ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,

1

და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ შენება ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ყოვლისა მის ქმნილებისა, რომელ ინება სოლომონ მიღებად,

2 მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა. 2 და ვითარცა-იგი გამოეცხადა უფალი სოლომონს მეორედ, ვითარცა-იგი გამოეცხადა მას გაბაონს,
3 უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი; მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამს მანდ იქნება. 3 და ჰრქუა მას უფალმან: ვისმინე ჴმისა შენისა ლოცვათა შენთა და თხოვათა შენთა, რომელ ითხოვე წინაშე ჩემსა, ვყავ შენთჳს მსგავსად ყოვლისა ლოცვისა შენისა, განვსწმინდე ტაძარი ეგე, რომელ აღაშენე დადებად სახელი ჩემი მას ზედა უკუნისამდე და იყუნედ თუალნი ჩემნი და გული ჩემი მას შინა ყოველთა დღეთა.
4 შენ კი, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა წმიდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს, 4 და შენ ხჳდოდი თუ წინაშე ჩემსა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, სიწმიდითა გულისათა და სიწრფოებითა ყოფად ყოველივე, რაჲცა ვამცენ მას ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიმარხენ.
5 განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელში სამარადისოდ, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის მითქვამს: არ გაგიწყდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომელი. 5 და აღუმართო საყდარი სუფევისა შენისა ზედა იერუსალჱმსა უკუნისამდი, ვითარცა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა, და ვთქუა: არ მოაკლდეს შენი კაცი წინამძღურად ისრაჱლსა.
6 მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და წესებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანსსცემთ მათ, 6 უკუეთუ უკუნქცევით უკუნიქცე, თქუენ და შვილნი თქუენნი ჩემგან და არა დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი, რომელ მოგცნა მოსემ წინაშე თქუენსა, მიხჳდეთ და მონოთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცეთ მათ,
7 გავწყვეტ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მას მივეცი, მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემს სახელზე ვაკურთხე, და საიგავოდ და დასაცინად შეიქნება ისრაელი ხალხთა შორის. 7 აღვიღო ისრაჱლი ქუეყანისაგან, რომელ მივეც მათ, და სახლი ეგე, რომელ განვწმიდე სახელისა ჩემისათჳს, განვაგდო პირისაგან ჩემისა და იყოს ისრაჱლი განსარყუნელ და სასიტყუჱლ ყოველთა ერთა.
8 ნანგრევად იქცევა ეს სახლი, და ყოველი ჩამვლელი გაოგნდება და დაუსტვენს, იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს? 8 და ტაძარსა მაგას მაღლად ქმნულსა ყოველნი, რომელნი გარეწარვიდოდიან, დაუკჳრდეს და ისტჳნონ და თქუან: რასმე ეგრე უყო უფალმან ამას ქუეყანასა და ტაძარსა ამას?
9 იტყვიან: რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამა-პაპა, მოეჭიდნენ სხვა ღმერთებს, თაყვანსსცემდნენ მათ და ემსახურებოდნენ. ამის გამო დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება. 9 და თქუან: ამისთჳს, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მათი, რომელმან გამოიყვანნა მამანი მათნი ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისასა, და შეუდგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანი-სცეს მათ და მონეს მათ. ამისთჳს მოავლინა უფალმან მათ ზედა ყოველი ძჳრი (მას ჟამსა გამოიყვანა სოლომონ ასული იგი ფარაოსი ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი აშენა თავისა თჳსისა).
10 ოცი წლის თავზე იყო, რომ დაასრულა სოლომონმა ორი სახლის - უფლის სახლისა და სამეფო სახლის შენება. 10

და იყო, მათ დღეთა შინა ოცსა წელსა აღაშენა სოლომონ ორნი იგი ტაძარნი: ტაძარი იგი უფლისა და ტაძარი იგი მეფისა.

11

რადგან ხირამი, ტვიროსის მეფე, უგზავნიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს და ოქროს მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა მისცა ხირამს ოცი ქალაქი გალილეის მხარეში.

