1 |
ერთ-ერთი მცველი ამბობდა, რომ როცა მას სასიკვდილოდ უნდა წაეყვანა ქალი, იგი თვითონ
გადავარდა ცეცხლში, არავის არ მიაკარებინა ხელი ტანზე. |
|
|
2 |
ო, დედავ, რომელმაც შვიდ შვილთან ერთად მტარვალის
მძლავრობა გააქარწყლე, ჩაშალე მისი უკეთური განზრახვა და რწმენის სიმტკიცე
გამოაჩინე. |
|
|
3 |
შენ, როგორც სვეტებზე - შვილებზე მტკიცედ დაყრდნობილმა
ჭერმა, ღირსეულად გაუძელი სატანჯველთა ძალას, შემარყეველს. |
|
|
4 |
მაშ, გამხნევდი, სულკურთხეულო დედავ, რომელსაც ღვთის
იმედი გაქვს, მტკიცე და შეურყეველი. |
|
|
5 |
თავად მთვარეც კი არ არის ცაზე ვარსკვლავებითურთ ისე
აღმატებული, როგორც შენ, რომელმაც გაუნათე ღვთისმოსავობის გზა
ვარსკვლავთსწორ შენს შვიდ შვილს და, ღვთის წინაშე პაგივით წარმდგარი,
მათთან ერთად დამკვიდრდი ცაში. |
|
|
6 |
რადგან შენი შვილები მამა აბრაამის ჭეშმარიტი
შთამომავალნი არიან. |
|
|
7 |
რომ შეგვძლებოდა ხელოვანის დარად შენი ღვთისმოსავობის
სურათის დახატვა, განა არ შეძრწუნდებოდა ყველა, ვინც დაინახავდა, თუ როგორ
დაითმინა დედამ რჯულის გულისთვის შვიდ შვილთან ერთად სასიკვდილო
სატანჯველი. |
|
|
8 |
შესაფერისი იქნებოდა საფლავის ქვაზე ეს სიტყვები
წარწერილიყო მათი ხსოვნისათვის ჩვენს ხალხში: |
|
|
9 |
აქ მარხიან მოხუცი მღვდელი და მოხუცებული ქალი თავის შვიდ
შვილთან ერთად, მსხვერპლნი მტარვალის მძლავრობისა, რომელსაც სურდა,
შეებღალა ებრაელთა ცხოვრების წესი. |
|
|
10 |
მათ იძიეს შური ხალხის გამო და ღვთის სასოებით დაითმინეს სასიკვდილო სატანჯველი. |
|
|
11 |
ჭეშმარიტად ღვთაებრივი იყო ასპარეზობა, რომელშიც ჩაებნენ
ისინი, |
|
|
12 |
რაკი ჭირთათმენის განსაცდელში სიქველემ გაიმარჯვა. გამარჯვების ჯილდო კი უკვდავებაა
მრავალჟამიერ სიცოცხლეში. |
|
|
13 |
დაიწყო ასპარეზობა ელეაზარმა და ჩაება ბრძოლაში შვიდი შვილის დედაც, იასპარეზეს
ძმებმა. |
|
|
14 |
მტარვალი მათი მოწინააღმდეგე იყო, მაყურებლები კი წუთისოფელი და ადამიანთა
ცხოვრება. |
|
|
15 |
გაიმარჯვა ღვთისმოსავობამ და მანვე გვირგვინებით შეამკო
მოასპარაზენი. |
|
|
16 |
ვის არ გააოცებდა ღვთივგანაწესებული მოასპარაზენი? ვის არ შესძრავდა? |
|
|
17 |
თავად მტვარვალს და მთელ მის ამალას აოცებდა მათი
გამძლეობა, |
|
|
18 |
რისი წყალობითაც ახლა ისინი ღვთის ტახტის წინაშე დგანან
და საუკუნო ნეტარებაში არიან. |
|
|
19 |
ხომ თქვა მოსემ: ყველანი შენი ხელით არიან განათლულნიო. |
|
|
20 |
პატივდებულნი არიან ღვთისათვის განათლულნი, მაგრამ მხოლოდ
ეს არ არის მათი პატივი, არამედ ის, რომ მათი მეოხებით შეიქნა ჩვენი ხალხი
მტერთაგან დაუძლეველი. |
|
|
21 |
მტარვალის დასჯამ და სამშობლოს განწმედამ თითქოს
გამოისყიდა ერის ცოდვები. |
|
|
22 |
ამ ღვთისმოსავთა სისხლითა და სიკვდილის წინაშე გაღებული
მსხვერპლით იხსნა ღვთიურმა განგებამ ტანჯული ისრაელი. |
|
|
23 |
მათი სიმამაცის, სიქველის და სატანჯველში მათი მძლეობის
დამნახავმა ანტიოქოსმა თავის ჯარისკაცებს ისინი გამძლეობის მაგალითად
დაუსახა. |
|
|
24 |
ამან გაამამაცა მისი მებრძოლები - ქვეითნი და მოალყენი;
ყველა მტერი დაამარცხეს მათ და დახარკეს. |
|
|