყოველთვის. |
1 |
და მოუვლინა ქირიმ, მეფემან ტჳროსისამან, მონანი თჳსნი სოლომონს, რამეთუ ესმა, ვითარმედ სცხეს სოლომონს მეფედ დავითის წილ, მამისა თჳსისა, რამეთუ ჰყვარობდა ქირამ დავითს ყოველთა დღეთა. |
2 | შეუთვალა სოლომონმა ხირამს: | 2 | და მოუვლინა სოლომონ ქირამისა და ჰრქუა: |
3 | შენ იცი, რომ ვერ შესძლო მამაჩემმა დავითმა, აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღვთის სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა ისინი. | 3 | შენ თჳთ უწყოდე დავითის, მამისა ჩემისა, რამეთუ ვერ აშენა ტაძარი სახელად უფლისა ღმრთისა თჳსისა პირისაგან მებრძოლთასა, რომელ იყუნენ გარემოს მისა, ვიდრემდე მისცნა იგინი უფალმან ქუეშე ფერჴთა მისთა. |
4 | ახლა კი ჩამომიგდო ირგვლივ მშვიდობა უფალმა, ჩემმა ღმერთმა; აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ფათერაკი მელის რაიმე. | 4 | და აწ დაამშჳდა უფალმან ღმერთმან ჩემმან გარემო ჩემსა და არავინ არს მავნებელ და არცა შემთხუევა ბოროტისა. |
5 | აჰა, და ვფიქრობ ავაშენო სახლი უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის უფალს: შენი ვაჟიშვილი, ვისაც შენს ნაცვლად ტახტზე დავსვამ, ის ამიშენებსო ჩემს სახელზე სახლს. | 5 | და, აჰა, მე ვიტყჳ შენებად ტაძრისა სახელად უფლისა ღმრთისა ჩემისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ღმერთი დავითს, მამასა ჩემსა, და ჰრქუა: ნიშები შენი, რომელ მისცე შენ წილ საყდარსა შენსა, მან აღაშენოს ტაძარი სახელისა ჩემისა. |
6 | ახლა ბრძანე, რომ კედარის ხეები მომიჭრან ლიბანში; ჩემი მორჩილნი შენს მორჩილებთან ერთად იქნებიან; მე მოგცემ შენს მორჩილთა გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან შენ იცი, რომ ციდონელებივით ჩვენში ტყეს ვერვინ ჩეხავს. | 6 | და აწ ბრძანე, და, კაფონ ძელი მონათა შენთა ლიბანეს და, აჰა, მონანიცა ჩემნი მოვიდენ მონათა შენთა თანა და ნაშრომი მონათა შენთა მიგცე შენ ყოველივე, რაცა სთქვა შენ. თჳთ უწყი, რამეთუ არა არს აქა კაცი, რომელმანცა იცოდა კაფა ძელისა, ვითარ-ეგე სიდონელთა. |
7 | როცა გაიგო ხირამმა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: აწ კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი და ამდენი ხალხის განმგებლად დაადგინა. | 7 | და იყო, ვითარცა ესმა სიტყვა ესე სოლომონისი ქირამს, განიხარა ფრიად და თქვა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან მოსცა დავითს შვილი ბრძენი ერსა ამას ზედა დიდსა. |
8 | შეუთვალა ხირამმა სოლომონს: მოვისმინე, რაც შემომითვალე; ყველაფერს შეგისრულებ, რაც კი კედარისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე. | 8 | და მიავლინა ქირამ სოლომონისა და ჰრქუა: მესმა ყოველივე, რა გებრძანა ჩემდა; მე ვყო ნება შენი. ფიჭვი და ნაძვი |
9 | ჩემი მორჩილნი ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, და ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ; იქ დავშლით და წაიღებ. ოღონდ შენ შემისრულე სურვილი: სარჩოთი მომიმარაგე სახლი. | 9 | მონათა ჩემთა მოიღონ ლიბანით ზღჳსკიდედ, და შევდგა ხვეულად და მოვიღო ზღჳთ და მოვაწიო ადგილად, სადაცა ბრძანო შენ და შენ მიიღო და ჰყო ნიში ჩემი და სცე პური სახლსა ჩემსა. |
10 |
უგზავნიდა ხირამი სოლომონს მისი სურვილის თანახმად კედარისა და კვიპაროსის ხეებს. |
10 |
და უძღუანებდა ქირამ სოლომონს ფიჭუსა და ნაძუსა და ყოველსა ნებასა მისსა. |
11 | ხოლო სოლომონი უგზავნიდა ხირამს ოცი ათას ქორ ხორბალს მის სახლის სარჩოდ და ოც ქორ გაწმენდილ ზეთს. ამას უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე. | 11 | და სოლომონ სცის ქირამს ოც ათას სათუელი იფქლი და ოცათი საწყაული ზეთი. ამას მისცემდა სოლომონ ქირამს წლითი წლად. |
12 | მიჰმადლა უფალმა სიბრძნე სოლომონს დაპირებისამებრ. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის და კავშირი ჰქონდათ შეკრული ერთმანეთთან. | 12 | და უფალმან მისცა სიბრძნე სოლომონს, ვითარცა აღუთქვა მას და იყო მშჳდობა შორის ქირამისა და სოლომონისა და აღთქმა-ყვეს ურთიერთას. |
13 | დაბეგრა სოლომონმა მთელი ისრაელი: ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე. | 13 | და გამოიყვანა მეფემან სოლომონ მოქმედი ყოვლისაგან ისრაჱლისა. და იყო მოქმედი იგი ოცდაათი ათას მამაკაც. |
14 | გზავნიდა მათ ლიბანში, თვეში ათი ათას კაცს მორიგეობით. ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავთავის სახლებში. ადონირამი განაგებდა ბეგარას. | 14 | და განაწესა მიმავალი ლიბანედ, ათი ათასმან თთუე ერთი დაყვეს ლიბანეს, ორი თთუე სახლსა თჳსსა. და ადონირამ იყო მოქმედსა მას ზედა. |
15 | სოლომონს ჰყავდა სამოცდაათი ათასი მტვირთავი და ოთხმოცი ათასი ქვისმჭრელი მთაში, | 15 | და იყო სოლომონისი მოტჳრთე სამეოცდაათ ათას და ოთხმეოც ათას ქვისმჴდელნი მთასა შინა. |
16 | გარდა სამი ათას სამასი თავკაცისა, რომელნიც სამუშაოებზე ჰყავდა მიჩენილი სოლომონს და მომუშავეებს ზედამხედველობდნენ. | 16 | და უხუცესნი მბრძანებელნი, რომელ დაედგინნეს სოლომონს, ზედა საქმესა მას მოძღურად სამ ათას და ხუთას ზედა ერსა მას მოქმედსა. |
17 | ბრძანა მეფემ და მოზიდეს დიდრონი ლოდები, ძვირფასი ქვის ზოდები სახლის საძირკველისათვის. | 17 | და უბრძანა მეფემან და მოიხუნეს ლოდნი დიდნი ქვათა მათგან პატიოსანთა საძირკველად ტაძრისა მის ქვანი გამოკვერვილნი. |
18 | სოლომონისა და ხირამის მშენებლები და გებალელები ჭრიდნენ და ამზადებდნენ ხესა და ქვებს სახლის ასაშენებლად. | 18 | და გამოკვერნეს ძეთა მათ სოლომონისათა და ძეთა მათ ქირამისათა და ბიბლელთა და დაამზადეს ძელი და ქვა საშენებელად ტაძრისა მის სამ წელ. |