ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მაკაბელთა

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფრიად ფილოსოფიურ საგანზე მსურს საუბარი: განაგებს თუ არა ვნებებს ღვთისმოსავი აზრი. მართებული იქნება ჩემგან, რომ გირჩიოთ მიჰყვეთ ფილოსოფიას.

   
2 რადგან ეს საგანი აუცილებელია ყველასათვის, ვინც ცოდნას ეძებს, ამავე დროს ის შეიცავს ქება-დიდებას უმაღლესი სათნოებისას, როგორიც არის გონივრული განსჯა.    
3 თუ აშკარაა, რომ აზროვნება გონივრული განსჯის დამაბრკოლებელ ვნებებზე - მუცელღმერთობაზე და ჟინიან ლტოლვებზე მძლავრობს,    
4 ასევე ცხადია ისიც, რომ იგი ბატონობს სამართლიანობის ხელისშემშლელ ენებებზეც, როგორიც არის რისხვა, შიში და ტანჯვა.    
5 ვინმე იკითხავს: თუ გონება განაგებს ვნებებს, რატომ არ ბატონობს იგი გულმავიწყობაზე და უმეცრებაზეო? სასაცილოდ აიგდებენ ჩემს ნათქვამს.    
6 რადგან გონება ვერ განაგებს თავის საკუთარ ვნებებს, არამედ იმათ, რომლებიც სამართლიანობას, სიმამაცეს და გონივრულ განსჯას უპირისპირდებიან. საკუთარ ვნებებს იგი არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ.    
7 ყველანაირი საბუთით დაგიდასტურებთ, რომ გონება ვნებათა განმგებელია.    
8 მაგრამ უფრო თვალნათლივ ცხადვყოფდი ღირსების გულისთვის დახოცილთა - ელეაზარის, მისი შვიდი ძმისა და მათი დედის სიმამაცის მაგალითზე.    
9 მათ ხომ არად ჩააგდეს სასიკვდილო წამებანი და ამით ვნებებზე გონების უპირატესობა ცხადყვეს.    
10 ამჟამად მმართებს განვადიდო სიქველეთათვის ისინი, ვინც თავიანთ დედასთან ერთად დაიხოცნენ უმაღლესი ზნეობის გასამარჯვებლად; და ასევე მსურს ნეტარად შევრაცხო ისინი იმ ღირსებისთვის, რომელსაც ატარებდნენ.    
11 ისინი ხომ გამბედაობითა და მოთმინებით არა მხოლოდ მათ შემყურე ხალხს, არამედ თავიანთ ჯალათებსაც კი აოცებდნენ; ხდებოდნენ მძლავრობისგან ხალხთა ხსნის სახსარნი და სძლევდნენ ტირანთ, ვიდრე საბოლოოდ არ განწმიდეს სამშობლო დამპყრობთგან.    
12 ახლაც უმალ ამ ვაჟკაგებზე უნდა გესაუბროთ; რაკი ამ ამბებზე ჩამოვარდა სიტყვა, მმართებს ახლავე, როგორც ჯერ არს, საბუთებით დავიწყო მსჯელობა და ასე, ყოვლად ბრძენი ღმერთის განმადიდებელმა, საგმირო ამბავთა თხრობისაკენ წარვმართო სიტყვა.    
13

მაშ, გამოვიკვლიოთ, თუ არის გონება ვნებათა განმგებელი.

   
14 განვსაზღვროთ, რა არის გონება და რა არის ვნება; რამდენნაირია ვნება და სძლევს თუ არა მათ საბოლოოდ გონება.    
15 მაშ, გონება ისეთი განსჯაა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებით ბრძნულ ცხოვრებას ირჩევს;    
16 სიბრძნე კი არის ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა და მათი მიზეზიც.    
17 მაშასადამე, სიბრძნე არის რჯულში განსწავლა, რის შედეგადაც ღვთაებრივ საქმეებს მოწიწებით, ხოლო ადამიანურს - საკუთარი სარგებლობისთვის ვსწავლობთ.    
18 სიბრძნის სახეობანია გონივრული განსჯა, სამართლიანობა, სიმამაცე და თვითდაოკება.    
19 უმთავრესია მათში გონივრული განსჯა, რომლის წყალობითაც ვნებებს სძლევს გონება.    
20 ხოლო თავიანთი ბუნების მიხედვით ვნებათაგან უძლიერესია: სიამოვნება და ტკივილი, ამათგან ერთი სულისთვის არის თანდაყოლილი, მეორე კი -სხეულისთვის.    
21 ამ ვნებებს - სიამოვნებასა და ტკივილს ბევრნაირი შედეგი აქვს.    
22 სიამოვნებას წინ უსწრებს სურვილი და მოსდევს სიხარული.    
23 ხოლო ტკივილს წინ უსწრებს შიში და მოსდევს მწუხარება.    
24 მრისხანება საერთო ვნებაა სიამოვნებასა და ტკივილს შორის; ამას ყველა მიხვდება, ვისაც განუგდია იგი.    
25 სიამოვნებაში ავი განწყობილებაც არის, რაც ყველაზე უფრო მრავალსახოვანია ვნებათა შორის.    
26 ასეთია სულისთვის - ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, მოშუღლეობა და ცილისმწამებლობა.    
27

ხოლო სხეულისთვის - ღორმუცელობა, გაუმაძღრობა და მარტოდმჭამელობა.

   
28 როგორც სიამოვნება და ტკივილი სხეულიდან და სულიდან აღმოცენებული მცენარეებია, ასევე ამ მცენარეებს თავისი შტოები აქვს,    
29 რომელთაგან თითოეულს ასუფთავებს, სხლავს, ამყნობს, რწყავს და ყოველმხრივ უვლის მიწათმოქმედი - გონება, და ათვინიერებს ველურ ზნესა და ვნებებს.    
30 რადგან გონება არის ღირსებათა წინამძღვარი და ვნებათა განმგებელი, ყურად იღეთ პირველ ყოვლისა, რომ გონება ბატონობს ვნებებზე თვითდამაოკებელი ძალის წყალობით.    
31 თვითდაოკება კი სურვილებზე უფლობს.    
32 ზოგი სურვილი სულიერია, ზოგიც სხეულებრივი, და ორივეს, ცხადია, სძლევს გონება.    
33 აბა, როგორ დავაღწევდით თავს თვით სიამოვნებასაც კი, აკრძალული საჭმლის მიმართ მიდრეკილნი? განა გონების წყალობით არ ვიოკებთ გულისთქმებს? მე ასე ვფიქრობ.    
34 რადგან ჩვენ გონების ძალით ვიკავებთ თავს წყლის ცხოველთა, ფრინველთა და სხვა საკვებისგან, რომელთა ჭამაც რჯულით გვეკრძალება.    
35 რადგან გულისთქმისეული ვნებები ითრგუნება თვითდამაოკებელი გონიერებით და სხეულის ყოველი მოძრაობა გონების ძალით არის მოთოკილი.