11 და ქირამ, მეფე ტჳროსისი, შეეწეოდა სოლომონს ძელითა ფიჭუთა და ძელითა ნაძუთა და ოქროთა და ყოვლითავე, რაც ნება იყო მისა. მას ჟამსა სცა მეფემან სოლომონ ქირამს ოცი ქალაქი გალილეისა.
12 წარვიდა ხირამი ტვიროსიდან სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი. 12 და განვიდა ქირამ ტჳროსით და მივიდა გალილეად ხილვად ქალაქთა მათ, რომელნი მისცნა მას სოლომონ და არა სთნდეს მას.
13 თქვა: ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ძმაო? და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა და ასე ეწოდება დღემდე. 13 და თქუა: რა არიან ქალაქნი ესე, რომელ მომცენ მე, ძმაო? და უწოდა მათ საზღვარი მოდღენდელად დღემდე.
14 გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო. 14 მოართვა ქირამ სოლომონს ას და ოცი სასწორი ოქროსა.
15 ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად. 15 ესე არს ხარკი, რომელსა მოჰჴდიდა მეფე საშენებელად ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისასა და მელონისა და მაღალთა მათ და აღადგინა ზღუდენი იგი დარღუეულნი ქალაქისა მის დავითისანი, ასური და მაიდანი და ზღუდე იგი იერუსალჱმისა და ესერი და მაგედონი და გაზერი.
16 ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და გადაწვა. ამოხოცა მისი მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს. 16 ფარაო, მეფე ეგჳპტელთა, გამოვიდა, წარტყუენა გაზერი და მოწვა იგი ცეცხლითა და ქანანელი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო ქალაქსა მას, მოსრა და მისცა იგი ზითვად ასულსა თჳსსა, ცოლსა მას სოლომონისასა.
17 ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი, 17 და აღაშენა სოლომონ გაზერი და ბეთრონი ქვენა.
18 ბაყალათი და თადმორი, ქვეყნის უდაბნოში, 18 და ბალათი და დერმოთი, უდაბნო იგიცა და შენიცა,
19 სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში და ლიბანში, და მთელს თავის სახელმწიფოში. 19 ყოველნი ქალაქნი სამკჳდრებელად, რომელ იყუნეს სოლომონისა, და ქალაქნი მეეტლეთანი და მეცხენეთანი და ყოველი იგი საქმე, რომელი ქმნა იერუსალჱმს, და ლიბანეს და ყოველსა მას ქუეყანასა.
20

ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზეველთაგან, ხივიელთაგან და იებუსეველთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა,

20

ჰრიდა ყოველსა მას ნათესავსა დაშთომილსა ამორეველისასა და ქეტელისასა და ფერეზელისასა და ეველისასა და ქანანელსა და იებოსელისასა და გერგესეველისასა, რომელნი არა იყუნეს ძეთა მათგან ისრაჱლისათა.

21 მათი შთამომავლები, მათს შემდეგ რომ დარჩნენ ქვეეანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანებს, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე. 21 ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყუნეს შემდგომად მათსა ქვეყანა- სა მას, რომელთა ვერ შეუძლეს ძეთა მათ ისრაჱლისათა მოსრვად მათა და შეადგინნა იგინი სოლომონ ხარკსა მონებისასა მოდღენდელად დღემდე.
22 ისრაელიანთაგან არავისთვის დაუკისრებია ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მორჩილებად, მეთაურებად და სარდლებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად. 22 და ძენი იგი ისრაჱლისანი არა შეადგინნა სოლომონ ხარკსა მძიმესა, რამეთუ კაცნი მოღუაწენი იყუნეს და მონა მისა და წინამღუარნი მისნი ძენი მათგან აღჭურვილნი და მჴედარნი.
23 ხუთას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც უძღოდნენ მომუშავე ხალხს. 23 და ესე იყუნეს მთავარნი, რომელნი დაედგინნეს ზედა, რიმელნი იქმოდეს საქმესა მას სოლომონისასა ხუთასერგასისი, რომელთა აქუნდათ საქმარნი.
24 ფარაონის ასული ავიდა დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა მას დავითმა. მაშინ ააშენა მან მილო. 24 ხოლო ასული იგი ფარაოსი განვიდა ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი უშენა მას ჟამსა, რომელ აღაშენა მელონი.
25 წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი აღსავლენ სამადლობელ მსხვერპლს სამსხვერპლოზე, რომელიც უფალს აუშენა; და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე დაასრულა სახლი. 25 და შეწიროს სოლომონ სამგზის წელიწადსა მგურგულიადდასაწველნი და სამშჳდებელნი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ უშენა უფალსა, და უკმევდა საკუმეველთა წინაშე უფლისა და აღასრულა საქმე ტაძრისა მის.
26 ხომალდი ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, მეწამული ზღვის ნაპირას, ედომის ქვეყანაში. 26 და ქმნა ნავი მეფემან სოლომონ გასიონგაბერს, რომელი-იგი იყო მახლობელად ევლათს, კიდესა შემდგომისა მის ზღჳსასა, და ქვეყანასა მას იდუმისასა.
27 გაგზავნა ხირამმა ხომალდით სოლომონის მორჩილებთან თავისი მორჩილნი - ხომალდის ოსტატები, ზღვის მცოდნენი; 27 წარავლინა ქირამ ნავსა მას თანა მონათა თჳსთაგანნი მენავენი ჴელოვანნი ნავისმსახურნი ზღუასა შინა მონათა მათ თანა სოლომონისათა.
28 მივიდნენ ისინი ოფირში და წამოიღეს იქიდან ოთხას ოცი ქანქარი ოქრო და მოართვეს მეფე სოლომონს. 28 და მივიდეს სოფერად და წარმოიღეს მიერ ოქრო ოთხას და ოცი ტალანტი და მოართვეს მეფესა სოლომონს.