ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მაშ, თუკი მომაკვდინებელ ტანჯვებს გაუძლო შვიდმა ძმამ, ყველანი დამეთანხმებით, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია. |
||
2 | ვნებებს რომ დამორჩილებოდნენ და უსურმაგის ხორცი ეჭამათ, ვნებათაგან ძლეულებს ვუწოდებდით მათ. | ||
3 | მაგრამ ასე არ მოხდა და ღვთივგანდიდებული გონების ძალით სძლიეს ვნებებს. | ||
4 | არ უგულებელყოფილა განსჯის მთავრობა, რაკი სძლიეს მათ ვნებებსა და სატანჯველს. | ||
5 | როგორ არ აღიარებდნენ ვნებათა დამთრგუნველ გონიერებას, როცა ცეცხლში წამებამაც ვერ შეცვალა ისინი? | ||
6 | ნავსადგურში ჩადგმული იმ ბურჯების მსგავსად, რომლებიც ტალღათა მუქარას ათვინიერებენ და მშვიდ გზას აძლევენ ყურეში შემავალ ხომალდს, | ||
7 | სძლია ყრმათა შვიდბურჯიანმა გონებამ, ღვთისმოსავობის ნავსადგურის გამამაგრებელმა, ვნებების ქარიშხალს. | ||
8 | ღვთისმოსავობის წმიდა ფერხულში ჩაბმულნი, ისინი ურთიერთს ამხნევებდნენ და ამბობდნენ: | ||
9 | ძმურად ვკვდებით, ძმებო, რჯულისთვის. მივბაძოთ იმ სამ ყრმას აშურში, რომლებმაც არად ჩააგდეს გახურებული ქურა. | ||
10 | ნუ გამოვიჩენთ სიმხდალეს და ვაჩვენოთ ღვთისმოსავობა. | ||
11 | ერთმა თქვა: გამხნევდი, ძმაო, მეორემ: ღირსეულად გაუძელი. | ||
12 | სხვამაც ეს გაიხსენა: გახსოვდეთ, საიდან ხართ, ან რომელმა მამის ხელმა მიიტანა მსხვერბლად ღვთისმთსავობისთვის ისაკი. | ||
13 | ერთიმეორეს შესცქეროდნენ მხიარულად და მამაცურად, ამბობდნენ: მთელი გულით შევწიროთ თავი ღმერთს, სიცოცხლის მომნიჭებელს; სხეული კი რჯულის დასაცავად გავიღოთ. | ||
14 | ნუ შეგვაშინებს ის, ვინც სიკვდილს გვიპირებს, | ||
15 |
რადგან დიდია ბრძოლა სულისთვის და საფრთხე მარადიული საგანჯველისა მას ელის, ვინც ღვთის მცნებანი დაარღვია. |
||
16 | მაშ, აღვიჭურვოთ ღვთივმონიჭებული გონებით ვნებათა მოსათრგუნად. | ||
17 | სიკვდილის შემდეგ აბრაამს, ისაკს და იაკობს მივუვალთ და მამა-პაპათა ქებას დავიმსახურებთ. | ||
18 | ერთს რომ გაათრევდნენ, დანარჩენები ეუბნებოდნენ: ნუ შეგვარცხვენ, ძმაო, ნუ გაუცუდებ იმედს შენს წინ დახოცილ ძმებსო. | ||
19 | თქვენ იცით, რა არის ძმური სიყვარული, რომელიც ღვთიურმა და ყოვლადბრძენმა განგებამ მამებისგან მათ ნაშიერთ ჩაუნერგა, და რომელიც დედის საშოში იყო ჩასახული. | ||
20 | ერთი და იგივე ხანი დაჰყო იქ თვითეულმა ძმამ და ერთსა და იმავე ხანში გამოისახენ ისინი, ერთი სიცოცხლის მიმღებელნი. | ||
21 | იშვნენ თანაბარი დროის გამოშვებით, ერთი წყაროდან სვამდნენ რძეს და საზრდოობდნენ ერთმანეთთან გადანასკვული ძმური სულები. | ||
22 | ძლიერდებოდნენ საერთო საზრდელით და ყოველდღიური ურთიერთსიყვარულით, საერთო აღზრდით და ჩვენი საღვთო რჯულის მოძღვრების წყალობით. | ||
23 | ძმურ თანაგრძნობაში და სიყვარულში გაზრდილი ძმები, შვიდივენი ერთმანეთის მოუვარულნი დარჩნენ სამუდამოდ. | ||
24 | ერთი რჯულით განსწავლულებს, ერთნაირ სიქველეებში გაწვრთნილებს და სამართლიანი ცხოვრების მიმდევრებს კიდევ უფრო მეტად უყვარდათ ერთმანეთი. | ||
25 | საერთო შურმა სრულყოფილებისამ გააძლიერა მათ შორის ურთიერთგაგება და თანხმობა. | ||
26 | რადგან ღვთისმოსავობის წყალობით განამტკიცებდნენ გამორჩეულ ძმურ სიყვარულს. | ||
27 | და თუმცა საერთო ბუნება, საერთო აღზრდა და ქველი ჩვევები ემატებოდა ძმურ სიყვარულს, მაინც სატანჯველად თავისი ჯერის მომლოდინენი, თვალყურს ადევნებდნენ ძმების ტანჯვა-წამებას. |